Home Blog Page 1775

კახა კალაძე ქართველ ებრაელებს და ისრაელის მოქალაქეებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქართველ ებრაელებს და ისრაელის მოქალაქეებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.

აღნიშნულის შესახებ კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„დღეს ხანუქას პირველი სანთელი აინთო. მინდა, ეს დღესასწაული მივულოცო არა მხოლოდ ქართველ ებრაელებს, არამედ ისრაელის ყველა მოქალაქეს. ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და მეც სწორედ ამას გისურვებთ – გამარჯვებას და განვითარებას. მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა საქართველოს“, – წერს კახა კალაძე.

“მადამ სალომე, ევროპას ხმას რომ მიაწვდენთ, ექო უკან როგორ ბრუნდება, ევროებით?” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს:

“მადამ სალომე, ევროპას ხმას რომ მიაწვდენთ, ექო უკან როგორ ბრუნდება, ევროებით?

თუ ხაზარაძესავით, ამერიკაში მიწვდენილი ხმის ექო, უკან დოლარებით რომ უბრუნდება?! და ეს ჩიტები? ამბები რომ მიაქვთ-მოაქვთ! რა ხმაზე გეჭიკჭიკებიან?

თქვენ მშობლიურ ევროპულზე თუ გაღმა ნაპირის ენა ურჩევნიათ?” – წერს გოგა ხაინდრავა.

“უკრაინის გარშემო დისკუსიასა და საქართველოს საკითხს შორის კავშირი არ არსებობს” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ბარნა სჟიგმონდის შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს კანდიდატის სტატუსის საკითხზე და უნგრული მხარისგან მყარი მხარდაჭერა მიიღო.

„საუბარი გვქონდა ევროინტეგრაციაზე, კანდიდატის სტატუსის თემაზე. უნგრული მხარისგან კიდევ ერთხელ მყარი მხარდაჭერა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა გვექნება. განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც სტატუსის მიღებას ეხება. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გამოვხატოთ რწმენა, რომ ერთ კვირაში მოგვენიჭება სტატუსი და უნგრეთისგან მყარი მხარდაჭერა გვექნება. მიმოვიხილეთ გასულ წელს მომხდარი მოვლენები, რაც ქვეყანაში ვითარდებოდა. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება, რომ საქართველოს შარშანაც ეკუთვნოდა სტატუსი ყველა თვალსაზრისით. საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, ეს ეხება დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურს და უსაფრთხოებას. შარშანაც ვიმსახურებდით და წელსაც ვიმსახურებთ სტატუსს. იმედი გვაქვს, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რეალურად, არ არსებობს კავშირი უკრაინის გარშემო განვითარებულ დისკუსიასა და საქართველოს საკითხს შორის. გახსოვთ, შარშან უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ სტატუსი და განცალკევებულად განიხილებოდა, წელსაც განცალკევებულად მოხდება. ამიტომ, უკრაინის საკითხის ჩვენს საკითხთან დაკავშირება სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ჩვენ თუ გვერდით გავალთ, ეს სხვა შესაძლო აგრესორებს მხოლოდ წააქეზებს” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

“ვიცი, რომ უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია… მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს თუ რას იზამს აშშ. ვფიქრობ, უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც უკრაინას ახლა უჭერს მხარს? რა დაემართება “დიდი შვიდეულის” პირობებს? რა დაემართება ნატო-ს პირობებს? რას გააკეთებენ ისინი?..

ჩვენ თუ გვერდით გავალთ, ეს სხვა შესაძლო აგრესორებს მხოლოდ წააქეზებს. ამიტომ სენატს მოვუწოდებ რამე ქნას, და სწორი რამ – მხარი დაუჭიროს უკრაინელ ერს, პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დადგეს. თავისუფლებას დაუჭიროს მხარი”, – განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, ოთხშაბათს უკრაინისთვის, ისრაელისთვისა და ტაივანისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების დიდმა პაკეტმა აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრა ვერ გაიარა.

