Home Blog Page 1775

“პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებამდე არ უნდა გაუთავისუფლოს თანამდებობა „ქართულ ოცნებას“ – გიორგი ვაშაძე

პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებამდე არ უნდა გაუთავისუფლოს თანამდებობა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, რომ ქოც-ხმოსნებით 5 წლით აირჩიონ კიდევ პრეზიდენტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებში ვისაც მანდატს მისცემს ხალხი, მათ უნდა აირჩიონ აპოლიტიკური პრეზიდენტი.

„საპარლამენტო არჩევნები იმიტომაა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ვისაც მანდატს მისცემს ხალხი, მათ აირჩიონ უკვე აპოლიტიკური პრეზიდენტი შემდეგი 5 წლის ვადით. პრეზიდენტს თუ მართლა უნდა, რომ ფუნქცია შეასრულოს, შეეცადოს, მეტნაკლებად მაინც გაჯანსაღებული იყოს საარჩევნო გარემო. აქ ვხედავ მე პრეზიდენტის როლს. დანარჩენი უკვე სხვა საკითხია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს და ამისთვის ახლა მიზეზს წინასწარ იგონებს” – ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს და ამისთვის ახლა მიზეზს წინასწარ იგონებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უცხოურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება გარკვეულწილად თვალთმაქცურია, რადგან დიდი ხანია, ის საკმაოდ ხისტად საუბრობს, ხშირ შემთხვევაში, ყალბად, რომ საქართველო ევროპულ მომავალს ასცდა და მისი ხელისუფლება არასწორად მოქმედებს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს. მის პოლიტიკაში ჩართვას კი წინ უნდა უსწრებდეს რაღაც მიზეზი. ახლა ამ მიზეზს წინასწარ იგონებს.

ხელისუფლებას ევროპულ კურსთან არანაირი აცდენა არ აქვს. აქედან გამომდინარე, თითიდან გამოწოვილი კონცეფციაა, თითქოს საგარეო კურსს ვინმე ცვლის. საკუთარი ქვეყნის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების გარეშე საკუთარ პოზიციებს ვერ აფიქსირებს. გაიხსენეთ მისი განცხადებები, რომლებიც 26 მაისს და პარლამენტში გააკეთა. მისი განცხადებები აზიანებს არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას. ეს არის მისი პოლიტიკური პორტრეტი და ამ პორტრეტით უნდა გამოსვლა ისე, რომ წარმატებას მიაღწიოს და ცდილობს, საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც ევროინტეგრაციის საკითხთა ლიდერი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წაიწევს წინ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში. „დარჩენილი დრო არჩევნებამდე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ვაჩვენოთ, რომ ვასრულებთ იმ ავანსს, რომელიც საქართველოს მისცეს. მე თუ დავინახავ, რომ ამ ამოცანების შესრულება სხვა ფორმატს მოითხოვს, მაშინ ვნახოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 დეკემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6745 ლარი ეღირება, ევრო – 2.8815 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3458 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6734 ლარი ღირდა, ევრო – 2.8886 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3626 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 დეკემბერს ამოქმედდება.

“არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს”

არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი რეგულაცია მიმართულია იქითკენ, რომ კონსტიტუცია, კანონმდებლობა იყოს დაცული და საბაკო სისტემის მხრიდან ეფექტურად მოხდეს საერთაშორისო ვალდებულების აღსრულება.

„ნუ ეცდებით კონკრეტული სახელის და გვარის დარქმევას, მიწებებას ჩვენი რომელიმე გადაწყვეტილებებისთვის, მით უფრო, რომ დღესდღეობით საერთოდ არარელევანტურია ეს საკითხი. კონკრეტულ სახელებს და გვარებს იმიტომ არ ვახსენებ, რომ არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, არარეზიდენტებთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი არის საჯარო და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს.

„კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ საერთაშორისო ვალდებულებებს. საბანკო სისტემა ერთგულია სანქციების დაცვის პრინციპისადმი. ჩვენ სანქციების არიდებას ჩვენს სივრცეში არ დავუშვებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროსთან ინტერვიუში გააკეთა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ზურაბიშვილი ასე პასუხობს: „ახლა მე პრეზიდენტი ვარ და ჩემი მანდატი სრულდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახალი პარლამენტი კი აირჩევს ახალ პრეზიდენტს, რადგანაც ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ხალხმა აირჩია. ჩემი გეგმაა, თუ შეიძლება ამას გეგმა უწოდოს, მივიყვანო ჩემი მანდატი დასასრულამდე და შევასრულო ჩემი როლი. პრეზიდენტი უნდა შეეცადოს, მიაღწიოს კონსენსუსს ქვეყანაში, რომელიც ღრმად პოლარიზებულია. ცხადია, ეს არ არის იოლი ამოცანა საარჩევნო წელს. არჩევნები სავარაუდოდ გახდება ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის მიზეზი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ცდილობენ ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას“.

მისივე თქმით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წაიწევს წინ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში.

„დარჩენილი დრო არჩევნებამდე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ვაჩვენოთ, რომ ვასრულებთ იმ ავანსს, რომელიც საქართველოს მისცეს. მე თუ დავინახავ, რომ ამ ამოცანების შესრულება სხვა ფორმატს მოითხოვს, მაშინ ვნახოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს შესაძლებლობას, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს წარმატებისთვის მან პარტიის შექმნა განიხილოს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ზურაბიშვილი ასე პასუხობს: „თუ ფსონზე დევს საქართველოს ევროპული მომავალი, მე განვიხილავდი ნებისმიერ რამეს“.

“გადაწყვეტილებების დროა, მოგიწოდებთ ყველას, მოდით სამიტზე კომპრომისის სულისკვეთებით” – შარლ მიშელი

გადაწყვეტილებების მიღების დროა, მოგიწოდებთ ყველას, მოდით სამიტზე კომპრომისის სულისკვეთებით, კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობით, წინ დააყენეთ ევროკავშირის ინტერესები და ღირებულებები, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წერილში, რომელიც მან ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს სამიტზე მისაწვევად გაუგზავნა.

„ჩვენს წინ გველოდება ევროპული საბჭოს გადამწყვეტი სხდომა. გადაწყვეტილებების მიღების დროა. მოგიწოდებთ ყველას, მოდით კომპრომისის სულისკვეთებით, კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობით, წინ დააყენეთ ევროკავშირის ინტერესები და ღირებულებები. მოუთმენლად ველოდები ბრიუსელში თქვენს ნახვას“, – აღნიშნულია შარლ მიშელის წერილში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი უნდა შეთანხმდეს უკრაინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე და მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წევრობის სხვა პრეტენდენტებისთვის.

​„2022 წლის 21 თებერვალი ევროპის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იყო. ჩვენს კონტინენტზე ომის დაწყების შემდეგ ჩვენ მივიღეთ რამდენიმე უპრეცედენტო გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად და, პარალელურად, ევროპის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. 19 თვის შემდეგ ჩვენ კვლავ ვდგავართ თამამი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროების წინაშე. ეს საჭიროებს ჩვენს კოლექტიურ სიძლიერეს და სიმტკიცეს, ასევე სწორი არჩევანის გაკეთების გამბედაობას. ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები უკრაინის წინაშე, გავაგრძელოთ სანდო და ძლიერ პარტნიორად ყოფნა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მდგრადი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა და, კერძოდ, შევათანხმოთ 50 მილიარდი ევროს გამოყოფა მისი გრძელვადიანი სტაბილურობისთვის. ჩვენ ასევე უნდა შევთანხმდეთ უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებაზე და ამით გავგზავნოთ აუცილებელი სიგნალი, რომ დავაახლოოთ ის უფრო მეტად ევროპულ ოჯახთან. ჩვენ ასევე უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წევრობის სხვა პრეტენდენტებისთვის. ამავე დროს, ვიმუშაოთ, რათა ჩვენი კავშირი იყოს მზად მომავლისთვის და ახალი წევრების მისაღებად“, – ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.

შარლ მიშელის ცნობით, სამიტზე დღის წესრიგში იქნება ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.

“მოხარული ვართ, რომ ჩვენი კანონპროექტი დემოკრატიას ევროპაში დაიცავს” – გურამ მაჭარაშვილი

ჩვენ მიერ პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტს ახლა ევროპარლამენტში იღებენ და მას „დემოკრატიის დაცვა“ დაარქვეს. მოხარული ვართ, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დემოკრატიას ევროპაში დაიცავს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საუბარია არა რუსულ კანონზე, არამედ ფინანსური გამჭვირვალობის კანონზე და ასე იქნება ევროპაში.

