“ყველა შედეგში, რასაც მივაღწიეთ, ოპოზიცია არათუ არ მონაწილეობდა” – შალვა პაპუაშვილი

38
spot_img

წელიწად-ნახევრის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან, სამწუხაროდ, მხოლოდ დესტრუქცია და ხელის შეშლაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, ვისი მისამართით იყო ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მხრიდან მოწოდება კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა, ამ მოწოდების ადრესატი ოპოზიცია იყო.

„წელიწად-ნახევარია, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ, რასაც ვხედავთ, ეს არის დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც, გახსოვთ, რომ ყველა შედეგში, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, არც ერთ ამ შედეგში არ მონაწილეობდა. მისი დიდი ნაწილი არ მონაწილეობდა და არათუ არ მონაწილეობდა, პირიქით, ხელს უშლიდა ყველანაირად, იყო პარალელური პროცესების დაწყების მცდელობა, იყო მცდელობა, რომ ბრიუსელში, სხვადასხვა კაბინეტში დაერწმუნებინათ ჩვენი მეგობრები, რომ არ მოეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ოპოზიცია ყველანაირად ხელს უშლიდა ამას. რა თქმა უნდა, კონსტრუქციულობის მოწოდება, უპირველეს ყოვლისა, მათ მიემართებათ, ვინაიდან პარლამენტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში მათი მხრიდან, სამწუხაროდ, მხოლოდ დესტრუქცია და ხელის შეშლაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.