Home Blog Page 1777

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება.

შეხვედრაზე მთავარი საკითხი იქნება თამაზ გინტურის მკვლელობა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დასჯას.

ასევე, შეხვედრაზე ქართული მხარე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს. წინა შეხვედრიდან დღემდე რუსი სამხედროების მიერ საქართველოს ხუთი მოქალაქე იქნა დაკავებული უკანონოდ, ხოლო ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.

“დღეს მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ვიმყოფებით – ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს”

ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ – პუბლიკაციის პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

„დღეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღე გვაშორებს, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომ ეტაპზე გადაიყვანს. ჩვენ ამ საერთო გზაზე ვიმყოფებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩმა ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირის საკვები პროდუქციის ხარისხის რეგულაციებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა.

„ევროკავშირი, სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას უკვე 10 წელია რაც მხარს უჭერს. ეს ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარების ფლაგმანს წარმოადგენს. ამჟამად, ჩვენი თანამშრომლობის შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების კონტექსტში ჩვენ მეოთხე ეტაპზე ვიმყოფებით. ეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და საკვების უსაფრთხოების ჰოლიტიკურ მიდგომაზე ახდენს ფოკუსს. საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირის საკვები პროდუქციის ხარისხის რეგულაციებსა და სტანდარტებს. ევროკავშირთან დაახლოებამ საქართველოს ადგილობრივი ბაზრის განვითარების საშუალება მისცა და შედეგად, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა“, – აღნიშნა ჰაველ ჰერჩინსკიმ.

ჰაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის საკვები პროდუქციის მწარმოებელთა მდგრადობის შენარჩუნება.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო წუხილი, რომელსაც ვიზიარებთ და ევროკავშირის ყველა წევრმა და საქართველომ უნდა მოაგვაროს, არის სოფლებში თაობათა განახლება. სოფლის მეურნეობის სექტორი კონკრეტულ ყურადღებას საჭიროებს, რომ კვების პროდუქციის მწარმოებლების მდგრადობა შევინარჩუნოთ და უკან არავინ ჩამორჩეს. დღევანდელმა პუბლიკაციამ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს, რათა სოფლის მეურნეობის მდგრადობასთან დაკავშირებული პრობლემები გადაიჭრას. ამის გაკეთება კარგი პრაქტიკით, ახალი ტექნოლოგიებით, და ბუნების დაცვაზე დაფუძნებული გადაწყვეტით შეიძლება, რათა ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა, ნიადაგისა და წყლის მართვის გაუმჯობესება მოხდეს“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ პროდუქტებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუპერმარკეტების თაროებზე გაზრდილი რაოდენობით იხილავს.

„ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოში ჩემს მიერ გატარებული დროის განმავლობაში მე ნამდვილად დავაფასე ქართული სოფლის მეურნეობა.

საქართველო შესანიშნავი ხარისხის ხილს, ბოსტნეულსა და ზოგადად, საკვებ პროდუქტებს აწარმოებს და იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნულ პროდუქციას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუპერმარკეტების თაროებზე გაზრდილი რაოდენობით ვიხილავ. ამ პროცესს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის რეფორმა უნდა დაეხმაროს და მაშინ როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობას უახლოვდება, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ევროპულ ბაზარზე მის ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. ეს როგორც ქართველ ფერმერებს, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაეხმარება. დღეს ჩვენ ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

“ევროკავშირში სხვადასხვა ქვეყანას შორის მიმდინარე დისკუსია არ წარმოადგენს არანაირ ბარიერს საქართველოსთვის” – შალვა პაპუაშვილი

დიდი ხანია, გვესმის, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება დამსახურებაზე დაყრდნობით, დამსახურება სახეზეა, ახლა საჭიროა გადაწყვეტილება, არანაირი საფუძველი, რომ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იყოს მიღებული, არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

