Home Blog Page 1776

“თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ” – სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

შესაბამის საკითხზე მას კითხვა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს“.

კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა საარჩევნო რბოლაში რაიმე ფორმით მონაწილეობას, მან უპასუხა რომ ასეთ შემთხვევაში იგი ყველაფერს განიხილავს.

„თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

“ე.წ. სისხლიანი ბანერები ერთი-ერთში აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ სახეს – ამიტომ, სტკივათ მათ ძალიან ეს ბანერები”

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის სტრატეგიული მრჩევლების, მოშე კლუგჰაფტის და მირი მიქაელის ინიციატივა იყო, სალომე ზურაბიშვილის ბანერების „ქართული ოცნების“ ბანერებით ჩანაცვლება.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ქვეყანაში გავრცელებული „სისხლიანი ბანერების“ იდეა მოშე კლუგჰაფტს არ ეკუთვნის და შესაბამისად, არც „ქართულ ოცნებას“.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ საკმარისი არ არის 55%-ის მიღება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, სწორედ ამიტომ მათი პრინციპული ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს შედეგი და „საბოლოოდ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დაასრულონ“.

„ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, ეს არის ორი წამყვანი სტრატეგიული კონსულტანტი, რომელიც დაგვეხმარება პიარ კამპანიების დაგეგმვაში შემდეგი ერთი წლის განმავლობაში. ისინი ასევე, ჩვენ გვეხმარებოდნენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. თქვენ იცით, რომ ძალიან წარმატებული იყო მათი მხარდაჭერა მეორე ტურში. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც პირველ ტურში ჰქონდა მხოლოდ 38%-ი, საბოლოო ჯამში 60% აიღო. მაშინ მათ საინტერესო რჩევები ჰქონდათ, რაც დაგვეხმარა ჩვენ შესაბამისი შედეგის მიღწევაში. ერთ-ერთი მათი რჩევა იყო, რომ ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენი ბანერებით, რაც გავითვალისწინეთ და რაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. შესაბამისად, დაგვეხმარა შედეგის გაუმჯობესებაში.

ჯერ სისხლიანი ბანერები, როგორი იყო, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ბანერები ძალიან კარგად ასახავდა „ნაცმოძრაობის“ სახეს, თუმცა მათი იდეა პრინციპში არ იყო, თუ გაინტერესებთ, სხვა კონსულტანტების მხრიდან გაჩნდა ეს იდეა, რაც ასევე, ძალიან წარმატებული იყო, ხალხს სჭირდება მუდმივად „ნაცმოძრაობის“ სახის შეხსენება. საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ის, თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი „ნაცმოძრაობას“ თავის დროზე. იმისათვის, რომ შეცდომა არ დაუშვას მომავალში.

რაც შეეხება 2018 წელს, ეს არ იყო კონკრეტულად მოშე კლუგჰაფტის იდეა და შესაბამისად, ჩვენი არ იყო ბანერები. სხვა პიარკონსულტანტების იყო, რომლებმაც შესაბამის ადამიანებს ურჩია ასეთი ბილბორდების გაკვრა, ეს არ იყო მოშე კლუგჰაფტი და ეს არ იყო შესაბამისად, ჩვენი კამპანია.

ჩვენი პიარული გუნდის გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის საკმარისი არ არის, თუნდაც 55%-ის მიღება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენი პრინციპული ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი და საბოლოოდ დავასრულოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად გვჭირდება იმ თუნდაც ძალიან მაღალი ციფრების გაუმჯობესება, რომელიც დღეს არის დაფიქსირებული. ჩვენ ვერ დავჯერდებით 55%-ს, უფრო მაღალი შედეგი გვჭირდება იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ… რაც შეეხება ჩვენს კამპანიას, ჩვენი კამპანია იქნება თვისებრივად პოზიტიური, ჩვენ არსებითად ავაგებთ ამ კამპანიას იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ საზოგადოებისთვის იმის შეხსენება დაგვჭირდება, ვინ არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, რა თქმა უნდა, ამასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, „სისხლიანი ბანერები“„ნაციონალური მოძრაობის“ სახეს „იდეალურად აჩვენებს“.

