Home Blog Page 1777

“ეს გადაჯგუფებები მხოლოდ ესთეტიკის საკითხია, შინაარსში არაფერი იცვლება”

შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წევრების წასვლას გამოეხმაურა. ამ თემაზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბაქოში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„თითქოს რაღაც მესამე ძალები იქმნება, თითქოს რაღაც გამიჯვნა არის. სინამდვილეში ეს არის ერთი ქოლგა, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგა, რომლის ქვეშაც ყველა ეს პატარა თუ საშუალო დაჯგუფება მოძრაობს. ამიტომ, მთავარი გამოწვევა კვლავ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ერთ რამეზე – ისინი ემსახურებიან არა ქართველი ხალხის ინტერესს, არამედ სხვა პოლიტიკური ჯგუფების – ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით ინტერესებს, რომლებიც აბსოლუტურად დაპირისპირებულია ქართველი ხალხის ინტერესთან. ასე რომ ეს გადაჯგუფებები მხოლოდ ესთეტიკის საკითხია, შინაარსში არაფერი იცვლება. 2024 წელს ქართველ ხალხს არჩევანი ექნება ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად ბაჩო დოლიძემ დატოვა. ნიკა მელიას გუნდის წევრი ამბობს, რომ ახლა ახალი მოძრაობის დროა. „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნენ ქუთაისის საკრებულოს წევრებიც. პარტია ასევე დატოვა იმერეთის მუნიციპალიტეტში ასეულობით წევრმა.

“უნგრეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები” – გია ვოლსკი

უნგრეთი საკმაოდ მყარად უჭერს მხარს საქართველოს, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„უნგრეთი ის ქვეყანა არ არის, რომელიც საქართველოს კურირებს, გადაეფარა ან ქვეყანას მის პოლიტიკურ განხილვებში იყენებს. უნგრეთი საქართველოს მხარს უჭერს, რაც მისასალმებელია, მაგრამ ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც მხარს უჭერს. გაცვლის თემა, რომ უნგრეთი უკრაინას მხარს თუ არ დაუჭერს, არც სხვა დაუჭერს მხარს საქართველოს, არანაირად არ არის ის ფორმულა, რაც დღეს ევროკავშირში განიხილება.

საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ჩვენს ოპონენტებს უნდათ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მხოლოდ ერთ ქვეყანაზე ჩამოკიდონ – თითქოს საქართველოს მხოლოდ უნგრეთი უჭერს მხარს და თავისი დამოკიდებულებით უკრაინის მიმართ საქართველოს გარიგების საგნად იყენებს. ეს აბსოლუტურად აბსურდია, რადგან საქართველოს მხარდამჭერთა შორის ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაა. საქართველო თავისი შესრულებული საქმითაც, საზოგადოებითაც და უშველებელი რეიტინგებით ამას იმსახურებს ყოველგვარი შიდა გარიგებების გარეშე.

რასაკვირველია, ევროკავშირში არსებული დაძაბულობა გარკვეულ საფრთხეებს ქმნის. ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას წარმატებას ვუსურვებთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ევროკავშირისთვის გაფართოების თემა, განსაკუთრებით საქართველოს თემა, საგანგებო მნიშვნელობისაა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, რაც შუა დერეფნის განვითარებას უკავშირდება. ევროკავშირი აქედან გამოდის, როცა გადაწყვეტილებას იღებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“უკრაინის დამარცხება ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მთელი მსოფლიოს წინაშე სახეს დაკარგავს” – კუჩმა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა აცხადებს, რომ აშშ მსოფლიოს თვალში სახეს დაკარგავს, თუ კიევს მიატოვებს.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა “არარეალურს” უწოდებს მოსაზრებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავა.

ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პუტინს არ შეუძლია, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ მან ვერ მიიღო ის, რაც სურდა. მას მოუწევს ამის ახსნა რუსი ხალხისთვის. ის რუსეთის ლიდერია“, – განაცხადა კუჩმამ.