“გახარიას უსაფუძვლო განცხადებები მიუთითებენ თუ როგორ შეიძლება იქცეს პოპულარული პოლიტიკოსი შარახვეტია პოლიტიკანად”

„მოღალატე გიორგი გახარიამ უკვე აღარ იცის ვის მიჰბაძოს სასოწარკვეთილ რადიკალურ ოპოზიციაში. თაღლითების კანტორა „ლელოს“ ე.წ. „მუქარის წერილებში“ თუ რუბლოვნა ხოშტარია-გირჩი ჯაფარიძის სამარცხვინო ტანდემს ე.წ.„მონების რეესტრში“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი გახარიას მიერ გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამგვარი უსაფუძვლო განცხადებები მიუთითებენ თუ როგორ შეიძლება იქცეს პოპულარული პოლიტიკოსი შარახვეტია პოლიტიკანად.

„მოღალატე გიორგი გახარიამ უკვე აღარ იცის ვის მიბაძოს სასოწარკვეთილ რადიკალურ ოპოზიციაში. თაღლითების კანტორა „ლელოს“ ე.წ. „მუქარის წერილებში“ თუ რუბლოვნა ხოშტარია-გირჩი ჯაფარიძის სამარცხვინო ტანდემს ე.წ. „მონების რეესტრში“. პრემიერობიდან გაქცეული გახარიას ბოდვით, თურმე საქართველოს ბიუჯეტს ხრავენ ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ გუნდის სხვა წევრების ოჯახები. გახარიას ამგვარი უსაფუძვლო განცხადებები მიუთითებენ თუ როგორ შეიძლება იქცეს პოპულარული პოლიტიკოსი შარახვეტია პოლიტიკანად, როცა ზნეობასთან ხდება განშორება,“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

“მჯერა, სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა იქნება საშუალება თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და გაგრძელებისთვის”

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინა საკელაროპულუს შეხვდა.

„მჯერა, ჩვენი რიგით მეხუთე მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა იქნება საშუალება თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და გაგრძელებისთვის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თავის მხრივ, კატერინა საკელაროპულუმ აღნიშნა, რომ ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია, საბერძნეთმა და თურქეთმა ერთად იმუშაონ, დაიცვან მშვიდობა, სტაბილურობა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, რაც სასარგებლო იქნება როგორც მათი ხალხებისთვის, ასევე რეგიონისთვის.

„ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა წელს გადაიტანეს, გახდა მიზეზი, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რომ რთულ პირობებში სოლიდარობის გრძნობა და ჰუმანურობის ჩვენება საერთო მახასიათებელია, რომელიც აერთიანებს ორივე ხალხს. ექვსი წლის გასვლის შემდეგ დღეს საბერძნეთში თქვენი ყოფნა ასახავს პოზიტიურ კლიმატს“, – აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია საბერძნეთში, რომლის მიზანსაც ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზება და თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. როგორც მედია წერს, მეზობელ ქვეყნებს შორის არაერთ საკითხზე არსებული უთანხმოების გამო, იქნება ეს საზღვაო საზღვრები თუ ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე წიაღისეულის კვლევასთან დაკავშირებული უფლებები, გასული 50 წლის განმავლობაში თურქეთი და საბერძნეთი სამჯერ იყვნენ ომის დაწყების ზღვართან.

“საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მე ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმარჩიელოს, რას იზამს სალომე ზურაბიშვილი”

საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მე ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმარჩიელოს რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, 2 თვით ადრე გადადგება თუ 3 თვით ადრე გადადგება. მან უნდა გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის კუთხით – გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი უკანონო, რუსული პატიმრობიდან , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველის თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში უნდა დაასრულოს პოლიტიკური მართლმსაჯულება

„საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მე ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმარჩიელოს რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, 2 თვით ადრე გადაგდება თუ 3 თვით ადრე გადადგება. სალომე ზურაბიშვილმა ის უნდა გააკეთოს, რისი უფლებებიც მას გააჩნია და სწორედ მისი უფლება ქვეყანას მისცემს კიდევ ერთ შანსს, რომ ქვეყანა განვითარდეს – მან უნდა გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ეს არის მთავარი, მან უნდა გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება. მის ყველა ნაბიჯს, რა თქმა უნდა, დავაფასებ, რომელიც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული, თუმცა მისი ქმედება ადგილზე არასაკმარისი კი არა, ბევრი რამ აკლია მას, რომ დამარწმუნებელი იყოს მისი ქმედება, რომ ის რეალურად წარმოადგენს დამოუკიდებელ სახეს და რეალურად უნდა მას ქვეყნის განვითარებას. გულწრფელი და სამართლიანი შეფასებები მხოლოდ მას შემდეგ შემიძლია გავაკეთო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, როდესაც ის ყველა თავის უფლებას გამოიყენებს იმისთვის, რომ ქვეყანა რეალურად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ის არ იყენებს ამ უფლებებს, მან უნდა დაასრულოს პოლიტიკური მართლმსაჯულება. თვითონ როდესაც საუბრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ამ დროს ამ რუსული რეჟიმის სასამართლოს მიერ გასამართლებული მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში. სწორედ ამიტომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა შეიწყალოს, არამედ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი უკანონო რუსული პატიმრობიდან“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

“2022 წლის შემდეგ რუსეთში უცხოური კომპანიების რაოდენობა კი არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა” – პუტინი

2022 წლის შემდეგ რუსეთში უცხოური კომპანიების რაოდენობა კი არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, გაოცებული იყო, როცა ეს ინფორმაცია მიიღო.

„დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ზეწოლის მიუხედავად, 2022 წლის მარტის დასაწყისიდან ამ წლის ნოემბრის ჩათვლით, რუსეთში უცხოური კომპანიების, რუსეთში მოქმედი უცხოური სტრუქტურების რაოდენობა არ შემცირებულა. წარმოიდგინეთ, თვითონ გაოცებული ვიყავი, როცა მონაცემები ვნახე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, 2022 წლის პირველი მარტის მონაცემებით, რუსეთში 24 000 უცხოური ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული, 2023 წლის პირველ ნოემბერს კი ეს რიცხვი 1,5 ათასით გაიზარდა.

„ეს ხომ რუსეთთან მუშაობის სურვილის მაჩვენებელია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელ და სხვა ქვეყნების ინვესტორებთან კონტაქტები გრძელდება. ამასთან, როგორც პუტინი ამბობს, იმედს გამოთქვამს, რომ „საღი აზრი გაიმარჯვებს და თანამშრომლობა გაძლიერდება“.

„ინვესტორებს რაც შეეხება, ისინი ჭკვიანი ხალხია, მათგან განსხვავებით, ვინც მათ მეთაურობს. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მათთან უშუალო კომუნიკაციას პირად დონეზე. კონტაქტები ფაქტობრივად გრძელდება, მაგრამ მათ უბრალოდ პოლიტიკური დონიდან აბრკოლებენ შეძახილებით და მიღებული გადაწყვეტილებებით, არ აძლევენ მუშაობის საშუალებას, მაგრამ საბოლოოდ, ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან საღი აზრი გაიმარჯვებს. მე ასე ვარ განწყობილი“, – აღნიშნა პუტინმა რუსეთში გამართულ ფორუმზე.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო დრამატული ცვლილებების ეპოქაში შევიდა, სადაც მხოლოდ ძლიერ, სტაბილურ და სუვერენულ ქვეყნებს შეუძლიათ გადარჩენა.

