Home Blog Page 1775

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

17 იანვარს, დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს აუცილებელი გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებით სამუშაოებს 17 იანვარს, ღამის 01:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 17 იანვარს, ღამის 01:00 საათიდან, 18 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ქუთათელაძის, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ნაფარეულის, აბაშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იყალთოს, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს, ჟვანიას მოედანს, ზემო ვეძისს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ბენდელიანის, ოთარ ჩხეიძის, ოთხი ათასი მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ბობ უოლშის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, „ახალ თბილისს“, ოლიმპიური ქალაქს, აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს.

მთაწმინდა – კრწანისის რაიონში: რუსთაველის გამზირს, ალ. ჭავჭავაძის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას 1-ელ და მე- 2 შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩას, ოქროყანას, შანიძის, გრიბოედოვის, ინგოროყვას, ჭიჭინაძის, ჭონქაძის, გ.ტაბიძის, დადიანის, ხოშტარიას, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს; თავისუფლების მოედანს, პუშკინის, აბესაძის, საიათნივას, გრ. ხანძთელის, იერუსალიმის, ონის, ლადო ასათიანის, სამღებროს, ორთაჭალის, ღვინის აღმართის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის. ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს.

17 იანვარს, ღამის 01:00 საათიდან, 18 იანვრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში – ქობულეთის ქუჩა N22-42 ლუწ ნომრებს, რაზმაძის ქუჩა N1-25, N2-20, შატბერაშვილის, მარაბდის, ნინო ჟვანიას, მცხეთის, შროშის, ტაბიძის, ცხვედაძის და მარუხის გმირების ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონში – კეკელიძის ქუჩა N15-25 კენტ ნომრებს, N14, 16, 18-ს, გოგებაშვილის, გალის, რჩეულიშვილის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის (რეზო ჩხეიძის) და ჯაფარიძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩინეთის ბანკები რუსეთის კლიენტებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებენ

ჩინეთის ბანკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის კლიენტებისთვის მომსახურების გაწევას ზღუდავს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც აშშ-მა ანტირუსული სანქციების დარღვევებს მეორადი სანქციებით დაემუქრა. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, სულ მცირე ორმა მსხვილმა ჩინურმა ბანკმა რუსეთთან ბიზნესის შემოწმება დაიწყო. პირველ რიგში ტრანსსასაზღვრო ოპერაციები და რუსეთის კლიენტების დაფინანსების შემოწმება ხდება. ამ შემოწმების შედეგების მიხედვით, ბანკები იმ კლიენტთა მომსახურებას შეწყვეტენ, რომლებიც სანქციების სიაში არიან შეყვანილები. ასევე შეწყვეტენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომსახურებას იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ვალუტაში და რა იურისდიქციაში ტარდება საბანკო ოპერაციები. შემოწმება არარუსულ კომპანიებსაც შეეხება, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ბიზნესს აწარმოებენ და რუეთს სასქონელს მესამე ქვეყნების გავლით აწვდიან.

ოფიციალურად პეკინი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. ამასთანავე, ამ შეზღუდვების დაწესების შემდეგ ჩინეთის ბანკებმა რუსეთის იმ კლიენტებთან საქმიანობა შეამცირეს, რომლებსაც სანქციები შეეხოთ. საზღვარგარეთ შეწყვიტა მუშაობა ჩინური საგადამხდელო სისტემის, Union Pay-ის ბარათებმა, რომლებიც სანქციების ქვეშ მოხვედრილმა რუსულმა ბანკებმა გამოუშვეს. 2023 წლის ზაფხულიდან Bank of China-ს მეშვეობით რუსული კომპანიები იუანებში აშშ-სა და ევროპაში თანხებს ვეღარ რიცხავდნენ.

“ხელისუფლება თავისი ბუნებითა და ორიენტირით როცა რუსულ ორბიტაზეა” – ანა ნაცვლიშვილი

ხელისუფლება თავისი ბუნებითა და ორიენტირით როცა რუსულ ორბიტაზეა, გაურკვეველი და გაუმჭვირვალე ურთიერთობები ისეთ აქტორთან, როგორიცაა ჩინეთი, ორმაგად სახიფათო ხდება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ჩინეთთან დაკავშირებით ხელისუფლება საუბრობს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ, მათ შორის, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც გაუგებარია, რას შეიძლება გულისხმობდეს.

„მაშინ, როცა საქართველომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღო და რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება უნდა იყოს, პირველი საპარლამენტო ვიზიტი სრულდება არა ბრიუსელში ან ევროპის რომელიმე დედაქალაქში, და დღის წესრიგი არის არა ცხრა მიმართულებით რეფორმის გატარება, არამედ პირველი ვიზიტი ჩინეთში ხორციელდება. ჩინეთთან დაკავშირებით ხელისუფლება მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე არ საუბრობს. ისინი, მათ შორის, საუბრობენ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც გაუგებარია, რას შეიძლება გულისხმობდეს, მაშინ როდესაც საქართველო დეკლარირებულად არის დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო ჩინეთის სახელმწიფოს სხვა კურსი აქვს არჩეული. ჩვენ მთავარ პრობლემას ვხედავთ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე მყარად და მკაფიოდ არ დგას. მთავარი პრობლემაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების რეალური განწყობა არ არის, ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყოს. როცა ხელისუფლება თავისი ბუნებითა და ორიენტირით რუსულ ორბიტაზეა, გაურკვეველი და გაუმჭვირვალე ურთიერთობები ისეთ აქტორთან, როგორიცაა ჩინეთი, ორმაგად სახიფათო ხდება. ამ მხრივ პრობლემა საქართველოს ხელისუფლებაშია, სხვა მხრივ, გონიერმა, რაციონალურმა და პატრიოტმა ხელისუფლებამ ჩინეთთან ურთიერთობებიც შეიძლება ქვეყნის სასიკეთოდ და სასარგებლოდ გამოიყენოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6582 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8917 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9067 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0150 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური უკრაინაში ევროკავშირის ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდების აუდიტის ჩატარებას გეგმავს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური უკრაინაში ევროკავშირის ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდების აუდიტის ჩატარებას გეგმავს. როგორც გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, აუდიტის შედეგების წარდგენა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე იგეგმება, რომელიც პირველ თებერვალს გაიმართება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინაში ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების შედარება მოითხოვა. შოლცმა ზედმეტად მცირე უწოდა იარაღის იმ მოცულობებს, რომლის გადაცემასაც კიევისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა 2024 წელს გეგმავს. გერმანიის ლიდერი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის მოწოდებით გამოვიდა.

როგორც გამოცემა წერს, მეტი გამჭვირვალობის მოწოდებას ბრიუსელში ის მაღალჩინოსნები უჭერენ მხარს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია უკრაინისთვის კრიტიკულ მომენტში მეტი იარაღის გადაცემა.

ჯოზეფ ბორელის უწყების აუდიტი დაეყრდნობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მიწოდებულ მასალებს. ამასთან, „ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ზოგიერთ ქვეყანას არ სურს მონაცემების სრულად გაზიარება.

“მძიმე შემთხვევაა, როცა ანტიმართლმადიდებლური ძალა ასე ღიად უკვე ეკლესიაში შევიდა” – თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ანალიტიკურ შეფასებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს, ეკლესიასთან მებრძოლი ძალა უკვე ღია აგრესიაზე გადავიდა, თუმცა მას გამარჯვება არ უწერია.

„ხატი არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში. ის არის „ღვთისმეტყველება ფერებში“, რომელიც აცხადებს და ფერში ხორცს ასხამს იმას, რასაც სახარება გადმოსცემს სიტყვით.