„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდები ყიჟინას და „მოლოტოვის კოქტეილებს“, რათა არ დაუშვან, რომ ევროპარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი მიიღოს. ევროპარლამენტს უწევს მტკიცება, რომ „რუსულ კანონს“ არ იღებს. ვეთანხმებით, რომ რუსული კანონი არ არის, მაგრამ ოპოზიცია არ ეთანხმება. ეს კანონი არის ფინანსური გამჭვირვალობის კანონი და ასე იქნება ევროპაში. დაე, ევროპამაც ისარგებლოს იმით, რაც კანონპროექტით უკვე ისარგებლა საქართველომ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროკომისიამ გუშინ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს. ევროკომისიის „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ ითვალისწინებს იმ სუბიექტთა რეგისტრაციას, რომელთა საქმიანობა უკავშირდება მესამე ქვეყანას, აგრეთვე წლიური შემოსავლისა და დაინტერესებული ქვეყნების გასაჯაროებას.

“ეჭვი არ მეპარება, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” – ალეკო ელისაშვილი

ეჭვი არ მეპარება, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, სტატუსს საქართველო და ქართველი ერი მიიღებს.

„„ქართული ოცნება“ ფეოლასავით იყო, როცა ფილმში ფეოლას არ უნდოდა, მის გუნდს მოეგო, მაგრამ მათ მაინც მოიგეს. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო – ევროპელებმა ქართველი ერის ევროპული სულისკვეთება დაინახეს, ასევე მნიშვნელოვანი იყო გეოპოლიტიკური მოცემულობა. ევროკავშირში კარგად ხვდებიან, რომ სტატუსს თუ არ მოგვცემენ და მაჩანჩალა ქვეყნად გვაქცევენ, ეს იქნება მწვანე შუქი, რომ რუსეთმა საბოლოოდ გადაგვყლაპოს. დღე არ გავა, ადამიანი არ მოგვიკლან და ქვეყანა არ დაამცირონ. საგნობრივი დისკუსია არ არის და არის ერთმანეთის ლანძღვა. ბოლო პერიოდში იმის გამო მლანძღავენ, რატომ არ ილანძღებიო. შორიდან თუ შეხედავ, ქართული პოლიტიკა გულის ამრევია, რადგან ზიზღზე დგას – ერთი ციდა ქვეყანა ვართ, ხუთი კაცი დავბორიალობთ, იქიდან სამი პოლიტიკაში ვართ და ერთმანეთს ვლანძღავთ, ნაცვლად იმისა, რომ რეალურ საკითხებზე ვსაუბრობდეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“მათ „დასახვრეტ სიებში” ისედაც შეტანილები ვართ” – დავით ქართველიშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე

ნაც-ყასბებისა და ჯალათების ბინძური ბაგეებიდან ჩვენი პირებიდან ენის ამოჭრის მუქარას რომ ვისმენ, ამ პოლიტიკური სასაკლაოს მესვეურების მხრიდან რატომღაც საერთოდ აღარაფერი მიკვირს. მათ „დასახვრეტ სიებში” ისედაც შეტანილები ვართ, უბრალოდ, როგორც ჩანს – ჩვენი ნაწილ-ნაწილ დანაწევრება მათ სხვა, „ფროიდისეულ” სიამოვნებას ანიჭებს, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი,„სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ ენა უნდა ამოაჭრა „ქართული ოცნების“ ლიდერებს.

ქართველიშვილი ციხის დოკუმენტურ მასალებს იხსენებს და ამას ნაცების „პოლიტიკურ პათოლოგიურ ანატომიას” უწოდებს.