„მსოფლიო შევიდა დრამატული ცვლილებებისა და სერიოზული გამოწვევების ეპოქაში არა მხოლოდ ცალკეული კომპანიებისა და ინდუსტრიებისთვის, არამედ მსოფლიოს მთელი ქვეყნებისა და რეგიონებისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6790 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6790 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6790 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6860 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8850 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8987 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0137 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმაურებიან უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე დისკუსიას იმასთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს თუ არა დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის. როგორც ერთობლივ განცახდებაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი ორგანზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დიალოგი აფხაზურ და ქართულ (ასევე, ოსურ და ქართულ) საზოგადოებებს შორის აუცილებელია სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა აქტორების და ჯგუფების მონაწილეობით.

მათივე განმარტებით, საგნობრივი დისკუსია შესაძლოა შეეხოს მთელ რიგ საკითხებს, როგორებიცაა: გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების გაფართოება, ადამიანების თავისუფალი მიმოსვლა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი თემა, რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახურება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დიალოგის ფარგლებში ევროკავშირში ინტეგრაციის თანმდევი სიკეთეების შესახებ საუბარი.

„აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დიალოგი არ შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ოფიციალური საერთაშორისო ფორმატის (ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები) ალტერნატივად, ან ჩამნაცვლებლად. არაფორმალური, მრავალგანზომილებიანი დიალოგი, მაგალითად ე.წ. „1.5 არხის“ ფორმატში, არ წარმოადგენს დიპლომატიურ შეხვედრებს ოფიციალურ პირებს შორის, არამედ არის არაფორმალური გარემო ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და, საჭიროებისამებრ, გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით ისეთი საკითხების განსახილველად, რომლებიც ყველასთვის საერთო ინტერესს წარმოადგენს და რომელთა გადაწყვეტაც ხშირად ვერ ხერხდება ოფიციალური ფორმატების ფარგლებში მათი ზედმეტი პოლიტიზების გამო. ცხადია, რომ ამგვარ საერთო ინტერესებს მიკუთვნებულ სოციალურ, ეკონომიკურ, უფლებრივ და ჰუმანიტარულ საკითხებზე მნიშვნელოვანია დიალოგის პროცესში გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობაც.

მხოლოდ ქართულ-აფხაზური (ასევე, ქართულ-ოსური) დიალოგი საქართველოში არსებული კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა ცხადია, რომ სახალხო დიპლომატიისა და დაინტერესებული მონაწილეების დიალოგის გარეშე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი წარმატებული ვერ იქნება. საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს, რომ წარსულში გადატანილი ტკივილისა და ტრაგედიის მიუხედავად, მშვიდობის მშენებლობას და ამ პროცესში შედეგებზე ორიენტირებულ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. დიალოგის ფარგლებში ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებზე პროგრესის მიღწევა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს “მტრის ხატის“ მსხვრევას, ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას, ხელსაყრელი ნიადაგის მომზადებას საზოგადოებების სამომავლო კეთილდღეობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

მიგვაჩნია, რომ დიალოგი სწორედ ის საკითხია, რომელიც ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს საჭიროებს და ჩვენ მზად ვართ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ“-ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან:

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”; “დავიწყოთ ახლა”; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი; მცხეთა მთიანეთის რეგიონული ჰაბი; საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“; კავშირი “მომავლის ცხინვალი”; ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი; სტუდია რე; ფონდი „სოხუმი“; კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“; მოძრაობა – აფხაზეთისთვის; ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი; ახალი ხედვა – ახალი ჰორიზონტები; Go Group Media; ასოციაცია „აგორა“; საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია; პაატა ზაქარეიშვილი; გურამ ოდიშარია; მარინა ფაღავა; მერი გელაშვილი; ლია ჩლაჩიძე; რუსუდან მარშანია.

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო – 10.000 ლარი შეუფარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაშია.

ვანში არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ვანში არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა არასრულწლოვანს ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და იძულებით პირად ინფორმაციას სთხოვდა.

მომხდარის გამო 16 წლის გოგომ პოლიციას თავად მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

მომხდარზე დაკავებულის ოჯახში საუბარი არ სურთ.