სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს, რაც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაში გამოიხატება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„ევროკომისიამ თქვა, რომ ქვეყანას სტატუსი ნამდვილად ეკუთვნის და ჩვენ ამ რეკომენდაციის გათვალისწინების იმედი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ეს იქნება სამართლიანი დასასრული, რადგან საქართველო არამც თუ ახლა, არამედ გაცილებით ადრე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენ ევროპის ღირსეული ნაწილი ვართ.
არ გვინდა, რომ სპეკულაციებში შევიდეთ. ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები კეთდება, როცა ე.წ. ექსპერტები თუ ოპოზიციის რადიკალი წარმომადგენლები რატომღაც აღტკინებით საუბრობენ დაბლოკვის თემაზე. ერთი წლის წინ სამეულთან მიმართებაში საქართველოსთვის უსამართლო გადაწყვეტილება ვიხილეთ. დღეს, გვესმის, რომ თურმე, ეს ერთი პაკეტია. სინამდვილეში, არც სამართლებრივი და არც ლოგიკური ბმაა ერთმანეთთან. ვინც ფულს იხდიდა იმაში, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, მათგან ეს ყველაფერი არ გვიკვირს“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.