Home Blog Page 1773

“ეს არის უკრაინული რეალობა, რომლის შეცვლა მხოლოდ იარაღით შეიძლება” – ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა რუსული ძალების მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული რეალობის შეცვლა მხოლოდ იარაღით შეიძლება.

„ზამთრის ყველაზე ცივ დილას მტერმა ადამიანები უსახლკაროდ დატოვა. რუსულმა დაბომბვამ დააზიანა სახლები და ინფრასტრუქტურა ხარკოვის, დნიპროს, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში. არიან დაღუპულები და დაშავებულები, მათ შორის ბავშვები. ეს არის უკრაინული რეალობა, რომლის შეცვლა მხოლოდ იარაღით შეიძლება“, – წერს ზელენსკა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს, რუსულმა ძალებმა უკრაინის ოთხ ოლქზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, დაიღუპა სულ მცირე ოთხი და დაშავდა 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

“მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე” – ზურაბ აზარაშვილი

ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ, სასამართლოში გაასაჩივრონ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება, თუმცა ფაქტია, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებით იყო შეთანხმებული ქმედება კომპანიებს შორის, რათა ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე, ბიუჯეტიდან მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განუცხადა.

აზარაშვილის თქმით, კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოში ვერ წარადგინეს ვერანაირი არგუმენტი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.

„რასაკვირველია, შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ თავიანთი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი, მკაფიოა, სადაც კონკრეტულად ვხედავთ იმ შეთანხმებულ ქმედებებს, რაც, სამწუხაროდ, ამ კომპანიებს შორის იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში ნახეთ, რომ სამჯერ და ოთხჯერ უფრო იყო გაძვირებული მედიკამენტები. სამწუხაროდ, ეს პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც წარმოვადგინეთ კონკურენციის სააგენტოში ჯერ კიდევ გასული წლის მარტის თვეში. ასევე, ძალიან ცხადია, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში, რაც კონკურენციის სააგენტოს მისცემდა განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას. ასეთი ფაქტი, სამწუხაროდ, საბოლოოდ დადასტურდა. მკაცრი რეაგირების შემდეგ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება, თუმცა მაქსიმალურად ყურადღებით ვართ. ამისთვის სპეციალური ბაზებიც კი გვაქვს შექმნილი. ყოველდღიურად მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, აგრეთვე მათ ნაშთებს ხელოვნური დეფიციტის არშექმნის მიზნით, რომ მოვახდინოთ ამის პრევენცია.

ონკოლოგიურ მედიკამენტებს რაც შეეხება, ონკოლოგიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ვალდებულებას უკვე ეტაპობრივად, ამ წლიდან სახელმწიფო იღებს მთლიანად. მწარმოებლებთან პირდაპირი კონტრაქტებით ჩვენ შევძელით, რომ გარკვეულ მედიკამენტებს უკვე იანვრიდან მივაწვდით პაციენტებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. საკითხი ეხება – ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.

ვინც არ არის აცრილი, მოვუწოდებ, რომ ყველამ ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია -მაია ჩხაიძე

„ამჟამად, მომართვიანობა ძირითადად არის რესპირატორული ვირუსების ინფექციების გამო. ყველაზე მეტად გავრცელებულია ამ პერიოდში ა ტიპის გრიპის ვირუსი”, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს.

“სადღაც 40 პაციენტამდე აკითხავს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას 24 საათის განმავლობაში. გრიპის ვირუსის გარდა, საშუალოდ გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებს 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ბრონხიოლიტის დიაგნოზით. ასეთი პაციენტებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ამავდროულად, არის კოვიდის დადასტურებული შემთხვევებიც, ახლაც ორი ბავშვი გვიწევს, ორ თვემდე ასაკის ბავშვები არიან. არის ადენოვირუსული ინფექციებით მომართვიანობა და ძალიან ხშირია ბინაზე განვითარებული პნევმონია, რომელიც არის გრიპის ერთ-ერთი გართულება. ეწყებათ ხოლმე გრიპის ვირუსული კლინიკით და შემდეგ ხდება პნევმონიის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე რესპირატორული ინფექციების და პნევმონიის გამო, 45 პაციენტამდე არის ჩვენს კლინიკაში.

ნამდვილად გადატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი, ბავშვთა ხაზით ყოველ შემთხვევაში. მშობლებს ვთხოვდით, რომ ვინც არ ჩაიტარა გრიპის ვაქცინაცია, არ არის გვიან, რადგან პიკი არ არის ჯერ. სასწავლო პროცესი როცა განახლდება, მეტი შემთხვევა და მომართვიანობა იქნება. პიკი, შემთხვევების მატება იქნება სადღაც იანვრისკენ. ამიტომ, ვინც არ არის აცრილი, მოვუწოდებ, რომ ყველამ ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

“ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ”

ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ კუთხით არანაირი საშიშროება არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.