უკრაინის ექსპრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები „მსოფლიოს წინაშე სახეს დაკარგავს“, თუ უარს იტყვის უკრაინის მხარდაჭერაზე.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფრთხილა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე პუტინი ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს.

„ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ბაიდენი შეძლებს კანონის გატანას. შეერთებულმა შტატებმა დაკარგა ავღანეთი. უკრაინის დამარცხება ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მთელი მსოფლიოს წინაშე სახეს დაკარგავს“, – განაცხადა კუჩმამ.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას ომში გამარჯვება იმ დროს, როდესაც საერთაშორისო სოლიდარობა იკლებს, ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა: „მე მჯერა გამარჯვების. სხვანაირად არსებობა არ შემიძლია.”

რაც შეეხება პუტინის შეჭრას, კუჩმას თქმით, ამას წინ დასავლეთის შეცდომები უძღოდა, რომელიც სუსტად რეაგირებდა მოსკოვის „რევიზიონისტული ამბიციები“ ნიშნებზე.

კუჩმას თქმით, პუტინმა ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ ძალის გამოყენებით აპირებს რუსეთის საზღვრების გაფართოებას, როდესაც 2008 წელს გააგზავნა ჯარი მეზობელ საქართველოში, რასაც მოჰყვა ყირიმის ანექსია.

”ძალიან არასასიამოვნო იყო, რომ მსოფლიომ რეაგირება არ მოახდინა. სიჩუმე იყო. პუტინს ეგონა, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლო, რადგან პრინციპული პასუხი არ იყო“, – განაცხადა კუჩმამ.

“გამოხმაურებები, რომლებსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, მეტყველებს იმაზე, რომ თანმიმდევრულად ვატარებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას, რათა საბოლოო წევრობა ძალიან მალე იყოს ხელშესახები”

ილია დარჩიაშვილი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დადებითი შეფასებები საქართველოს ხელისუფლების გაწეული სამუშაოს შედეგია.

„ის, რომ დღეს კითხვები არ არსებობს საქართველოს მხრიდან კონკრეტულ და შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებთან მიმართებაში, ის, რომ საქართველო განუხრელად ახორციელებს ევროკავშირისა და ევროკომისიის რეფორმებსა და რეკომენდაციებს, არის იმ ძალისხმევის შედეგი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაწია, რათა საქართველოს ჰქონოდა კონკრეტული შედეგები. ამ შედეგებზე დაყრდნობით, ის გამოხმაურებები, რომლებსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, მეტყველებს იმაზე, რომ თანმიმდევრულად ვატარებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას, რომ საბოლოო წევრობა ძალიან მალე იყოს ხელშესახები“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი იწყება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

„11 დეკემბრის გვიან საღამოდან 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ, მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6684 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6684 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6684 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6695 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8752 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8793 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ჩვენს ახალ პარტიას ექნება ამბიცია, იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას -ნიკა მელია

ჩვენს ახალ პარტიას ექნება მთავარი ამბიცია – იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, შეცვლის თამაშის უწესო წესებს, წესიერებითა და სიმართლით,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

ის NDI-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება და როგორც აღნიშნავს, ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია, ოპოზიციის ნაწილი კი თავისი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, ქცევით ამ აზრს მხოლოდ განამტკიცებს.

„ოპოზიციის არცთუ მცირე ნაწილმა მიიღო ივანიშვილის მანკიერი სისტემა, მისი თამაშის წესები; ივანიშვილის წესებით თამაში აწყობს მხოლოდ მას, ოპოზიციის ნაწილი კი ადასტურებს იმას, რაც სურს ივანიშვილს: ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია, ოპოზიციის ნაწილი კი თავისი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, ქცევით ამ აზრს მხოლოდ განამტკიცებს.

ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა დაკარგა პოლიტიკოსების ნდობა, უჭირს ნათლად დაინახოს საკუთარი და ქვეყნის პერსპექტივა, გამოსავალს ხედავს ქვეყნიდან წასვლაში და არა მომავლისთვის ბრძოლაში.

