“მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი” – ირაკლი კობახიძე

79
spot_img

მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი მოწოდება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ქვეყნები ესკალაციას არ უნდა მოერიდონ, კითხვის ნიშნებს აჩენს.

„წავიკითხე მაკფოლის ინტერვიუ, სადაც საუბარი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაციას არ უნდა მოერიდონ კონკრეტული ქვეყნები და საუბარი ჰქონდა ქართველ ჟურნალისტთან ამ თემაზე, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. მე არ მინდა, ამ თემაში ღრმად შევიდე. ზოგადად, ასეთი მოწოდებები არ არის სწორი. მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი მოწოდება, მე ასე მგონია“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ, რასაც ქვეყანა რუსეთთან ერთი წლის განმავლობაში ვაჭრობს, იმავეს ვაჭრობს დასავლეთი ერთ დღეში.

კობახიძის თქმით, საქართველოს ერთი წლის მაჩვენებელი და დასავლეთის ვაჭრობის ერთი დღის მაჩვენებელი ერთი და იგივეა და ამ ფონზე „ყველაფერი ნათელია“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.

„ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების დაცვას უფრთხილდება. ეს არის ის, რაც ამოძრავებს ნებისმიერ ქვეყანას. ჩვენც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააზარალებს საკუთარ ქვეყანას და მოსახლეობას. გახსოვთ ოპოზიციის მოწოდებები სანქციებთან მიერთების შესახებ, რაც გამოიწვევდა მინიმუმ, მარტო პირველივე წელს, 2,5 მილიარდი დოლარით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემცირებას. ამას ითხოვდა ოპოზიცია. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, საითკენ არის ორიენტირებული რადიკალური ოპოზიცია და ვისი დაკვეთით მოქმედებენ ეს პოლიტიკური ძალები. იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მძიმე ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.