Home Blog Page 1779

ნორვეგიაში მოყვარულმა არქეოლოგმა იპოვა იშვიათი ბიზანტიური მონეტა, რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული

ნორვეგიაში მოყვარულმა არქეოლოგმა იშვიათი ბიზანტიური მონეტა იპოვა, რომელიც 977-დან 1025 წლამდე პერიოდში არის ჩამოსხმული.

მონეტის ერთ მხარეს იესო ქრისტეა გამოსახული, წარწერით „იესო ქრისტე, მეფეთა მეფე“. მონეტის მეორე მხარეს იმპერატორი ძმები – ბასილ II და კონსტანტინე VIII არიან გამოსახულები.

მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, როგორ აღმოჩნდა არტეფაქტი ნორვეგიაში, ერთ-ერთი მთის ფერდობზე. არაა გამორიცხული, რომ მონეტა ნორვეგიის მეფეს, ხარალდ III-ს ეკუთვნოდა, რომელიც სამეფო ტახტზე ასვლამდე ბიზანტიის იმპერატორის მცველი იყო და კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა.

 

თბილისის რომელ ქუჩებზე და რამდენი ხნით იზღუდება მოძრაობა – დეტალები

მოსამზადებელი სამუშაოებისა და საახალწლო ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 10 დეკემბრის 23:00 საათამდე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე ავტომობილთა გადაადგილება შეიზღუდება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გია ჭანტურიას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ იტალიის ქუჩის მიმართულებით.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება 10 დეკემბრის 23:00 საათიდან მომავალი წლის 10 იანვრის 23:00 საათამდე მშრალი ხიდის, იტალიის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე – ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე.

ერთი თვის განმავლობაში, ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით შეძლებენ.

ზვიად გამსახურდიას სანაპიროდან სოლიკო ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ათონელის ქუჩამდე იმოძრავებენ, ხოლო შემდეგ მარჯვნივ მოხვევით, გადაადგილებას ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით შეძლებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრში იყო.

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს, ტემპერატურაც დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება.

დედაქალაქში –  თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 8-9 დეკემბერს თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 8-9 დეკემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 8-9 დეკემბერს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. 10 დეკემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 8-9 დეკემბერს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. 10 დეკემბერს კი ზოგან მოთოვს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ გადადებთ ხვალისთვის, ან განუსაზღვრელად პირად საკითხებს, რათა ხელიდან არ გაუშვათ სასიკეთო შანსები. დღეს, საშუალება გაქვთ, რამდენიმე მაცდური წინადადებიდან, აირჩიოთ ყველაზე სასარგებლო და პერსპექტიული.

კურო

მბრძანებლური ტონი შეცვალეთ და დემოკრატიული პრინციპებით იმოქმედეთ. სასიკეთოა უძრავი ქონების თემებზე მუშაობა, ან მნიშვნელოვანი ნივთების შეძენა.

ტყუპები

არის ალბათობა, ემოციებმა და წყენამ ხელი შეგიშალოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მეტ სარგებელს მოგიტანთ და ოჯახური პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, შეამცირეთ კონტაქტები და შეეცადეთ, არ დაუპირისპირდეთ სხვების ინტერესებს. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ იურიდიული და სხვა დოკუმენტების მიმართ.

ლომი

ერთფეროვნება მეტად მოსაწყენი და დამღლელია, მიუხედავად ფინანსური წარმატებისა, ადგილს ვერ პოულობთ, სიახლეები და მხიარულება გწყურიათ. თავად იზრუნეთ დღის გაფერადებაზე.

ქალწული

სასიამოვნო სიახლეები და მხიარული დროსტარება გელით, თუმცა, არც საქმიანი თუ შემოქმედებითი ამოცანების ნაკლებობაა. საოცარი მოვლენების ლაბირინთში კარგად იპოვით გზას წარმატებისკენ.

სასწორი

დღეს, აუცილებელია სულიერი წონასწორობა და სიმშვიდე დაიცვათ. შესაძლოა, კანთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ სხვადასხვა პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებების მიმართ.

მორიელი

ყველა საქმეს იოლად გაუმკლავდებით და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიიღებთ თქვენი შრომისმოყვარეობით და ძალისხმევით. თავს ლაღ, თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანად იგრძნობთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ, მკვეთრად შეცვალოთ ცხოვრების სტილი, მოინახულოთ მივიწყებული ადგილები და დიდი ხნის უნახავი მეგობრები. აღიდგინეთ ენერგია და იმოქმედეთ.

თხის რქა

დღეს, შესაძლოა, იღბლიანი შემთხვევითობით, მეტად საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, ეს ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. წარმატება გელით სულიერ თუ მატერიალურ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებში.

მერწყული

მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფნი სულიერ შფოთს და დაძაბულობას იწვევენ, თქვენ შეძლებთ, იპოვოთ საერთო ინტერესები, შეცვალოთ მიდგომები და მეტი პოზიტივი შეიტანოთ ურთიერთობებში.

თევზები

პატივი ეცით სხვების მოსაზრებებს და ნუ შეეცდებით, თავს მოახვიოთ ვინმეს თქვენი შეხედულებები. იყავით ბუნებრივი თქვენს სიტყვებსა და ქმედებებში. ურთიერთობებში შეინარჩუნეთ კეთილგანწყობა.

“თუ განიჭებენ ევროსტატუსს – მიიღე” – დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კანდიდატის სტატუსის მოლოდინთან დაკავშირებებით ანალიტიკურ მიმოხილვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მულტიპოლარულ სამყაროში საჭიროა ზრუნავდე საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ამისთვის შესაძლებელი ყველა საჭირო საგარეო ვექტორის გამოყენებით, რასაც საქართველოს ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს.

„ფაქტობრივად, სასწორის ორ მხარეს განლაგებულია ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, დაფუძნებული საქართველოს ხელისუფლების ობიექტურ წარმატებაზე და ჩვენი ე.წ. ოპოზიციის სუბიექტური წინააღმდეგობა ამ პროცესებისადმი. თუ რა მხარეზე გადაიხრება ევროსაბჭო, როგორც „სასწორი“ – გაირკვევა სულ რაღაც ერთ კვირაში.

საქართველოსა და მისი მოსახლეობის უმრავლესობის მხარეს გადაიხრება, თუ ქვეყნის უმცირესობის მხარეს დადგება, რომელსაც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის არც ეროვნული, არც დასავლური და არც აღმოსავლური წარმატება არ აწყობს და მის გეგმებში ეს არ შედის. მათ აინტერესებთ მხოლოდ „ცალ ფეხზე“ მდგომარეობაში, საკუთარი ვიწრო, აგენტურული კომფორტი პოლიტიკური ლაქიაობის პირობებში.

ხოლო იმ ევროსკეპტიკოსთა გასაგონად, რომლებიც, მართალია, „ნაცები“ არ არიან, მაგრამ რომლებსაც, ასევე, არ სურთ საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭება, როგორც ამას სამადაშვილი თუ ვაშაძე ეწინააღმდეგება, მინდა ორი რამ შევახსენო: პირველი – საქართველო შედის მულტიპოლარული მსოფლიოს „ტურბულენტურ“ ზონაში; და მეორე – მინდა შევახსენო რუსული ანდაზა: „გაძლევენ – აიღე, გცემენ – გაიქეცი“.

მულტიპოლარულ მსოფლიოში დასავლეთიდან წამოსულ პრეფერენციებსაც უნდა თანხმდებოდე და აღმოსავლეთთანაც გაკავშირებდეს მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები, ხოლო, როგორც კი მძლავრი სტრატეგიული პარტნიორის შუამდგომლობით მკვდარი წერტილიდან დაიძვრება ჩვენი ძირითადი სანუკვარი ოცნების ხორცშესხმა – ჩრდილოეთთანაც მიდიოდე ამ მიზნის მისაღწევად საჭირო მოლაპარაკებებზე.

ამას ჰქვია მულტიპოლარულ სამყაროში ზრუნავდე საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ამისთვის შესაძლებელი ყველა საჭირო საგარეო ვექტორის გამოყენებით. მათ შორის, შენს პოლიტიკურ „ყულაბაში“ ევროინტეგრაციის გზაზეც შენი დამსახურებული ადგილის ღირსეულად დამკვიდრებით.

