Home Blog Page 1775

“აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში”

აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, – ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჯეიჰუნ ბაირამოვის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აზრებაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა მძიმე სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მოძმე საქართველოს მთავრობას და ხალხს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ დაკარგულებს მალე იპოვიან.

„მინისტრმა ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და მზად არის, გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით. მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მას მადლობა გადაუხადა გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

„დასავლეთის მიერ გაწვრთნილი უკრაინული ქვედანაყოფები სათანადოდ ვერ იბრძვიან“ — The New York Times

ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) ბეჭდავს სტატიას სათაურით „დასავლეთის მიერ გაწვრთნილი უკრაინული ქვედანაყოფები სათანადოდ ვერ იბრძვიან“ (ავტორები – ერიკ შმიტი და ჰელენ კუპერი), რომლის თანახმად, ნატოს სტანდარტებით მომზადებული უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებას ვერ აღწევენ და ხშირად ისევ რუსულ (საბჭოურ) სისტემას უბრუნდებიან.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევის პირველი ეტაპი სასიამოვნო და წარმატებული არ გამოდგა უკრაინის არმიის იმ ქვედანაყოფებისათვის, რომლებიც ამერიკელებმა და მისმა მოკავშირეებმა გაწვრთნეს და აღჭურვეს.

თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღითა და მძიმე სამხედრო ჯავშანტექნიკით შეიარაღებული „დასავლურად გაწვრთნილი“ უკრაინელი ჯარისკაცები სარდლობამ შეტევის ავანგარდში ჩააყენა, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მიაღწიეს: ჯერ ერთი, რომ მათ რუსების მიერ დანაღმულ ველებზე „წაიბორძიკეს“, მეორეც – ისინი რუსების არტილერიის და ავიაციის – დამრტყმელი ვერტმფრენების მუდმივი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ. „დასავლელი უკრაინელი სამხედროები“ ბრძოლის ველზე ლანდებივით დადიან და უკან იხევენ. ერთ-ერთი ქვედანაყოფის მძიმე ტექნიკა მთლიანად განადგურდა, მეორე კი ისე სუსტად იბრძოდა, რომ სარდლობა იძულებული გახდა პირადი შემადგენლობა საომარი ველიდან უკან, ზურგში გადაეყვანა. [დანაკარგები ძალზე დიდი აღმოჩნდა].

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკოსების თქმით, ამჟამად უკრაინის არმიის სარდლობამ მოქმედების ტაქტიკა შეცვალა – აღარ მიდიან დანაღმულ მინდვრებზე და საარტილერიო ცეცხლით არიან დაკავებულნი.

უკრაინის გადაწყვეტილება ტაქტიკის შეცვლის თაობაზე იმის მკაფიო სიგნალი გახდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმედები უკრაინული სამხედრო ნაწილების მასშტაბურ წინსვლაზე ჯერ-ჯერობით არ მართლდება.

შესაბამისად, ჩნდება კითხვები დასავლელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ: არის თუ არა მათი საბრძოლო დონე საკმარისი? იბადება ეჭვებიც – რისთვის დაიხარჯა უამრავი ფული, მათ შორის აშშ-ს მთავრობის მიერ გამოყოფილი 44 მილიარდი დოლარი?

„კონტრშეტევა, მთლიანობაში, არ ჩაშლილა. უკრაინელების საომარი მოქმედებები დროში ჭიანურდება, შეტევა შემოდგომაზეც გაგრძელდება“, – ამბობს აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მაიკლ კოფმანი, რომელიც ამას წინათ ფრონტზე იმყოფებოდა, – შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ვიტყვი, რომ პრობლემა დასავლეთის ვარაუდებშია: მათ ეგონათ, რომ ნატოს სტანდარტებით დაჩქარებულად მომზადებული უკრაინელები რუსული ჯარის გამაგრებულ ზღუდეებს ერთი დარტყმით გაანადგურებდნენ. ასე რომ, დასავლურმა წვრთნის მეთოდებმა ამ მხრივ ეფექტურობა მაინცდამაინც ვერ გამოავლინა“.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დროს აჭიანურებს, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები გამოფიტოს და გამარჯვება ამ გზით მოიპოვოს.

