Home Blog Page 1784

დანიას ახალი მეფე ჰყავს

დანიის დედაქალაქში ახალი მონარქის კორონაცია გაიმართა, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ამის შესახებ BBC წერს.

83 წლის დედოფალმა მარგარეტმა, 52-წლიანი მმართველობის შემდეგ ტახტზე უარი თქვა, რის შემდეგაც სამეფო გვირგვინი თავის ვაჟს, პრინც ფრედერიკს X-ს გადაეცა, პრინცესა მერი კი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდა.

საზეიმო ცერემონია კრისტიანსბორგის სასახლეში გაიმართა. 900 წლის განმავლობაში, ეს დანიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედმა მონარქმა ტახტზე უარი თქვა.

საქართველო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას

29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იქნება ეგრეთწოდებული Show Kitchen.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

3 დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. Madrid Fusión 2024-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან.

საერთაშორისო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, აშშ, არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები წარდგებიან.

კიევმა კურსკის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული „ტოჩკა-უ“-ს ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის სამი რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტოჩკა-უ“-ს სარაკეტო სისტემის რაკეტების გამოყენებით“, – აცხადებენ უწყებაში.

კურსკის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განმარტებით, რაკეტები ფატეჟის რაიონში ჩამოაგდეს.

“რუსეთი სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში შეტევაზე გადავა” – ISW

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების შეფასებით, რუსეთი სავარაუდოდ, აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევით მოქმედებებზე უახლოესი კვირების განმავლობაში გადავა.

„ისინი ჯერჯერობით, მიწის გაყინვას ელოდებიან“, – აღნიშნავენ სამხედრო ანალიტიკოსები. 

თუმცა, როგორც ISW-ის ანგარიშშია აღნიშნული, პირადი შემადგენლობისა და სხვა ტიპის ძალების ნაკლებობის გამო, რუსული მხარე სავარაუდოდ, ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვან გარღვევას ვერ შეძლებს.

ამასთან, რუსულ მედიაში იწერება, რომ ახალი შეტევა 2 თებერვლამდე უნდა დაიწყოს.

ისლანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ლავამ ქალაქ გრანდავიკამდე მიაღწია

ისლანდიაში ვულკანი იფრქვევა. ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია. შედეგად, რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ლავამ მიაღწია ქალაქის ქუჩებს და რამდენიმე სახლი დაფარა. ქალაქიდან – თითქმის 4 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

მანამდე გრინდავიკის მერმა, ფანარ იონასონმა ვულკანის ამოფრქვევას „ სერიოზული შოკი” უწოდა. ქალაქიდან ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

ისლანდია ევრაზიულ და ჩრდილოეთ ამერიკულ ტექტონიკურ ფილებს შორის მდებარეობს, რომლებზეც 33 აქტიური ვულკანური სისტემა მდებარეობს, ფილები კი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ.

ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა კვირას განაცხადა, რომ ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ინფრასტრუქტურა შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

მანამდე გრინდავიკის რაიონში დაიწყო სამუშაოები მიწისა და ქვებისგან ბარიერების შესაქმნელად, რათა ლავას ქალაქამდე არ მიეღწია. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის სეისმური საფრთხის სპეციალისტმა ბენედიქტ გალდორსონმა აღნიშნა, რომ ლავის ნაკადის ნაწილი კაშხლის გასწვრივ მოძრაობდა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით.

ქალაქ გრინდავიკის სიახლოვეს მიწისძვრების სერია და ვულკანის ამოფრქვევა გასული წლის ნოემბერშიც მოხდა. მაშინაც განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია, რომლებიც საკუთარ სახლებს მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, 22 დეკემბერს დაუბრუნდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ომის გაყინვას არასდროს დათანხმდება -ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ომის გაყინვას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დავოსში განაცხადა.

“ეს პრეზიდენტი და მისი გუნდი არასოდეს დათანხმდებიან და არ მიიღებენ კონფლიქტის გაყინვას. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის. უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები, უკრაინას სჭირდება სამართლიანი მსოფლიო და უკრაინას სურს აღკვეთოს ნებისმიერი პოტენციური აგრესია მომავალში და იყენებს ამ შესაძლებლობას“, – ციტირებს აღნიშნა ერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის ყველა მონაწილეს უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ს წესდების საკითხებზე საერთო ხედვა აქვს, მაგრამ ყველა პოზიცია არ არის „აბსოლუტურად ერთნაირი“.