ამომრჩეველს არასწორად მიიჩნევენ გადაუწყვეტელად, მათი გადაწყვეტილება არის ნათელი – მიუღებლობა არსებული პოლიტიკური კლასის უმეტესობის მიმართ.

ვერავის ექნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი, ხალხის მხარდაჭერა და ცვლილების შესაძლებლობა, ვინც მიიღებს ივანიშვილ-კეზერაშვილის თამაშის წესებს.

სწორედ ამიტომ, ჩვენს ახალ პარტიას ექნება მთავარი ამბიცია – იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, შეცვლის თამაშის უწესო წესებს, წესიერებითა და სიმართლით.

ჩვენი გზა სიმართლის გზაა, სადაც არის სიმართლე, იქ არის ხალხი, სადაც არის სიმართლე იქ არის რწმენა და იქ მოდის გამარჯვება. სადაც სიმართლე და მართალი ხალხის ბრძოლაა, იქ ხდება ცვლილება“,- წერს მელია.

“უკრაინას მომავალი არ აქვს, ხოლო რუსეთს – აქვს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინას მომავალი არ აქვს, ხოლო რუსეთს – აქვს. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ჯარისკაცებთან არაფორმალური შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენი მრეწველობა ვითარდება, ძალას იკრებს. მათ იციან, რომ მარაგი ეწურებათ. არ აქვთ საკუთარი სამრეწველო ბაზა და, როდესაც არ გაქვს საკუთარი ბაზა, იდეოლოგიაც არაა საკუთარი, არც ინდუსტრია, არც ფული. არაფერი არ აქვთ საკუთარი, შესაბამისად, არ აქვთ მომავალი, მაგრამ ჩვენ – გვაქვს“, – აცხადებს პუტინი.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ჯარისკაცებს უკრაინაში რუსული არმიის მოქმედებასა და რუსული სამხედრო მრეწველობის მდგომარეობაზეც ესაუბრა.

“NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს” – გია ვოლსკი

NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს – ყოველთვის წარმოდგენილია გადაუწყვეტელთა არმია, რომელიც რეიტინგის არმქონე პარტიებს პერსპექტივას უტოვებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც NDI-ის კვლევას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კვლევაში ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაცილებით მეტია, ვიდრე ოპოზიციის, თუმცა რიცხვი 19 (რომელიც კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგს ასახავს), ვოლსკის შეფასებით „სასაცილოა რეალურ მაჩვენებელთან შედარებით“.

„ვინც NDI-ს კვლევებს, საველე სამუშაოებს ატარებს, ის ორგანიზაცია, გარკვეულწილად, დაკავშირებული იყო ადრე „ნაცმოძრაობასთან“ , ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. მე არ მახსოვს ერთი კვლევა მაინც ისეთი, რომ ციფრებში ემთხვეოდეს ერთმანეთს შედეგი და კვლევა. მიუხედავად ამისა, თავად მათაც არ აქვთ შესაძლებლობა ის ფაქტი უარყონ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა ერთად აღებული ყველა ოპოზიციური პარტიის, ძირითადად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს მნიშვნელოვნად აჭარბებს, თუმცა, ციფრები შეცვლილია და ისეა წარმოდგენილი, თითქოს კიდევ არსებობს პერსპექტივა. გადაუწყვეტელთა რაოდენობაა იმდენი მითითებული, რომ არარეალისტური ლაპარაკის საშუალებას ქმნის. არის „გორბის“ კვლევები და იქაც ნაჩვენებია, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით დიდი რეიტინგი აქვს. აქაც იგივეა ნაჩვენები, თუმცა, 19 პროცენტი სასაცილოა იმასთან შედარებით, რასაც ჰქვია რეალური მაჩვენებელი და გადაუწყვეტელთა არმია არის წარმოდგენილი ყოველთვის, რომელიც პერსპექტივას უტოვებს რეიტინგის არმქონე პარტიებს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი გამოეხმაურა კვლევის იმ ნაწილსაც, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას უმრავლესობა საშუალოდ ან კარგად აფასებს.

