Home Blog Page 1775

“ვაგნერის” მებრძოლების უმეტესობა ბელარუსში არ გადასულა” – იენს სტოლტენბერგი

„ვაგნერის“ მებრძოლების უმეტესობა ბელარუსში არ გადასულა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ ძალები კვლავ აქტიურობენ აფრიკაში და უკრაინის ფრონტის ხაზისგან მოშორებით, ბელარუსში კი მხოლოდ რამდენიმე ჩავიდა.

„ჩვენ ვნახეთ გარკვეული მზადება „ვაგნერის“ ძალების მასპინძლობისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არ გვინახავს მათი ჩასვლა. ყურადღებით ვაკვირდებით ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

უკრაინის კონტრშეტევის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღიარა, რომ არის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რასაც კიევის ძალები ბრძოლის ველზე აწყდებიან.

„უკრაინელებმა მიაღწიეს პროგრესს, მაგრამ ძალიან მძიმე ბრძოლებში არიან. ისინი აწყდებიან ძალიან დიდ წინააღმდეგობას და, რა თქმა უნდა, ამან გავლენა მოახდინა პროგრესის ტემპზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილას მეგობრებისგან სასიხარულო სიახლეებს შეიტყობთ, რომლებსაც დიდი ხანია ელით. სწორედ მათი დამსახურებით მთელი დღე მხიარულად ჩაივლის. სამსახურში მცირე გაუგებრობაა მოსალოდნელი, თუმცა საკუთარი პოზიციის დაცვას და ავტორიტეტის შენარჩუნებას შეძლებთ.

კურო

ახალი საქმის დაწყებამდე ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. ახალმა გარემოებებმა შეიძლება გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. თუ ხვდებით, რომ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება უნდა ითხოვოთ.

ტყუპები

ვარსკვლავების დახმარებით რთულ ამოცანებსაც თავს ადვილად ართმევთ, მაგრამ თქვენი დიდი ხნის ოცნების ასრულებისთვის მეტი ძალისხმევა გჭირდებათ. კოლეგების მხარდაჭერას მოიპოვებთ, რაც ლიდერის პოზიციებს გაგიძლიერებთ.

კირჩხიბი

დღეს ყველაზე მეტად ბასრ საგნებთან ურთიერთობას უნდა მოერიდოთ. მოსალოდნელია ტრავმა, რომელიც ხანგრძლივ აღდგენას მოითხოვს. საშუალება გექნებათ ძველი მეგობრის ერთგულებაში დარწმუნდეთ. ყველაზე სასიხარულოა, რომ ამ მეგობრობამ დროს და განსაცდელს გაუძლო.

ლომი

ამ დღეს თქვენი ემოციური ფონი არასტაბილურია – უმიზეზო სევდა და მხიარულება ერთმანეთს ცვლის. გარშემო მყოფებისგან თანაგრძნობას ნუ ელით – მათ თქვენი შეშფოთების მიზეზი არ ესმით. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, სადაც თავს უსიამოვნოდ და მარტოსულად გრძნობთ. დღის მეორე ნახევარი უმჯობესია სახლში, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

ქალწული

საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, აუცილებლად წარმატებით დასრულდება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. თქვენი შრომისმოყვარეობა და კრეატიულობა კარიერულ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ბიზნესპარტნიორებთან დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები იმედის მომცემი იქნება და ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.

სასწორი

წვრილმან პრობლემებზე ნუ იდარდებთ, ეს დროებითი უსიამოვნებებია და რამდენიმე დღის შემდეგ აღარ გემახსოვრებათ. ამ დღეს მთელი ყურადღება საზოგადოებრივ საქმეებზე და ქველმოქმედებაზე უნდა გადაიტანოთ. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას – მოსალოდნელია თავის ტკივილი ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

მორიელი

ამ დღეს თქვენი ოპტიმიზმი ბევრისთვის იმედის მიმცემი იქნება. ასე გააგრძელეთ. ამ დღეს პრობლემები ცოტა ხნით უნდა დაივიწყოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც კმაყოფილებას განიჭებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს პროფესიის შეცვლის პერსპექტივას დაინახავთ. სიახლეებს აქტიურად ითვისებთ, ექსპერიმენტებს ატარებთ და სირთულეების არ გეშინიათ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

თხის რქა

ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარ სიმართლეში ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოთ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობის უამრავი ფანჯარა გაიღება, მაგრამ გირჩევთ, ყველა შეთავაზებით ერთდროულად არ ისარგებლოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

მერწყული

ნუ ენდობით ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ, რადგან შეიძლება ცილისწამების ან ღალატის მსხვერპლად იქცეთ. პრიორიტეტების სწორი განსაზღვრა დაგეხმარებათ, რომ თქვენი ავტორიტეტი არ დაზარალდეს. გირჩევთ, ხმაურიანი წვეულებები და გართობა ცოტა ხნით დაივიწყოთ და საღამო მშვიდად და აუღელვებლად გაატაროთ.

