დღეს ვიპოვეთ 6 ცხედარი, 17 ადამიანია გარდაცვლილი. მეხანძრე-მაშველები და ჯარის ბიჭები არიან განლაგებულები და ტრაქტორის თითოეულ მოძრაობას აკვირდებიან, რომ არ მოხდეს ცხედრის დაზიანება, აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მოხდეს სამუშაოების შეჩერება და ცხედრების ამოსვენება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხიდის მოწყობამ შესაძლებელი გახადა სტიქიის ეპიცენტრში შესულიყო მძიმე ტექნიკა. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მუშაობს მძიმე ტექნიკა. ეს სწორედ იმ მძიმე და აქტიური სამუშაოების შედეგია, რაც გაწია ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მოეწყო გადმოსასვლელი ხიდი. ხიდის საშუალებით მოხდა ექსკავატორების შემოყვანა. ეს პროცესი, სადაც მიმდინარეობს არის სწორედ ის ლოკაცია, სადაც მოხდა ცხედრების ამოსვენება – ე.წ. კოტეჯის ტერიტორია. კოტეჯები იყოს გზის იქით მხარეს, ტალღის დარტყმის შედეგად წამოიღო და აქეთ არის გადმოტანილი კოტეჯების ფრაგმენტები, შესაბამისად ის ადამიანებიც აქ იქნა ნანახი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 17 ადამიანია დაღუპული, 19 ადამიანს კი ეძებენ.