Home Blog Page 1777

“ზელენსკი სთხოვს შვეიცარიულ მხარეს, რომ ჩინეთი აუცილებლად უნდა დაესწროს მშვიდობის სამიტს” – ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე დასავლური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ზელენსკი სთხოვს შვეიცარიულ მხარეს, რომ ორგანიზება გაუწიოს „მშვიდობის სამიტს“ და ასევე, აუცილებლად დაესწროს მას ჩინეთი, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება რამდენად არაადეკვატურია ქართული რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური შეფასებებისას, როცა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას აკრიტიკებენ.

„ზელენსკი სთხოვს შვეიცარიულ მხარეს, რომ ჩინეთი აუცილებლად უნდა დაესწროს სამიტს… ნეტა, ჩვენი „ნამუსახდილი“ „პოლიტიკოსები“ რას ფიქრობენ ბატონი ზელენსკის განცხადებაზე?

აბა, ავტორიტარული, კომუნისტური ჩინეთი შეუთავსებელია ცივილიზებულ სამყაროსთანო? გუშინ ერთმანეთს ასწრებდნენ გახარიები, „ლელოები“ და ქართველი „უსამშობლოები“, თუ ვინ უფრო მეტ სიგიჟეს იტყოდა ქართულ-ჩინურ სტრატეგიულ ურთიერთობაზე… ამ დროს კი ჩვენი დელეგაცია უმაღლესი დონის შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთში, რაც საქართველოს როლს გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე უფრო მეტად აქტუალურს ხდის.

აი, რატომ არის მმართველ პარტიასა და პარაზიტ ოპოზიციას შორის რეიტინგებში უპრეცედენტო მასშტაბის განსხვავება – საქართველოს ხელისუფლება ყველა რესურსს იყენებს, რომ ქვეყანა მიმზიდველი იყოს, როგორც დასავლეთის, ასევე – აღმოსავლეთისათვის, სტრატეგიულ პარტნიორობას უწევს ჩინეთსა და ევროპისაკენ ყველაზე უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფას აორგანიზებს, ხოლო, ჩვენი „უსამშობლო“ პოლიტიკანები, საკუთარი პოლიტიკური უპერსპექტივობის გადასაფარად, ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. ჰოდა, პატივცემულო რადიკალებო, კი ხართ ჩაფლულები ყელამდე და 2024-ის არჩევნებზე ყვინთაობაც მოგიწევთ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ხვიჩა კვარაცხელია „FIFA“-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულში მოხვდა

ლონდონში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია – „The Best FIFA Football Awards 2023“ გაიმართა. საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ წევრი 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალშიც გავიდა და საბოლოოდ მე-17 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა.
ინფორმაციისთვის: საუკეთესოთა დაჯილდოებაზე რჩეულებს ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და გულშემატკივრები ირჩევენ.

“ვინც აკონტროლებს ყირიმს, ის მოიგებს ომს” – ბენ ჰოჯესი

ყირიმი რუსეთის მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებული ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამას ვუწოდებთ „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც აკონტროლებს ყირიმს, ის მოიგებს ამ ომს, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

ამერიკელი გადადგარი გენერლის თქმით, უახლოეს მომავალში ნახევარკუნძულზე შეტევა სავარაუდოდ არ მოხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსული ჯარებისთვის.

ბენ ჰოჯესის განცხადებით, „ამისთვის უკრაინას სჭირდება მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების იარაღი, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეიძლება, მოხვდეს – ყოველი რუსული ხომალდი, ყოველი რუსული თვითმფრინავი, ყოველი შტაბ-ბინა, ყველა რაკეტის გაშვების ადგილი, ყველა საჰაერო ძალების ბაზა. შესაბამისად, ეს ყირიმს რუსეთისთვის გამოსაყენებლად უვარგისს გახდის. ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მეორე კომპონენტია იზოლაცია – ეს არის ორი მარშრუტის დახურვა, რომლითაც შეიძლება იქ მისვლა. პირველი არის უკანონოდ აღმართული ქერჩის ხიდი. მეორე არის ე.წ. სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროზე მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე. ვფიქრობ, შესაძლებელია ამ ორივე გზის გაჭრა, ზუსტი ცეცხლით შორი მანძილიდან“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

„ლელო“ რუსეთის მოქალაქეებისათვის შეზღუდვების დაწესებას 9 მიმართულებით ითხოვს

ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების ნახევარი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბუაძის თქმით, მან საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მთელი 2023 წლის განმავლობაში 5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე უძრავი ქონების ობიექტი სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.

