Home Blog Page 1773

„დასავლეთი შიშობს, რომ სლოვაკეთი შეიძლება ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერებს შეუერთდეს” – რას წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“

ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) 3 ოქტომბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „დასავლეთი შიშობს, რომ სლოვაკეთი შეიძლება ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერებს შეუერთდეს: არჩევნების შედეგების ლიდერი აცხადებს, რომ „უკრაინას ერთ ტყვიასაც კი აღარ მისცემს“ (ავტორი – როჯერ კოენი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსი პოლიტიკოსის რობერტ ფიცოს გამარჯვება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა სუსტდება და ეს ხდება იმ დროს, როცა უკრაინის არმიის მიერ თითქმის 4 თვის წინ დაწყებული კონტრშეტევა არ ფართოვდება, ჯარი თითქმის ერთ ადგილს ტკეპნის და ვითარება პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

სლოვაკეთი პატარა სახელმწიფოა, რომელიც რუსეთის მიმართ ყოველთვის სიმპათიით იყო განწყობილი, თუმცა იმ კოალიციური მთავრობის ხასიათი, რომლის ჩამოყალიბებასაც პარტია SMER-ის („კურსი – სოციალური დემოკრატია“) ლიდერი აპირებს, ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება. არ არის გამორიცხული, რომ მან უფრო პრაგმატული მიდგომა აირჩიოს – ისე, როგორც იტალიის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა ჯორჯა მელონიმ გააკეთა: როცა იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, თავისი მკვეთრი წინასაარჩევნო განცხადებები პრაქტიკაში უფრო ლიბერალურით შეცვალა.

ამასობაში კი აშშ-ში და ევროკავშირში მატულობს შეშფოთება რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივისა და იმ დახმარების მიმართ, რომლის გამოყოფა კიევისადმი დასავლეთს უწევს (და კიდევ მეტი მოუწევს, თუ ომი გაჭიანურდება). შესაბამისად, ისმის მოთხოვნები, რომ ფინანსები უფრო მეტად შიდა საქმეების ოპერატიული გადაჭრისათვის იქნას გამოყენებული.

ვაშინგტონელი კანონმდებლების მხრიდან სულ უფრო შესამჩნევი ხდება უკრაინის მიმართ „ამრეზილი“ დამოკიდებულება – განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, რაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს ღიად გამოჩნდა. ამასობაში კი ცენტრალურ ევროპაში, რომელიც დიდი ხანია ანტირუსული განწყობების ცენტრს წარმოადგენდა (აქაურები იძულებულნი იყვნენ ათწლეულების განმავლობაში შეჰგუებოდნენ საძულველ კომუნისტური რეჟიმს), ახლა სულ უფრო მეტად ფართოვდება ანტიუკრაინული ტენდენციები. ამის მაგალითს სლოვაკეთში რობერტ ფიცოს გამარჯვება წარმოადგენს.
პარტია SMER-ის ლიდერმა მოხერხებულად გააერთიანა კონსერვატიზმი, ნაციონალიზმი, ანტი-„ლგბტ“ რიტორიკა, დამატებითი სოციალური გადახდების დაპირებები და მათ საფუძველზე შექმნა ანტილიბერალური პროგრამა, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა მცირე ქალაქებისა და სოფლის მოსახლეობაში. „უკრაინის კონფლიქტის ზარალიანობა და მისგან გამომდინარე დაღლილობა განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპაში შეიმჩნევა, დასავლეთი ამას ნაკლებად გრძნობს“, – ამბობს ჟან რუპნიკი, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი, – „სლოვაკეთის მაგალითი გვაჩვენებს იმას, რომ როცა კონფლიქტი შენს გვერდით ბობოქრობს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას მთელი გულით მხარს დაუჭერ“.

აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ორგანიზაცია Globsec-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, სლოვაკების 51% დარწმუნებულნი არიან, რომ ომის დაწყების გამო ბრალი უკრაინასაც მიუძღვის და დასავლეთსაც. გამოცდილმა პოლიტიკოსმა რობერტ ფიცომ, რომელიც წინა წლებში რამდენჯერმე იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოხერხებულად გამოიყენა ამომრჩეველთა განწყობა. მან გადაიღო მეზობელი სახელმწიფოს – უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პრორუსული რიტორიკა, რომლის მიერ გატარებული კურსი ხშირად ეწინააღმდეგება ევროკავშირის საერთო პოლიტიკას.

„რობერტ ფიცომ შთაგონება ვიქტორ ორბანისაგან გადაიღო, მაგრამ სლოვაკი ლიდერის განცხადებებს, უნგრელისაგან განსხვავებით, ღრმა იდეოლოგიური ფესვები არ აქვს. რობერტ ფიცო უფრო მეტად პრაგმატული პოლიტიკოსია, ვიდრე ჩამოყალიბებული ნაციონალისტი“, – განმარტავს ლიდეკ საკირა, ჩეხი ანალიტიკოსი, – რობერტ ფიცომ მარჯვედ ისარგებლა მოსახლეობის უკმაყოფილებით როგორც ბრიუსელის პოლიტიკის, ასევე მრავალრიცხოვანი უკრაინელი ლტოლვილების მოზღვავების გამო, გამოიყენა ამომრჩეველთა ტრადიციული პრორუსულობა, რაც მეზობელ ჩეხეთში ნაკლებად შეიმჩნევა. ამასთან, თუ პარტია SMER-ის ლიდერი სამთავრობო კოალიციას პეტერ პელეგრინის – პარტია „ხმის“ ლიდერთან შექმნის, მაშინ რობერტ ფიცოს რადიკალიზმი შესუსტდება და ის უფრო პრაგმატულ პოლიტიკას გაატარებს“.

იმდენად, რამდენადაც სლოვაკეთი, უნგრეთი და სერბეთი შესამჩნევ სიმპათიას ავლენენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ, იმას ნიშნავს, რომ ევროპის ამ ნაწილში საზოგადოების უმეტესი ნაწილის განწყობა იცვლება. თვით პოლონეთმაც კი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებიდან კიევის აქტიური მხარდამჭერი იყო და მილიონობით უკრაინელს მისცა თავშესაფარი, ახლა გადაწყვიტა უკრაინული ხორბალი თავის შიდა ბაზარზე აღარ გაყიდოს, რაც კიევისათვის დიდ ეკონომიკურ დარტყმას ნიშნავს.

პოლონეთის მმართველი ულტრამემარჯვენე პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ (PiC), საპარლამენტო არჩევნების წინ, დაძაბულ ბრძოლას ეწევა ოპოზციასთან – ლიბერალური ძალების გაერთიანებასთან, რომელსაც ყოფილი პრემიერი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს. მართალია, ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს, პარტია PiC-ის ლიდერს იაროსლავ კაჩინსკის მკვეთრი ანტირუსული განწყობა აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მისი ნაციონალისტური და კონსერვატიული ხედვები ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს ხედვებს ემთხვევა. თუ 15 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ გაიმარჯვებს, ამით ევროპელ „პროპუტინისტთა“ რიგებს, ნებით თუ უნებლიედ, პოლონეთიც მიუერთდება, უკრაინის გაჭიანურებული კონფლიქტის ფონზე.

საინტერესოა, რომ იაროსლავ კაჩინსკი გამოდის ევროპის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ, რომლის მომხრეა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ვრცელდება ხმები, რომ თუ PiC-ი არჩევნებში გაიმარჯვებს, პოლონეთი შეიძლება ევროკავშირიდან გავიდეს. რეალურად ეს, ალბათ, არ მოხდება, მაგრამ მსგავსი ხმების გაჩენა მიუთითებს, რომ ევროკავშირში უკრაინის გამო უთანხმოება მატულობს.

რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, ამას წინათ German Marshall Fund-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრად მიღებას მხარს უჭერს ფრანგების მხოლოდ 52% და გერმანელების – მხოლოდ 49%. ნატოში უკრაინის გაწევრიანების გერმანელი მომხრეები კიდევ უფრო ცოტაა – 45%.