 

“მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანას რეალურად და ღიად, სურს მიიღოს მონაწილეობა და ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებას და მშვიდობის დამყარებას, მაგრამ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული გამოცდილება აქვს“, – აღნიშნა ერმაკმა.

დავოსში უკრაინის “მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ განიხილეს უკრაინის მშვიდობის ფორმულის ხუთი პუნქტი: რუსული ჯარების გაყვანა, სამართლიანობის აღდგენა, ეკოლოგიური უსაფრთხოება, ესკალაციის და ომის განმეორების პრევენცია, ომის დასრულების დადასტურება.

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდა

სკოლებსა და ბაღებში არდადეგები დასრულდა, დღეიდან სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდა. საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 15 ივნისის ჩათვლით გრძელდება.

მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგებიც ელით, რომელიც 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქს ახალი, რეაბილიტირებული ბაღი დაემატა. კერძოდ,დღეს გლდანის ა მიკროში თბილისის 88-ე ბაღის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა.

მათივე ინფორმაციით მიმდინარე წელს 7 ახალი ბაღის გახსნა და კიდევ 2 ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება. ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობითვე, სეზონური ვირუსების ცირკულირებიდან გამომდინარე თითოეული სააღმზრდელო დაწესებულება ვირუსებთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს მიჰყვება.

აშშ არ მოისვენებს მანამ, სანამ ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება -ენტონი ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ არ მოისვენებენ, სანამ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება.

„ღაზაში ტყვეობის 100 დღე ძალიან გრძელია. აშშ არ მოისვენებს მანამ, სანამ ყველა დარჩენილი მძევალი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, საყვარელ ადამიანებთან არ დაბრუნდებიან“, – წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.

მანამდე, მძევლებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, რომლის თქმითაც, შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობს იმისთვის, რომ ღაზაში მძევლად მყოფი 100-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ექვსი ამერიკელი, შინ დაბრუნდეს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 იანვარს ქუთაისში +8 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექოდ ჩაივლის დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით -5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი დღე და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი. ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი -3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით -2 იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც გამოიდარებს. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე -6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -5, ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით მზიანი ამინდი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

უმნიშვნელო საკითხებზე დრო რომ არ დაკარგოთ, ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოზე და მის საბოლოო შედეგზე გადაიტანოთ. გეჩვენებათ, რომ მნიშვნელოვანი მოვლენები გამოტოვეთ და შანსი ხელიდან გაუშვით, მაგრამ არ ინერვიულოთ – მალე გეგმების განხორციელების შესაძლებლობა გექნებათ.

კურო

რომანტიკული განწყობა ნაყოფიერ მუშაობაში ხელს გიშლით, ამიტომ მუშაობისთვის განეწყეთ და მეტი იაქტიურეთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ის წარმატებისკენ მიმავალ უმოკლეს გზას მიგანიშნებთ. ეცადეთ კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

ტყუპები

ტყუპებს ნათელი, ემოციურად მდიდარი დღე ელით. ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე საკითხებს, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, რომ მთავარი საკითხები არ გამოტოვოთ და მიჰყევით. რთული და მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ და უკვე დაწყებული საქმის დასრულებაზე იზრუნოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის სასიამოვნო ჯილდო მიიღოთ.

კირჩხიბი

თქვენი სამომავლო გეგმები საიდუმლოდ შეინახეთ. გამორიცხული არ არის, რომ კონკურენტმა თქვენი იდეა მიითვისოს. გირჩევთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი დათმოთ და საკუთარი აზრის ვინმესთვის მტკიცებას მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ურთიერთობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს.

ლომი

მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობით სავსე ხართ და მუშაობა არ გეზარებათ, ამ დღეს შეცდომების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. მზად იყავით, რომ შედეგის მისაღწევად ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა მოგიწევთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას მოერიდეთ უხეშობას, მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. უახლოესი დღეების ამოცანაა, კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

ქალწული

ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და უკან არ დაიხიოთ. ნუ გადაიღლებით, თორემ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. უახლოეს ხანებში საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ, იმუშაოთ.