NDI-ს კვლევები ყოველთვის პოლიტიკურ მიზანზე იყო ორიენტირებული. ახლა მთელი ძალისხმევა მიდის იქით, რომ ახალ მოკავშირეთა ჯგუფი იქმნება, რომელიც თვალსაჩინოდ თუ ფარდის მიღმა ჩამოაყალიბებს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კოალიციას. აქ შედის „ლელოც“, გახარიაც, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეიძლება ნინო ლომჯარია და უნდათ ეს იდეა NDI-ს კვლევებითაც მოგვყიდონ საზოგადოებას,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

“საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის განწყობა პოზიტიურია” – მაკა ბოჭორიშვილი

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური განწყობა პოზიტიურია. საქართველოსთან დაკავშირებით კონსენსუსს საფრთხე არ უნდა დაემუქროს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია ძირითადი საფუძველია ევროპული საბჭოს პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის.

„ვიცით, რომ საკითხი არის გაფართოების პაკეტი და ამ საკითხზე საჭიროა 27 წევრი ქვეყნის თანხმობა, კონსენსუსის მიღწევა. ევროკომისიის რეკომენდაცია ძირითადი და მნიშვნელოვანი საფუძველია პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის. ასევე ვიცით, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური განწყობა პოზიტიურია  და, წესით, საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, კონსენსუს საფრთხე არ უნდა დაემუქროს, თუმცა საკითხი არის კომპლექსური – არის სხვადასხვა ქვეყანა, არის გაფართოების პაკეტი. იმედი გვაქვს, წევრი ქვეყნები ამ საკითხზე კონსენსუსს მიააღწევენ.

ზოგადად, ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ევროკავშირის საბჭო განიხილავს, სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციების დაფიქსირება და შემდგომ კონსენსუსის მიღწევა. ეს არ არის უნიკალური საკითხი, რომელიც გამოირჩევა თავისი სირთულეებით. მოველი, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ამ შემთხვევაშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები კონსენსუსს მიაღწევენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

“მელიას საკითხის გააქტიურება ხელოვნურად ხდება, „ლელოც“ გააქტიურდება” – ალუდა ღუდუშაური

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ლევან ხაბეიშვილის მიყვანა და პარტიიდან ნიკა მელიას ასე დამამცირებლად გაგდება ერთი დიდი სცენარის ნაწილია. რა თქმა უნდა, იქ როლებია განაწილებული, – ამის სესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, მელიასა და მის მოკავშირეებს დამაკნინებელი როლი ერგოთ.

„ერთ-ერთი ასეთი დამაკნინებელი როლი აქვს სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება ქვეყნისთვის უპატივცემულო და უმადური პრეზიდენტი. მელიას საკითხის გააქტიურება ხელოვნურად ხდება. „ლელოც“ გააქტიურდება და გახარიასაც გააქტიურებენ. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გახარია და მისი გუნდი მშვენივრად თანამშრომლობენ. მელიას გააქტიურების სცენარის ავტორთა მიზანია, მელიასაც და „ლელოსაც“ ბარიერი გადაალახინონ. სინამდვილეში, არც იდეოლოგიური, არც მსოფლმხედველობითი, არც მორალური სხვაობა მათ შორის არაა, ერთ ფესვზე დამყნობილი პოლიტიკური ძალები არიან, რომელთა მოტივი, მიზანია, ხელში ჩაიგდონ ამ ქვეყნის მართვის სადავეები, რაც უნიჭო მცდელობაა. „ნაცმოძრაობამ“ ქართველ ხალხთან პირწმინდად წააგო“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გორის გვირაბებში 11 დეკემბრის 23:00 საათიდან 12 დეკემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო, 2023 წლის 11 დეკემბრის 23:00 სთ-დან 12 დეკემბრის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 12 დეკემბრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

მათივე ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე, ხოლო საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.