„პოლიტიკური ტრანსპლანტოლოგია. ამ “საინტერესო” დარგში თამამი ექსპერიმენტები ყველას გვახსოვს. ნეო-ალქიმიკოსების დონეზე ჩატარებული ცდებიც. ყველაფერი ეს და უფრო მეტიც ახასიათებდა და ახასიათებს ქართველ ლიბერალ-ფაშისტებს – ნაცებს. როდესაც ქალაქში დადიოდა ხმები, რომ ნაცების ერთ-ერთ სარფიან ბიზნესად – ადამიანური ორგანოებით ვაჭრობა იყო, პირადად მე არა მჯეროდა, რადგანაც სხეულების ქირურგიული კვეთის დროს ხელში „სანთელი არ მეკავა”. ამიტომაც ამ თემას არასდროს ვეხებოდი. სამაგიეროდ კარგად მახსოვს დღევანდელი „ნაც-ყასაბის”, დუმბაძის მანიაკური დანაპირები – კიდურების ამპუტაციის თაობაზე. მართალია – ეს მის დღევანდელ თანაპარტიელებს ეხებოდა, მაგრამ რა მნიშვნელობაა. ფულისგან განსხვავებით – ყველა სისხლს ერთი და იგივე სუნი აქვს. შემდეგ გავეცანი დოკუმენტურ მასალებს, ციხის პროზექტურაში გარდაცვლილებზე „სკოჩით” დაბმული ცოცხალი პატიმრების წამებაზე – ასე გაიხსნა ჩემთვის ნაცების „პოლიტიკური პათოლოგიური ანატომიის” არსი. შემდეგ საკუთარი თვალით ვნახე უდანაშაულო მამაკაცების „გაქათმების” პროცესის ამსახველი ვიდეოკადრები, ალბათ ასევე, „პოლიტიკური მედიცინის” ფარგლებში ჩატარებული. ამიტომ, ნაც-ყასბებისა და ჯალათების ბინძური ბაგეებიდან ჩვენი პირებიდან ენის ამოჭრის მუქარას რომ ვისმენ, ამ პოლიტიკური სასაკლაოს მესვეურების მხრიდან რატომღაც საერთოდ აღარაფერი მიკვირს. მათ „დასახვრეტ სიებში” ისედაც შეტანილები ვართ, უბრალოდ, როგორც ჩანს – ჩვენი ნაწილ-ნაწილ დანაწევრება მათ სხვა, „ფროიდისეულ” სიამოვნებას ანიჭებს“, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ნათია თურნავამ პარლამენტს ეროვნული ბანკის 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, პროექტში მოცემულია სამი ძირითადი მიმართულება – ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.

როგორც თავის გამოსვლაში ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.

„დაბალი ინფლაცია მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე შემცირებული ინფლაციური მოლოდინებისა და ადგილობრივი ინფლაციის კლების შედეგია. ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ლარის კურსის გამყარებამ, საგარეო შოკების ეფექტების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმპორტული ინფლაციის კლებას და მთლიანი ინფლაციის შემცირება განაპირობა. უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის შემცირების პროცესში დადებითი წვლილი შეიტანა მთავრობის ფისკალური კონსოლიდაციისკენ მიმართულმა პოლიტიკამ და ცალკეულ სასაქონლო ბაზრებზე კონკურენციის გაძლიერებისკენ მიმართულმა ღონისძიებებმა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი ინფლაცია 0.1 პროცენტს, ხოლო საბაზო ინფლაცია, 1.8 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2023 წლის ბოლომდე ინფლაცია სამიზნე, 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკრედიტო აქტივობის მშპ-თან ფარდობა ტრენდზე დაბალია.

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, 2018 წლიდან მოყოლებული ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია, რაც ჩვენთვის გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს. ინფლაციის მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებელი საშუალოვადიანი ინდიკატორია. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის ამ მაჩვენებლისკენ იმოძრავებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი ითვალისწინებს საბაზო სცენართან დაკავშირებულ რისკებსაც და პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ზომიერი ბიჯებით განაგრძობს. შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეს 7%-ს ეტაპობრივად დაუახლოვდება.

მოხსენების წარდგენისას ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ფულად ბაზარზე მიზნობრივი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან მაქსიმალურად დაახლოებული, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მიღწევის მნიშვნელობასა და გზებზე.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის რეალურ ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერისთვის მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე აისახოს. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ბოლო პერიოდში გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო.

შეგახსენებთ, ჯამურად მაისიდან მოყოლებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ნოემბრის მდგომარეობით 10 პროცენტს შეადგენს.