„ძალიან გტკივათ, მე მგონი, ეს სისხლიანი ბანერები, იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ სახეს აჩვენებს იდეალურად. მიუხედავად იმისა, რომ იდეა მე არ მეკუთვნოდა, ეს ბანერები „ნაცმოძრაობის“ სახეს აჩვენებს იდეალურად, აი, ერთი-ერთში აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ სახეს. ამიტომ, სტკივა „ნაცმოძრაობას“ ეს ბანერები ძალიან. ეს ბანერები არაფერს აზიანებს, აზიანებს „ნაცმოძრაობის“ პროცენტებს. „ნაცმოძრაობამ“ თავის ტელევიზიებით მიხედოს საკუთარ რადიკალურ კამპანიებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

“უკრაინას მხარი იქამდე უნდა დავუჭიროთ, სანამ ეს საჭიროა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინას მხარი იქამდე უნდა დავუჭიროთ, სანამ ეს საჭიროა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„რადგან ომი გრძელდება, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ის, თუ რას ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერა იქამდე, სანამ ეს საჭიროა”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდა, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირონ.

„უკრაინა არა მხოლოდ დამპყრობლის წინააღმდეგ, არამედ ევროპისთვის იბრძვის და ჩვენს ოჯახთან შეერთება უკრაინის საბოლოო გამარჯვება იქნება. აღნიშნულისთვის ჩვენ გადამწყვეტი როლი უნდა ვითამაშოთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

“ევროკავშირი საშინელ შეცდომას უშვებს” – ვიქტორ ორბანი

ევროკავშირი საშინელ შეცდომას უშვებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ გამოცემა Mandiner-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროკავშირი საშინელი შეცდომის დასაშვებად ემზადება და ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ, მიუხედავად იმისა, რომ 26 წევრს შეცდომის დაშვება სურს“, – განაცხადა ორბანმა.

ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.

„თუ ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, გეოსტრატეგიული სიგნალი მივცეთ, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს წევრობას არ ნიშნავს“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

“2024 წლის არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი, კოალიციური ხელისუფლება” – გიორგი ვაშაძე

2024 წლის არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც იქნება კოალიციური, პროდასავლური, რომელიც ხალხის ნებას დაემორჩილება, გაატარებს ყველა რეფორმას, რომელიც გვჭირდება ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ახალი ხელისუფლება ასევე დაიწყებს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას.

„ჩვენ, გამარჯვების კოალიცია ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი ღერძი ამ ახალი კოალიციური გაერთიანების, რომელიც ხალხთან ერთად სწორად წაიყვანს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები შიშობენ, რომ მათი უსაფრთხოების დონე შესუსტდება“ – უცხოური პრესა

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები შიშობენ, რომ უკრაინის სავარაუდო წევრობასთან დაკავშირებით, მათ უსაფრთხოების დონე შესუსტდება“ (ავტორი – ბრუნო უოტერფილდი), რომელშიც განხილულია საკითხი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის ევროკავშირში სავარაუდო გაწევრიანების საკითხი ბლოკის ქვეყნების მოქალაქეებში ღრმა განხეთქილებას იწვევს. ბევრი მათგანი შეშფოთებულია იმით, რომ თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, ამით რუსეთს მეტი საბაბი ექნება ევროპა დააზარალოს.

უკრაინის საკითხი ყველაზე მეტ სკეპტიციზმს და ანტიპათიას იწვევს ევროკავშირის საკვანძო ქვეყნების მოსახლეობაში – გერმანიაში, საფრანგეტსა და ავსტრიაში, – ეს დასტურდება ბერლინის ანალიტიკური ცენტრის (ECFR) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით.

კვლევის თანახმად, უკრაინის ევროკავშირში მიღებას ეთანხმება მხოლოდ ყოველი მეოთხე ფრანგი, ხოლო ავსტრიელთა ნახევარი (52%) მიღების კატეგორიული წინააღმდეგია. გერმანელების 39% სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინის ევროპული პერსპექტივის მიმართ.

