Home Blog Page 1772

ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის – NDI

ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა.

კითხვაზე, ბარათზე ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:

12% – ფული არ გვყოფნის საკვებზე;

28% – ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე;

45% – ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები;

10% – საშუალება გვაქვს შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა;

3%- საშუალება გვაქვს შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება;

1%- არ ვიცი.

1%- უარი პასუხზე.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

“იმ ხალხის ნაწილი, რომელსაც „ნაცები“ არ მოსწონდა და ახლა ოპოზიციაში მიდის, ჩვენთან უნდა მოვიდეს” – იაგო ხვიჩია

იმ ხალხის ნაწილი, რომელსაც „ნაცები“ არ მოსწონდა და ახლა „ნაცების“ ოპოზიციაში მიდის, ჩვენთან უნდა მოვიდეს, რადგან ჩვენც ვეძებთ ხალხს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადსა.

ხვიჩიას თქმით, ნაწილი სხვადასხვა პარტიაში უნდა გადანაწილდეს.

„მეეჭვება, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კონკურენტი იყოს, თუმცა ხმებს დააკარგვინებს ოპოზიციურ „ნაცმოძრაობასაც“ და ოპოზიციასაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რამენაირად „ნაცური“ ხმები ერთად მოგროვდეს „ნაცების“ ყულაბაში და ის ხალხი, რომელსაც „ნაცები“ არ მოსწონდათ და ამ მიზნით მიდიან ახლა „ნაცების“ ოპოზიციაში, ჩემი აზრით, ნაწილი ჩვენთან უნდა მოვიდეს, რადგან ჩვენც ვეძებთ ხალხს. ნაწილი სხვადასხვა პარტიაში უნდა გადანაწილდეს და ნაწილი უკან დაბრუნდეს „ნაცებში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რა რესურსი ექნება ნიკა მელიას პარტიას, ხვიჩიამ აღნიშნა:

„არ მჯერა არცერთი პარტიის წარმატების, რომელსაც ჯერ არ უთქვამს, რა უნდა. შესაბამისად, მათზე პროგნოზირება –  წარმატებული იქნება თუ არა, შეუძლებელია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას”

ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას, – ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი იმართება.

„დღეს აქ ვარ, სადაც ყურადღებას გავამახვილებთ არა მხოლოდ საგარეო საკითხებზე, არამედ ევროპული საბჭოს მიერ მოსამზადებელ საკითხებზე. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ამასთან, დმიტრო კულებას კითხვა დაუსვეს არგენტინაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტი ზელენსკი არგენტინაშია, მე ბრიუსელში. ამიტომ არ ვიყავი ჩართული ამ მოკლე საუბარში. არ შემიძლია, გაგიზიაროთ ატმოსფერო. მათ შორის იყო კომენტარების გაცვლა. დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვხვდები. ეს იქნება ჩვენი პირველი პირისპირი შეხვედრა რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ და ვფიქრობ, ეს ფაქტი უკვე თავისთავად მეტყველებს, რომ ჩვენ განვაგრძობთ დიალოგს, ვესაუბრებით უნგრეთს. როგორც ვთქვი, უკრაინამ შეცვალა კანონმდებლობა განათლებისა და ეროვნული უმცირესობების ენის გამოყენების შესახებ იმ მხრივ, როგორც უნგრეთს სურდა, შეცვლილიყო. ამიტომ, ეს ფაქტი უნდა დაფასდეს“, – აღნიშნა კულებამ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.

კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

16% – კარგად

41% – საშუალოდ

30% – ცუდად

11% – უარი პასუხზე

1% – არ ვიცი

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

“უკრაინის ფრონტებზე სიტუაცია სულ უფრო უარესდება”-Le Figaro

„უკრაინის ფრონტებზე სიტუაცია სულ უფრო უარესდება. დასავლეთმა ვერ შეძლო დაპირების შესრულება და კიევისათვის საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალების მიწოდება, რის გარეშეც შეტევის განხორციელება შეუძლებელია“, – ნათქვამია ფრანგული „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა ამ ეტაპზე რუსეთთან ომს აგებს“ (ავტორი – ნიკოლა ბაროტი), – „დღეს ყველაზე აქტუალურია კითხვა – „დაიწყება თუ არა მოლაპარაკება ამ ზამთარს თუ შეხვედრას სამომავლოდ გადაიტანენ?“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის ომის აქტიურობა შენელდა. მართალია, საომარი მოქმედებები ფრონტის მთელ ხაზზე ისევ გრძელდება, მაგრამ სტრატეგიული გარღვევა არცერთ ადგილზე მოსალოდნელი არ არის. მით უმეტეს, ფართო შეტევაზე ფიქრიც აღარ შეიძლება – „წვიმების, თოვლისა და სიცივის გამო ჯარისკაცები პარალიზებულები არიან”.