„ის შიდა დისკუსია, რომელიც ევროკავშირში არის სხვადასხვა ქვეყანას შორის, არ წარმოადგენს არანაირ ბარიერს, რომ საქართველოს მიმართ იყოს მიღებული გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაყრდნობით და არა ერთმანეთის ჯინაზე, რომ ვიღაცა რაღაცას არ უჭერს მხარს და ამის გამო სხვამ არ დაუჭიროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას მხარი. საქართველოს მოსახლეობა სწორედ ამას მოელის, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არ განმეორდეს ის უსამართლობა, რომელიც შარშან მოხდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“პრეზიდენტმა უნდა გაუგოს საზოგადოებას და საქართველოს კონსტიტუციას, სალომე ზურაბიშვილმა ორივე კარი დახურა” – გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილი დაბნეულია და ვეღარ იგებს, კარი ვის გაუღოს და ვის დაუხუროს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ზოგადად, პრეზიდენტმა უნდა გაუგოს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს კონსტიტუციას, თუმცა მან ორივე კარი დახურა – არც კონსტიტუცია აინტერესებს და არც ქართველი ხალხი. შესაბამისად, ვინც უნდა მიიღოს და ვინც უნდა გაუშვას. მის და ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიტყვებს არავინ ყურადღებას არ აქცევს. მარგველაშვილმა ფენომენალური რამე თქვა – სალომე ზურაბიშვილთან იმ შემთხვევაში მივალ, თუ მიხეილ სააკაშვილს ერთი დღით შეიწყალებსო. რადიკალურ ოპოზიციას ასეთი ხალხი ჰყავს მხარდამჭერი. თურმე, შეიძლება, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი ერთი დღით შეიწყალოს და შემდეგ უთხრას, ახლა ციხეში წადიო. ეს მდგომარეობაა ოპოზიციაში, სადაც სალომე ზურაბიშვილი მიბრძანდა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„თბილისი-ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება

„თბილისი – ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება და ამავე დღეს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება, –  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან დედაქალაქის მოსახლეობას ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა  დახვდებათ.

„თბილისი-ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება. 20:00 საათზე გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ყველას გვექნება შესაძლებლობა, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები. მობრძანდით თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით, სასიამოვნო საღამო გელოდებათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, 16 დეკემბრიდან, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.

„16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს „საახალწლო სოფელი“. სოფელი განთავსდება ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები. ამავე პერიოდში, „საახალწლო სოფელში“ მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ. „საახალწლო სოფელში“ დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს. მთლიანობაში, 23 ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე საღამო გველოდება. გიწვევთ ოჯახებით, მეგობრებით, სტუმრებით 15 და 16 დეკემბერს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე, „საახალწლო სოფლის“ გახსნაზე. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იქნება ძალიან ლამაზი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აკუსტიკურ ხმაურზე გამკაცრებული სანქციები 14 დეკემბრიდან ამოქმედდება

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე სანქციები მკაცრდება, შესაბამისი კანონი კი მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე, ჯარიმის დადგენილი ოდენობები აკუსტიკური ხმაურის გადაჭარბების პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა.

„კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ან საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია და დადგენილია შესაბამისი ფულადი ჯარიმებიც, თუმცა დღემდე დადგენილი სანქციები, ჯარიმის ოდენობები, არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, დარღვევის იმ შინაარსს, რაც რეალურად ხდება. ამიტომაც, მოვამზადეთ კანონპროექტი და წარვუდგინეთ პარლამენტს. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან აღნიშნული კანონი და ერთმანეთს დისკომფორტი არ შეუქმნან.

„გვესმის ბიზნესის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების უფლებები, რომლებზეც დასაშვებ დონეზე მეტად წარმოქმნილი ხმაური უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობასა თუ ემოციურ მდგომარეობაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონის მიხედვით: ა) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით; ბ) იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით; გ) მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 763 354 000 ლარამდე იზრდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 763 354 000 ლარამდე იზრდება. მათ შორის არის სპეციალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მთლიანი ბიუჯეტის 31% ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება.