ამიტომ, თუ განიჭებენ ევროსტატუსს – მიიღე. როგორც კი რომელიმე მხრიდან, დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან საფრთხე დაემუქრება შენს საბაზისო ფასეულობებს – მამული, ენა, სარწმუნოება, გაიქეცი! და სწორი მიმართულების სასარგებლოდ გააკეთე არჩევანი. როდესაც დღეს ასეთი საფრთხე არ არსებობს, რატომ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას?“, – წერს დავით ქართველიშვილი.

რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით გამოსვლას შეძლებენ

რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობას შეძლებენ. ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო.

ოლიმპიადაზე დაიშვებიან მხოლოდ სპორტის ინდივიდუალური სახეობების წარმომადგენლები, ხოლო გუნდურ შეჯიბრებაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენებით დაკომპლექტებული ნაკრებები არ იქნება.

ასევე ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან ის რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, რომლებიც საჯაროდ უჭერენ მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და რომლებსაც შეიარაღებულ ძალებთან მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ.

რუსეთის და ბელარუსის ოფიციალური პირები და სპორტული ფუნქციონერები ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობსით, ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება 4600 სპორტსმენმა მოიპოვა, მათ შორის მხოლოდ 8 რუსი და 3 ბელარუსია.

თბილისის მერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

“ჯორჯიან თაიმსი” მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მერის კორუფციული გარიგების წყალობით, „თბილისის განვითარების ფონდმა” გამრეკელის ქუჩაზე სამუშაოების წარმოების უფლება კომპანია „ბიქეი კონსტრაქშენს” უკონკურენტოდ მისცა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია, რასაც აღნიშნული ტელეკომპანია პერიოდულად მიზანმიმართულად ავრცელებს, დედაქალაქის მერისა და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მიზნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტს. აღნიშნული პროექტის დაანონსებისთანავე, თბილისის ვიცე-მერმა მოიწვია ბაზარზე არსებული ყველა წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანია და მათ პრეზენტაციის სახით მიაწოდა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ამის შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და პოტენციური მიმწოდებლების გამოკითხვის გზით, ათეულობით კომპანიას გაეგზავნა ბაზრის კვლევის შედეგები და გამოცხადდა საჯარო ტენდერი. ავარიული მრავალბინიანი სახლის ჩანაცვლების სამივე ტენდერში გაიმარჯვა „ბიქეი კონსტრაქშენმა”, რომელიც ამ ტენდერების ერთადერთი მონაწილე იყო. კონკრეტულად გამრეკელის ქუჩაზე, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების მიზნით გამოცხადებულ ტენდერი პირველ ჯერზე ჩავარდა და მხოლოდ მეორედ გამოცხადების შემდეგ გამოჩნდა მონაწილე. აღნიშნული ტენდერებით, სამწუხაროდ, არცერთი სხვა სამშენებლო კომპანია არ დაინტერესებულა, ვინაიდან ეს პროექტები არის ძალიან ეკონომიკური, ხარჯეფექტური და დეველოპერებს არ რჩებათ დიდი მოგება. ამას ადასტურებს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადება, რომლითაც ის მოუწოდებდა სამშენებლო სექტორს, ეაქტიურათ, ჩართულიყვნენ ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტში (იხილეთ რამდენიმე განცხადება:

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ მაყურებელს და ნუ ეცდებიან დეზინფორმაციის გავრცელების გზით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება“,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ოპოზიცია 2 წლის მანძილზე აკეთებდა ყველაფერს, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი”- ირაკლი კობახიძე

თითქმის ორი წლის მანძილზე, ოპოზიცია აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ისინი, როგორც ჩანს, კვლავ ებღაუჭებიან გარკვეულ იმედს, რომ სხვანაირი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ერთ კვირაში, თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ევროპული საბჭო წელს მიიღებს სამართლიან, სწორ გადაწყვეტილებას და ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილებით დაიმსხვრევა ოპოზიციის გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისად არ მუშაობს.

„ამით იმსხვრევა ოპოზიციის მესიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ვაკეთებდით საკმარისს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სინამდვილეში, ყველამ იცის, რომ 12 პუნქტის შესრულების კუთხით, ზოგადად, ჩვენი პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ქვეყანას დამსახურებულად, ღირსეულად მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ ჰქონდათ ორწლიანი ე.წ. ნარატივი, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათი ძალისხმევა აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც ძალიან კარგია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება.

