“ირანის უგუნური სარაკეტო დარტყმები ერაყის სტაბილურობას ძირს უთხრის” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

22
spot_img

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ერაყის ჩრდილოეთ ქალაქ ერბილთან განხორციელებული თავდასხმა ძირს უთხრის ერაყის სტაბილურობას.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ირანის უგუნურ სარაკეტო დარტყმებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა და დასძინა, რომ აშშ მხარს უჭერს „ერაყის მთავრობისა და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ერაყელი ხალხის მისწრაფებების დაკმაყოფილებისკენ“.

შეგახსენებთ, ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომელზედაც პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათი მტკიცებით, ბალისტიკური რაკეტების სამიზნე „ჯაშუშთა შტაბი და რეგიონის ნაწილებში ირანის საწინააღმდეგო ტერორისტულ თავშეყრები“ იყო.

ქურთისტანის რეგიონული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

ერაყის უსაფრთხოებისა და სამედიცინო წყაროების ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მილიონერი ქურთი ბიზნესმენი პეშრაუ დიზაი და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი, რომლებიც მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ სახლს ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა.

აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა.