Home Blog Page 1775

გავაგრძელებთ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ -ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი მხარდაჭერა ებრაელი ხალხისა და ისრაელის უსაფრთხოებისა და ისრაელის არსებობის უფლებისადმი უცვლელია, მაგრამ ისრაელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მანამ, სანამ ისინი არ მოიშორებენ „ჰამასს“, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ – ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ. მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ერთ ღამეში შეიცვალოს, ვერ დავუშვებთ, ეს მოხდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლებისა და რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით მისი ადმინისტრაციის მიერ გაწეულ სამუშაოზე.

„დაუღალავად ვმუშაობთ მძევლების უსაფრთხო დაბრუნებისთვის. მე პირადად უთვალავი საათი გავატარე, ალბათ 20 საათამდე კატარელებთან და ეგვიპტელებთან, ისრაელელებთან – მძევლების გათავისუფლების, სატვირთო მანქანების შესვლის, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გამოვიყვანეთ 100-ზე მეტი მძევალი და არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ თითოეულ მათგანს სახლში არ დავაბრუნებთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ილია დარჩიაშვილი სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-41 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-41 სხდომაში, რომელიც დღეს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება.

სხდომას სუამის თავმჯდომარე ქვეყნის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უხელმძღვანელებს და მასში საქართველოსთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი, ნიკუ პოპესკუ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და სუამის გენერალურ მდივანი ალთაი ეფენდიევი.

მონაწილეები განიხილავენ უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში სუამის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და სექტორული მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს. 2024 წელს სუამის თავმჯდომარეობა გადაეცა აზერბაიჯანს.

“როგორც ჩანს, გამარჯვება არ არის ბაიდენის არჩევანი” -გარი კასპაროვი

არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები რჩება, პრეზიდენტ ბაიდენის მემკვიდრეობა ფორმირებას იწყებს – ის დამარცხების ჩანაწერს ტოვებს, – წერს ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გარი კასპაროვი ამერიკულ გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით როგორც ჩანს, გამარჯვება არ არის ბაიდენის არჩევანი.

“ავღანეთიდან უკრაინამდე და ღაზამდე, ბაიდენი ბარაკ ობამას სცენარით ხელმძღვანელობს, რომელიც თავისუფალ სამყაროს უკანა რიგებიდან უძღვებოდა. 1-ელ დეკემბერს, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვია. მისი გამოსვლა ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ რა არ უნდა გააკეთოს ისრაელმა ღაზაში და არა იმაზე, თუ როგორ უნდა დაამარცხოს “ჰამასის” ტერორისტები, რომლებსაც ჯერ კიდევ 140 მძევალი ჰყავთ”, – წერს გარი კასპაროვი.

კასპაროვი აღნიშნავს, რომ ბაიდენის გუნდის წევრებს – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი და კლიმატის საკითხებში დესპანი ჯონ კერი – უყვართ გრანდიოზული გარიგებები, რომლებიც მათ გეოპოლიტიკური სამყაროს ბატონებად აგრძნობინებენ თავს.

“რაზე ამბობს უარს აშშ ამ გარიგებებში, როგორც წესი, ნათელია. მაგრამ იშვიათად ჩანს, რას იღებენ ამერიკა და მისი მოკავშირეები სანაცვლოდ. ვაშინგტონმა მილიარდობით დოლარი [ნაღდი ფული] გაუგზავნა ირანს არაშემოწმებადი დაპირებებისთვის და აკავებდა უკრაინას რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობაში”, – აღნიშნავს კასპაროვი.

კასპაროვი წერს, რომ ბაიდენისთვის ხელსაყრელია, რომ მოძრაობა MAGA-ს “რესპუბლიკელები” ეწინააღმდეგებიან უკრაინის დახმარებას და მას შეუძლია დაადანაშაულოს ისინი უკრაინისათვის დახმარების არმიწოდებაში.

“მართალია, კონგრესი ამერიკული სანდოობითა და უკრაინელების სიცოცხლით თამაშობს, თუმცა იგივე ეხება ბაიდენსაც, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, დღესვე შეიარაღოს უკრაინა, თუ ამას მოისურვებს. ტანკები, ATACMS-ები, დრონები და თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინას სჭირდება ომის მოსაგებად, რუსი სამხედროების განადგურების ნაცვლად მტვერს აგროვებენ ამერიკულ საწყობებში”, – აღნიშნულია სტატიაში.