მთლიანობაში გამოკითხვის ბევრი მონაწილე თვლის, რომ უკრაინის მიღების საკითხში აჩქარებამ შეიძლება თვით ევროპა დააზარალოს. ამ თვალსაზრისს იზიარებს რესპოდენტთა 45% ავსტრიაში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში.

გამოკითხულებიდან ყოველი მეოთხე მონაწილე თვლის, რომ უკრაინისადმი გაწეული ევროპული მხარდაჭერა რუსეთისათვის გაგზავნილი „ძლიერი სიგნალი“ იქნება. ამასთან, გერმანელთა და ავსტრიელთა უმეტესობა (შესაბამისად,  51% და 63%) მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღებით მათი უსაფრთხოება შესუსტდება.

„ბრიუსელის გეოპოლიტიკური რიტორიკა ნიღბავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა ღრმა შეშფოთებას და სკეპტიციზმს იმ პოტენციური არასასიამოვნო შედეგების გათვალსიწინებით, რაც ორგანიზაციის გაფართოება გამოიწვევს – კონკრეტულად, უკრაინის მიღებით“, – აცხადებს პეტრ ბურასი, ბერლინის ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი. მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ზუსტი ვადები უნდა დააწესონ ახალი წევრების მისაღებად, რომ საზოგადოებაში ყველაფერი გარკვეული იყოს. შესაბამისად, უფრო მკაფიო გახდება ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების დრო, საზოგადოება უფრო მეტად დაინტერესდება საკითხით, ბევრ ნიუანსში გაერკვევა და შედარებით ნაკლებს შეშფოთებას გამოავლენს“.

წყარო

“იდიოტური კანონები შეიძლება, ყველა ქვეყანამ მიიღოს, მაგრამ „ოცნების“ მაგალითები მცდარია” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ სიტყვებით თამაში დაიწყო, მსოფლიო მასშტაბით მსგავს სიტყვებს ეძებს და ამბობს, ამ კანონშიც აგენტი და ა.შ. წერიაო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტში აგენტების გამჭვირვალობის კანონის წარდგენაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ შემოწმებას ითვალისწინებს. რაქვიაშვილის თქმით, ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ მიერ მოყვანილი მაგალითები მცდარია.

„მგონი, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დებატები არ გვაქვს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვებით თამაში დაიწყო და ეს უკვე ყელში მაქვს ამოსული. ამერიკის შემთხვევაში პოლიტიკური გავლენის აგენტი ლობისტია, საქართველოში კი ლობისტური საქმიანობა აკრძალულია. მმართველი გუნდი ისეთ ტერმინს იყენებს, რომელიც ლობისტურ საქმიანობას ეხება და „ენჯეო“ სექტორზე გაავრცელეს, რომელიც არაფერ შუაში არ იყო. ცინიკური ტყუილია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ. „ქართული ოცნება“ მსოფლიო მასშტაბით მსგავს სიტყვებს ეძებს და ამბობს, ამ კანონშიც ეს წერიაო – აგენტი და ა.შ. იდიოტური კანონები შეიძლება, ყველა ქვეყანამ მიიღოს, მაგრამ მათ მიერ მოყვანილი მაგალითები მცდარია. მათ მიერ მომზადებული კანონის ანალოგი რუსეთსა და სერბეთში იყო, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ არიან“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„უკრაინა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას” – რას წერს უცხოური პრესა

„რუსეთის არმიის შეჭრის დღიდან უკრაინა მილიონობით ქალმა და ბავშვმა დატოვა, რომელთაგან ბევრი ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში, დიდი ალბათობით, უკვე აღარ დაბრუნდება. კიევში შიშობენ, რომ სერიოზული დემოოგრაფიული დანაკარგები ქვეყნის აღდგენას ხელს შეუშლიან“, – ნათქვამია ესპანურ გაზეთ „ელ პაისში“ (El Pais) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ომისშემდგომ აღდგენას“ (ავტორი – ქრისტიან სეგურა).

