Home Blog Page 1778

“პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც იცავს კონსტიტუციას, თუმცა პირველი არღვევს მას” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები მისთვის მიუღებელია.

კალაძის თქმით, პირველ რიგში, პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თუმცა პირველი არღვევს მას, რაშიც ზურაბიშვილს უცხოეთიდან ეხმარებიან.

„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ სამყაროში და ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვგმობ და ჩემთვის მიუღებელია პრეზიდენტის ქმედებები. ვარ საქართველოს მოქალაქე, ამ ქვეყანაში დაბადებული, გაზრდილი და პრეზიდენტი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველი არღვევს. ამაში ხელს უწყობენ ე.წ. ჩვენი მეგობრები უცხოეთიდან და ახალისებენ ამ ყველაფერს. ესაა დასაგმობი და დიდი უბედურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ” – შოთა ბურჯანაძე

ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ „სურსათის ბანკიდან“ გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ – აქ მხოლოდ იმ ადამიანებზე არ არის საუბარი, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიიჩნევს, რომ პრდუქტი ესაჭიროება ,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში, პროდუქტის ⅓ ნაგავსაყრელზე იყრება.

„ჩვენს სამეზობლოში საქართველო პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც “სურსათის ბანკს” ჰქმნის. ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ. საუბარია, არა მალფუჭებად პროდუქტზე, არამედ იმ პროდუქტზე, რომელიც შეიძლება, დახლზე იყოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ვადა გასდიოდეს, მაგრამ ვარგისიანობა ჰქონდეს. ეს ვარგისიანი პროდუქტი ერთ ადგილზე შეგროვდება და შესაბამისად გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებათ.

აქ მხოლოდ იმ ადამიანებზე არ არის საუბარი, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ესაჭიროება. აქ ჩართულია რითეილი. რაც შეეხება „ჰორეკას“ სექტორს, მათთვის ეს ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. სამაცივრე მეურნეობა შესაქმნელია, რათა პროდუქტი მივიდეს დანიშნულების ადგილზე, შემდეგ ეს მოიხმაროს ბენეფიციარმა. დაძრულია ეს კანონი და ნაბიჯი რადგან გადაიდგა, მისასალმებელია. თუ იმ ბაზის შევქმნით, სადაც ბენეფიციარები, მიიღებენ იმ დახმარებას, რაც სჭირდებათ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდება“,- განაცხადა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში-პრემიერი

წვევამდელებისთვისაც, გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში 2024 წლის პირველი იანვრიდან და ასევე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავდაცვის კოდექსით დარეგულირდება „გირჩის“ ინიციატივა, რომლის შედეგადაც ბევრი ახალგაზრდა შეცდომაში იქნა შეყვანილი.

„მოგეხსენებათ, რომ პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვის კოდექსი. ამაზე ჩვენ დიდი ხანია, ვმუშაობდით. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის კოდექსი, რომელიც ბევრ საკითხს აწესრიგებს. პირველი მინდა გამოვყო ე.წ. მავნებლური „გირჩის“ ინიციატივა, რომლის შედეგადაც ბევრი ახალგაზრდა იქნა შეცდენილი და არასწორ გზაზე იქნა დაყენებული. ჩვენ ამით დავასრულეთ „გირჩის“ მავნებლობა. ეს ერთი საკითხი მინდა გამოვყო. ასევე მთელი რიგი საკითხები მოწესრიგდა და მთელი რიგი გარანტიები ჩაიდო, როგორც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე ზოგადად, წვევამდელებისთვისაც. გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში 2024 წლის პირველი იანვრიდან და ასევე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში. სხვადასხვა უწყებიდან მოგვყავს წვევამდელები და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მოხდება გაწვევა. შევიმუშავეთ ეფექტური კურსები. 6 თვიანი კურსი. მინიმალური იქნება 6 თვიანი კურსი. ასევე არის 8 და 12 თვიანი კურსები, იმის მიხედვით, ვის როგორი გეგმები აქვს და სამომავლო კარიერა როგორ უნდა, რომ დაგეგმოს. ასე, რომ წვევამდელები მინიმუმ 6 თვეს გაივლიან ჯარში, თავდაცვის სამინისტროში. ასევე, მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც კიდევ ერთხელო მინდა განვმარტო ჩვენი ახალგაზრდებისთვის არის ის, რომ ჩვენ კოდექსში გავითვალისწინეთ ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სტუდენტს შეეძლება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. წლის განმავლობაში ერთი თვე დაჰყოს სამხედრო ბაზაზე და გაიაროს საბაზისო თეორიული და პრაქტიკული მომზადება. ეს მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 4 წლის მანძილზე სტუდენტს შეეძლება, რომ ჯამში დაჰყოს ჯარში 4 თვე ჯამში და ამის შემდეგ ჩაეთვლება ნამსახურებად და მიიღებს სამხედრო მოწმობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. რაც მთავარია, ამ კოდექსით შეიქმნება რეზერვის მყარი საფუძველი. ჩვენი გათვლებით, სულ რაღაც 3-4 წელიწადში, წელიწადში მოვამზადებთ 9-10 ათას წვევამდელს, რაც ძალიან დიდი შედეგი იქნება და ათ წლიან პერსპექტივაში 100 000 ახალგაზრდა გვეყოლება მომზადებული, რომელიც ჩაირიცხება ქვეყნის რეზერვში. ეს აძლიერებს რეზერვის სისტემას და ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივები. კიდევ ერთხელ მადლობა პარლამენტს, სამინისტროს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაში“, – განაცხადა პრემიერმა.

“დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა კვირის ბოლოსკენ სრულად აღდგება, ხიდის რეაბილიტაცია კი ოქტომბრის ბოლოსკენ დასრულდება”

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და განხორციელებული სამუშაოები შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კახა კალაძის განცხადებით, ხიდზე ავტომობილების თავისუფლად გადაადგილება კვირის ბოლოსთვის თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

„შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დაახლოებით კვირის ბოლოს მოძრაობა სრულად აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი, თუმცა სამუშაოები გაგრძელდება. მიმდინარეობს თაღების მოპირკეთების სამუშაოები, ტროტუარების კეთილმოწყობა, გარე განათების ახალი ბოძები დამონტაჟდება, ხიდზე დეკორატიული მინათებები გაკეთდება და სამუშაოების დასრულებას ვფიქრობთ ოქტომბრის ბოლოსკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის, ტროტუარზე ფილების დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენების დაგება დასრულებულია.

მათივე განმარტებით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა მოაჯირები, გარე განათების ახალი ქსელი და დეკორატიული მინათებები, ასევე რეაბილიტირდება მტკვრის თავზე არსებული თაღი. რეაბილიტაციის შედეგად, ხიდს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება.

მერიის თქმით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის ღირებულება 4,5 მლნ ლარია. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია „ავტოგზა ლენტეხი 99“ ახორციელებს.

“ყველა მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯება, ვინც ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოქმედებაში მოიყვანს” – ირაკლი ღარიბაშვილი

არ მოსწონთ, რომ დღეს ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა, მათი სურვილი არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ეს იყო თავდაპირველი მიზანი. ეს რჩება დღეს სამწუხაროდ, მათ მიზნად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება ეს არის პრევენციული, გამაფრთხილებელი კონკრეტული მტკიცებულებების სახით.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ უფლებას ასეთ დესტრუქციულ ძალებს, რომ გამოაყენებინონ თავი. კარგად გვახსოვს, მარტის მოვლენები. როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ მიატოვეს, რა თქმა უნდა, ასეც მოხდება. როგორ ასროლინეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელებზე. ეს ყველაფერი მათი დაგეგმილი ბინძური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმებია. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და არ დავუშვებთ. ყველა მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯება, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოქმედებაში მოიყვანს.

მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენ და საზოგადოება სათანადო ახსნა განმარტებას მოვისმენთ USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან, რადგან დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევითა და დაფინანსებით იყვნენ ჩამოსული ეს ადამიანები. ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა ჩვენ მათ ოფიციალურ განმარტებებს დაველოდებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კახეთში დაზარალებული მევენახეები ყოველ დაზიანებულ ჰექტარზე 3 500 ლარის დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაზარალებული მევენახეები ყოველ დაზიანებულ ჰექტარზე 3 500 ლარის დახმარებას მიიღებენ.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო უკვე იბარებს დაზიანებულ ყურძენს, თუმცა ამის მიუხედავად, გადაწყდა მევენახეებისთვის დახმარების გამოყოფა, რაც მათ დაზიანებული ვენახის აღდგენაში დაეხმარება.

„მოგეხსენებათ, კახეთის რეგიონში ახლა ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს რთველი. მე პირადად მოვინახულე, ადგილზე ჩავედი და სიტუაცია არის ძალიან კარგი. მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენს ხალხს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მევენახეს დაესეტყვა ათასობით ჰექტარი ვენახი, განადგურდა მათი მოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვით, ჩვენ ამ დაზიანებულ ყურძენს ჩავიბარებთ და ჩავიბარეთ კიდევაც. უკვე დაწყებულია პროცესი, 20 მილიონი ლარის ღირებულების დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული გვაქვს; ამის მიუხედავად, ვინაიდან მათ ზიანი მიადგათ, გადავწყვიტეთ, როგორც ორი წლის წინ გავაკეთეთ, ახლაც გვინდა, დავეხმაროთ დაზარალებულ მევენეხეებს და დაზიანებულ ერთ ჰექტარზე 3 500 ლარი გამოვყოთ დახმარების სახით. ვფიქრობ, ეს დაეხმარება მათ, გამოიყენენონ მიზნობრივად, ამ დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ აღდგენაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ -პრემიერი

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ბევრი მხარდამჭერი ღონისძიება განხორციელდა, თუმცა მთავრობა კიდევ დამატებითი ზომების მიღებაზე შეთანხმდა.