აშშ-ის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია უკრაინის სარდლობის გადაწყვეტილებით ძველი ტაქტიკისადმი დაბრუნებასთან დაკავშირებით. კონტრშეტევის გაგრძელება ძირითადად მხოლოდ საარტილერიო ცეცხლით იმას გამოიწვევს, რომ ჯარს დეფიციტური საბრძოლო მასალები სწრაფად გამოელევა, რაც, თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინის „წისქვილზე წყლის დასხმას“ ნიშნავს. უკრაინისათვის ომის გაჭიანურება ფრიად არასასურველია.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთის მიერ მომზადებული უკრაინის არმიის 9 ბრიგადა (დაახლოებით 36 ათასი ჯარისკაცი) წარმატებით იბრძოლებდა და საომარი მოქმედებების ამერიკული მეთოდების უპირატესობას აჩვენებდა, რუსულ ტაქტიკასთან შედარებით. რუსებს ხისტი და ცენტრალიზებული მართვის სისტემა აქვთ, ამერიკელები კი უკრაინელ მეთაურებს ასწავლიდნენ, რომ მეტი უფლებამოსილება მიეცათ გამოცდილი ჯარისკაცებისათვის, რათა მათ ადგილებზე სწრაფად თვითონ მიეღოთ გადაწყვეტილება და ქვეითების მოქმედება სინქრონული ყოფილიყო ტანკებისა და არტილერიის მოქმედებასთან.

დასავლელი წარმომადგენლების მტკიცებით, ასეთი მიდგომა ბევრად ეფექტურია, ვიდრე რუსეთის არმიის ძვირადღირებული სტრატეგია ომის გაჭიანურების თაობაზე, რაც უკრაინის არმიისათვის ზიანის მომტანია – ჭურვებისა და საბრძოლო მასალების რეზერვების დაცლას გამოიწვევს.

დასავლელი ინსტრუქტორების უკრაინელებს ძირითადად შემტევ მოქმედებებს ასწავლიდნენ, ვიდრე თავდაცვითს – იმიტომ, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სურთ. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ დაჩქარებული წვრთნა (ოთხიდან ექვს კვირამდე) მაინცდამაინც დიდ შედეგებს ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა კონტრშეტევის პირველ ეტაპზე მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს (დანაღმული ველების გავლისას, ღამის ბრძოლების დროს, მძიმე ტექნიკის გამოყენების თვალსაზრისით).

დღეისათვის რუსებმა უკრაინელებს დასავლური ტექნიკის 20% უკვე გაუნადგურეს. არადა, კიევს იმედი ჰქონდა, რომ მათი დახმარებით რუსების გამაგრებულ ზღუდეებს შემუსრავდა.

რასაკვირველია, დასავლელი სამხედრო ექსპერტები უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევის პირველი ეტაპი მძიმე იქნებოდა. „მათ ძალზე რთული ამოცანის შესრულება უხდებათ – რუსების კაპიტალურად აგებული და გამაგრებული ხაზის გადალახვა. უკრაინელებს კი მცირე დრო ჰქონდათ მოსამზადებლად“, – ამბობს ამერიკელი ექსპერტი რობერ ლი, ფილადელფიაში არსებული საგარეო პოლიტკის კვლევის ინსტიტუტიდან.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უკრაინის არმიას შეუძლია ბრძოლის ამერიკულ მეთოდებს რუსული თავდაცვის გარღვევის შემდეგ დაუბრუნდეს, მაგრამ არსებობს შიში, რომ დანაკარგები გაიზრდება. როგორც ცნობილია, არმია შეტევის დროს უფრო მეტს კარგავს, ვიდრე თავდაცვის დროს.

„არ ვფიქრობ, რომ უკრაინელები საერთო საჯარისო ბრძოლის ტაქტიკაზე უარს იტყვიან“, – ამბობს ინტერვიუში ამერიკელი ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლავი, რომელიც ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდალი იყო, – თუ ისინი შეძლებენ რუსების თავდაცვის პირველი, მეორე და მესამე ხაზის გარღვევას, მაშინ საერთო-საჯარისო ბრძოლები დაიწყება და ჩვენ იმ საომარ მოქმედებებს ვნახავთ, რომლებიც ნატოს წესებით განვითარდება“.

ჯერ-ჯერობით უკრაინა მთავარი მიმართულებით – მელიტოლის გავლით აზოვის ზღვის ნაპირებისაკენ – მხოლოდ მცირე ქვედანაყოფებით უტევს, მაგრამ ანალიტიკოსთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ ასეთი ბრძოლებით წარმატება მიღწეული იქნება. ბრიტანული კვლევითი ჯგუფის წევრების ლუკა კაპოვინისა და ალექსანდრე სტრონელის აზრით, უკრაინელების მიერ შერჩეული ბრძოლის ტაქტიკა – ლოკალური შეტევები მცირე ქვედანაყოფებით – არასწორია და სავარაუდოდ, ბევრ დანაკარგს გამოიწვევს და ვერც ტერიტორიებს ვერ გაათავისუფლებს“.

წყარო

“ახლა მთავარი ამოცანა დაკარგული ადამიანების გადარჩენაა და შემდეგ უნდა გაანალიზდეს ყველაფერი, თუ რატომ და როგორ მოხდა”

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა შოვში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამ სამაშველო ოპერაციაზე და კრიტიკული დამოკიდებულებაც აბსოლუტურად ბუნებრივია.

„ახლა ყველაზე მთავარი ამოცანა დაკარგული ადამიანების გადარჩენაა და ამის შემდეგ უნდა გაანალიზდეს ყველაფერი, თუ რატომ და როგორ მოხდა.

მმართველობის ეს სტილი, რომლის შეცვლაზეც ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, აუცილებლად იჩენს თავს ყველაფერში, საგარეო პოლიტიკა იქნება, საგანგებო მდგომარეობა, თუ სხვა. ამაზე საუბრის დრო დადგება, თუმცა ახლა მთავარია, ეს ადამიანები გადავარჩინოთ და ის ადამიანები ვანუგეშოთ, ვისაც ამხელა უბედურება დაატყდა თავს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

„რუსეთთან ომის შემდეგ: საქართველო ორ სკამს შორის“ – Die Welt

„საქართველოს დედაქალაქ თბილისში თუ ეწვევი და ქუჩებში გაივლი, თვალში გეცემა კედლებზე გაკეთებული ანტირუსული წარწერებისა და უკრაინის დროშების სიმრავლე. 15 წლის წინათ საქართველომ თვითონ გადაიტანა რუსეთთან ომი და ამიტომ მისი სოლიდარობის დონე უკრაინასთან განსაკუთრებით მაღალია. შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს, რომ ამ დროს ბევრი რუსისათვის საქართველო თავშესაფრად არის ქცეული, ასევე უამრავი რუსი ტურისტი ჩამოდის ქვეყანაში, რომელიც კავკასიური სამზარეულოთი, ღვინით, ზღვისა და მთის კურორტებით არის განთქმული“, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთთან ომის შემდეგ: საქართველო ორ სკამს შორის“.

საქართველოს მთავრობა, რომელიც ევროკავშირის წევრობისაკენ ისწრაფვის, დღეს, რუსეთთან საომარი გამოცდილების მიუხედავად, კავშირებს ჩრდილოელ მეზობელთანაც ავითარებს, რაც იწვევს როგორც საკუთარი მოქალაქეების ნაწილის, ასევე დასავლეთის გაღიზიანებასაც.

ორად გაყოფილი ქვეყანა

თბილისელებს თუ გაესაუბრები, შეამჩნევ, რომ მათთან ლაპარაკში უკმაყოფილებაა გამოხატული იმით, რომ ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, რაზედაც ქართველები დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობენ. ევროპისაკენ უმეტესად ქართველი ახალგაზრდები მიილტვიან, თუმცა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დიდ ზიანს აყენებს რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ფაქტი, რაც ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. აგრესორმა მეზობელმა მათი „დამოუკიდებლობაც“ აღიარა.

იმ დროს, როცა მოსახლეობას ჯერ კიდევ ახსოვს რუსეთთან ომის უბედურება, ქვეყნის ხელისუფლება იძულებულია ანგარიში გაუწიოს მოსკოვს და გარკვეული ეკონომიკური კავშირებით ისარგებლოს, მაგალითად ტურიზმის სფეროში. ორიოდე თვის წინათ რუსეთმა აღადგინა ავიამიმოსვლა და გააუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არსებობდა ორ მეზობელს შორის.

ამასთან, საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ეწინააღმდეგება ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უფლებამოსილებები არ გააჩნია და ამიტომ ვერ ახდენს გავლენას მთავრობის პოლიტიკურ კურსზე. პრეზიდენტის ანტირუსულ პოზიციას მხარს უჭერს აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა.
საქართველოს ხელისუფლებაში პოზიციების განსხვავება (პრეზიდენტსა და მთავრობას შორის) ნათლად გამოვლინდა ბათუმში თურქული საკრუიზო გემის შესვლისას, რომლის ბორტზე რუსი ტურისტებიც იყვნენ. ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა, მთავრობამ კი მათი მოქმედება გააკრიტიკა.