„ჩვენ დღეს ვასაჯაროებთ საჯარო რეესტრიდან მიღებულ საგანგაშო ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოში რუსების შემოსევის კიდევ ერთ განზომილებას. ამ ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების ნახევარი მოდიოდა რუსეთის მოქალაქეებზე. მთელი 2023 წლის განმავლობაში, ისევე, როგორც უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ – 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, ჩვენ ვნახეთ საგანგაშო მონაცემები, სადაც 5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე უძრავი ქონების ობიექტი სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, რაც ადასტურებს უმწვავეს მოცემულობას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დატაცება რუსეთის მიერ. ეს არის ის გარემო, რომელიც რუსეთის სამსახურში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ” შექმნა აქ რუსეთის მოქალაქეებისათვის და ამავდროულად, ეს არის სრულიად ხელოვნური მოცემულობა, რომელიც თბილისში კვებავს აღვირახსნილ და ველურ სამშენებლო სექტორს. სადაც მხოლოდ თბილისში 5000 გაყიდული ბინიდან თითქმის ნახევარი მოდის რუსეთის მოქალაქეებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მთავრობა ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს, რომ აქ ფეხი მოიკიდონ იმისთვის, რომ საქართველო და თბილისი მათი გართობის, დასვენებისა და თავშესაფრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმი გახდეს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ბუაძის თქმით, „საქართველოს დაცვის აქტის“ მიხედვით, „ლელო“ მოითხოვს, რომ 9 მიმართულებით დაწესდეს კონკრეტული შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისათვის.

„მოთხოვნა ჩვენ შეტანილი გვაქვს „საქართველოს დაცვის აქტში“, რომელიც ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში. „საქართველოს დაცვის აქტის“ მიხედვით, „ლელო“ მოითხოვს, რომ 9 მიმართულებით დაწესდეს კონკრეტული შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისათვის, ეს არის: სავიზო რეგულაციები, უძრავი ქონების რუსებზე მიყიდვის შეზღუდვა, რუსული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეობის შეზღუდვა, რუსულ სანომრე ნიშნიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა, რუსული სადეზინფორმაციო საშუალებების საქართველოში შეზღუდვა და მათი ძირგამომთხრელი ფონდების საქმიანობის შეზღუდვა. ეს ყველაფერი გაერთიანებულია „საქართველოს დაცვის აქტში“ და დღეს ჩვენ მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რატომ არის აუცილებელი რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები იმისათვის რომ რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეები იქნას შეკავებული“, – განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, საბა ბუაძის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 2022 წლის პირველი მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის თბილისის სარეგისტრაციო ზონაში 5 148 უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6 330 უძრავ ნივთზე. მათ შორის, 2 002 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2 394 უძრავ ნივთზე.

2023 წლის იანვრიდან მიმდინარე პერიოდისთვის თბილისის სარეგისტრაციო ზონაში 5 192 უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6 138 უძრავ ნივთზე. მათ შორის, 2 014 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2 378 უძრავ ნივთზე.

“ირანის უგუნური სარაკეტო დარტყმები ერაყის სტაბილურობას ძირს უთხრის” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ერაყის ჩრდილოეთ ქალაქ ერბილთან განხორციელებული თავდასხმა ძირს უთხრის ერაყის სტაბილურობას.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ირანის უგუნურ სარაკეტო დარტყმებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა და დასძინა, რომ აშშ მხარს უჭერს „ერაყის მთავრობისა და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ერაყელი ხალხის მისწრაფებების დაკმაყოფილებისკენ“.

შეგახსენებთ, ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომელზედაც პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათი მტკიცებით, ბალისტიკური რაკეტების სამიზნე „ჯაშუშთა შტაბი და რეგიონის ნაწილებში ირანის საწინააღმდეგო ტერორისტულ თავშეყრები“ იყო.

ქურთისტანის რეგიონული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

ერაყის უსაფრთხოებისა და სამედიცინო წყაროების ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მილიონერი ქურთი ბიზნესმენი პეშრაუ დიზაი და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი, რომლებიც მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ სახლს ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა.

აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ ყველა მხარისთვის ბალდის კანიონის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია, რაც პროცესში დაინტერესებული პირების ჩართულობას ითვალისწინებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, აქტიური კომუნიკაციით, ბალდის პროექტთან დაკავშირებით განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ასევე  მისი ეკოტურისტული პოტენციალის გამოვლენა და გათვალისწინება. შეფასება განხილული იქნება ყველა დაინტერესებული ექსპერტის და მხარის ჩართულობით. ჩვენ დასკვნებს მივაწვდით როგორც მოსახლეობას, პირისპირ შეხვედრის დროს, ისე დაინტერესებულ მხარეებს საკონსულტაციო საბჭოს შემდგომ შეხვედრაზე“, – განაცხადა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტის მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება სააგენტოს არ გააჩნდა, საკონსულტაციო საბჭოს მხრიდან რეკომენდაციის სახით დაისვა საკითხი ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო უზრუნველყოფს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე წარმოდგენილ ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას ექსპერტების ჩართულობით.

შეხვედრის დასასრულს, საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში გასვლითი შეხვედრა გაიმართება ბალდის კანიონის ტერიტორიაზე და ადგილზე მოხდება გარემოზე ზემოქმედების ასპექტების გაცნობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საბუკოს“ დირექტორმა ირაკლი მაჭარაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბიომრავალფეროვნების კვლევის ჩატარების თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს, არსებული პროექტი როგორ ზეგავლენას მოახდენს კანიონზე.

„ხაზგასმა უნდა მოხდეს დაცული ტერიტორიების სისტემაში ბალდის კანიონის მნიშვნელობაზე, ამიტომ შეფასება უნდა იყოს არა მარტო ტურიზმის კუთხით, არამედ ამ კუთხითაც, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას, როგორც დაცულ ტერიტორიას“, – განაცხადა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძე.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების, ეკოტურიზმის მიმართულების ასოციაციების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

“კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე ” – თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.

როგორც მერიაში განმარტავენ, თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები.

„თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.

ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

არსებული ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გამოსცა.

ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა

ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან.

„დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, დაშავდა სულ მცირე, 24 ადამიანი.

ოპოზიციას ერთმანეთთან თანამშრომლობა მოგვიწევს, „ლელო“ თუ არ ითანამშრომლებს, ნუ ითანამშრომლებს, ოდესმე, რაიმე შევეხვეწეთ?

ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში აუცილებელია, ისეთი პოლიტიკური პლატფორმები შეიქმნას, რომელიც ბარიერს გადალახავს. ყველა ხმა, რომელიც ბარიერს მიღმა მოხვდება, ეს დამატებითი ხმაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დასარჩენად. ამიტომ, ამ საკითხს მარტივად შევხედოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა მოუწევთ. მისივე თქმით, „ლელო“ თუ არ ითანამშრომლებს, ნუ ითანამშრომლებს.“

„ჩვენი კოალიციის მიზანია, ხალხთან ყოფნა. სიმართლე გითხრათ, პარტიებს არ ველოდებით, თუ სურვილი იქნება, განვიხილავთ, მაგრამ ხალხს ველოდებით, ვისთანაც მეტი საერთო გვაქვს. „ლელო“ თუ არ ითანამშრომლებს, ნუ ითანამშრომლებს. ოდესმე, რაიმე შევეხვეწეთ? – რეალობის გათვალისწინება ყველას მოგვიწევს. ოპოზიციას ერთმანეთთან თანამშრომლობა მოგვიწევს. ითანამშრომლებენ თუ არა, ეს საარჩევნო ტაქტიკის ნაწილია – ასე უნდა თქვან და ასე უნდა ილაპარაკონ. არჩევნების შემდეგ რეალობა როცა დადგება – კოალიცია ოპოზიციასთან ერთად უნდა შექმნა ან ბიძინა ივანიშვილი უნდა დატოვო ხელისუფლებაში, ასეთ დროს რას გააკეთებენ, სად წავლენ? ყველა ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. კამპანიას აწარმოებენ, რომ „ნაცი“ არ ვარო. გავიგეთ, კაცო, ვინ ხართ და ახლა გვითხრან, ხალხისთვის რას გააკეთებენ? – ზოგს ჰგონია, ვინ სად დაჯდება, ეს არის მნიშვნელოვანი. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დავსხდებით, ვინ რას გავაკეთებთ. ალბათ, დისტანციის მიზეზია – საკუთარი ნიშა გამოკვეთონ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე არიან.

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

არსებული ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გამოსცა.

როგორც საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში.

„თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.

ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

“დეკემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 249.7 ლარი შეადგინა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 252.3 ლარი იყო, დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი 2 ლარითა და 40 თეთრით შემცირდა და, ჯამში, 249.7 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 2 ლარითა და 30 თეთრით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 221.1 ლარს შეადგენს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.).

როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.