თევზები

ამ დღეს ყურადღება მხოლოდ იმ პრობლემებზე გაამახვილეთ, რომლებსაც გაუმკლავდებით, სხვა დანარჩენი კი უბრალოდ დაივიწყეთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით და ეცადეთ, თქვენი ქცევა და განწყობა წონასწორობისა და სიმშვიდის მაჩვენებელი იყოს.

სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი თურქეთის ეროვნული ზარაფხანის მიერ მოჭრილი საიუბილეო მედალიონით დაჯილდოვდა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე თურქეთის ეროვნული ზარაფხანის მიერ მოჭრილი საიუბილეო მედალიონით დაჯილდოვდა.

“2023 წლის 5 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო ანკარიდან.

კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ გიორგი ჯანჯღავას გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ხონელიძე დაჯილდოებულია საქართველოს საელჩოს დაკვეთით თურქეთის ეროვნული ზარაფხანის მიერ მოჭრილი საიუბილეო მედალიონით.

აღსანიშნავია, რომ ამ მედალიონის იდეა ეკუთვნის თავად ბატონ გ. ჯანჯღავას. სულ მოიჭრა 30 ერთეული და ამ დროისთვის, ბატონი ელჩის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, ეს ჯილდო ოფიციალურად გადაეცა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება რეჯებ თაიპ ერდოღანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, თურქეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ მეჰმეთ ჩავუშოღლუს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს და ორი ქვეყნის სხვა უმაღლესი რანგის სახელმწიფო პირებს.

მედალიონის რამდენიმე ეგზემპლარი უკვე ინახება თურქეთისა და საქართველოს დიპლომატიურ მუზეუმებში.

ჯილდოს გადაცემის ოფიციალური პროცედურა თურქეთის რესპუბლიკაში შედგება.

 

მადლობას მოვახსენებთ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ბატონ გიორგი ჯანჯღავას და ჩვენს დიპლომატიურ მისიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივ მხარდაჭერისა და თანადგომის გამო. როგორც ცნობილია, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქართულ-თურქული ურთიერთობების კვლევა და წლებია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით, წარმატებით ფუნქციონირებს „თურქოლოგიის“ საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა”- ნათქვამია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

“პირდაპირ საუბრობდა უკრაინის ხელისუფლება იმასთან დაკავშირებით, რა უნდათ საქართველოსგან”- კობახიძე

უკრაინის ხელისუფლების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ცხადია, თვითონ ღიად საუბრობდნენ თავის დროზე, რა სურთ საქართველოსგან და ამისთვის მადლობა ეკუთვნის უკრაინის ხელისუფლებას, რადგან არიან ძალები, რომლებსაც იგივე სურთ საქართველოსგან, მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მადლობა უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც გულახდილია. პირდაპირ საუბრობდა უკრაინის ხელისუფლება იმასთან დაკავშირებით, რა უნდათ საქართველოსგან. მაგალითად, უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი, ასევე ზელენსკის მთავარი მრჩეველი პოდოლიაკი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. რა თქმა უნდა, ყველა მათი ნაბიჯი უკავშირდება ამ ინტერესს, არ მალავენ. გახსოვთ, ელჩის გაწვევა საქართველოდან. ბელარუსიდან არ ჰყავდათ ელჩი გაწვეული, მაშინ როდესაც მთავარი შეტევა განხორციელდა ბელარუსიდან კიევზე. ელჩი გაიწვიეს საქართველოდან და არ გაუწვევიათ ბელარუსიდან, ვინმეს დღემდე მოუსმენია ამის რაიმე დასაბუთება? მაშინ იყო მძიმე ემოციური ფონი და გათვლა იყო იმაზე, რომ ამ ფონზე ზელენსკის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში გამოიწვევდა მღელვარებას, არეულობას, ხელისუფლების შეცვლას. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ისინი პირდაპირ გახსნიდნენ მეორე ფრონტს“, – განაცხადა კობახიძემ.