რუს ტურისტებზე დამოკიდებული ეკონომიკა

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა ქართული სტუმართმოყვარეობის საფუძველზე ვითარდება, ეს ეხება ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს, მათ შორის რუსეთიდანაც. „რუსი ტურისტების გარეშე ქვეყანა ერთ მილიარდ დოლარს დაკარგავს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა კი განაცხადა, რომ მმართველი პარტია და მისი დამაარსებელი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში პრორუსულ რეჟიმს ქმნიან.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლიდან მცირე ხნით საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იყო, ქვეყანაში გამეფებულ სიღარიბეს ებრძოდა და ცდილობდა საქართველოსთვის უპერსპექტივობა თავიდან აეცილებინა, თუმცა შედეგები მაინცდამაინც სახარბიელო არ არის: საშუალო ხელფასი დაახლოებით მხოლოდ 400 ევროა, უმუშევრობა ოფიციალურად 13%-ს აღწევს, რეალურად კი უფრო მეტია, თითქმის 30%.

როგორც ექსპერტი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, საქართველოს რუსეთთან კავშირებს რუსული ბაზარი განაპირობებს, სადაც ქართული პროდუქცია გადის. ტურიზმმა და რუსეთის მოქალაქეების ჩასვლამ განაპირობა ქართული ვალუტის კურსის სტაბილიზება. საქართველოს ტერიტორიის გავლით შედის რუსეთში უცხოური წარმოების პროდუქციაც, სავარაუდოდ, სანქციების გვერდის ავლით.

„პრორუსული მთავრობა“

რუსული გადახრების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა გარეგნულად თითქოსდა პროევროპული რჩება, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს ევროპული კურსის განმტკიცებისთვის, პირიქით, ის სულ უფრო ხდება რუსეთის მხარდამჭერი. დასავლური ფასეულობები უარყოფილია“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი. იგი ქართულ ეკლესიასაც აკრიტიკებს და მასში ანტილიბერალურ ძალას ხედავს, რომელსაც მთავრობა ეყრდნობა. ქართული ეკლესიის მომხრეები – ულტრანაციონალისტები შეურიგებლობას ამჟღავნებენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ, რაც ევროპული დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი თვლის, საქართველოს სასამართლო სისტემა სრულიად კორუმპირებულია და მთავრობის პოლიტიკას ატარებს. იმავდროულად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პროევროპულ განწყობას გამოხატავს და კრემლთან ურთიერთობის წინააღმდეგია.

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც საქართველოში ახალი რუსული ბატონობის წინააღმდეგ იბრძვის, ოპოზიციური პოლიტიკოსი გიგა ბოკერიაა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო. თვითონ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად პატიმარია. „ჩვენთან ახლა დასავლეთის დემონიზაცია ხდება. მმართველი პარტია ისეთ პოლიტიკას ატარებს, თითქოსდა მას მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს – რუსეთთან შერიგება, სხვაგვარად კი შეიძლება ომი დაიწყოს“, – ამბობს 51 წლის პოლიტიკოსი.

„მაგრამ თუ ჩვენს ქვეყანას კიდევ შერჩენია ღირსება, ვლადიმერ პუტინთან არავითარ გარიგებაზე არ უნდა დათანხმდეს“, – ხაზს უსვამს გიგა ბოკერია. მას სურს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, მომავალ წელს, ახალი პროევროპული კოალიცია ჩამოაყალიბოს: „ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიული შანსი შეუერთდეს ერთადერთ სამართლიან დასავლურ ცივილიზაციას. თუ 2024 წლის არჩევნებით არაფერი შეიცვლება, კატასტროფა იქნება“.

წყარო

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში. ვუსამძიმრებ [გარდაცვლილთა] ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. მაქსიმალურად მიახლოებული ვიყავი და ძალიან მძიმეა ის, რაც ადგილზე, ეპიცენტრში ვნახე. არის ძალიან დიდი სტიქია ამ რეგიონისთვის. სამწუხაროდ, უკვე 11 გარდაცვლილია ნაპოვნი, ეძებენ 25 ადამიანს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გარდაცვლილთა ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია.

“გამოჩნდებიან ახალი ექსპერტები, როგორ უნდა იყოს წარმოებული სამაშველო საქმიანობა, ვაცალოთ პროფესიონალებს, მუშაობენ და ხედავთ, როგორ წარმატებულადაც”

ასეთ მძიმე მომენტებში მნიშვნელოვანია სოლიდარობა და გვერდში დგომა. გვერდში უნდა დავუდგეთ დაღუპულთა ოჯახებს, უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს მაშველებს, რომ სამაშველო ღონისძიებები იმ პროფესიონალიზმით განახორციელონ, რომელიც მათ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი დიდი კატასტროფის შემდეგ მაშველებმა 210 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.

