ეს იყო დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსული არმიის წინააღმდეგ – მიზანი: ჯერ ყირიმში სახმელეთო ხიდის განადგურება, ხოლო შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ საბოლოოდ, თვეების განმავლობაში დამღლელი ბრძოლების შემდეგ, უკრაინის წინაშე დადგა კითხვა: რა უნდა გააკეთოს შემდგომში, – წერს გერმანული გამოცემა Bild-ი სტატიაში სათაურით პუტინი სასტიკად არასათანადოდ იყო შეფასებული.
როგორც გერმანული გამოცემა წერს, წარუმატებელი კონტრშეტევის გადამწყვეტი ფაქტორი ის იყო, რომ პუტინი და მისი არმია სათანადოდ არ იყო შეფასებული.
ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი თავის სტატიაში წერს, რომ კონტრშეტევისთვის მომზადებისას აშშ-მა, უკრაინამ და დასავლელმა პარტნიორებმა საბრძოლო მოქმედებების მოდელირება განახორციელეს სამხედრო კამპანიის დასაგეგმად, თუმცა აშშ-მა და ასევე უკრაინამ აშკარად არასწორად შეაფასეს სიტუაცია.
გამოცემა წერს, რომ მათი იმედი, რომ უკრაინის არმია სწრაფად გახდებოდა დასავლური სტილის არმიად, არ გამართლდა. ამერიკელი სამხედროები დარწმუნებული იყვნენ, რომ მექანიზებული ფრონტალური შეტევა რუსეთის ხაზებზე შეიძლებოდა განხორციელებულიყო იმ ჯარით და იარაღით, რომელიც უკრაინას ჰქონდა.
აშშ ემხრობოდა კონცენტრირებულ შეტევას სამხრეთის მიმართულების გასწვრივ, მაგრამ უკრაინელებს სურდათ შეტევა სამ სხვადასხვა წერტილზე თითქმის 1 000 კილომეტრის სიგრძის ფრონტზე. ჯერ კიდევ აგვისტოში ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ეს გადაწყვეტილება მკვეთრად გააკრიტიკეს.
გერმანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ბევრმა უკრაინასა და დასავლეთში სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის შესაძლებლობა, აღედგინა საკუთარი ძალები და გამოეყენებინა მისი თითქმის შეუზღუდავი ძლიერი მხარეები: ცოცხალი ძალა, ნაღმები და მზადყოფნა, გაწიროს ადამიანური რესურსი ისეთი მასშტაბით, როგორიც სულ რამდენიმე ქვეყანას შეუძლია.
აშშ-ის სპეცსამსახურები უფრო კრიტიკულად უყურებდნენ სიტუაციას, ვიდრე აშშ-ის სამხედროები. მათ კონტრშეტევის წარმატების შანსები შეაფასეს, როგორც 50/-ზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა ზამთარსა და გაზაფხულზე თავდაცვის ძლიერი ხაზები ააგო.
უკრაინელების განცხადებით, დასავლეთმა დაპირებული ტექნიკა უკრაინას გვიან მიაწოდა.