Home Blog Page 1780

“ვულოცავთ გიორგი სოსიაშვილს საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო გიორგი მაჭავარიანს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად არჩევას”

ირაკლი კობახიძე შუალედური არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა. კომენტარი ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში და მუნიციპალიტეტის მერის შუალედური არჩევნები გურჯაანის საარჩევნო ოლქში. შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. შეზღუდული კონკურენციის მიუხედავად არჩევნებში მონაწილეობა 40 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. გურჯაანში უკონკურენტო არჩევნების მიუხედავად 2021 წლის არჩევნებზე მეტი ხმა აიღო ჩვენმა კანდიდატმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია.

მადლობას ვუხდით თითოეულ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. მადლობას ვუხდით პარტიის საარჩევნო შტაბების თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის, ასევე, მადლობას ვუხდით საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების გამართულად ჩატარებისთვის. ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ წარმატებით გამოიცადა ელექტრონული ხმის მიცემის აპარატურა, რომლის საშუალებითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის 90 პროცენტზე მეტი მისცემს ხმას. ვულოცავთ გიორგი სოსიაშვილს საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო გიორგი მაჭავარიანს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებთ მათ სამომავლო საქმიანობაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა იმ 103 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ჩატარებულმა შუალედურმა და რიგგარეშე არჩევნებმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია.

“ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად” – ირაკლი კობახიძე

ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას, რომ „ოპონენტების განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხი კანდიდატის სტატუსის ჩასაგდებად წამოიწყეთ და აზიანებს ევროინტეგრაციას, პასუხისმგებლობას თუ იღებთ დაზიანებაზე“.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, რომ მხოლოდ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის მოთხოვნები.

„სწორედ ამას ჰქვია სინამდვილეში საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, რასაც ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი და მისი დღის წესრიგი, რაც პირდაპირ თანხვედრაშია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგთან. მათ შორის, მისი მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევაც არის ამ საბოტაჟის მორიგი გამოხატულება. სწორედ იმიტომ არღვევს უხეშად კონსტიტუციას, რომ კიდევ უფრო მეტი წარმატებით განახორციელოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით.

ევროპული მომავალი ნიშნავს სწორედ იმას, რომ სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს, პირველ რიგში, კონსტიტუციურ ჩარჩოებში და სახელმწიფოს მეთაურად წოდებული თანამდებობის პირი არ შეიძლება, არღვევდეს ქვეყნის ძირითად კანონს. სწორედ კონსტიტუციის დარღვევა არის ევროპული მომავლის საბოტაჟი და საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, არის სწორედ ევროპული მომავლის საბოტაჟი“, – აღნიშნა კობახიძემ.

“არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს” – კობახიძე

იმდენად აქტიურად არის ჩართული უკვე სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მან ასეთი ღია ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული გვარამია პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გრიგორიადისი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია იმ ინფორმაციასთან, რომელიც დღეს მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. აქ [განცხადებაში] აქცენტი კეთდებოდა ახალგაზრდებზე, პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ ახალგაზრდებს დასაკარგი არაფერი აქვთ, ეს სიტყვები მოვისმინეთ დღეს იმ ტრენინგებიდან, რომელიც ტარდებოდა სერბი „კმარელების“ მხრიდან. რა თქმა უნდა ეს არის სცენარი. ასეთი ახალგაზრდების მონაწილეობით რაღაც ექსტრემისტული პროცესების დაგეგმვა. იმდენად აქტიურად არის ჩართული უკვე სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მან ასეთი ღია ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება. ეს იქნება საბოლოო გაშიშვლება იმ ალიანსის, რომელიც არის შემდგარი სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – აღნიშნა კობახიძემ.

“რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ” – ირაკლი კობახიძე

რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. შეზღუდული კონკურენციის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა 40 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გურჯაანში უკონკურენტო არჩევნების მიუხედავად, 2021 წლის არჩევნებზე მეტი ხმა აიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.

“როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში და მუნიციპალიტეტის მერის შუალედური არჩევნები გურჯაანის საარჩევნო ოლქში. შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. შეზღუდული კონკურენციის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა 40 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. გურჯაანში უკონკურენტო არჩევნების მიუხედავად, 2021 წლის არჩევნებზე მეტი ხმა აიღო ჩვენმა კანდიდატმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, არჩევნებზე კიდევ ერთხელ წარმატებით გამოიცადა ელექტრონული ხმის მიცემის აპარატურა, რომლის საშუალებითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის 90%-ზე მეტი მისცემს ხმას.

„ვულოცავ, გიორგი სოსიაშვილს პარლამენტის წევრად, ხოლო გიორგი მაჭავარიანს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად არჩევას“,- აღნიშნა კობახიძემ.

“როგორ წარმოგიდგენიათ ხელმოცარული ოპოზიციის ვინმეს ეშინოდეს?” – ალუდა ღუდუშაური

თუ კარავს თქვენივე სახლის ეზოში ან “კემპინგზე” გაშლით, არავინ არაფერს გეტყვით – არ მგონია, რომ ვიღაცას რაღაცის ეშინია, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელმოცარული ოპოზიციის, ვაშაძის, ხაბეიშვილის ან მათგან გაყრილი მელიასი ვინმეს ეშინოდეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა კანონში დაგეგმილ ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.

ღუდუშაური აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი ქვეყნის ინტერესების დაცვაა.

“ამის საფუძველია ის, რომ მოწესრიგდეს, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის და მოქალაქეთა ინტერესების დაცვა. ასე რომ, არ მგონია, რომ ვიღაცას რაღაცის ეშინია. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხელმოცარული, პოლიტიკურად ნულს ქვემოთ მყოფი ოპოზიციის, ვაშაძის და ხაბეიშვილის ან ნებისმიერი მათი გაერთიანების, ან მათგან გაყრილი მელიასი ვინმეს ეშინოდეს. ამით ხდება დარეგულირება და მოწესრიგება, რადგან ყველაზე მთავარია ქვეყნის ინტერესები, გვექნება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება. არ მგონია, რომელიმე წამყვან დემოკრატიულ ქვეყანაში შეიძლებოდეს ის, რაც არის აქ დაშვებული. კარვის გაშლა რეგულირდება კანონით, რა ვითარებაში, რა ადგილზე შეიძლება, ან რა დროს არ უნდა შეიძლებოდეს კარვის ან სხვა მარტივი კონსტრუქციის დადგმა ამა თუ იმ ტერიტორიაზე, აქ არის მთელი რიგი საკითხები, რამდენად უნდა იყოს დაცილებული, რას არ უნდა ხერგავდეს და ა.შ. იქნება მსჯელობა, ყველაფერს აქვს თავის წესი და მსჯელობის დროს იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მოყვანილი, კარვის გაშლა ან არგაშლა თქვენი ნებაა, რა თქმა უნდა, ამას თუ თქვენივე სახლის ეზოში გააკეთებთ არავინ (არაფერს) გეტყვით ან კემპინგზე თუ წახვალთ. არ მგონია თეთრი სახლის ეზოში ვიღაცამ მიგატანინოთ კარავი და გაშალოთ და წამოგორდეთ იქ”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.

“უკრაინელები მთელი სიმამაცით იბრძვიან, თუ გვინდა, წარმატებული იყვნენ, მათ უნდა მივაწოდოთ უკეთესი იარაღი, თანაც უფრო სწრაფად”

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, გადახედონ გადაწყვეტილებას უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერების შესახებ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები გაოცებული არიან ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილებით და პირობა დადო, რომ 27 წევრი ევროპული ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩვენ ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. უკრაინელები მთელი სიმამაცით, შესაძლებლობებით იბრძვიან და თუ გვინდა, რომ წარმატებული იყვნენ, მაშინ მათ უნდა მივაწოდოთ უკეთესი იარაღი, თანაც უფრო სწრაფად“, – განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა დროებითი ბიუჯეტი, რომელშიც უკრაინის დახმარების საკითხი არ არის გათვალისწინებული.

პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო! -გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილს

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთი ღრმააზროვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევს, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება , – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის.

“პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო! რატომ არ ახსენოთ ამ შემთხვევაში უფრო შორეული სამიზნეები – გერმანია, შვეიცარია თუ მალტა? განა ადვილი არ არის იმის გახსენება, “ცივი ომის” დასრულების და იმ დაპირების შემდეგ, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა როგორ დაიწყო ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურმა ბლოკმა და მისმა საცეცებმა არასამთავრობო სტრუქტურების სახით ნახტომებით რუსეთთან მიახლოება. მათ უკვე დახურეს მჭიდრო რგოლი ჩვენი ქვეყნის გარშემო. უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის. ამის მიზნებიც ნათელია. ასე რომ, არ ღირს საკუთარი თავის შეშინება!” – განაცხადა კარასინმა.

მანამდე კარასინმა სალომე ზურაბიშვილს „უცნაური პოლიტიკოსი“ უწოდა. მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა “ვაშინგტონში მკაცრი მითითებები მიიღო“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებულ ახალ ინფორმაციას ასაჯაროებს

„სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს, საქართველოში ,,USAID”-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი.

აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკის და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. ისინი არიან ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველი რგოლი, აგრეთვე – სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი, არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოში მ/წლის ოქტომბერ-დეკემბრის თვეში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება საზღვარგარეთის ქვეყნებში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობის და ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების სწავლების კუთხით.

აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ მათი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო, იმ ახალგაზრდებთან და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მ.წ. ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ. მათ მიერ, 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში, ქ. თბილისში მდებარე სასტუმრო „იბის“-ში, მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, კერძოდ ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ. გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნის და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს, აგრეთვე მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და ამ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე. აგრეთვე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვაზე და ძალაუფლების ხელში აღებაზე. საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილი იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არა ერთი დრამატული მაგალითი.

სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, 2023 წლის 29 სექტემბერს, ადვოკატების და თარჯიმნების თანდასწრებით გამოკითხული იქნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ, რა დროსაც ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და აგრეთვე, რიგ დეტალებში, არის ურთიერთგამომრიცხავიც.

სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, 2023 წლის 30 სექტემბერს, გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით.

წარმოგიდგენთ სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

აქვე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ დესტრუქციულ გეგმებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება, წინმსწრებად გაავრცელა მიმდინარე წლის 18 სექტემბერს. ამჟამად, საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

“ვერ დავუშვებთ, რომ უკრაინისთვის ამერიკული მხარდაჭერა შეწყდეს” – ჯო ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირობას დებს, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა დროებითი ბიუჯეტის პროექტიდან უკრაინის სამხედრო ფინანსური დახმარების პუნქტი ამოიღო.

საგანგებო გამოსვლისას ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელ და დემოკრატ კანონმდებლებს უკრაინის დახმარების კუთხით შეთანხმებისკენ მოუწოდა.

„ვერ დავუშვებთ, რომ უკრაინისთვის ამერიკული მხარდაჭერა შეწყდეს. ველოდები, რომ სპიკერი შეინარჩუნებს ერთგულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს მათთვის დახმარების გაწევას, მით უმეტეს, რომ უკრაინას ამ კრიტიკულ მომენტში დახმარება განსაკუთრებით სჭირდება“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რითაც ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა.

“2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ”

2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ოლიგარქის დამარცხების ფორმულა მხოლოდ ერთიანობაშია.

“2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც “ქართული ოცნების”, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ!

სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთამდე ბევრ ჩვენს მეგობარსაც არ სჯეროდა, რომ საქართველო, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო მიღებული, იმ ტრადიციას არ დაარღვევდა და არ მოხდებოდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება.

მაშინ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად სჭირდებოდა ქართულ ახალგაზრდა დემოკრატიას, სწორედ ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროკავშირთან და ნატოსთან !

მე 2012 წლის 2 ოქტომბერს დაგპირდით, რომ ვიბრძოლებდი ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვრის შენარჩუნებისთვის! დღე არ გასულა ისე, რომ ჩემი გუნდის წევრებს არ ემხილა “ქართული ოცნება” კორუფციასა და კრიმინალების მფარველობაში. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შეუძლებელი შეძლო და მიუხედავად ყოველდღიური ფიზიკური წინააღმდეგობისა, არ მისცა საშუალება ივანიშვილის ხელის ბიჭებს, ბოლომდე გაენადგურებინათ და ფეხქვეშ გაეთელათ ჩვენი შექმნილი თანამედროვე საქართველო.

მაგრამ უკვე აშკარაა, რომ საფრთხე “ვარდების რევოლუციის” მთავარ მონაპოვარს ექმნება.

დღეს ჩვენ ვკარგავთ ყველაზე მთავარს – ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას!

ამიტომაც დღეს დაყოფის დრო აღარ არის! ოლიგარქის დამარცხების ფორმულა მხოლოდ ერთიანობაშია.

დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული ძალიან ახლოსაა. ამიტომაც ჩვენი ამოცანაა: გადავარჩინოთ საქართველო და შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ვერანაირი გარე ძალა და ოლიგარქები ვერ დაეპატრონებიან.

მე მზად ვარ, თქვენთან ერთად დავწერო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიის მომდევნო თავი“,- წერს სააკაშვილი.

მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი ნანგრევებშია მოყოლილი

მექსიკაში, ტამაულიპასის შტატში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 30-მდე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი და მათ ამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევებში მოყოლილებს შორის ბავშვებიც არიან.

ამ დროისთვის, 10 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალის გამარჯვებულია

კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეო კოლაჟმა გაიმარჯვა. 2022 წლის ტურისტული კამპანიისთვის 3 ვიდეო რგოლი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით Bloomberg-მა მოამზადა.

კანის წლევანდელ ფესტივალზე ტურისტულ მიმართულებებს შორის საუკეთესო ვიდეოკოლაჟად Bloomberg-ის „Glimpses of Georgia“ დასახელდა.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 27-28 სექტემბერს, საფრანგეთში, კანში გაიმართება. კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალი 2010 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად იმართება, ფესტივალზე კორპორაციული ფილმები, ონლაინ მედია პროდუქცია, დოკუმენტური ფილმები, კლიპები და სარეკლამო ვიდეო რგოლებია წარმოდგენილი.

გავლენიან საერთაშორისო პლატფორმასთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლიდან თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც მომზადდა სტატიები და ვიდეო რგოლები საქართველოს ბუნების, თავგადასავლების, კულტურის, ღამის ცხოვრების, ღვინისა და გასტრონომიის შესახებ. კამპანია სხვადასხვა სოციალურ არხებზე (Facebook, Instagram, Twitter, TikTok, YouTube) და Bloomberg-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Bloomberg-თან თანამშრომლობას წელსაც აგრძელებს. კამპანია ივლისში დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში Bloomberg-მა საქართველოში Youtube-ზე პოპულარული გადაცემის „Sorted Food” წამყვანები ჩამოიყვანა საქართველოში, Bloomberg-მა წამყვანების მონაწილეობით ქართული სამზარეულოს, ღვინის მომზადებისა და კულტურის შესახებ ვიდეო რგოლები მოამზადა.