თუმცა მთლიანობაში, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ატლანტიკის ორივე მხარეს დაახლოებით 69% მხარს უჭერს უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გაწევას – ეკონომიკის აღდგენის საკითხში. ამის ყველაზე მეტი სურვილი გამოხატულია დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, შვედეთში და ლიეტუვაში. „ამასთან, პარალელურად, ჩვენ სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა გვესმის მკაფიო მოწოდება ვლადიმერ ზელენსკისადმი: „გთხოვთ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმება გააფორმოთ“, – ამბობს ჟან რუპნიკი.

მაგრამ იმის ფონზე, თუ რა დიდი მსხვერპლი მოუტანა რუსეთის თავდასხმამ უკრაინელ ხალხს, მსგავსი შეთანხმების გაფორმებაზე დრეს ფიქრიც კი ზედმეტია, რომ არაფერი ვთქვათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაპირისპირებულ მხარეთა დაჯდომის შესაძლებლობაზე.

ამასთან, ის ფაქტი, რომ უკრაინის მეზობელი ქვეყნის მოსახლეობამ ხმა ისეთ პოლიტიკოსს მისცა, რომელიც აცხადებს, რომ კიევს ერთი ტყვიითაც კი არ დაეხმარება, კიევის მთავრობაზე ზეწოლას აძლიერებს.

რობერ ფიცოს გამარჯვება ევროკავშირისთვისაც აშკარად პრობლემების მომტანია. მით უმეტეს, რომ ევროპის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან იმითაც, ვაითუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი დაბრუნდესო. მოკლედ, პოლონეთის არჩევნების შემდეგ, თუ კაჩინსკის პარტია ხელისუფლებას შეინარჩუნებს, ევროკავშირში შიდა უთანხმოება კიდევ უფრო დაიძაბება.

წყარო

“რობერტ ფიცო – სლოვაკი პოპულისტი, რომელიც მკვდრეთით აღსდგა – იგი ნატოში და ევროკავშირში ახალი ვიქტორ ორბანი გახდება”-El Pais

ესპანურ გაზეთ „ელ პაისში“ (El Pais) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რობერტ ფიცო – სლოვაკი პოპულისტი, რომელიც მკვდრეთით აღსდგა: იგი ნატოში და ევროკავშირში ახალი ვიქტორ ორბანი გახდება“ (ავტორი – გლორია როდრიგეს-პინა).

რობერტ ფიცოს სლოვაკეთში ყველა პოლიტიკურად მკვდრად თვლიდა. 2020 წელს მისმა პარტიამ „კურსი – სოციალური დემოკრატია“ (SMER) საპარლამენტო არჩევნები წააგო. მანამდე კი, ორი წლით ადრე, 2018 წელს, პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ თანამდებობა დატოვა იმ მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების შედეგად, რომლებიც ქვეყანაში ჟურნალისტ იან კუციაკასა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის შემდეგ აგორდა.

მაგრამ გავიდა სულ რაღაც ორიოდე წელი და რობერ ფიცო, რომელიც უკვე სამჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდა… უფრო მეტად რადიკალური და რევანშის წყურვილით.
გასულ შაბათს რობერტ ფიცოს პარტიამ SMER-მა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ ქვეყნის მართვის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, მას მოლაპარაკება მოუწევს იმ პარტიების ლიდერებთან, მმართველი სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად, რომლებმაც პარლამენტში თავიანთი დეპუტატების გაყვანა შეძლეს.

რობერტ ფიცომ იგრძნო, თუ რა აწუხებდათ სლოვაკებს, მათი შიშები კიდევ უფრო გააღრმავა და შემდეგ საკუთარი თავის მხსნელად შესთავაზა. ქვეყანამ გადაიტანა „კოვიდ-19“-ის პანდემია, გაიარა არასტაბილურობის პერიოდი, რომელიც არამარტო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით იყო გამოწვეული, არამედ მმართველი მემარჯვენე ცენტრისტული კოალიციის ქაოსური და შეუთანხმებელი მოქმედებით. პოლიტიკური რყევებისა და ეკონომიკური სირთულეების ფონზე, როცა ცხოვრება ძვირდებოდა, ყოფილმა პრემიერმა თანამემამულეებს აღუთქვა როგორც სტაბილურობა და უსაფრთხოება, ასევე… უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტა.