“უკრაინა ჩემი პატარა “ქალიშვილი ჟასმინია, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია”-სააკაშვილი

რა არის ჩემთვის უკრაინა? ეს ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩემთვის საქართველოს გადარჩენა უკრაინის გარეშე ყოველთვის წარმოუდგენელი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს ავტობიოგრაფიულ წერილში – „მე და უკრაინა“, რომელიც „უკრაინსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა.

„უკრაინა ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე. ახლა უკრაინულად უფრო კარგად ვლაპარაკობ, ვიდრე რუსულად. უკრაინა ჩემი სახლია კიევში, პატარა მიწის ნაკვეთი – მირგოროდში. უკრაინა ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია – ქალაქი ოდესა. უკრაინაში ჩემი მეგობრების უმეტესი ნაწილია, ამ ბოლო დროს უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილი ჟასმინია, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია.

ჩემთვის საქართველოს გადარჩენა და წარმატება ყოველთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინის გარეშე, ახლა კი საუბარია ევროპის კონტინენტის გადარჩენაზე და ჩემს გადარჩენაზე, პუტინის ოლიგარქიული ციხიდან გადარჩენაზე“, – წერია სააკაშვილის წერილში.

“საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის დახმარებას”- უკრაინაში საქართველოს ელჩი

გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენი პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება, საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის მხარეს განემარტა საქართველოს პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს.

„მე ცხადია დავეთანხმე, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არაერთხელ საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღინიშნა, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს კომუნიკაციისთვის, მათ შორის. აღინიშნა ასევე, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის ყველა საერთაშორისო მოედანზე. საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის დახმარებას“, – განაცხადა ელჩმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“

“მაკფოლი ამბობს, რომ არ სჯერა, რომ საქართველოში სანქციებისგან თავის არიდებას ადგილი არ აქვს – ნუ, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ”- გურამ მაჭარაშვილი

“მაკფოლის ინტერვიუ იყო წაშველება პოლიტიკურად განადგურებული ოპოზიციისთვის იმიტომ, რომ ახლა ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება”-  ასე ეხმაურება „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუს.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს,  მაიკლ მაკფოლის განცხადება არის წახალისება ოპოზიციისთვის, რომელსაც პულსიც აღარ ესინჯება.

„ამერიკულმა და ევროპულმა ტექნიკურმა ჯგუფმა საქართველოში შემოწმებისას თქვეს, რომ საერთაშორისო სანქციებიდან თავის არიდებას საქართველოში ადგილი არ აქვს. მაკფოლი ამბობს, რომ არ სჯერა – ნუ, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ. მაკფოლის ინტერვიუ იყო წაშველება პოლიტიკურად განადგურებული ოპოზიციისთვის იმიტომ, რომ ახლა ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება. როგორც ჩანს, ადგილობრივმა „ომის პარტიამ” „გლობალურ ომის” პარტიას მიმართა, რომ პრაქტიკულად რაღაცით დახმარებოდა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“ომი შეიძლება, რამდენიმე დღეში დასრულდეს, დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას თუ ახლავე შეწყვეტს”-მედვედევი

ნებისმიერი ომი შეიძლება, სწრაფად დასრულდეს: ან სამშვიდობო ხელშეკრულებით, ან იმგვარად, რაც აშშ-მა გააკეთა 1945 წელს, როდესაც მათ გამოიყენეს ბირთვული იარაღი იაპონიის ქალაქების წინააღმდეგ, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ, რომ რუსული არმია მოძველებულია, მედვედევმა განაცხადა, რომ ეს ტყუილია. მისი თქმით, ომი შეიძლება, რამდენიმე დღეში დასრულდეს, თუ დასავლეთი ახლავე შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

„ზოგადად, ნებისმიერი ომი, თუნდაც მსოფლიო ომი, შეიძლება, ძალიან სწრაფად დასრულდეს. ან თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, ან თუ გააკეთებთ იმას, რაც ამერიკელებმა გააკეთეს 1945 წელს, როდესაც გამოიყენეს თავიანთი ბირთვული იარაღი და დაბომბეს იაპონიის ორი ქალაქი. მათ, მართლაც, მაშინ შეაჩერეს სამხედრო კამპანია. ფასი თითქმის 300 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეა“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

“პოლიტიკოსებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ უნდა გახდეს”- ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ამაზე პასუხი აგოს.