„მიიწურა 2023 წელი და ყველას აინტერესებს, რა პროექტები განხორციელდება და როგორ გადანაწილდება დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი. ამაზე მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ, საზოგადოებას წარვუდგენთ ყველა დაგეგმილ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. პირველ რიგში, გეტყვით, რომ თბილისის ბიუჯეტი იზრდება და 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 130 მილიონით მეტი იქნება. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა შეადგენს 1 მლრდ 763 მლნ 354 ათას ლარს. მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 500 000 მლნ ლარი. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 მლნ 486 ათასი ლარის გამოყოფა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 31%-ს შეადგენს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალ წელს სოციალური/ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია 507 მლნ 632 ათასი ლარის პროგრამების განხორციელება.

“პოლიტიკურად სტრატეგიულ საკითხებზე ევროკავშირის ლიდერებმა ინტენსიურად უნდა იმსჯელონ და გვაქვს იმედი, რომ ისინი შეძლებენ შეთანხმებას” – ოლივერ ვარჰეი

პოლიტიკურად სტრატეგიულ საკითხებზე ლიდერებმა ინტენსიურად უნდა იმსჯელონ და გვაქვს იმედი, რომ ისინი შეძლებენ შეთანხმებას, რაც იქნება ძლიერი გზავნილი და დადასტურება იმ ვალდებულების, რასაც ევროპული პერსპექტივა ითვალისწინებს დასავლეთ ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის, უკრაინასა და საქართველოსთვის, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

„ეს წელი იყო მომენტის წელი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ არამარტო წარვადგინეთ წინადადებები, არამედ გადაწყვეტილებები მივიღეთ. სხდომის შემდეგ მიღებული საბჭოს დასკვნა არის ფუნდამენტური შემდგომი პროგრესისთვის და გაფართოების პროცესში წინ წასასვლელად. მე ვფიქრობ, საბჭოს დასკვნამ დაადასტურა არსებითი დასკვნა, რომელიც ჩვენ ევროპულ საბჭოს გადავუგზავნეთ 10 კანდიდატზე და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ანგარიშში 10 ქვეყანა მოხვდა. ახლა ველოდებით თუ როგორ გადაითარგმნება ევროკომისიის ანგარიში და რეკომენდაციები უფრო სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ევროპული საბჭოს მიერ. ყველა ველოდებით ლიდერებს. პოლიტიკურად სტრატეგიულ საკითხებზე ლიდერებმა ინტენსიურად უნდა იმსჯელონ და გვაქვს იმედი, რომ ისინი შეძლებენ შეთანხმებას, რაც იქნება ძლიერი გზავნილი და დადასტურება იმ ვალდებულების, რასაც ევროპული პერსპექტივა ითვალისწინებს დასავლეთ ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის, უკრაინასა და საქართველოსთვის.

დასაჩუქრდი 10$-ის აქციებით თიბისის ციფრული ბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე

11-31 დეკემბრის პერიოდში, შეავსე თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო ანგარიში 100$-ით, მოხვდი პირველ 2000 მომხმარებელს შორის და  მიიღე საჩუქრად 10$-ის აქციები.

შეთავაზებით სარგებლობა შეგიძლია:

  • თუ ფლობ საინვესტიციო ანგარიშს თიბისის ციფრულ ბანკში
  • დეპოზიტი ჯერ არ გაქვს შევსებული ჯამში 100$-ით

შეავსე დეპოზიტი ერთიანად, ან ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა თანხით – ჯამურად 100$-ით.

ტრანზაქცია 1 სამუშაო დღის განმავლობაში შესრულდებასაჩუქრად მიღებული აქციები, შენს საინვესტიციო ანგარიშზე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, აშშ-ის სავაჭრო საათებში (თბილისის დროით 18:30-01:00 შუალედში) აისახება.

R

“ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ” – პრემიერი ურსულა ფონ დერ ლაიენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის.

როგორც წერილშია აღნიშნული, კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას.

„პირადად თქვენ და ევროკომისიას მინდა მოგახსენოთ უშუალოდ ჩემი და ჩემი მთავრობის უღრმესი მადლობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ბოლოდროინდელი რეკომენდაციისთვის.

ეს უდავოდ იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძალიან ძლიერი პარტნიორობის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერის შედეგი.