„ჩვენ ქვეყანაში გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმე კომპონენტის ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა. დღეს რაც ხდება – ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად, შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ,“ – განაცხადა აზარაშვილმა.

კლინიკების შესაძლო გადავსებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებები გადავსებული არ არის და ამის არანაირი საშიშროება არ არსებობს.

„არც კლინიკები არ არის გადავსებული და ამ კუთხით არც არანაირი საშიშროება და საფრთხე არ არსებობს. კლინიკები არც გადავსებული არ არის და არც შესაძლოა, რომ გადაივლოს. ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში. განსაკუთრებული არაფერი ხდება,“ – განაცხადა აზარაშვილმა.

“ოპოზიცია ციდან მიწაზე უნდა ჩამოვიდეს” – რომან გოცირიძე

ოპოზიციამ რეალისტური თემები უნდა დაისახოს და ციდან მიწაზე ჩამოვიდეს – პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნება კარგი იდეაა, თუმცა უფრო მეტად სასურველი ზღაპარია, – ასე ეხმაურება „ევროოპტიმისტების” დეპუტატი რომან გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტია “საქართველოსთვის” ინიციატივას.

გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნება” არ შეცვლის პრეზიდენტის არჩევის იმ წესს, რომლითაც მომავალ პრეზიდენტს პარლამენტი და თვითმმართველობები აირჩევს.

„როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებდნენ, ჩვენ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას ვაპროტესტებდით. თუ ოპოზიციას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უნდა, ამისთვის საჭიროა არჩევნების არამხოლოდ მოგება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება. თუ ოპოზიციას საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგების თავი აქვს, მაშინ აშენებულა ქვეყანა და ეს არის!

ჩვენ რეალისტური გეგმები უნდა დავისახოთ – კონსტიტუციაში ცვლილებას იმ რაოდენობის ხმები სჭირდება, რაც ოპოზიციას არც ახლა აქვს და დიდი ალბათობით არც მომავალში ექნება.

ოპოზიციის სამომავლო მიზანი ხელისუფლების შეცვლა და ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება უნდა იყოს. საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერც „ქართული ოცნება” და ვერ ოპოზიცია მოვა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ავსულებს ახასიათებთ, რომ შობის წინ, სააღდგომოდ მოაწყონ ერთგვარი სექტანტური შაბაშები”

ირაკლი კობახიძე უვიც ფსევდოლიბერალ „ნაციონალებს” მოუწოდებს შეეშვან საეკლესიო თემისა და მით უმეტეს, საეკლესიო კალენდრის განხილვას, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძის თქმით, ავსულებს ახასიათებთ, რომ შობის წინ, სააღდგომოდ მოაწყონ ერთგვარი სექტანტური შაბაშები და ამით დროებით დაიკმაყოფილონ თავიანთი ვნებები.

„ირაკლი კობახიძე უვიც ფსევდოლიბერალ „ნაციონალებს” მოუწოდებს შეეშვან საეკლესიო თემისა და მით უმეტეს, საეკლესიო კალენდრის განხილვას. სასოწარკვეთილი ლუზერები არ შეეშვებიან ჩვენს ეკლესიასა და ტრადიციაზე თავდასხმებს. ავსულებს ეს ახასიათებთ, რომ შობის წინ, სააღდგომოდ მოაწყონ ერთგვარი სექტანტური შაბაშები და ამით დროებით დაიკმაყოფილონ თავიანთი ვნებები.
გავიხსენოთ წინა დიდ დღესასწაულებზე „ნაცჯაქების“ მხრიდან „შავი სიების” შედგენა, საპატრიარქოზე თავდასხმები, ხატმებრძოლეობა, წირვა-ლოცვებზე ტელეკამერებით შევარდნები და ა.შ. სამწუხარო ისაა, რომ საკუთარ თავში არადარწმუნებულ ზოგიერთს ჰგონია, რომ რადგან საჯარო სივრცეში ხშირად გამოჩენილი ნაცბრიყვი თუ რამეს იტყვის, ეს ე.წ. „შვეჩკობაა”, მოდური ტრენდია და ა.შ.
მშვიდობა საქართველოს!“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-ამდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

ვიქტორ ორბანი შესაძლოა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი გახდეს

ევროპული საბჭოს ახალი ხელმძღვანელი უახლოეს თვეებში შესაძლოა, უნგრეთის პრემიერმინისტრი – ვიქტორ ორბანი გახდეს. აღნიშნული მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა – შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პოსტს ვადაზე ადრე დატოვებს და ევროპარლამენტის წევრების არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპარლამენტის არჩევნები ივნისში ჩატარდება, ხოლო უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას 1-ელ ივლისს ჩაიბარებს, რაც თეორიულად ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ თანამდებობა ორბანმა დაიკავოს.

შარლ მიშელმა განმარტა, რომ ევროკავშირს საბჭოს ახალი ლიდერის ასარჩევად საკმარისი დრო აქვს.