59 წლის ვეტერანი პოლიტიკაში 1990-იანი წლებიდან ჩაერთო. იგი სწავლობდა აშშ-ში, ხოლო სამშობლოში დაბრუნებისას სლოვაკეთის დემოკრატიული პარტიის (ყოფილი კომპარტიისაგან გამოყოფილი ჯგუფის) ლიდერი გახდა, შემდეგ კი, როგორც ამბობენ, იდეური უთანხმოების გამო მათ დაშორდა და საკუთარი ლიბერალური პარტია „სმერი“ ჩამოაყალიბა.

2006-2018 წლებში რობერტ ფიცო სამჯერ იყო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს რობერტ ფიცოს ნაციონალისტური, პოპულისტური, ქსენოფობიური და ანტიუკრაინული გამონათქვამები დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში შეშფოთებას იწვევდა იმ რისკის გამოც, რომ რობერტ ფიცო ევროკავშირში და ნატოში ახალი ვიქტორ ორბანი გახდებოდა. როგორც ცნობილია, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრამდე და შეჭრის შემდეგაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინის ყველაზე „ახლო მეგობრად“ ითვლება ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის. ახლა რობერტ ფიცოსაც შეუძლია რუსეთის პრეზიდენტის ევროპული გუნდის წევრი გახდეს.

სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვებულ ლიდერს, ულტრაკონსერვატიული პოზიცია აქვს „ლგბტ-საზოგადოების“ წევრთა მიმართ, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ბრალს სდებს კიევს. რობერტ ფიცო იზიარებს ქსენოფობიურ შეხედულებებს მიგრანტების მიმართ და თვლის, რომ ისლამური ქვეყნებიდან მიგრანტების შესვლა სლოვაკეთში (და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში) ტერორიზმის საფრთხეს აღრმავებს. იგი, ისევე როგორც მისი პოლონელი და უნგრელი კოლეგები, გამოდის უკრაინის ნატოში და ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ, არ ეთანხმება ბრიუსელის მიერ დადგენილ პრინციპს, ევროკავშირის ქვეყნებში ლტოლვილთა განაწილების თაობაზე და არ სურს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პრინციპის – კონსენსუსის შეცვლა, რასაც ბრიუსელი აპირებს.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანას წარმოადგენს და რომ მისი მმართველი რეჟიმი ძალიან შორს დგას დემოკრატიული პრინციპებიდან“, – ასე უპასუხა რამდენიმე დღის წინათ რობერტ ფიცომ სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უკრაინის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. სლოვაკეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა კიევის იმედებს „ილუზიური“ უწოდა.

სრულიად შესაძლებელია, რომ პრემიერობის კანდიდატმა რობერტ ფიცომ სამთავრობო კოალიცია შექმნას პარლამენტში გასულ პარტია Hlas-თან („ხმა“), რომელიც იდეოლოგიურად SMER-თან ახლოს დგას. არ არის გამორიცხული ისიც, რომ რობერტ ფიცომ, პრემიერის ადგილის დაკავების შემდეგ, თავისი რადიკალიზმი შეარბილოს. სხვათა შორის, მან უკვე განაცხადა, რომ სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკა ნატოსა და ევროკავშირის მიმართ არ შეიცვლება, „თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კრიტიკისაგან თავს შევიკავებთ“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკვე მიესალმა რობერტ ფიცოს გამარჯვებას: „ყოველთვის სასიამოვნოა სლოვაკ პატრიოტთან მუშაობა. ჩვენ ამას მოუთმენლად ველოდებით“, – დაწერა მან Х-სოცქსელში (ყოფილ Twitter-ში).

წყარო

“პუტინის მსოფლმხედველობა ნებას აძლევს მას, შეცვალოს ევროპის რუკა” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მასზე ზეწოლას გაზრდის.

შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინის მსოფლმხედველობა ნებას აძლევს მას, „შეცვალოს ევროპის რუკა, იქ ხაზების შემდეგი პრინციპით დახაზვით: „ეს – თქვენია, ეს – ჩვენია“, მაგრამ ეს ასე არ უნდა მოხდეს“.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად გავზარდო ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტზე, რათა მან საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ უბრალოდ ვერ იტყვის: „მე გავაგრძელებ მანამ, სანამ არ მივაღწევ ჩემს მიზანს, რამდენი ადამიანის სიცოცხლედაც არ უნდა დაჯდეს ეს, მათ შორის საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლედ“, – აღნიშნა შოლცმა.

მან ასევე მოუწოდა მსოფლიოს, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა უკრაინაში „პუტინის ომი“ საბოლოოდ დასრულდეს, რადგან რაც არ უნდა უთხრას პუტინმა მსოფლიოს, უკრაინაში მისი ქმედებების არსი უცხო სახელმწიფოს დაპყრობაა.

„ფაქტობრივად, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის დაპყრობაზე და სხვა არაფერზე”, – აღნიშნა შოლცმა.

“სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე პრეზიდენტის გამოცხადება” – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე – რა თქმა უნდა, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტი წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში, – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ტურავას მოლოდინი ჰქონდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებით პრეზიდენტი შეძლებდა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარს, რომელსაც ის უშუალოდ ვიზიტების დროს აწარმოებდა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლები პრეზიდენტის ვიზიტებზე დეტალურად ვერ ისაუბრებენ და მათ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე პასუხები ექნებათ.

ამასთან, როგორც ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს უკმაყოფილების გრძნობა ექნება, ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე პრეზიდენტის გამოცხადება.

„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, როგორც ინფორმაცია მოვისმინეთ ტელევიზიებით, ის ნდობას უცხადებს თავის ორ წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტი წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებით პრეზიდენტი შეძლებდა ჩვენთან იმ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარს, რომელსაც ის უშუალოდ აწარმოებდა, მხედველობაში მაქვს ვიზიტები. კარგი იურისტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდებიან, რა თქმა უნდა, ისინი სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრებენ, მაგრამ ჩვენ კანონიდან გამომდინარე ვიხილავთ არა მარტო სამართლებრივ საკითხებს, არამედ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, პრეზიდენტის ვიზიტებს, პრეზიდენტის საქმიანობას, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე, საკითხები და შინაარსი იმ ვიზიტებისა, რომელიც გაიმართა რამდენიმე ქვეყანაში არის სწორედ ის გარემოებები, რომელზეც სრულყოფილი ინფორმაცია აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ სხდომაზე, წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინონ პრეზიდენტი და თქვას არ ვიცი, ვერ გეტყვით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე მისი {პრეზიდენტის} გამოცხადება.

შეიძლება პრეზიდენტმა თქვას, რომ მე არ ვესწრები სხდომას, მაგრამ, თუ სასამართლო მიიღო განჩინება პრეზიდენტის გამოცხადების შესახებ სასამართლოში, ამ შემთხვევაში, ის უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, უნდა მოვიდეს სასამართლოში, ეს არის ის, რასაც ჰქვია ნების საწინააღმდეგოდ და არა იძულებითი მექანიზმების განხორციელებას. შესაბამისადა, მე არ ვიცი და მარტო მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას, ეს არის კოლეგიალური ორგანო, 9 მოსამართლისგან შედგება. გასაგებია, რომ იურისტები არიან კვალიფიციურები, გასაგებია, მათ ექნებათ სამართლებრივ საკითხებზე კითხვებზე პასუხები, მაგრამ რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს კონკრეტულად ვიზიტების შინაარსს და იქ განხილულ საკითხებს და სხვა ისეთ გარემოებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტმა შეიძლება იცოდეს ამ კითხვებზე ვფიქრობ, რომ ისინი სრულყოფილ პასუხს სავარაუდოდ ვერ გაგვცემენ“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

“ეს არ არის იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის ევროპული მომავლის და კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტი” – ბექა ლილუაშვილი

ეს არ არის იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის ევროპული მომავლის და კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისე ოპერატიულად ჩაინიშნა პროცესი, რომ დასანქცირებულმა მოსამართლეებმა, დიდი ალბათობით, მიიღეს ინსტრუქტაჟი და მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო დაადგენს კონსტიტუციასთან შეუსაბამობას.

რაც შეეხება პარლამენტის როლს, ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებები არათანმიმდევრულია და განცდა რჩება, რომ ეს საკითხი სერიოზული ვაჭრობის და შეთანხმებების საგანი იქნება.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დაარღვია ამ კონტექსტში პრეზიდენტმა კონსტიტუცია, ამაზე კონსტიტუციონალისტებმა იდავონ, ვინ უფრო არღვევს კონსტიტუციას: პრეზიდენტი, მთავრობის წარმომადგენლები თუ პარლამენტის თავმჯდომარე, როცა მაგალითად, საგამოძიებო კომისიას არ ქმნის, ამის დროც იქნება და საშუალებაც, მაგრამ ამ მოცემულობაში „ოცნების“ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, არის ღია, პირდაპირი დაპირისპირება და შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. სანამ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას [დაარღვია თუ არა კონსტიტუცია], ეს არ არის იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სალომე იქნება თუ სხვა, ეს არის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროპული მომავლის, კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტი”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს.

“პრეზიდენტი თუ არ გამოცხადდება, ეს ნიშნავს უპატივცემულობას სასამართლოსა და საზოგადოების მიმართ”-ანრი ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, საკონსტიტუციო სასამართლოს, საზოგადოებას წარუდგინოს არგუმენტები, მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის მიზანმიმართული და უხეში დარღვევა მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სასამართლო პროცესს თუ არ დაესწრება, ეს იქნება საზოგადოებისა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა.

„დღეს გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების განხილვა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ გაჟღერდება სამართლებრივი საკითხები, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ სამართლებრივ, კერძოდ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხებზე უნდა იყოს დისკუსია, მსჯელობა. „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, საკონსტიტუციო სასამართლოს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინოს არგუმენტები, მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციის მიზანმიმართული და უხეში დარღვევა მოხდა.

შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ სამართლებრივი პოზიციები ასევე გაჟღერდება პრეზიდენტის წარმომადგენლის თუ წარმომადგენლების მხრიდან, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სწორედ სამართლებრივ დისკუსიაში შევიდეს წარმომადგენლებთან. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის შესაძლო არჩამოსვლას, თუ ის პროცესზე არ გამოცხადდება, ეს ნიშნავს უპატივცემულობას საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით და რაც მთავარია, უპატივცემულობას ჩვენი საზოგადოების მიმართ, ვინაიდან ახერხებს, რომ კონსტიტუციის მიზანმიმართული, უხეში დარღვევით გაფრინდეს საზღვარგარეთ, თუმცა არ კადრულობს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარდგომას და საზოგადოებისათვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რატომ გადაწყვიტა, ქვეყნის უზენაესი კანონი დაერღვია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე -„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი სტატუსის ერთგვარ საბოტაჟად აღიქმება. გრძნობს თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება“, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ უპასუხისმგებლო იმ შემთხვევაში იქნებოდა ხელისუფლების ქმედება, თუ კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე თვალს დახუჭავდა.

„ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ვალდებულება გვაკისრია ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონის დაცვის. ჩვენი ქმედება იქნებოდა უპასუხისმგებლო, თუ თვალს დავხუჭავდით კონსტიტუციის უხეშ და მიზანმიმართულ დარღვევაზე. პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილე ვერ ვიქნებოდით, ამისი ვალდებულება დაგვაკისრა კონსტიტუციამ, ჩვენმა საზოგადოებრივმა ინტერესმა და ქვეყნის უზენაესმა კანონმა. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მიმართ, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას რომ ვგრძნობთ, ამიტომ დავიწყეთ ეს პროცედურა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, რამდენად შეიძლება, გაითვალისწინოს სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის არგუმენტი, რომ პირადი თანხებით ახორციელებდა ვიზიტებს, ოხანაშვილმა აღნიშნა:

„საქართველოს კონსტიტუცია ერთადერთ მუხლში ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, ერთ-ერთი უფლებამოსილება არის წარმომადგენლობითი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ ექსკლუზიურად საქართველოს მთავრობის თანხმობით. სხვა ჩანაწერს ვერსად ნახავთ, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია, განახორციელოს წარმომადგენლობა. ეს ნიშნავს, რომ მან წარმომადგენლობა განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. მეორე საკითხიც, თუ მიიჩნევს, რომ მისი ვიზიტი კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია, მაშინ რატომ დასჭირდა პირადი ხარჯების გაწევა. ამიტომ, ველოდებით ახსნას ამ კონკრეტულ საკითხებზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“თუ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, რევოლუციურ პროცესებში ღიად ჩაერთვება”

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, „რევოლუციურ პროცესებში ღიად ჩაერთვება“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტისა და „რადიკალური ოპოზიციის“ ალიანსი ისედაც ჩანს და თუ პრეზიდენტი შეწყალების ნაბიჯს გადადგამს, ეს „მისი რევოლუციური მისწრაფებების სრული ლუსტრაციაც იქნება“.

„ყველა ვხედავთ ალიანსს სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის, მათ საერთო პატრონი ჰყავთ და საერთო დღის წესრიგით მოქმედებენ. თუ სალომე ზურაბიშვილი ასეთ ნაბიჯზე წავა, ის ღიად ჩაერთვება რევოლუციურ პროცესებში. ვნახოთ, გააკეთებს თუ არა ამას. ეს იქნება ერთგვარი სიგნალი გრიგორიადისის მსგავსი ახალგაზრდებისთვის, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. ასეთი სიგნალის გაშვება ნიშნავს რევოლუციური პროცესების წახალისებას. ისედაც ლუსტრირებულია სალომე ზურაბიშვილის ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან და თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება მისი რევოლუციური მისწრაფებების სრული ლუსტრაციაც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ვის გულისხმობს პრეზიდენტისა და რადიკალური ოპოზიციის „საერთო პატრონში“, კობახიძე ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტიას“.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა. ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ნინო ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გრიგორიადისი დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გრიგორიადისს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულისხმობს. მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.

ლაზარე გირგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, მეორე მხრივ, დაზარალებულს მომხდარზე პრეტენზია არ აქვს.

“სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.7 პროცენტი შეადგინა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.5 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.6 პროცენტით, რაც 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-1.0 პროცენტი); განათლება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 5.5 პროცენტიანი მატება, რაც 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (9.3 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (5.9 პროცენტი) და დონით განუსაზღვრელი განათლება (4.2 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურებაზე (2.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

“მოგიბრუნდებათ თქვენი მზაკვრობა! სამოქალაქო არეულობის შედეგებს იქ მოიმკით – USA-ში!” -გოგა ხაინდრავა აშშ-ს საელჩოს

“აშშ-ს საელჩოს! სულ დაკარგეთ გონება და რეალობის აღქმა? –  სუსი-ს მიერ კანონიერი გზით მოპოვებული და გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ აშშ-ს საელჩოს განცხადებას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ეხმიანება:

“აშშ-ს საელჩოს! სულ დაკარგეთ გონება და რეალობის აღქმა? საქართველომ უყურა და უსმინა USAID-ს “დემოკრატიის” ტრენინგებს. ასეთ თავხედურ ტყუილს რატომ გვაკადრებთ, ვინ გგონივართ?! მოგიბრუნდებათ თქვენი მზაკვრობა! სამოქალაქო არეულობის შედეგებს იქ მოიმკით USA-ში!”-წერს გოგა ხაინდრავა.

პაკისტანში დააკავეს ბანდა, რომელიც ადამიანებს თირკმლებს უკანონოდ აჭრიდა

პაკისტანში დააკავეს ბანდა, რომელიც 8 ადამიანისგან შედგება და ექიმი ხელმძღვანელობდა. როგორც BBC წერს, მათ ადამიანებს თირკმლები არალეგალურად ამოაჭრეს, რათა მდიდარი კლიენტებისთვის გადაენერგათ.

ამასთან, მთავრობის განცხადებით, ზოგიერთ დაზარალებულს ოპერაციაზე თანხმობა არ მიუცია. როგორც პრესკონფერენციაზე პანჯაბის პროვინციის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ექიმი ოპერაციას სახლში ატარებდა, ხშირად კი ეს დონორი პაციენტების თანხმობის გარეშე ხდებოდა.

როგორც ცნობილი გახდა, დამნაშავეებმა მინიმუმ 328 ოპერაცია ჩაატარეს და სულ მცირე დონორი დაიღუპა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები თირკმელს 10 მილიონ რუპიად (120 000 დოლარი) ჰყიდდნენ უცხოელ პაციენტებზე, ხოლო პაკისტანელებზე 3 მილიონ რუპიად.

“აშშ-ის საელჩოს განცხადება გამაოგნებელი და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება შემაშფოთებელია.

მისივე თქმით, საზოგადოებას აქვს მოლოდინი, საელჩოს მხრიდან მოისმინოს, რომ მათ მიერ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა არ მოხდება.

„გუშინ წავიკითხე საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ. იმის მაგივრად, გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისაგან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციის მომზადებისგან, აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება ვნახეთ, რაც შემაშფოთებელია. ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში და არა რევოლუცია, ის უბედურება, რაც მაგალითად, რევოლუციამ მოუტანა იგივე ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინას. ეს არ უნდა საზოგადოებას და საზოგადოების მოლოდინია, ამ შემთხვევაში, საელჩოსგან მოისმინოს განსხვავებული პოზიცია. პოზიცია, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გუშინ, 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც ნათქვამია: ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია. მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს.

სწორედ პრეზიდენტის ქმედებებში იკითხება საბოტაჟის ძალიან აშკარა და უხეში ნიშნები -კობახიძე

სერიოზულად ვერც განიხილავ ე.წ. არგუმენტებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა წარმოადგინა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მაია კოპალეიშვილის პოზიცია აბსოლუტურად არასერიოზულია.

„გამაცნეს მასალები, რომელიც უკავშირდება ამ პროცესს. მათ შორის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიცია. აბსოლუტურად უსუსურია იქ წარმოდგენილი მსჯელობა. სერიოზულად ვერც განიხილავ ე.წ. არგუმენტებს, რომელიც იქ არის წარმოდგენილი. იმედია, დღეს ცოტა მეტს მოვისმენთ, მათ შორის მისგან. კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება, თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის პოზიცია მაჩვენეს და აბსოლუტურად არასერიოზულია, რაზეც იქ არის საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა თავად აღიარა, რომ მისი ვიზიტები არაკონსტიტუციური იყო.

„ამაზე მეტყველებს მისი განცხადებები. მაგალითად, მან მისცა ინტერვიუ საზღვარგარეთ ერთ-ერთ ტელევიზიას, სადაც ამბობდა, რომ მას ოფიციალურად  არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო ამ სახელმწიფოში. ეს არის ჩვეულებრივი აღიარება. მას განზრახ და ძალიან უხეშად აქვს დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია და არაკონსტიტუციურ ქმედებებს აგრძელებს, რაც ბუნებრივია, შემაშფოთებელია. თუ რამეს შეიძლება, დაერქვას ევროპული პერსპექტივის, ქვეყნის საბოტაჟი, ეს არის სწორედ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და ა.შ. სწორედ პრეზიდენტის ქმედებებში იკითხება საბოტაჟის აშკარა და უხეში ნიშნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დღეს იწყება. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 12:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.