„მინდა ძალიან მოკლე ინფორმაცია მინდა გავაცნო საზოგადოებას, ხორბლის წარმოებაში ჩართულ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ შემცირებულია ფასები ხორბალზე. ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ვინაიდან, ეს არის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის გამოძახილი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ. ჩვენ მანამდე უკვე გადავდგით კონკრეტული ეფექტური ნაბიჯები, 4000-მდე ფერმერს ჩვენ დავეხმარეთ შეღავათიანი აგროკრედიტით. დავუფინანსეთ საბრუნავი სახსრები და მივეცით სტიმული, მარცვლოვანი კულტურების წარმოება გაეზარდათ. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებულიყო დამატებით საფასური, რამაც კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენა წისქვილკომბინატები საქართველოში. ამის შემდეგ მათ განახორციელეს ქართული ხორბლის შესყიდვა და პურის მწარმოებლებისთვის ისეთი პირობებით მიწოდება, რომ პური არ გაძვირდა. ფქვილის საფასურის დაწევის შემდეგ 35 000 ტონა ხორბალი მიიღეს ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა. ასევე, დროებითი ღონისძიებები განხორციელდა ღერღილი ხორბლის იმპორტის მიმართულებით, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებული არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ დამატებითი ზომების მიღებაზე შევთანხმდით. ამის თაობაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებით განმარტებას გააკეთებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველა ფერმერს, ასე, რომ მათ საფიქრალი და სანერვიულო არ ექნებათ“, – განაცხადა პრემიერმა.

აღკვეთის ღონისძიებებს, შესაძლოა, ახალი სახის აღკვეთის ღონისძიება – გადაადგილების შეზღუდვა დაემატოს

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებულ აღკვეთის ღონისძიებებს, შესაძლოა, ახალი სახის აღკვეთის ღონისძიება – გადაადგილების შეზღუდვა დაემატოს.

ამასთან დაკავშირებით ინიცირებისთვის მზად არის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქმედი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ითვალისწინებს ხუთი სახის აღკვეთის ღონისძიებას: – გირაოს, შეთანხმებას გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირად თავდებობას, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობას და პატიმრობას. კანონის პროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების სახეებს ახალი ღონისძიება – გადაადგილების შეზღუდვა ემატება.

აღნიშნული ღონისძიება ნიშნავს ბრალდებულისთვის პროკურორის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის, გარკვეული ადგილის, მათ შორის კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის, დატოვების ან მასში შესვლის აკრძალვას. ბრალდებულის მიმართ გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დღე-ღამის განმავლობაში (24 საათიანი შეზღუდვა) ან დღე-ღამის გარკვეულ პერიოდში.

გადაადგილების შეზღუდვა იმ პირის მიმართ იქნება გამოყენებული, რომლის მკაცრი იზოლაცია – აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად – პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებით აუცილებელი არ არის.

პროექტის გათვალისწინებით, გადაადგილების შეზღუდვა არ გამოიყენება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მიმართ, გარდა ხანდაზმულობას მიღწეული პირისა (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან). ხანდაზმულობას მიღწეული პირის მიმართ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუ მას ბრალი არაძალადობრივი დანაშაულისათვის აქვს წაყენებული. გადაადგილების შეზღუდვა ასევე არ გამოიყენება სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეების მიმართ.

პროექტით შემოთავაზებულია გადაადგილების შეზღუდვის ხანგრძლივობის 9 თვიანი ვადით შემოფარგვლა, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან.

კანონის პროექტით გათვალისწინებულია, რომ აღკვეთის ღონისძიების – გადაადგილების შეზღუდვის აღსრულება ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით მოხდება. პროექტის თანახმად, ელექტრონულ მონიტორინგს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. ელექტრონული მონიტორინგი იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აღსრულდება.

როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, დღეს არსებული ხუთი აღკვეთის ღონისძიებიდან პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გირაო და პატიმრობა გამოიყენება. ინიციატორთა შეფასებით, გადაადგილების შეზღუდვის ღონისძიება, თავისი შინაარსითა და აღსრულების ფორმით, გაზრდის მოსამართლეთა შესაძლებლობას აღკვეთის ღონისძიებების ყველაზე მკაცრ და მსუბუქ სახეებს შორის არსებული დიაპაზონიდან ადამიანის უფლებების ყველაზე ნაკლებ შემზღუდველი და ამავე დროს შესაბამისი რისკების ეფექტიანად დამზღვევი ღონისძიება შეარჩიონ.

“აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის დამატება დადებით გავლენას იქონიებს ბრალდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე და მაღალი ალბათობით პატიმრობის და საპატიმრო გირაოს გამოყენების შემთხვევების შემცირებას გამოიწვევს“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ხოლო ინიციატორები მასთან ერთად არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი და ბაია კვიციანი.

“საქართველოში შენარჩუნდება მშვიდობა და არავის მიეცემა საშუალება, ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას”

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არეულობისა და სისხლისღვრის უფლება არავის მიეცემა და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს.

ამის შესახებ მან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის გამოუვა, ქვეყანაში შემოიტანოს რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა და ხელისუფლების დამხობა ბინძური მეთოდებით. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, მათ შორის, მანიფესტანტების ინტერესს და უსაფრთხოებას. თუ რატომ შედის აღნიშნულ კანონში ცვლილებები, განმარტებები უკვე გაკეთდა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – რატომ გახდა აღნიშნული ცვლილებების საჭიროება, თბილისის მერი პასუხობს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადება, რომლის თანახმადაც, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში არეულობას გეგმავენ.

„აღნიშნულ საკითხზე განცხადებები გაკეთდა, რომ იგეგმება არეულობები, მიზნობრივი პროვოკაციები, კონკრეტულად კარვებში. ეს იქნება იარაღის, ასაფეთქებელი მასალების შეტანა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც თავიანთი უცხოელი აქტორების ჩართულობით, გადატრიალებას, არეულობას გეგმავენ, მაგრამ არავის არაფერი გამოგივათ, მეგობრებო. საქართველოში შენარჩუნდება მშვიდობა – არავის მიეცემა საშუალება, ჩვენი ხალხი „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენონ და ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

USAID-ის ჩართულობით, სამწუხარო, შემაშფოთებელი ფაქტები გროვდება, რომელიც პირდაპირ ასახავს მტრობას – კახა კალაძე

სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტები გროვდება USAID-ის ჩართულობით, რომელიც პირდაპირ ასახავს მტრობას და საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით საჭიროა განმარტებები.

„შემაშფოთებელი ფაქტია. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმ მზაკვრული გეგმისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიგნით და გარეთ აქვთ, თუმცა, კიდევ უფრო შემაშფოთებელი, მძიმე ფაქტია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო აფინანსებს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ამას ახსნა-განმარტება სჭირდება. ველოდებით შესაბამის პასუხს რომ ეს ყველაფერი ახსნილი იყოს. უნდა გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მოხდა პარალელული დათვლების გაყალბება და ესეც USAID-ის დაფინანსებული იყო, მათი მხრიდან ხდებოდა აღნიშნული პროგრამის დაფინანსება. სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტები გროვდება USAID-ის ჩართულობით, რომელიც პირდაპირ ასახავს მტრობას და ესაა საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებები გვჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ „ენჯეოებს“, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

“დღეს შეგვიძლია, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ეპოქაში შევიდეთ” – ილჰამ ალიევი

დღეს შეგვიძლია, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ეპოქაში შევიდეთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გამოცდილება ძალიან უნიკალური და განუმეორებელი მოვლენაა, რადგან აზერბაიჯანმა დაასრულა კონფლიქტი და აღადგინა საერთაშორისო სამართალი.

„დღეს შეგვიძლია, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ეპოქაში შევიდეთ. ეს ჩვენი აზრია. თანამშრომლობა, ორმხრივად მომგებიანი პროექტები, ორმხრივი სარგებელი – ამ ყველაფერს დღეს ვაჩვენებთ“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მიუმხრობლობის მოძრაობაში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობის გახანგრძლივება ქვეყნის ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის გამოვლინებაა.

ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ლიდერებს ხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს სოჭში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები “აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან ინალ არძინბასთან, სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ალან გაგლოევთან და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან ახსარ ჯიოევთან”.

უწყების განმარტებით, დღის წესრიგში შედის “ორმხრივი ურთიერთობების” აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი, ასევე რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.

“ორმხრივი შეხვედრების დროს მინისტრები ასევე ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის 2024-2025 წლების კონსულტაციების გეგმებს “, – აცხადებენ რუსეთის საგარეო სამინისტროში.