ხატი ორ რეალობას აერთიანებს: ღვთიურსა და მიწიერს, ისტორიულსა და ზედროულს. სწორედ მისი ამ ღრმა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქრისტიანულ ხატწერაში არის მკაცრად რეგლამენტირებული გარეგნული ფორმები, საშუალებები, გარკვეული სიმბოლიზმი და კანონიკა, რომლის დარღვევა საშუალებას აძლევს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მართლმადიდებლური ეკლესიის როლი და მართლმადიდებლობის მნიშვნელობა დააკნინოს. მახსენდება 2019 წლის 25 ნოემბერი, როცა პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ აქტივისტებმა ჩვეულებრივი ადამიანის სახე (კერძოდ, ბიძინა ივანიშვილი) ხატისათვის დამახასიათებელი წესითა და ფორმით გამოსახეს. მიზანი ხატების „გაშარჟების“ მცდელობა იყო; ასევე, 2018 წელს „აიისამ“ ბრენდის პრეზერვატივების შეფუთვაზე ქართველი წმინდანი თამარ მეფე გამოსახა, რაზეც ბრენდის მსუბუქი სარკაზმი კონცეფციის შესაბამისიაო, განაცხადა; 2024 წლის 9 იანვარს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. მისი და მისთანების მოტივი საპატრიარქოს განცხადების ფონზე ძალიან უსუსურია და არ მართლდება. ვფიქრობ, ეს არის მძიმე შემთხვევა, როცა ანტიმართლმადიდებლური ძალა ასე ღიად უკვე ეკლესიაში შევიდა. ამ ფონზე აუცილებელია რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება.

დიახ, მომხდარზე სახელმწიფოს თავისი პასუხი აქვს და ზემოაღნიშნული კანონპროექტი ახლო მომავალში დაინიცირდება. საგულისხმოა, რომ გამკაცრებული კანონი როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე, სხვა რელიგიურ ნაგებობებს შეეხება.

ხშირად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეკლესიისგან შორს დგანან, მართლმადიდებლობა არის რაღაც საშუალო კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს შორის, ანდა სხვა მოსაზრებები აქვთ და მართლმადიდებლებსა და მართლმადიდებლობაზე ქილიკს, „თავდასხმას“ ამით ხსნიან. სინამდვილეში, ქრისტიანობა არის რელიგია – სრულყოფილი სიყვარულისა. ქრისტიანობა არის ხსნის რელიგია. ეშმაკი ყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.

უფალთან ბრძოლა დასაწყისშივე წაგებული ნაბიჯია! ეკლესიასთან მოგებული პოზიცია დროებითია და სულის წაწყმედის ტოლფასია. ის, ვინც ფიქრობს, რომ დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიასთან გამარჯვებულია – ცდება! სახელმწიფო კანონით მოქმედებს, მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი სულიერების ზეიმია და, უფლის მადლით, ასე იქნება მუდამ…“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ათობით ობიექტს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე, ვადი სალუკის რაიონში „ჰეზბოლას“ ობიექტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო დაბომბვის დიდი ტალღა განახორციელა.

თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა და საარტილერიო დანაყოფებმა „ჰეზბოლას“ ათობით ობიექტს დაარტყეს, მათ შორის სადამკვირვებლო პუნქტებს, სამხედრო შენობებსა და სხვა ინფრასტრუქტურას.

ისრაელი ირწმუნება, რომ „ჰეზბოლა“ ვადი სალუკის ტერიტორიას ტერორისტული მიზნებისთვის იყენებს და ტყის ზონაში ათობით პოზიცია აქვს დამალული.

ისრაელმა „ჰეზბოლას“ იმ ფონზე დაარტყა, როდესაც დაჯგუფება ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს ახორციელებს.

“როგორც ჩანს, ხაზარაძე ძალიან ხელმოჭერილად ხარჯავს ფულს „ლელოს“ მიღმა, ასეთი სიწუწკით არაფერი გამოვა” – იაგო ხვიჩია