„მინდა, ყველამ გაიგოს: ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემს მემკვიდრეზე გადაწყვეტილება ივნისში უნდა ყოფილიყო მიღებული, ასე რომ, ევროსაბჭოსთვის ადვილი იქნება, გააკეთოს ისე, რომ ჩემმა შემცვლელმა თანამდებობა ვადაზე ადრე დაიკავოს. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მრავალი ინსტრუმენტი არსებობს, რომ ვიქტორ ორბანმა ეს პოსტი არ დაიკავოს”, – განმარტა შარლ მიშელმა.

მიშელს უფლებამოსილების ვადა ნოემბერში ეწურებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროსაბჭოს მოქმედი პრეზიდენტი ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატი იქნება, ასევე, თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვების პირველი შემთხვევა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ბლოკის 27 წევრის უმრავლესობით ირჩევა. თუ გადაწყვეტილება 1-ელ ივლისამდე არ იქნება მიღებული, პრეზიდენტობა ავტომატურად ორბანზე გადადის, რადგან უნგრეთი თავმჯდომარეობას ჩაიბარებს.

“ოპოზიცია განადგურებულია, რაც სამწუხაროა, ქვეყანას დემოკრატიული ოპოზიცია სჭირდება” – რატი იონათამიშვილი

ოპოზიცია განადგურებულია, რაც სამწუხაროა. ქვეყანას დემოკრატიული ოპოზიცია სჭირდება, თუმცა მათი დამსახურებაა, რომ პოლიტიკურ ველზე აღარ შეიმჩნევიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, არჩევნებზე კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სამართლიანობა და ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.

„ოპოზიცია ნამდვილად განადგურებულია, რაც, ერთი მხრივ, სამწუხაროა, რადგან ქვეყანას მაინც სჭირდება, რომ დემოკრატიული ოპოზიცია ჰყავდეს. მეორე მხრივ, ეს დამსახურებულია, რადგან რადიკალურმა ოპოზიციამ აირჩია, პოლიტიკურ სივრცეში ყოფილიყო არა ოპოზიცია, არამედ საკუთარი ქვეყნის მტერი. შესაბამისად, დამსახურებულია, რომ ისინი აღარ შეიმჩნევიან პოლიტიკურ ველზე. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავის ამომრჩეველსაც კი სწრაფი ტემპებით კარგავს და შესაძლებელია ვერც კი მივიდეს არჩევნებზე. ამ არჩევნებზე სამართლიანობა კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სლოვენიაში მაშველები გამოქვაბულში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ

სლოვენიაში მაშველები ერთ-ერთ გამოქვაბულში ჩარჩენილი ხუთი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შემდეგ გამოქვაბულ კრიზნა ჯამაში წყლის დონემ მოიმატა, რის გამოც იქ მყოფმა ადამიანებმა გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოქვაბულში ერთი ოჯახის სამი წევრი და მათთან ერთად ორი გიდი იმყოფება. მათ უსაფრთხოდ გამოყვანას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

“პარტია „საქართველოსთვის“ გუნდს საპრეზიდენტო ცვლილებებზე საუბარი კურიოზულ ვითარებაში აყენებს” – რატი იონათამიშვილი

პარტიის „საქართველოსთვის“ გუნდს საპრეზიდენტო ცვლილებებზე საუბარი კურიოზულ სიტუაციაში აყენებს, თუ საერთოდ ეს გუნდი არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა პარტიის „საქართველოსთვის“ ინიციატივაზე, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.

რატი იონათამიშვილის განმარტებით, ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილების საუკეთესო წესი არსებობს და მისი გადახედვა მიზანშეწონილი არ არის.

„ეს ხალხი სად შეხვდა ახალ წელს? მათი პირველი განცხადება და თან მსგავსი ინიციატივა ნიშნავს, რომ იდეების კრიზისი აქვთ. ახლა ცდილობენ, კრიზისი არ შეიმჩნიონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

თუ რუსეთი დაკარგავს კონტროლს ცაზე, ის დაკარგავს მთელ ძალას ბრძოლის ველზე-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რათა რუსეთს ჩამოართვას ცის კონტროლის უნარი და უზრუნველყოს, რომ მტერმა დაკარგოს ძალა ბრძოლის ველზე.

შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა შვედეთის ყოველწლიური ეროვნული კონფერენციის „საზოგადოება და თავდაცვა“ მონაწილეებთან ონლაინ საუბრისას გააკეთა.

კერძოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ფრონტზე სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა მტერს ჩამოართვას ცის კონტროლი და საჰაერო დარტყმების საშუალება უკრაინის პოზიციებზე.

“თუ რუსეთი დაკარგავს კონტროლს ცაზე, ის დაკარგავს მთელ ძალას ბრძოლის ველზე. მათ სხვა ძალა არ აქვთ: ჩვენ ამას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.