ოხანაშვილის თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ, როცა საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ უნდა გახდეს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებებით, დადასტურებულად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ საქართველოში უკანონოდ შემოვიდა და თუ რამე იქნებოდა დაბრკოლება, ეს კანონის არაღსრულებაა. არავინ უარყოფს, რომ კონკრეტული დანაშაულის ჩამდენმა პირმა პასუხი უნდა აგოს. როგორ წარმოგიდგენიათ, კანონის უზენაესობას რა ფასი აქვს და ვინ დაიცავს კანონს, როცა ხედავენ, რომ ადამიანი დანაშაულს სჩადის და შემდეგ ხდება აპელირება, რომ იცი, დანაშაული კი ჩაიდინა, მაგრამ კანონი არ უნდა აღსრულდეს. მაშინ, რა ფასი აქვს სამართლებივ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობას?“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

“ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დანაღმვის ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვართ” – რაფაელ გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღმვის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სააგენტო ყურადღებით აკვირდება.

“დღეს კონტაქტი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან, სულ რამდენიმე საათის წინ. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები… ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ინსპექციის დროს დანაღმვის არანაირი ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ყურადღებით ვართ”, – განაცხადა გროსიმ.

მისი თქმით, ახლა “მოდუნება არ შეიძლება.”

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ასევე, პირობა დადო, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას რეგულარულად გაავრცელებს.

“ნიკა გვარამიამ საქართველოში ყველაზე მაღალ დონეზე დანერგა ზიზღი, სიძულვილის ენა”- სოზარ სუბარი

ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში ყველაზე მაღალ დონეზე დანერგა ზიზღი, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა პირდაპირი ეთერიდან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მისი გათავისუფლების გამო მორალურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს.

„უბრალოდ, ადამიანს, რომელმაც ის შეიწყალა, საქართველოს პრეზიდენტს მორალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ მან შეიწყალა ადამიანი, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის ერთ-ერთი დიდი და მთავარი წყაროა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, გვარამია სტრასბურგში სარჩელს თუ შეიტანს იმის თაობაზე, დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება მასთან დაკავშირებით, ისევე გამტყუნდება, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამტყუნდა.

„სააკაშვილის საქმეს რომ სტრასბურგში წააგებდნენ, ეს ძალიან კარგად იცოდნენ, ამიტომაც არ უნდოდათ წასვლა. უბრალოდ, მართლა ვაიძულეთ ყოველდღიური მოწოდებებით. ბუნებრივია, სტრასბურგმა თქვა სიმართლე, რომ არანაირი წამება და მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები არ არსებობდა. იყო თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვეული გვარამიასთან დაკავშირებით – დარწმუნებული ვარ, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამტყუნდა გვარამია და მთელი მაშინდელი ოპოზიცია, ისე გამტყუნდება თავის საქმესთან დაკავშირებით. გაბედოს და წავიდეს სტრასბურგში თავის საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი” – ირაკლი კობახიძე

მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი მოწოდება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ქვეყნები ესკალაციას არ უნდა მოერიდონ, კითხვის ნიშნებს აჩენს.

„წავიკითხე მაკფოლის ინტერვიუ, სადაც საუბარი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაციას არ უნდა მოერიდონ კონკრეტული ქვეყნები და საუბარი ჰქონდა ქართველ ჟურნალისტთან ამ თემაზე, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. მე არ მინდა, ამ თემაში ღრმად შევიდე. ზოგადად, ასეთი მოწოდებები არ არის სწორი. მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი მოწოდება, მე ასე მგონია“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ, რასაც ქვეყანა რუსეთთან ერთი წლის განმავლობაში ვაჭრობს, იმავეს ვაჭრობს დასავლეთი ერთ დღეში.

კობახიძის თქმით, საქართველოს ერთი წლის მაჩვენებელი და დასავლეთის ვაჭრობის ერთი დღის მაჩვენებელი ერთი და იგივეა და ამ ფონზე „ყველაფერი ნათელია“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.

„ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების დაცვას უფრთხილდება. ეს არის ის, რაც ამოძრავებს ნებისმიერ ქვეყანას. ჩვენც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააზარალებს საკუთარ ქვეყანას და მოსახლეობას. გახსოვთ ოპოზიციის მოწოდებები სანქციებთან მიერთების შესახებ, რაც გამოიწვევდა მინიმუმ, მარტო პირველივე წელს, 2,5 მილიარდი დოლარით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემცირებას. ამას ითხოვდა ოპოზიცია. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, საითკენ არის ორიენტირებული რადიკალური ოპოზიცია და ვისი დაკვეთით მოქმედებენ ეს პოლიტიკური ძალები. იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მძიმე ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.