Home Blog Page 1775

,,თუ, ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას დააპირებს, ამაში ცუდი არაფერია”- ოდიშარია

თუ ბიძინა ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას დააპირებს, ამაში მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ – ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, კერძოდ, რას უკავშირდება მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „მოქალაქის“ გააქტიურება. „იმ თავითვე, ამ ორგანიზაციის შესახებ მქონდა ინფორმაცია, თუმცა ახალა, ამჟამად ბიძინა ივანიშვილის გეგმების შესახებ იცის თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და იმ ადამიანებმა, ვინც ამ საჯარო რეესტრის მონაცემებში არიან. თუ ის დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ. ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება. მე გირჩევდით, რომ თქვენც ჩამოყალიბდით, ხან იძახით, რომ ის ჩრდილოვანი მმართველია და თუ ადამიანს მოუნდა, რომ სამოქალაქო სექტორში გადმოვიდეს, ამაზეც დაძრახვა როგორ შეიძლება ადამიანის? ე.ი. ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდებია, თუ როგორ არის საქმე. ადამიანმა, რომელმაც 3 მილიარდი ჩადო ქველმოქმედების სახით ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანს დაუშალოთ საერთოდ რამენაირად არსებობა ამ ქვეყანაში, მე მგონი, ეს არასამართლიანია. მე მხოლოდ მივესალმები, თუ ის გამოჩნდება სამოქალაქო სივრცეში და ზოგადად საზოგადოებაში“, – განაცხადა ოდიშარიამ.

რუსული საწვავის კრიზისი სხვა ქვეყნებზეც აისახება – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირებია რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია.

მათი შეფასებით, რუსეთში არსებული კრიზისული მდგომარეობა, გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს.

დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთში არსებული ვითარება ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირდაპირი შედეგი იყოს.

ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ საწვავის კრიზისის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების შენახვის ხარჯები და ხელსაყრელი საექსპორტო ფასებია.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ 21 სექტემბერს შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით რუსეთმა დიზელისა და ბენზინის თითქმის ყველა იმპორტი შეაჩერა.

„ეს ნაბიჯი მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვებს გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ქვეყნებზე, რომლებიც საწვავის მხრივ რუსეთზე არიან დამოკიდებულნი“, – აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში.

,,სალომე ზურაბიშვილი აიხლართა თავის რაღაც მზაკვრულ გეგმებში”- კალაძე

სალომე ზურაბიშვილი აიხლართა თავის რაღაც მზაკვრულ გეგმებში, მე არ ვიცი, რას ფიქრობს ზოგადად ეს ადამიანი, საოცრებებს აკეთებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„სალომე ზურაბიშვილი აიხლართა თავის რაღაც მზაკვრულ გეგმებში. ჯერ იყო კონსტიტუცია დაარღვია, ვნახეთ ყველამ ეს ყველაფერი. ახლა არღვევს კანონს. მე არ ვიცი, რას ფიქრობს ზოგადად ეს ადამიანი, საოცრებებს აკეთებს. არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით მის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 24-27 სექტემბერს ვიზიტით რუმინეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის კომიტეტების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სესიაზე სენატის წევრებს სიტყვით მიმართავს.

შალვა პაპუაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება რუმინეთის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე, მონაწილეობას მიიღებს ევრო-ატლანტიკური მედეგობის ცენტრის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გენრიეტა წიწავა და ეკატერინე სეფაშვილი შედიან.

ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ნიკა მელიას და მასთან ერთად დაკავებული ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოლოდინის პარალელურად, აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს და ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას სურს ძალაუფლება ავტორიტარიზმით, ოლიგარქიითა და რუსული კლეპტოკრატიით შეინარჩუნოს.

22 სექტემბერს, საკრებულოს სახელისუფლებო პარტიის წევრის მიერ ძალადობისკენ ღია მოწოდებას მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე ფიზიკური თავდასხმა, რომელშიც ჩართული იყვნენ სახელმწიფო და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. 

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ ივანიშვილის ერთპიროვნული, დანაშაულებრივი, რუსული სტილის მმართველობა ყოველდღიურად ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის მომავალს და დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის  გზაზე. ნატოში გაწევრიანებაზე და ქვეყნისთვის დასავლური უსაფრთხოების ქოლგის მოპოვებაზე აქტიური მუშაობის ნაცვლად, ხელისუფლება აძლიერებს რუსულ პროპაგანდას.