„ამჟამად, დეკემბერში, ის სამგზავრო მატარებლები, რომლებიც ევროკავშირიდან უკრაინის საზღვრებისაკენ მიემართებიან, სავსეა უკრაინელებით – სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნებულებით – იმ მიზნით, რომ საშობაო და საახალწლო დღესასწაულები ოჯახებთან და ახლობლებთან ერთად გაატარონ. მაგრამ მათი ერთად ყოფნა დიდხანს არ გასტანს – დღესასწაულების შემდეგ უკრაინელი ქალები და ბავშვები ევროკავშირის ისევ იმ ქვეყნებში დაბრუნდებიან, სადაც ომის დროს თავი შეაფარეს.

„ევროკავშირში მე უსაფრთხოება მაქვს გარანტირებული, ნორმალური ცხოვრების დონე, კარგი სწავლა-განათლება ჩემი ორი გოგონასათვის და მელოდება სამუშაო, სადაც შემიძლია კარიერა გავაკეთო. უკრაინაში რომ კარგად ვიცხოვრო, ბევრი ფული დამჭირდება – იმიტომ, რომ სიძვირეა, ფასები ყოველგვარ ზღვარს სცილდება, ხელფასები კი მცირეა“, – ამბობს „ელ პაისის“ ჟურნალისტთან საუბარში 35 წლის უკრაინელი ქალი ალიონა სოროკა. იგი კიევში მშობლებისა და ქმრის სანახავად ესპანეთიდან, კატალონიიდან ჩავიდა, სადაც 2022 წლის მარტიდან ცხოვრობს და მუშაობს სასტუმროს რეგისტრატორად.

ალიონას ქმარს უკრაინიდან წასვლა არ შეუძლია. ალიონას არ სჯერა, რომ სამომავლოდ ოდესმე ქმართან ერთად ესპანეთში გაემგზავრება, ან პირიქით – თვითონ დარჩება უკრაინაში, მაგრამ მას ეს საკითხი ნაკლებად აღელვებს. ალიონასათვის ესპანეთში ყოფნა – უკეთესი ცხოვრების შანსს ნიშნავს. იგი პირდაპირ აცხადებს, რომ უკრაინაში ცხოვრება არ სურს – ისევე როგორც მის ყველა თანამემამულეს, რომლებიც ესპანეთში ომის დაწყებისას გაიხიზნენ.

გაეროს ლტოლვილების საქმეთა უმაღლესი კომისრის სამმართველოსა და  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ქვეყანა 6,3 მილიონმა, ზოგიერთი ცნობით კი, 8 მილიონმა ადამიანმა დატოვა, უკან კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი მეექვსედი – 1,1, მილიონი დაბრუნდა. მათგან ნახევარზე მეტი ქალები არიან, ერთი მესამედი კი არასრულწლოვანები.

უმაღლესი კომისრის სამმართველოს მიერ ივლისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლტოლვილთა 18%-ს სურს, რომ უკრაინაში მომდევნო სამი თვის შემდეგ დაბრუნდეს, 62%-ს – განზრახული აქვს დაბრუნება, მაგრამ მხოლოდ ისეთ სიტუაციაში, როცა შექმნილი იქნება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობები. უკრაინელი ლტოლვილების 20% საერთოდ არ გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას.

კიევში არსებული დემოგრაფიისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ელა ლიბანოვა აცხადებს, რომ უკრაინას უახლოეს ათ წელიწადში დემოგრაფიული კატასტროფა ელოდება – ქვეყნის მოსახლეობა 2033 წლისათვის 30-35 მილიონამდე შემცირდება, თუ იმ ტერიტორიებსაც ჩავთვლით, რომლებიც ამჟამად ოკუპირებული არიან რუსეთის მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ საშუალო მაჩვენებელი 30 მილიონს შეადგენს, ეს თიტქმის 42%-ით ნაკლებია იმ რაოდენობაზე, რომელიც უკრაინაში დამოუკიდებლობის პირველ პერიოდში იყო, 1991 წლიდან მოყოლებული, როცა ქვეყანაში 52 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. „ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება. იმაზე უფრო ცუდი, ვისაც ამის წარმოდგენა შეუძლია. უარესისთვის უნდა ვემზადოთ“, – აღნიშნავს ელა ლიბანოვა.