მისი თქმით, უკრაინის საკითხის დაკავშირება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია.

„ეს არის სპეკულაციური განცხადებები, რაც გვესმის ოპოზიციის, მათი მედიასაშუალებების მხრიდან. არავითარი კავშირი არ არის უკრაინის საკითხსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შორის. თქვენ გახსოვთ, შარშან უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს არა, თუმცა არავითარი კავშირი არავის დაუნახავს ამ ორ საკითხს შორის. წელსაც, არავითარი კავშირი არ არის, ცალკე განიხილება უკრაინის საკითხი, მოლდოვის საკითხი, ცალკე განიხილება საქართველოს საკითხი. ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევის გადამწყვეტი ფაქტორი ის იყო, რომ პუტინი და მისი არმია სათანადოდ არ იყო შეფასებული” – Bird

ეს იყო დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსული არმიის წინააღმდეგ – მიზანი: ჯერ ყირიმში სახმელეთო ხიდის განადგურება, ხოლო შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ საბოლოოდ, თვეების განმავლობაში დამღლელი ბრძოლების შემდეგ, უკრაინის წინაშე დადგა კითხვა: რა უნდა გააკეთოს შემდგომში, – წერს გერმანული გამოცემა Bild-ი სტატიაში სათაურით პუტინი სასტიკად არასათანადოდ იყო შეფასებული.

როგორც გერმანული გამოცემა წერს, წარუმატებელი კონტრშეტევის გადამწყვეტი ფაქტორი ის იყო, რომ პუტინი და მისი არმია სათანადოდ არ იყო შეფასებული.

ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი თავის სტატიაში წერს, რომ კონტრშეტევისთვის მომზადებისას აშშ-მა, უკრაინამ და დასავლელმა პარტნიორებმა საბრძოლო მოქმედებების მოდელირება განახორციელეს სამხედრო კამპანიის დასაგეგმად, თუმცა აშშ-მა და ასევე უკრაინამ აშკარად არასწორად შეაფასეს სიტუაცია.

გამოცემა წერს, რომ მათი იმედი, რომ უკრაინის არმია სწრაფად გახდებოდა დასავლური სტილის არმიად, არ გამართლდა. ამერიკელი სამხედროები დარწმუნებული იყვნენ, რომ მექანიზებული ფრონტალური შეტევა რუსეთის ხაზებზე შეიძლებოდა განხორციელებულიყო იმ ჯარით და იარაღით, რომელიც უკრაინას ჰქონდა.

აშშ ემხრობოდა კონცენტრირებულ შეტევას სამხრეთის მიმართულების გასწვრივ, მაგრამ უკრაინელებს სურდათ შეტევა სამ სხვადასხვა წერტილზე თითქმის 1 000 კილომეტრის სიგრძის ფრონტზე. ჯერ კიდევ აგვისტოში ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ეს გადაწყვეტილება მკვეთრად გააკრიტიკეს.

გერმანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ბევრმა უკრაინასა და დასავლეთში სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის შესაძლებლობა, აღედგინა საკუთარი ძალები და გამოეყენებინა მისი თითქმის შეუზღუდავი ძლიერი მხარეები: ცოცხალი ძალა, ნაღმები და მზადყოფნა, გაწიროს ადამიანური რესურსი ისეთი მასშტაბით, როგორიც სულ რამდენიმე ქვეყანას შეუძლია.

აშშ-ის სპეცსამსახურები უფრო კრიტიკულად უყურებდნენ სიტუაციას, ვიდრე აშშ-ის სამხედროები. მათ კონტრშეტევის წარმატების შანსები შეაფასეს, როგორც 50/-ზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა ზამთარსა და გაზაფხულზე თავდაცვის ძლიერი ხაზები ააგო.

უკრაინელების განცხადებით, დასავლეთმა დაპირებული ტექნიკა უკრაინას გვიან მიაწოდა.

სამტრედიაში ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ათამდე ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა 2024 წელს დაგეგმილ პროექტებზე.

საბჭოს წევრებმა სამუშაო რეჟიმში იმსჯელეს ქვეყანაში პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე; აღინიშნა, რომ ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობა მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.