საქართველოს  მთავრობა  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოლოდინის პარალელურად, აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს და ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას სურს ძალაუფლება ავტორიტარიზმით, ოლიგარქიითა და რუსული კლეპტოკრატიით შეინარჩუნოს. 

ამერიკის შეერთებული შტატების   მიერ  ფარცხალაძის დასანქცირებამ და ამის შემდგომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა  კიდევ ერთხელ დაადასტურა  რომ ივანიშვილის კოლაბორაციონისტული ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს შეაჩეროს ქვეყნის ევროპულ ოჯახში, მის ისტორიული ადგილის დამკვიდრება. 

ამის კიდევ ერთი დასტურია   ნიკა მელიას  დაკავება. მაშინ, როდესაც პოლიციას სათანადო საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია ოპოზიციონერ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის მიმართ ძალადობაში მხილებული პირების წინააღმდეგ – დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერი. 

ხელისუფლება მესამედ იყენებს ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას.  აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაშინ როდესაც რუსეთის ჯაშუშ, ბოტასების ქურდ, დადასტურებულად კრიმინალ, ბოროტმოქმედ და ტერორისტ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში მყოფ ფარცხალაძეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ეფარება, რითიც აგრძელებს ევროატლანტიკური კურსის საბოტირებას.

ხელისუფლების მცდელობა, დააშინოს და დაიჭიროს პოლიტიკური ოპონენტები, ვერ მოიტანს მათთვის სასურველ შედეგს, იმიტომ რომ მიუხედავად კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობისა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენთაგანი ვერ თანხმდება წარსულზე და ვერ თანხმდება აწმყოზე, ვთანხმდებით საქართველოს ევროპულ მომავალზე, ამ თანხმობით კი ავსახავთ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს.  ჩვენ, ქართული პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები,  მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა და პარტიული კუთვნილებისა, ყველა, ვისაც გვაერთიანებს ევროპაში ინტეგრაციის სურვილი, გვაერთიანებს საქართველოს ისტორიით ნაკარნახევი ევროპული მომავალი, მოვითხოვთ ნიკა მელიას და მასთან ერთად დაკავებული ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას”, – წერია განცხადებაში 

ხელიმოწერი პოლიტიკურ პარტიები:

  • “გირჩი – დროა”
  • “ლელო”
  • “საქართველოს ლეიბორისტული პარტია”
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – გიორგი ვაშაძე
  • “სამართლიანობისთვის” – ეკა ბესელია
  • “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”
  • “ევროპული საქართველო” – გიგა ბოკერია
  • “პროგრესი და თავისუფლება” – კახა ოქრიაშვილი
  • “ტრიბუნა”- დავით ჭიჭინაძე

დეპუტატები, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები:

  • გიორგი მარგველაშვილი
  • ხატია დეკანოიძე
  • რომან გოცირიძე
  • თეონა აქუბარდია
  • თამარ კორძაია
  • ხათუნა სამნიძე
  • არმაზ ახვლედიანი
  • გიგი უგულავა

24 სექტემბერი კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა ხსენების დღეა

XVIII საუკუნის მიწურულს საქართველოს დაუპირისპირდა სპარსეთი. დიდებულმა ერეკლე II დახმარებისთვის მიმართა რუსეთს და გააფორმა ყველასთვის ცნობილი გეორგიევსკის ტრაქტატი. ამ ტრაქტატის თანახმად, რუსეთი საქართველოს უნდა დახმარებოდა სამხედრო შემოტევის შემთხვევაში.