უკრაინა უკვე იყო ისეთი ქვეყანა, სადაც მიგრაციის მაღალი დონე იყო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – ისევე, როგორიც სხვა პოსტკომუნისტურ რესპუბლიკებში. მაგრამ თუ ევროპის პოსტსოციალისტურმა ქვეყნებმა მოახერხეს სიტუაციის შეცვლა პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, უკრაინაში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა, განსაკუთრებით პოლიტიკური რყევების პერიოდში, ხოლო რუსეთის აგრესიამ მდგომარეობა მაქსიმალურად გაამწვავა.

უკრაინელი ექსპერტების თქმით, არსებობს ხუთი პრობლემა, რომლებიც ომის გამო გაღრმავდა: შობადობის დონე, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება, მოსახლეობის დაბერება, მიგრაცია და შრომის ბაზრის დანგრევა.

დღეს უკრაინაში მოსალოდნელი საშუალო ასაკი მამაკაცებში ადრე არსებული 66,4 წლიდან 57,3 წლამდე დაეცა, ქალებში კი – 76,4 წლიდან 70,9 წლამდე. როგორც ევროპული კვლევების პოლონური ცენტრი აღნიშნავს (პოლონეთში ძალიან ბევრი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს), უკრაინას მართლაც ელოდება დემოგრაფიული კატასტროფის საფრთხე, რომელიც განპირობებულია შობადობის დონის მკვეთრი დაცემით და ეკონომიკური გაურკვევლობით. ეს ფაქტორი ნეგატიურად იმოქმედებს ომის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენაზე.

ევროკომისიის გაერთიანებული კველევითი ცენტრის მონაცემებით, უკრაინა ომამდეც ისეთ ქვეყნებს მიეკუთვნებოდა სადაც ევროპაში შობადობის ყველაზე დაბალი დონე იყო: ერთ ქალზე, პირობითად, მხოლოდ საშუალოდ 1,2 ბავშვის გაჩენა მოდიოდა. ომის დროს შობადობა დაეცა: 2022 წლის ბოლოს ერთ ქალზე პირობითად 0,9 ბავშვი მოდიოდა, ხოლო 2023 წელს შობადობამ კიდევ უფრო იკლო – 0,7 ბავშვამდე. ევროკავშირში საშუალო მაჩვენებელი, პირობითად, ერთ ქალზე 1,5 ბავშვს შეადგენს.

უკრაინაში შობადობის ზრდას, ომის გარდა, დამატებით ხელს უშლის არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური არასტაბილურობა, არამედ გენდერული დისბალანსიც. ელა ლიბანოვას თქმით, ომის შემდეგ, თუ ეკონომიკა სწრაფად არ იქნება აღდგენილი, ოჯახების წევრები (ქმრები ცოლ-შვილთან) გაერთიანებას საზღვარგარეთ მოისურვებენ, რაც მას ნიშნავს, რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტი ადამიანი დატოვებს, ამჯერად მამაკაცები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, კარგი განათლებით, რომლებიც კარგ ცხოვრებას ესწრაფვიან.

წყარო

“იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 626.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა” – „საქსტატი“

„საქსტატის“ (ექსპრეს) მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 626.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.7 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 5 584.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 11.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 042.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 16.3 პროცენტით).

„საქსტატის“ ცნობითვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 8 457.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.

“ყველა შედეგში, რასაც მივაღწიეთ, ოპოზიცია არათუ არ მონაწილეობდა” – შალვა პაპუაშვილი

წელიწად-ნახევრის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან, სამწუხაროდ, მხოლოდ დესტრუქცია და ხელის შეშლაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, ვისი მისამართით იყო ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მხრიდან მოწოდება კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა, ამ მოწოდების ადრესატი ოპოზიცია იყო.