მთავარი კითხვა არის ის, „ნაცმოძრაობა“, რომელიც არჩევნებზე წითელი ხუთიანით გამოდის, არის თუ არა საერთოდ ოპოზიციური პარტია. ეჭვი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ხელში აქვს ჩაგდებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„შესაბამისად, რაც იქ ხდება „ნაცების“ სახელით, ეს ყველაფერი „ქართული ოცნებიდან“ იმართება. ამას ვინმე თუ აპროტესტებს და ამბობს, რომ ნაღდი „ნაცი“ ვარ და სხვები მოისყიდესო, ჩემთვის ეს ლოგიკური არგუმენტი გასაგები იქნებოდა, რადგან ასეთი ეჭვები მეც მაქვს. თუ ამბობ, რომ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციურია და ახალ ნეონაცურ გაერთიანებას ქმნი, რომელიც საარჩევნო ბარიერს ან გადალახავს, ან არა, ამას ვერ მივესალმები და „ნაცმოძრაობის“ ყველა ყოფილ ლიდერს მოვუწოდებდი, იმისთვის იბრძოლონ, რომ ეს პარტია ოპოზიციური იყოს და „ქართულ ოცნებას“ ხელში ნუ ჩაუგდებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ წევრმა „ლელოსა“ და პარტიაზე „საქართველოსთვისაც“ ისაუბრა.

„„ლელოს“ ერთადერთი სწორი გზაა ის, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ფული გადაუხადოს და პოლიტიკიდან ღირსეულად გავიდეს. რაც შეეხება გახარიას, ჩემი საქმე არ არის, რა კამპანია ექნება, მაგრამ საკრებულოებში თანამშრომლობა ჰქონდათ და მაგ დროს ასეთი პროტესტი არ ყოფილა, რაც არათანმიმდევრულობაზე კითხვებს დამასმევინებს. მგონი, გახარიას პარტია უნიკალურია იმით, რომ მათთვის ნებისმიერ პარტიასთან თანამშრომლობა წითელი ხაზია და „ნაცებთან“ თანამშრომლობას გამორიცხავენ, მაგრამ რეგიონებში მათი თანამშრომლობა ვნახეთ. ხაზარაძემ თქვა, „შუა უნდა შეიკრიბოსო“ და შუა თავისთვის ხომ არ შეიკრიბება, თუ ფულს არ გადაუხდი? როგორც ჩანს, ხაზარაძე ძალიან ხელმოჭერილად ხარჯავს ფულს „ლელოს“ მიღმა და ასეთი სიწუწკით არაფერი გამოვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და ჩვენს იდენტობას”

რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიის და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და იდენტობას.

„ეს არ არის ახალი. ჩვენ ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ამ ადამიანების, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიის და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა. ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი და მთავარი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ამას, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს და აუცილებლად დაუპირისპირდება. მორიგი განაჩენი დადგება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და ჩვენს იდენტობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ახლა არ არის კონფლიქტებისა და პოლარიზაციის დრო, ახლა ნდობის აღდგენის დროა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ახლა არ არის კონფლიქტებისა და პოლარიზაციის დრო, ახლა ნდობის აღდგენის დროა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა, როგორც არასდროს, გლობალური თამამშრომლობის განვითარების დროა, რასაც სჭირდება ქმედითი, გლობალური გამოწვევების თანაზომიერი პასუხები.

„მჯერა, ამის გაკეთება შესაძლებელია. ყოველთვის იქნება მცდელობა, გზიდან გადაგვიყვანონ, მაგალითად, მცდარი ინფორმაციით. ეს კარგად ჩანს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ნება მომეცით, მოგაწოდოთ რეალური ინფორმაცია: რუსეთი მარცხდება სტრატეგიულ მიზნებში. პირველ რიგში, სამხედრო თვალსაზრისით. არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ბევრი ფიქრობდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა, მთელი ქვეყანა კი – რამდენიმე კვირაში. ეს ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად, რუსეთმა დაკარგა თავისი სამხედრო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი. უკრაინამ რუსეთი განდევნა დაკავებული ტერიტორიების ნახევრიდან; უკრაინამ უკან დახია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და გახსნა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი კორიდორი, რომ მსოფლიოს მარცვლეული მიეღო; და უკრაინამ განამყარა საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რუსეთი მარცხს ეკონომიკურადაც განიცდის. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებისგან დააშორა. რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული.