„გამოჩნდებიან ახალ-ახალი ექსპერტები, როგორ უნდა იყოს წარმოებული სამაშველო საქმიანობა და ა.შ. ვაცალოთ პროფესიონალებს. ისინი მუშაობენ და ხედავთ, როგორ წარმატებულადაც. ასეთი დიდი კატასტროფის შემდეგ 210 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. მნიშვნელოვანია, ჩვენს მაშველებს ვენდოთ. ადამიანები, რომლებიც გადმოიყვანეს სტიქიის ზონიდან, დაბინავებული არიან და უზრუნველყოფილი შესაბამისი საშუალებებით. მათთან კომუნიკაციაში არიან ჩვენი სამაშველო სამსახურები. ყველანაირად უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს მაშველებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიონ წინ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“დღეს არის ერთიანობის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დრო”- სალომე ზურაბიშვილი

მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება იმ ტრაგედიის წინაშე, რაც დატრიალდა გუშინ ღამე და დღეს. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მინდა, იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს ტრაგედია არის ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედია, რომელსაც იზიარებს ყოველი ჩვენი მოქალაქე.

„ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, რათა ყველა ჩვენი შესაძლებლობით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომ გადალახონ ეს გაუსაძლისი პერიოდი მათი ცხოვრების. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც ადგილზე ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ, რათა გადარჩენილიყვნენ სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანები. მინდა, ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე, პირადად ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, რომელიც იქ არის ჩართული, მთავრობას, დღეს არის დრო ერთიანობის და ერთად ამ ტრაგედიის გადალახვის. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე, პირადად ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. ჩვენ თვითონაც ვნახავთ მომავალ დღეებში, რა კუთხით შეიძლება, ჩვენი როლი და წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მაშველებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მათი როლი არ დასრულებულა და ძალიან რთული ამ პირობებში მუშაობა. ვიცით, რამდენად შეუძლიათ მათ ამ რთულ პირობებში ყველაფერი გააკეთონ, რათა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ. ასევე, მინდა, მადლობა მოვახსენო ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც დღეს უკვე გამოაცხადა სოლიდარობა ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. მოვისმინე პრემიერისგან, რომ სხვა ქვეყნებისგან დახმარება ჯერ არ არის საჭირო. თუ ეს საჭიროება გამოჩნდა, ასევე მზად ვარ, თუ ჩემი როლი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა, ამაშიც მივიღო მონაწილეობა. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მედ 11 შოვს რეანომობილის მომსახურების სერვისით დაეხმარება

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრი ” მედ 11″ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების გამო.

“ტრაგედის პირველივე წუთიდანვე აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მზად ვართ უსასყიდლოდ ვუზრუნველყოთ ნებისმიერი ადმიანისითვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებამდე,” – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი  ლევან ქობალია.

ვინაიდან აღნიშნულმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ მაღალმთიან რეგიონებში  სამედიცინო მომსახურების დეფიციტია, მომავალში  მედ 11 სტრატეგიული განვითარების მიმართულება იქნება, მსგავს რეგიონებს მივაწოდოთ მაღალტექნოლოგიური სწრაფი რეაგირების სამედიცინო მომსახურება.

“შეუძლებელია, სიტყვებით ასახო შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს” – კახა კალაძე

რაჭაში მომხდარმა სტიქიამ შეძრა საქართველო. შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მთელი გულით ვუსამძიმრებ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს! მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებში, ჩვენს გმირ მაშველებთან ერთად, მონაწილეობს. ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაკარგულთა გადასარჩენად“, – აღნიშნავს კახა კალაძე.

პრემიერის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად თავდაცვის ძალებიც ჩაერთვებიან.

„მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები. თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ და მიეხმარებიან მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს. მე თავად, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენს მინისტრებთან ერთად ვნახე სტიქიის ზონა და შეგიძლიათ, ნახოთ კადრები, რა მძიმე ვითარებაა. უზარმაზარი ტალახის მასით დაფარულია კოტეჯები. ძალიან მძიმე ვითარებაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის შვიდი ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის შვიდი ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული.

ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

სტიქიის ზონაში დაღუპული ორი ადამიანი მაშველებმა გუშინ იპოვეს, დღეს დილით კი, კიდევ ხუთი ადამიანი.

ონის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც ჩართული არიან 400-მდე მეხანძრე-მაშველი და  შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათს გლოვის დღედ გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა დღეს და შაბათ-კვირას გაგრძელდება აქტიური მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათი გამოცხადდება გლოვის დღედ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში შვიდი ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული.