ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური უკრაინაში ევროკავშირის ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდების აუდიტის ჩატარებას გეგმავს

30
spot_img

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური უკრაინაში ევროკავშირის ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდების აუდიტის ჩატარებას გეგმავს. როგორც გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, აუდიტის შედეგების წარდგენა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე იგეგმება, რომელიც პირველ თებერვალს გაიმართება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინაში ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების შედარება მოითხოვა. შოლცმა ზედმეტად მცირე უწოდა იარაღის იმ მოცულობებს, რომლის გადაცემასაც კიევისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა 2024 წელს გეგმავს. გერმანიის ლიდერი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის მოწოდებით გამოვიდა.

როგორც გამოცემა წერს, მეტი გამჭვირვალობის მოწოდებას ბრიუსელში ის მაღალჩინოსნები უჭერენ მხარს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია უკრაინისთვის კრიტიკულ მომენტში მეტი იარაღის გადაცემა.

ჯოზეფ ბორელის უწყების აუდიტი დაეყრდნობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მიწოდებულ მასალებს. ამასთან, „ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ზოგიერთ ქვეყანას არ სურს მონაცემების სრულად გაზიარება.