დაბოლოს, რუსეთი დიპლომატიურადაც მარცხდება. ფინეთი ნატო-ს შეუერთდა, ამ გზას მალე შვედეთიც გაიმეორებს, უკრაინა კი ევროინტეგრაციის გზაზე ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ომში უკრაინას გამარჯვება შეუძლია, თუმცა უკრაინას სჭირდება დაფინანსება, მათ შეიარაღება სჭირდებათ. მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, რათა რუსეთის მომავალი თავდასხმები მოიგერიონ. მათ ასევე სჭირდებათ იმედი. უნდა იცოდნენ, რომ ტანჯვის შემდეგ საკუთარი შვილებისთვის უკეთეს მომავალს შექმნიან. უკრაინის უკეთესი მომავალი კი ევროპაა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„ქართული ოცნება“ და შალვა პაპუაშვილი მუდმივად მანიპულირებენ ეკლესიის და რელიგიის თემით”

ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაა, როცა გელათის რეაბილიტაცია პრაქტიკულად ჩავარდნილია, ის, რაც ხდება ჯვრის მონასტერში, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებთან მიმართებით და ის, რაც ხდება ეპისკოპოსების და მღვდელმსახურების მოსმენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციას ეკლესიასთან ბრძოლაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” და შალვა პაპუაშვილი მუდმივად მანიპულირებენ ეკლესიის და რელიგიის თემით.

“საზოგადოებამ კარგად იცის, რა დამოკიდებულება აქვს “ქართულ ოცნებას” ეკლესიის მიმართ. მათი მმართველობის პერიოდში ეპისკოპოსებს და სხვა მღვდელმსახურებს რომ უსმენენ, მათი ცხოვრების ფარული კადრები და ჩანაწერები რომ არსებობს და გამოქვეყნებულია სწორედ მათი ხელისუფლების დროს, ის რა დღეშიც არის გელათი, ჯვრის მონასტერი, როგორ ექცევიან კულტურული მემკვიდრეობის პროექტებს, ამის ნათელი დადასტურებაა. ამიტომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადებაც ეკლესიის თემით მორიგი მანიპულაციაა და ამომრჩევლის მოსატყუებლად,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.

“სტალინისა და მატრონას შესახებ ისტორია ხელისუფლების მიერ არის მოფიქრებული” – იაგო ხვიჩია

სტალინისა და მატრონას შესახებ ისტორია ხელისუფლების მიერ არის მოფიქრებული. იმის გამო, რომ ამას სათანადო რეაქცია არ მოჰყვა, ახლა თემა ისევ შემოაბრუნეს და თავად გახდნენ მატრონას ჭირისუფლები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ეკლესიის წინააღმდეგ მთავარი მებრძოლი ხელისუფლებაა, რომელიც სასულიერო პირებზე ჯერ კრებსებს აგროვებს, შემდეგ მათ აშანტაჟებს“.

„რაღაცნაირად მთელ ქვეყანას ანერვიულებენ და საკუთარ მოქალაქეებს რეპრესიებით ემუქრებიან იმის გამო, რომ მატრონასა და სტალინის სიწმინდე არ შელახონ. როგორ შეიძლება, აქ, ხელისუფლების პრობლემის გარდა, მორწმუნეთა პრობლემა დაინახო? მგონია, რომ ეს ამბავი არავის ემახსოვრებოდა, ეს კამპანია ხელისუფლებას რომ არ დაეგეგმა. ეკლესიის წინააღმდეგ მთავარი მებრძოლი ხელისუფლებაა, რომელიც სასულიერო პირებზე ჯერ კრებსებს აგროვებს, შემდეგ მათ აშანტაჟებს, ამას აქვეყნებს და ასეთი შანტაჟით ჯიბეში სამღვდელოების ნაწილი უზის. ამაზე დიდი რეპრესია რა უნდა იყოს? ვიღაცამ მატრონას ხატს რომ საღებავი შეასხა, ეს ბევრად ნაკლები ბრძოლაა და არ გამოვრიცხავ, რომ ესეც ხელისუფლებასთან ყოფილიყო შეთანხმებული“, – განაცხადა ხვიჩიამ.