კასპაროვის განცხადებით, კონფლიქტის ყველა ეტაპზე, ბაიდენის მოქმედების ხერხი იყო დათმობებზე წასვლა დიპლომატიური წარმატების ილუზიის შესაქმნელად.

“როგორც ჩანს, ბაიდენი კიდევ ერთი გარიგების გაფორმებას აპირებს უკრაინის პრობლემის მოსაგვარებლად – ამ მომენტისთვის. იმავე წინდაუხედავმა უპასუხისმგებლობამ აიძულა ობამა უკან დაეხია 2014 წელს, როდესაც პუტინი პირველად შეიჭრა უკრაინაში და ყირიმის ანექსია მოახდინა, რასაც გარდაუვლად მოჰყვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრა 2022 წელს. ძალიან ვშიშობ, რომ ბაიდენის დესპანები ახლა პუტინთან განიხილავენ უკრაინის დაყოფას არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ. ბაიდენმა უარი თქვა უკრაინის ნატოში დაუყონებლივ გაწევრიანებაზე. ჩემი პროგნოზია, რომ ის შესთავაზებს ნატოში გაწევრიანებას უკრაინის არაოკუპირებულ ნაწილებს, რათა აიძულოს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღოს ეს დაყოფა. რუსეთის გაყინული აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დასავლეთშია განთავსებული, შეიძლება უკრაინას მიეცეს. მე ასევე შეშფოთებული ვარ იმით, რომ როდესაც ბაიდენი სი ძინპინს შეხვდა, მან შესაძლოა ჩინეთს დათმობები შესთავაზა პუტინზე ზეწოლაში მხარდაჭერის მოპოვების სანაცვლოდ, რათა რუსეთის ლიდერი ასეთ წინადადებას დათანხმდეს”, – წერს კასპაროვი.

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბაიდენს უკრაინა გამარჯვებისთვის რომ შეიარაღებინა, პუტინი დიდხანს ვერ გაძლებდა.

“რუსული მაფიოზური სახელმწიფოს დასასრული სასიკვდილო დარტყმა იქნებოდა ტერორიზმისა და ტირანიის ძალებისთვის. ისრაელი და უკრაინა ერთნაირად იბრძვიან. ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაეხმაროს მათ გამარჯვებაში, ნაცვლად იმისა, რომ შეაჩეროს ისინი”, – დასძინა კასპაროვმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი ოსტინთან ერთად თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია, რა დროსაც სიტყვით გამოვიდა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ კვლავ შეუძლია, დაეყრდნოს აშშ-ს და მოუწოდა კონგრესს, არ ითამაშონ პუტინის სასარგებლოდ.

„ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და შეგიძლიათ, გქონდეთ უკრაინის იმედი. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია, თქვენ დაგეყრდნოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კონგრესზე საუბრისას ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკამ არ უღალატოს ჯარისკაცებს.

სუფრაზე რომ გვიყვარს ხოლმე დაშლა-არმოშლისო, ასეთ დღეში არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, იშლებიან და თავისას არ იშლიან -მდინარაძე

მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს იმგვარი რეპუტაცია, რომ შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიოს, ცდილობენ, მესამე, ფსევდოშუაშისტური ძალა შექმნან და ამით გარდამტეხი ცვლილებები შეიტანონ, მათი მცდელობა წარუმატებელია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ქართველებს სუფრაზე რომ გვიყვარს ხოლმე, დაშლა-არმოშლისო, ასეთ დღეში არიან – იშლებიან და არ იშლიან თავისას, დაახლოებით ასეთი ამბავია. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ორი მიმდინარე საკითხი ემთხვევა ერთმანეთს ამ შემთხვევაში, ერთი მართლაც წარმოუდგენელი ნიჰილიზმია გამეფებული „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ეს ობიექტურად ძალიან კარგია. ჩვენ ცოტა ნელი ტემპით, მაგრამ ვახერხებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, რაც ძალიან კარგია. დინამიკურად, თანმიმდევრულად ვითარდება პროცესი წლების განმავლობაში და რაც უფრო მეტი წელი გადის, „ნაცმოძრაობა“ მით უფრო სუსტდება. ეს კარგია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გადანაწილება სხვადასხვა ძალაში.