საქართველომ გრძელი გზა განვლო იმ ერთა ჯგუფში გასაწევრიანებლად, რომლებიც ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოებად მიიჩნევიან. ევროკავშირის და განსაკუთრებით ევროკომისიის ერთგული და ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, ჩემმა მთავრობამ გააგრძელა ქართველი ხალხის მოლოდინის ასრულება. შორსმიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების სფეროში ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი. გვახარებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ 2023 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით აღიარებულია საქართველოს მთავრობის დაუღალავი ძალისხმევა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წესებთან და სტანდარტებთან პროგრესული შესაბამისობის მიმართებით.

უდავოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩემს მთავრობას მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება. გიდასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ევროკომისიასთან და გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის.

საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის – ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილებით. გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე დააყენებს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის.

ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში.

კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს – ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს – ევროპული დემოკრატიების ოჯახთან.

თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“,- ნათქვამია წერილში.

“სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას” – პრემიერი შარლ მიშელს

კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისათვის გაგზავნილ წერილში.

„მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულწრფელი მადლიერება გამოვხატო საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი თქვენი პირადი მხარდაჭერისთვის. 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ევროკავშირის ლიდერების ზემოხსენებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ მძლავრი გზავნილის სახე მიიღო, რამაც დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.

ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩემი მთავრობა სრულად არის მობილიზებული და მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ბატონო პრეზიდენტო, 2012 წლიდან საქართველომ მტკიცე ერთგულება აჩვენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ გახდომის იდეისადმი. შორსმიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი. 2022 წლის ივნისის შემდეგ ჩემმა ქვეყანამ ასევე გამოავლინა ძლიერი ნება ევროკომისიის დასკვნაში გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან მიმართებით, რაც საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს მოჰყვა პასუხად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენმა მთავრობამ კონკრეტულ შედეგებს მიაღწია, რაც საქართველოს მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებში და მასშტაბურ საკანონმდებლო მუშაობაში გადაიზარდა, რათა შესრულებულიყო ნაკისრი ვალდებულებები და თანდათანობით მოვსულიყავით შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

შედეგად ჩვენ მოხარულნი ვიყავით ევროპული საბჭოსადმი ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციით კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე პოზიტიური შეფასებებით, რაც ასახულია გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის 2023 წლის კომუნიკეში და საქართველოს შესახებ თანდართულ ანგარიშში. ევროკომისიის რეკომენდაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ ყოვლისმომცველი, მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება.

საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის – ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა მასზედ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს შეუქცევად გზაზე დააყენებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ და საბოლოო ჯამში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ.

ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში.

კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს – ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს – ევროპული დემოკრატიების ოჯახთან.

თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“, – აღნიშნულია პრემიერის წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს − შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს − ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, ასევე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ლიდერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე წერილობით მიმართავს.

“უკრაინამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რათა დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რათა დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია, რაც დაკავშირებულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან და ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან ჩვენი ერთობლივი ნაბიჯების, სანქციების და პოლიტიკური ძალისხმევის შესახებ რუსეთზე ზეწოლის მიზნით. ამერიკის ხელმძღვანელობა გადამწყვეტია ამ ერთიანობის შენარჩუნებაში”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინის თავდაცვის წყალობით ახლა ევროპის სხვა ქვეყნები უსაფრთხოდ არიან და დაცული რუსული აგრესიისგან.

„უკრაინაში ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისა და ევროპის თავისუფლებისთვის. ვიცავთ ჩვენსა და თქვენს თავისუფლებას და ამის შედეგი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ უკრაინაში აისახება, არამედ პოლონეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ახსენა „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემები და აღნიშნა, რომ რუსული იარაღი მას ვერ შეედრება.

„ჩვენი მიზანია, გავიმარჯვოთ საჰაერო ბრძოლაში, გავანადგუროთ რუსული საჰაერო ბატონობა. ვინც აკონტროლებს ცას, აკონტროლებს ომის ხანგრძლივობას”, – დასძინა ზელენსკიმ.