„იქიდან გამომდინარე, რომ წელს ინფლაცია დაბალია და საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენი მოლოდინით, მიზნობრივ 3 პროცენტთან ახლოს იქნება, სხვა თანაბარ პირობებში დამატებითი ინსტრუმენტებით საკრედიტო აქტივობის მოთოკვის საჭიროება აღარ დგას. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკრედიტო აქტივობის მშპ-თან ფარდობა ტრენდზე დაბალია. სწორედ ამიტომ, სამომხმარებლო სესხების ვადიანობა კვლავ 4 წლამდე გავზარდეთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ თავის გამოსვლას საქართველოს სავალუტო რეზერვების ისტორიულ მაქსიმუმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას.

„მიმდინარე წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე და ადეკვატური დონის ფარგლებშია. ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.1 მლრდ დოლარს გაუტოლდა. სავალუტო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება გვეხმარება ქვეყნის სუვერენული რისკის მინიმიზაციაში, რაც პოზიტიური ფაქტორია ინვესტიციებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. სწორედ ამ მიზნით, იმისათვის, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, ჭარბი მერყეობა შერბილდეს და საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ადეკვატური დონის ფარგლებში შენარჩუნდეს, 2023 წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ყველა ინტერვენციის გათვალისწინებით, საერთაშორისო რეზერვები 5.1 მლრდ. დოლარს გაუტოლდა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი პასუხით რუსეთი ისარგებლებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი პასუხით „რუსეთი ისარგებლებს, საქართველოს ნაცრისფერ ზონად ჩათვლის და ამას პროპაგანდისთვის გამოიყენებს”.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჩეხეთში ვიზიტის დროს „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე რა შედეგი ექნება ევროპულის საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი პასუხს, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს ძალიან ცუდი იქნება.

„ძალიან ცუდი. ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე. ეს საზოგადოებაში ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, განსაკუთრებით ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ. ვფიქრობ, ახლა ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ პასუხი აუცილებლად დადებითი იქნება. მაგრამ ვფიქრობ არაფერი შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად, სანამ ის არ გაკეთდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თიბისის მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია GITI ჩატარდა

თიბისის მხარდაჭერით, 11-12 დეკემბერს საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. კონფერენციის მიზანია, საქართველოში მნიშვნელოვანი IT პროექტები წარმოაჩინოს, რაშიც არა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეები იგულისხმება, არამედ რეალური ცვლილებების შესახებ საუბარია.

მთლიანობაში, ღონისძიებამ გააერთიანა კონფერენცია, სადაც სხვადასხვა მიღწევებზე პრეზენტაციების მეშვეობით ისაუბრეს, საგამოფენო სივრცე, სადაც კომპანიები და ორგანიზაციებმა თავიანთი პროდუქტები, საინფორმაციო მასალები წარმოადგინეს — შესაბამისად, დამსწრე აუდიტორიას საშუალება მისცეს უფრო დეტალურად გაეგოთ ინოვაციების შესახებ.

წელს თიბისიმ მსმენელებს კიდევ უფრო განსხვავებული გამოცდილების მიღების საშუალება მისცა. კონფერენციაზე საკუთარი გამოცდილება Thoughworks-ის წარმომადგენელმა გააზიარა. Thoughtworks-ი საერთაშორისო ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც  ახალი ტექ გადაწყვეტებით ორგანიზაციებში ცვლის არსებულ ხედვებს, პროცესებს ტექ პროდუქტის შექმნისას და ამკვიდრებს ისეთ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მომტანია.

 „თიბისი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ კომუნის დიდი მხარდამჭერია, რიგი ციფრული ტრანსფორმაციების ფონზე კი, ღონისძიების მთავარი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამავდროულად, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლადაც მზად ვართ — გვსურს, კომპანიებს მაქსიმალურად მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცოდნა სათავისოდ გამოიყენონ.”- ეკა სანაძე, თიბისის გამოწერის ბიზნესის მიმართულების კაპიტანი.

GITI კონფერენცია ICT და IT ინოვაციების სფეროში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ტრადიციულად 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. 

 თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, სადაც საერთაშორისო მოთამაშეებთან თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება მომხმარებელს ყოველდღიურ პროცესებს გაუმარტივებს.

 

R