„ამავდროულად, ეს პარალელურ პროცესს ემთხვევა თუ ამთხვევენ, მიდის გადანაწილება სხვადასხვა ძალაში. როგორც უკვე ჩანს, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ასეთი გეგმა, რომ გაიშალონ სხვადასხვა ფლანგზე, მინიმუმ, ორი-სამი ან ოთხი ფლანგიც კი ჩამოაყალიბონ, ეგრეთ წოდებული შუაშისტების გარკვეული კლასტერი „ნაცმოძრაობის“ რეალური აქტივისტებისგან შექმნან, ხაზარაძე იქნება თუ გახარია და ა.შ. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამ ბანაკში მყოფ ადამიანებზე ვსაუბრობ, ერთი დავალების ქვეშ მოქმედი ადამიანების, პოლიტიკოსების შესახებ ვსაუბრობ, და აქედან შეძლონ რაღაცნაირად მესამე ძალის შექმნა, რომელიც, მათი გათვლებით, შესაძლოა, არჩევნებში მოიაზრებოდეს მათი მხრიდან მეორე ადგილზე გასასვლელ ძალადაც კი. ასეთი მიზნები აქვთ, რადგან მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს იმგვარი რეპუტაცია და ვერც შეიქმნის, რომ შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიოს, ისეთს, რომ „ქართულ ოცნებას“ აჯობოს, რეალური კონკურენცია გაუწიოს. ცდილობენ, მესამე, ფსევდოშუაშისტური ძალა შექმნან და ამით გარდამტეხი ცვლილებები შეიტანონ. მათი ეს მცდელობა არის წარუმატებელი, შესაკრებთა გადანაცვლებით არანაირი ჯამი არ შეიცვლება. ის კი არა, ისე ხდება ხოლმე, რომ პოლიტიკურ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი ცოტა ნაკლებია ხოლმე პოლიტიკაში, ასეც ხდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქობულეთში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოზარდს სხეულზე დამწვრობა აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, მოზარდის მიერ ნასროლი პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

დაშავებული თავდაპირველად ქობულეთის კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა.

 

“საქართველოს ე.წ. პრეზიდენტმა თავზე გადაიხია კონსტიტუცია”- მამუკა მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილს იმგვარი ლეგიტიმაცია აღარ აქვს, როგორც ზოგადად აქვთ პრეზიდენტებს, საბედნიეროდ, ეს გვშველის გარკვეულ საკითხებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილის ჩეხეთში ვიზიტთან დაკავშირებულ კითხვაზე მდინარაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევას აგრძელებს.

„რასაც ახლა ის აკეთებს, თავისი სახელი უკვე დაერქვა. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. საქართველოს ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, კონსტიტუციის მთავარი გარანტი რომ უნდა ყოფილიყო, უკაცრავად და, თავზე გადაიხია საქართველოს კონსტიტუცია ისე, რომ არც დაფიქრდა და მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ეს ქმედება არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, აგრძელებს იმავეს, მაგრამ მთავარია, რომ ამის შესახებ ჩვენი მხრიდან მყარად იყო დაფიქსირებული, სახელი დავარქვით და, შესაბამისად, მას იმგვარი ლეგიტიმაცია, როგორც ზოგადად აქვთ პრეზიდენტებს, აღარ აქვს. საბედნიეროდ, ეს გვშველის გარკვეულ საკითხებში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“როცა ზელენსკის ავტოკრატს უწოდებენ, ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა შევშფოთდეთ”-The Independent

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის მერი დეჟევსკის სტატია სათაურით „როცა ზელენსკის ავტოკრატს უწოდებენ, ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა შევშფოთდეთ“, რომელშიც ავტორი აანალიზებს რუსეთ-უკრაინის ომის საერთაშორისო რეზონანსს და უკრაინის ხელმძღვანელთა პერსპექტივას.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ჩრდილში მოქცეული რუსეთ-უკრაინის ომი ბოლო დროს საინფორმაციო სივრცეში ისევ დღის სინათლეზე გამოდის, მაგრამ შედარებით განსხვავებული მასალებით, რომლებსაც ძველებურად ოპტიმისტურად ვეღარ ჩავთვლით.