1795 წელს, საქართველოსკენ დაიძრა ღა–მაჰმად–ხან ყაჯარი, 35 000 მებრძოლით. ის სოღანლუღთან 8 სექტემბერს დაბანაკდა. ერეკლე II მხოლოდ 5 000 მეომრის შეკრება შეძლო, მაგრამ მხედართმთავრების წყალობით მათი გამოყენება ისე შეძლო, რომ მტერმა ქართველთა სიმცირე ვერ გაიგო. 3 წაგებული ბრძოლის შემდეგ ხანი გაბრუნდა თბილისიდან, მაგრამ სიხარული ნაადრევი იყო, რადგან, როგორ ყოველთვის ქართველებს შორის გამოჩნდა მოღალატე, რომელმაც ამცნო ხანს მებრძოლთა სიმცირის შესახებ. სპარსელთან ჯარი მობრუნდა უკან, თან გზად უკვე აღნიშნავდა გამარჯვებას. ისინი ისე მალე დაბრუნდნენ თბილისში რომ, მეფემ ვერ შესძლო ჯარის შეკრება, ის მხოლოდ მოხალისეთა რაზმის იმედად დარჩა. ამ რაზმის შემადგენლობაში შედიოდა 300 ფშავ–ხევსურისა და არაგველი გლეხი, რომლებმაც ბრძოლის წინ ფიცი დადეს: “თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი  თავით შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზე“–ო. მათ იცოდნენ რომ გადარჩენის შანსი არ იყო, მაგრამ არ შეშინდნენ, მოწინავე რაზმის ადგილი დაიკავეს და მტერს ვაჟკაცურად შეეგებნენ. მათი დამსახურებით გადაურჩა ერეკლე II ტყვეობას. ყველანი იქვე დაიხოცნენ ვაჟკაცურად.

მიუხედავად წაგებული ბრძოლისა, სამასივე არაგველის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში. მათ გმირობას მიუძღვნა ლექსი, დიდმა ქართველმა პოეტმა ლადო ასათიანმა :

“ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,

თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!

ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?

შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,

ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა?

სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?

იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,

მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად,

თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,

მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა?

ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,

თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!”.

ეს მეომრები, მაშინ როდესაც დიდებულები იმალებოდნენ და ხელსაც კი არ ამოძრავებდნენ ქვეყნის გადასარჩენად გმირულად და გააზრებულად დაიხოცნენ. ეს არის სწორედ გმირობა, მათ არ უფიქრიათ სიმდიდრეზე და დროებით “თავისუფლებაზე”, მათ არჩიეს ღირსება და ვაჟკაცობა. ისინი მუდამ თავისუფლები იქნებიან და მათ არავინ დაივიწყებს, მათგან განსხვავებით ვინც უმოქმედოდ ელოდა როდის დაიპყრობდნენ და ბრძოლაც კი არ სურდათ.

ბრძოლიდან 100 წელი იყო გასული, რომ წმინდანად შერაცხულმა კათოლიკოს–პატრიარქმა კირიონმა აღნიშნა გმირულად დაღუპული 300 არაგველის ხსოვნა და იქ მდებარე წმიდა ნიკოლოზის ტაძარში საგანგებო წირვა აღავლინა, ხოლო შემდეგ თბილისის სამღვდელოებამ ფართო საზოგადოებასთან ერთად კრწანისის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირთა სულის საოხად დიდი პანაშვიდი გადაიხადა. ქართველმა მამულიშვილებმა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ეს დღე უდიდეს ეროვნულ დღესასწაულად გადააქციეს.

„ამ წმინდა ადგილზე ჩვენ უნდა დავდგათ მუდმივად ანთებული კანდელები, რათა ყოველმა გამვლელმა გაიხსენოს 300 არაგველი და ის გმირები, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისთვის დაიღუპნენ”, – ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა წარმოთქვა უკვე 2008 წელს, როცა 300 არაგველი საქართველოს ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა, როცა ჩვენი მხედრული, საგმირო ისტორიის დღესასწაული დაწესდა და ტრადიციად დამკვიდრდა.

,,რუსეთი მზადაა, უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე”- ლავროვი

რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ განიხილავს წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არ აპირებს, განიხილოს წინადადებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ: ამაზე კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინმა, მან ძალიან მკაფიოდ თქვა: ”დიახ, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ განვიხილავთ არანაირ წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ განვიხილეთ, მაგრამ თქვენ მოგვატყუეთ”, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთი არის ტყუილების იპერია, რომელიც იღებს ვალდებულებებს და შემდეგ მათ არ ასრულებს.