სასწორი

გაზრდილი ემოციური ფონი ზედმეტად მგრძნობიარეს გაგხდით. ეცადეთ, გადაწყვეტილება „ცივ გონებაზე“, ლოგიკურად მიიღოთ. უარი თქვით პროექტზე, რომელიც უინტერესო გეჩვენებათ, თორემ შეცდომების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატოთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ გარემოებები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით ვითარდება – შედეგს სულ მალე დაინახავთ.

მორიელი

სახლის ან სამუშაო სივრცის მოწესრიგება თქვენს შრომისუნარიანობაზე დადებითად აისახება. მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა და ზოგი შეხვედრის ან შეთანხმების გადადება მოგიწევთ. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს – შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავების მხარდაჭერით ამ დღეს მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას შეძლებთ. მოემზადეთ გაუთვალისწინებელი პრობლემებისთვის და ეცადეთ, რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ. დროა, ძველ მეგობრებს შეეხმიანოთ – მათ შეიძლება თქვენთვის საინტერესო შეთავაზება ჰქონდეთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობისთვის – თქვენი ნებისმიერი იდეა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებს. ამაში გარკვეულ როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ. საქმიან ღონისძიებებზე შესაძლოა, საჭირო ადამიანები გაიცნოთ. მარტოხელა თუ ხართ, გამორიცხული არ არის სამსახურებრივი რომანი, რომელიც დადებით ემოციებს მოგანიჭებთ.

მერწყული

თქვენმა გადაჭარბებულმა მონდომებამ და სასურველის მისაღებად გარშემო მყოფებზე ზეწოლამ შეიძლება სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღოს. ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად ჩამოაყალიბოთ საკუთარი იდეები, სანამ სხვებს გაუზიარებთ. აკონტროლეთ თქვენი ემოციები და უმნიშვნელო წყენას დაპირისპირებად ნუ აქცევთ.

თევზები

ეს დღე მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას დაუთმეთ და უსარგებლო საუბრებში დროს ნუ დაკარგავთ. სავარაუდოდ, ამ დღეს თქვენი იდეა ან წინადადება მხარდაჭერას ვერ მიიღებს. არ დანებდეთ და მათ გაუმჯობესებაზე იმუშავეთ – რამდენიმე დღეში ვითარება თქვენ სასარგებლოდ შეიცვლება.

კახა კალაძემ ნიკურაძეების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ძველით ახალი წელი კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა.

განსაკუთრებული საჩუქარი – საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში, კახა კალაძისგან წელს ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს გადაეცა. სახლის გასაღები ნიკურაძეების ოჯახს კახა კალაძის უფროსმა ვაჟიშვილმა, ლევან კალაძემ გადასცა.

დღეიდან, ლაშა ნიკურაძის ოჯახს, თხუთმეტწლიანი მოლოდინის შემდეგ, საკუთარი ჭერი და საკარმიდამო ნაკვეთი აქვს. „უბედნიერესი 2024 წელი დაიწყო ჩემთვის, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ კახის. მან სამტრედიაში არაერთი ოჯახი გაახარა და გააბედნიერა, მათ შორის არის ჩემი ოჯახიც“, – განაცხადა ლაშა ნიკურაძემ. სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გამართულ კონცერტში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა: სტეფანემ, ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, ნათია დუმბაძემ და მასტერმა მიიღეს.

ჰუსიტები ისრაელისკენ მიმავალ გემებზე დარტყმებს გააგრძელებენ – „ჰეზბოლას“ მეთაური

„ჰეზბოლას“ მეთაური ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ ჰუსიტი მეამბოხეები გააგრძელებენ შეტევას წითელ ზღვაში გემებზე და შეერთებული შტატების დარტყმები დაჯგუფებას ვერ შეაფერხებს.

მისი თქმით, ჰუსიტები გააგრძელებენ ისრაელისკენ მიმავალ გემებზე დარტყმებს.

„უფრო სახიფათო ის არის, რაც ამერიკელებმა გააკეთეს წითელ ზღვაში. ეს დააზარალებს მთელ საზღვაო ნავიგაციას, თუნდაც გემებს, რომლებიც არ მიდიან პალესტინაში, იმ გემებსაც კი, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ამ საკითხთან. რადგან ზღვა იქცა ბრძოლის, რაკეტების, თვითმფრინავების და სამხედრო გემების თეატრად“, – აღნიშნავს „ჰეზბოლას“ მეთაური.