ყველაზე შესამჩნევად ტენდენცია უკრაინის ხელისუფლების ცენტრში მიმდინარე მოვლენებით ჩანს, რომელთა მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რუსეთთან წინააღმდეგობის გმირის შარავანდედით იყო შემკული, დღეს მისივე გარემოცვის წევრებიც კი აკრიტიკებენ. ავიღოთ, მაგალითად, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, რომელმაც ჯერ შვეიცარიულ, შემდეგ კი გერმანული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუებში ქვეყნის პრეზიდენტს „რეალობისაგან დაშორებული ავტოკრატი“ უწოდა. უფრო ადრე ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა უკრაინის ჯარების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ჟურნალ „ეკონომისტთან“ საუბარში…

ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად ცუდი დრო უდგას. ამერიკის დახმარების მოლოდინმა მას იმედები გაუცრუა. დასავლეთში უკრაინის პრეზიდენტისთვის არასასიამოვნო რეალობა ყალიბდება: დაღლილობა და გულგატეხილობა. დასავლური მასმედიის ოდესღაც მისი საქებარი ტონი მკვეთრად შეიცვალა კრიტიკულით. უფრო მეტიც – ნელ-ნელა ჩანს ალტერნატიული ხედვებიც: ოფიცრების კრიტიკული პოზიციები როგორც ფრონტზე დანაკარგების შესახებ, ასევე ქვეყნის ძველი პრობლემის – კორუფციის მიმართაც. ამას წინათ ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ პრეზიდენტს „რეალობისგან დაშორებული ლიდერი“ უწოდა. არადა, გავიხსენოთ, რომ იგივე ჟურნალმა ერთი წლის წინათ ვოლოდიმირ ზელენსკი „წლის ადამიანად“ დაასახელა.

ამასობაში აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში ცხელი დებატები მიდის უკრაინის მიმართ დახმარება-არდახმარებაზე. კონგრესში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა შეიმჩნევა და საეჭვოა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე კონსენსუსს მიაღწევენ.

ტონი შეიცვალა ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმაც, რომლის თქმით, „ჩვენ უკრაინას მხარი ყველა დროში მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ თუ ცუდი რამ ხდება, იმ ცუდ ამბების მოსასმენადაც მზად უნდა ვიყოთ“.

ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ასეთი სიტუაცია კარგის მომტანი ნამდვილად არ არის. ნეგატიურმა მოვლენები ნელ-ნელა გაჩნდა: პირველი სიგნალი კონტრშეტევის წარუმატებლობა გახდა. დასავლეთი ყველანაირად ცდილობდა თვალი დაეხუჭა უარყოფით მოვლენებზე, მაგრამ საბოლოოდ ნათელი გახდა: უამრავმა ფინანსებმა და შეიარაღებამ თავისი პოზიტიური შედეგი არ გამოიღო.

თავდაპირველი თავდაჯერებული მტკიცე განცხადება „უკრაინა გაიმარჯვებს“ ახლა შეიცვალა სასოწარკვეთილი შეძახილით „უკრაინამ უნდა გამარჯვოს“. ერთი შეხედვით, ცვლილება მცირეა, მაგრამ მრავლისმეტყველი.
არანაკლებ შემაშფოთებელია კითხვა – შეუძლია თუ არა რუსეთს გამარჯვება? და თუ შეუძლია, რა მოჰყვება კრემლის გამარჯვებას? ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რით განისაზღვრება გამარჯვება ან მარცხი, ანუ რა შინაარსი იქნება მათში ჩადებული.
ერთი მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინამ მორალურ გამარჯვებას მიაღწია, განამტკიცა ეროვნული იდენტურობა და უეჭველია, დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობის უფლება. თუ ეს ომი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად წარმოებდა, მაშინ უკრაინამ, ცხადია, დიდი დანაკარგის ფასად, მაგრამ მაინც გაიმარჯვა.

მეორე მხრივ, თუ რუსეთის მიზანს უკრაინის დაპყრობა და დამორჩილება წარმოადგენდა, ასეთ შემთხვევაში კრემლმა ომი წააგო. თუმცა მე პირადად ვთვლი, რომ ომის მიზანი სხვა იყო და ის გამოიხატებოდა უკრაინის დასავლეთთან სამხედრო დაახლოების თავიდან აცილებაში. იდეა იმის შესახებ, რომ უკრაინის შემდეგ ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება ბალტიისპირეთს ან პოლონეთს, ძირშივე მცდარია: რუსეთს სამხედრო ძალა არ ეყოფა და საერთოდ, ყველაფერი ამისათვის არ დაწყებულა.
უკრაინისათვის ყველაზე დიდ სირთულეს ის წარმოადგენს, რომ კიევმა გამარჯვების თამასა ზედმეტად მაღლა ასწია. ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციის მიხედვით, თუ უკრაინა ტერიტორიებს სრულად არ დაიბრუნებს, ყირიმის ჩათვლით, ომის ასეთი დასასრული უკრაინის მარცხი იქნება. საერთოდ, უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ პრინციპი „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“ ძველ და ხშირად არაპოპულარულ იდეას წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, თუ რუსეთი უკან არ დაიხევს, ომი უკრაინისათვის შეიძლება კატასტროფულადაც კი დასრულდეს. იმავდროულად კი, თუ უკრაინა აბსოლუტურ გამარჯვებას ვერ მიაღწევს, ომი დასავლეთისათვის დამარცხებად ჩაითვლება.

აშშ-ის პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს იგი – ამჟამინდელი, რომელსაც პოსტის შენარჩუნება სურს და ძველი, რომელსაც პოსტის დაბრუნება უნდა, მსგავს სიტუაციაზე არ დათანხმდება, რადგან მისთვის სულ იარსებებს კითხვა – „ვინ დაკარგა უკრაინა“?
ევროპაში კი ასე არ არის. ევროპელმა ლიდერებმა უკრაინას მხარდაჭერა დაჰპირდნენ – „იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება“, მაგრამ მათ ამის გაკეთება აშშ-ის გარეშე არ ძალუძთ. მათ ასევე არ შეუძლიათ თავიანთ ტერიტორიაზე მილიონობით უკრაინელი ლტოლვილის ხანგრძლივად შეფარება და უკრაინის აღდგენა. ამ მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადი იქნება დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი მთავრობა, რომელიც უკრაინის მიმართ ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის ტიპიური ექსტრავაგანტური დაპირებების მემკვიდრე იქნება. რასაკვირველია, სასიამოვნო პერსპექტივა ნამდვილად არ არის, მაგრამ მის მიმართ შერიგება მაინც მოგვიწევს, ზარალის მინიმიზაციის იმედით.

წყარო:

ღაზაში ვითარება კატასტროფული და აპოკალიფსურია -ჟოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ღაზაში ვითარება კატასტროფული და აპოკალიფსურია.

ჟოზეფ ბორელის თქმით, ღაზის სექტორში განადგურების დონე პროპორციულად კიდევ უფრო დიდია, ვიდრე გერმანიამ განიცადა მეორე მსოფლიო ომში.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნისნა, რომ “ჰამასის” წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო ქმედებებმა მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლი გამოიწვია.

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა, რომელმაც შეიძლება თქვენი პატარა ოცნებები აასრულოს. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან – ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება და არ არის გამორიცხული, რომ მას ეს გამოუვიდეს.

კურო

ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც თქვენში დადებით ემოციებს იწვევს. რთული საქმეები უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ, რადგან დღეს ასეთ საქმეებში წინსვლას ვერ მიაღწევთ. ნუ გადაიღლებით. ვარსკვლავები ხშირად დასვენებას და განწყობის ამაღლებას გირჩევენ.

ტყუპები

იღბლიანი დღეა. მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. სავარაუდოდ, საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ და დაუფიქრებლად უნდა დათანხმდეთ. საქმე თუ პირველ ცდაზე არ გამოდის, მეორედ უნდა სცადოთ. თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ და უკან არ დაიხევთ, სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს საკუთარ ოჯახს, განსაკუთრებით კი მის ყველაზე პატარა წევრებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. ეცადეთ ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. თუ ხვდებით, რომ სიტუაცია იძაბება, უბრალოდ ოთახიდან გადით და ცოტა ხნით განმარტოვდით. ხვალ ეს პატარა ინციდენტი აღარავის ემახსოვრება.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ, საჭირო და საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. საღამოს მოულოდნელი სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

ქალწული

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ვარსკვლავების მხარდაჭერა ყველაზე რთულ საქმეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ მენეჯმენტს დაწინაურების ან ხელფასის გაზრდის შესახებ ესაუბროთ. გირჩევთ, გადაწყვეტილებები ფრთხილად მიიღოთ, შედეგები და რისკები ობიექტურად შეაფასოთ. შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, სახლიდან გახვიდეთ, ახალ ადგილებს ეწვიოთ და „თვალს წყალი დაალევინოთ“. ამ დღეს გარშემო მყოფებთან აქტიური ურთიერთობა დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. პირად ცხოვრებაში კარგად არის, ბიზნესში კი სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.

მორიელი

დილიდან სიზარმაცის შეტევებს ებრძვით, ამიტომ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გაგიჭირდებათ. რამდენიმე საქმის ერთად საკეთებლად არც ძალა გეყოფათ და არც მოთმინება, ამიტომ ყველაზე მთავარი აირჩიეთ და ეცადეთ, დაასრულოთ. საღამოს საშუალება გექნებათ, საყვარელ ადამიანებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, საყვარელ ადამიანს, მის საქმეებს და საზრუნავს მეტი ყურადღება მიაქციოთ, სასურველია სიურპრიზი ან რომანტიკული პაემანი მოუწყოთ და ურთიერთობა გააძლიეროთ. შესაძლოა, ამ დღეს მაცდური შეთავაზება მიიღოთ, რომელიც გამოცდილ ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოთ.

თხის რქა

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის გეტყვით, რა აკეთოთ და რის კეთებას უნდა მოერიდოთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და დაუფიქრებლად ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ამ დღეს ყველაზე მეტად გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა გჭირდებათ. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ დაღლას პრაქტიკულად ვერ გრძნობთ.

მერწყული

ამ დღეს ზედმეტ ხარჯებს უნდა ერიდოთ, ამიტომ თუ აუცილებელი არ არის, საფულეს ნუ გახსნით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება მალე დიდი თანხა დაგჭირდეთ, ამიტომ ფულის მოგროვება ახლავე უნდა დაიწყოთ. გირჩევთ, ოჯახს და მეგობრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და უახლოესი ადამიანისთვის მიცემული პირობა შეასრულოთ.

თევზები

ამ დღეს გრძნობები პირველ ადგილზეა, ამიტომ ეცადეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. გულწრფელად ესაუბრეთ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეთ. ეს ნდობის აღდგენასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას ცდილობს.

ის კადრულობს ყველაფერს, რაც ადამიანმა არ უნდა იკადროს -მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე

მან იკადრა არაერთი ტყუილის თქმა და დამსახურებულად უწოდეს მას თაღლითი. ის კადრულობს ყველაფერს, რაც ადამიანმა არ უნდა იკადროს, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიას განცხადებას.

„ამ ადამიანს აქვს რამდენიმე მახასიათებელი, მათ შორის ღალატი, ადამიანმა რომელმაც უღალატა თავის გუნდს, დამსახურებულად მიიღო მოღალატის სტატუსი. მან იკადრა არაერთი ტყუილის თქმა და ასევე დამსახურებულად უწოდეს მას თაღლითი. ის კადრულობს ყველაფერს, რაც ადამიანმა არ უნდა იკადროს. ადამიანი, რომელიც თავს გვაჩვენებდა და თავის დროზე აბსოლუტურად სწორ იდეებს ახმოვანებდა, უცებ ერთ დღეს ღალატი გადაწყვიტა და ამოტრიალდა ამგვარად, რაც წარმოუდგენელი ამბავია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

პოლონეთის სეიმმა დონალდ ტუსკი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩია

პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური კოალიციის ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია. ტუსკის არჩევას მხარი 248 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 201 იყო. ახალი მთავრობა მუშაობას მიმდინარე კვირის ბოლოს შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლონეთის სეიმმა მხარი არ დაუჭირა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მატეუშ მორავიეცკის კანდიდატურას. მას ხმა მისცა მხოლოდ 190-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა 266.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ დონალდ ტუსკმა მადლობა გადაუხადა პოლონელებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პოლონელ ქალებსა და მამაკაცებს. მადლობა, პოლონეთო, ეს არაჩვეულებრივი დღეა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ღრმად სწამდა ამ წლების განმავლობაში, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, რომ ჩვენ გამოვიდოდით სიბნელიდან და განვდევნიდით ბოროტებას. ეს არის ის, რაც მოხდა“, – განაცხადა ტუსკმა.

“ყველაფერს ერთად გამოვასწორებთ. ხვალიდან ჩვენ შევძლებთ შეცდომების გამოსწორებას, რათა ყველამ, გამონაკლისის გარეშე, თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში”, – დასძინა მან.