„თანამედროვე დასავლეთი, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, „არის ნამდვილი „ტყუილების იმპერია“: მიჩვეულები არიან ზემოდან შეხედონ დანარჩენ მსოფლიოს. ამერიკელები და ევროპელები ხშირად დებენ დაპირებებს, იღებენ ვალდებულებებს, მათ შორის წერილობით და იურიდიულად სავალდებულოს და შემდეგ მათ უბრალოდ არ ასრულებენ. დღეს კაცობრიობა ისევ, როგორც ბევრჯერ წარსულში, გზაგასაყარზე დგას. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ისტორია. საერთო ინტერესებშია, რომ თავიდან ავიცილოთ დიდ ომში შესვლა და საბოლოო კოლაფსი”, – აღნიშნა ლავროვმა.

ნატოში უკრაინის გაწევრიანება აშშ-ის ინტერესებში არ შედის – დესანტისი

„რესპუბლიკური პარტიიდან“ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რონ დესანტისმა განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია უკრაინის ნატოში გაწევრიანების და რომ ეს არ შედის აშშ-ის ინტერესებში, – ამის შესახებ RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.

„ეს მხოლოდ კიდევ უფრო მეტ ვალდებულებას გაგვიჩენს. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ნატოში უკრაინის წევრობა ჩვენს ინტერესებში შედის. თუ ვიღებთ უფრო მეტ ვალდებულებას, რა სარგებელს ვიღებთ სანაცვლოდ?“ – დასძინა დესანტისმა.

მან, ასევე, დასძინა, აშშ-მა არ უნდა მისცეს უკრაინას „კარტ-ბლანში“, თუ კიევი ამას კონფლიქტის დასასრულებლად არ გამოიყენებს.

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, რამდენიმე წუთის წინ, კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა – ამჯერად, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლაგოდეხიდან 12 კმ-ს დაშორებით მდებარეობდა.

სიმძლავრემ, წინასწარი მონაცემებით, 3 მაგნიტუდა შეადგინა.

შეგახსენებთ, დღეს დილით 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი თბილისთან ახლოს მდებარეობდა.

რატომ იყო ჯერ ხმა და მერე რხევა – ექსპერტი დღევანდელ მიწისძვრასთან დაკავშირებით

დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მცხეთასთან, სოფელ ლელუბანთან 2 კილომეტრში დაფიქსირდა.

მიწისძვრა თბილისის დროით, 08:00 საათზე მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი განმარტავს, რატომ იყო მიწისძვრის დროს ჯერ ხმა და შემდეგ ბიძგები.

„დღევანდელი მიწისძვრა თბილისთან იყო უფრო ძლიერი (4.7), ვიდრე 2002 წლის აპრილის (4.5).

რამ გადაგვარჩინა?

1. დღევანდელის ეპიცენტრი იყო თბილისის ყველაზე ახლო უბნებიდან 10+ კმ-ში (შორები – 20+ კმ), 2002 იყო თბილისში;

2. დღევანდელის ჰიპოცენტრი (სიღრმე) იყო ღრმა, მოხდა 27 კმ სიღრმეზე და რხევა ზედაპირზე ამოსვლამდე შედარებით დაცხრა.

რატომ იყო ჯერ ხმა და მერე რხევა?

მიწისძვრისას მოდის რამდენიმე ტალღა. პირველი ტალღა P (რომელიც სწრაფად ვრცელდება) იწვევს ამ ხმას, მეორე ტალღა S იწვევს იმ რხევას რომელსაც აღვიქვამთ, კიდევ სხვა ტალღებიცაა მაგრამ არაუშავს. და საერთოდ, 4.7 არის საშუალოზე სუსტი მიწისძვრა, ამიტომ მასზე “რამ გადაგვარჩინა” კითხვა წესით უადგილოა. მაგრამ თბილისში და საქართველოში, ნაგებობების ხარისხის გამო, ეგეც კი ძალიან გვაშინებს. ასევე, კარგია რომ წვიმების გავლილ “სეზონს” დროში აცდა“,- ამბობს ლაშა სუხიშვილი.

საქართველოში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა

დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მცხეთასთან, სოფელ ლელუბანთან 2 კილომეტრში დაფიქსირდა.

„დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, თბილისიდან 4 კმ-ში, სოფელ ლელუბანთან მოხდა 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც“- წერს სეისმური მონიტორინგის ცენტრი.

რამდენად იყიდით დოლარს და ევროს 24 სექტემბერს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6816 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8521 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8637 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.