„წელიწად-ნახევარია, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ, რასაც ვხედავთ, ეს არის დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც, გახსოვთ, რომ ყველა შედეგში, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, არც ერთ ამ შედეგში არ მონაწილეობდა. მისი დიდი ნაწილი არ მონაწილეობდა და არათუ არ მონაწილეობდა, პირიქით, ხელს უშლიდა ყველანაირად, იყო პარალელური პროცესების დაწყების მცდელობა, იყო მცდელობა, რომ ბრიუსელში, სხვადასხვა კაბინეტში დაერწმუნებინათ ჩვენი მეგობრები, რომ არ მოეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ოპოზიცია ყველანაირად ხელს უშლიდა ამას. რა თქმა უნდა, კონსტრუქციულობის მოწოდება, უპირველეს ყოვლისა, მათ მიემართებათ, ვინაიდან პარლამენტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში მათი მხრიდან, სამწუხაროდ, მხოლოდ დესტრუქცია და ხელის შეშლაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ენა უნდა ამოაჭრა „ქართული ოცნების“ ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია” – გიორგი ვაშაძე

ვის დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს “ქართული ოცნება”? – ენა უნდა ამოაჭრა “ქართული ოცნების” ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე რეკომენდაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რეალურად სიტუაცია ძალიან მძიმეა, ასევე მძიმეა ვითარება საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „მაგრამ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია“.

„ქართველი ხალხი არის ადრესატი განცხადების, რომელიც არის ევროკავშირის მინისტერიალის მხრიდანაც, რომ ეს არის განზომილება, რის გამოც კანდიდატის სტატუსს გვაძლევენ და მეორე, არაფერი გაუკეთებია „ქართულ ოცნებას“ ამისთვის. პირდაპირი მოწოდებაა: “ გაკეთეთ რეფორმები”, “წაიყვანეთ ქვეყანა წინ”, „ებრძოლეთ დეზინფორმაციას“. ვის დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს „ქართული ოცნება”? – ენა უნდა ამოაჭრა “ქართული ოცნების” ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია. ამიტომ, რეალურად სიტუაცია შემდეგია, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე მაინც მაქვს იმედი, რომ კონსენსუსი იქნება, მაგრამ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია. ეს უნდა გავიგოთ ყველამ – ვცვლით ხელისუფლებას, ვატარებთ ყველა რეფორმას, დაჩქარებული წესით ვხდებით ევროკავშირის წევრი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ დეზინფორმაციაზე, კობახიძე, კალაძე, ღარიბაშვილი – ესენი არიან მთავარი დეზინფორმატორები, რომლებიც ევროკავშირზე ამბობენ, რომ სათაგურიაო, ათას სისულელეს ამბობდნენ. კობახიძემ ხომ თქვა, „ომს თუ დავიწყებთ, მოგვცემენ კანდიდატის სტატუსსო?“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, იმ წარმატების თანამოზიარე გახდეს, რომელიც ქვეყანაში საქართველოს ხელისუფლებამ მოიტანა” – მიხეილ სარჯველაძე

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, იმ წარმატების თანამოზიარე გახდეს, რომელიც ქვეყანაში საქართველოს ხელისუფლებამ მოიტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური შეფასების მიღება მოხერხდა, სალომე ზურაბიშვილს რიტორიკის შეცვლა მოუწია.

„არ მინდა, ნიშნის მოგებად ჩამომერთვას, მაგრამ მგონია, რომ საკუთარ დაშვებულ შეცდომას პრეზიდენტიც მიხვდა, როცა ცდილობდა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ისე წარმოეჩინა, თითქოს საქართველოში პროგრესი არ არის, თითქოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს და ა.შ. მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური შეფასების მიღება მოხერხდა, რა თქმა უნდა, მას რიტორიკის შეცვლა მოუწია. ის ახლა ცდილობს, თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. შესაბამისად, ცდილობს, იმ წარმატების თანამოზიარე გახდეს, რომელიც ქვეყანაში საქართველოს ხელისუფლებამ მოიტანა. კარგი იქნებოდა, რომ ზურაბიშვილის მხრიდან ამ მცდარ რიტორიკას სწორი შეფასება ცოტა უფრო ადრე მოჰყოლოდა, ვიდრე ეს 8 ნოემბრის შემდეგ გააკეთა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.