ფრანგი ექსპერტების აზრით, „უკრაინის ჯარმა ქალაქი ავდეევკა უნდა დატოვოს“. მათი თქმით, ძნელია იმის დაჯერება, რომ უკრაინელები ბახმუტთან მიმართებით დაშვებულ შეცდომას ისევ გაიმეორებენ. ნანგრევებად ქცეული ბახმუტის დაცვა უაზრობა იყო, უკრაინის არმიამ კი ამ ქალაქის შენარჩუნების მიზნით უამრავი საბრძოლო რესურსი დახარჯა და ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე შეწირა იმ მოსაზრებით, რომ გმირული ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენსო. საბოლოო ჯამში კი ბახმუტი მაინც რუსებმა დაიკავეს.

უკრაინის არმიას საბრძოლო მასალები არ ჰყოფნით. დასავლეთმა თავისი დაპირება ვერ შეასრულა: დახმარების დონე ომის დაწყების დროიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ევროპელები უკრაინელებს დაჰპირდნენ მილიონი ჭურვის მიწოდებას, მაგრამ ამ რაოდენობის დამზადება ვერ შეძლეს (თუმცა კიევისათვის მილიონიც არასაკმარისი იყო). რუსეთის ქარხნებში კი ამ დროს ხუთ მილიონამდე ჭურვი დამზადდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინა, რუსეთის წარმატების ფონზე, სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას იპყრობს.

კიევის ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ თავიანთი პარტნიორებისაგან დახმარების საკითხში უკვე ნაკლები იმედი ჰქონდეს. ახლა საჭიროა საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოების სფეროში. მართლაცდა, ამჟამად უკვე დაიწყო ახალი კონტრაქტების დადება სწორედ ასეთი პირობით – დასავლური კომპანიები საბრძოლო მასალებს უკრაინის ქარხნებში დაამზადებენ ან უკრაინაში იარაღის მწარმოებელ ახალ ქარხნებს ააშენებენ.

მაგრამ იმავდროულად ექსპერტები ერთ გარემოებაზე მიუთითებენ: ბრძოლის ველი ყოველთვის აქტიურია: ადრე თუ გვიან პოზიციური ბრძოლა აქტიურ შემტევითში გადაიზრდება, ამიტომაც საჭიროა საბრძოლო მასალების მომარაგება, რომლის შესაძლებლობა უკრაინის არმიას არ აქვს (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც). ჭურვების გარეშე არტილერია – ქვემეხები და ჰაუბიცები გამოუსადეგარია. აქედან გამომდინარე, თუ არტილერია არ მუშაობს, შეტევა ვერ განხორციელდება. პოზიციურ ბრძოლაში, დაკავებული ტერიტორიების რომ შეინარჩუნო, აუცილებელია სანგრების, ტრანშეებისა და მიწისქვეშა თავშესაფრების მოწყობა…

კიევი ფიქრობს, რომ რუსეთს დრო ჭირდება მარაგებისა და ძალების აღსადგენად, ამიტომ მოსკოვი შეტევას ვერ წამოიწყებს. მაგრამ ასეთი თავდაჯერება საფრთხილოა. რუსეთს საკმაო ძალები აქვს, რომ ლოკალური შეტევა წამოიწყოს და მისი წარმატებული განვითარების კვალობაზე, იერიშები გააფართოოს. რუსეთს უპირატესობა აქვს შეიარაღებაში, – დრონებში, დანაღმვაში, არტილერიაში, ავიაციაში… უკრაინის უპირატესობა კი აშკარად გამოიხატება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვაში და დასავლური წარმოების ზუსტ რაკეტებში (Scalp-ებში და Storm Shadow-ებში), მაგრამ, სამწუხაროდ, კიევს ასეთი რაკეტები ცოტა აქვს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული უწყების მიერ ჩატარებული ოპერაციის წყალობით, კიევმა დარტყმა მიაყენა რუსეთ-ჩინეთის შემაერთებელ სარკინიგზო ხაზს – დივერსიის შედეგად, აფეთქებული იქნა გვირაბი, რის შედეგადაც სამხედრო სარკინიგზო შემადგენლობების მოძრაობა ხანგრძლივი დროით შეწყდა – შესაბამისად, რუსეთს ჩინეთიდან იარაღის მიწოდება გაუძნელდა. მაგრამ ასეთი ტაქტიკა, რომელიც შეიძლება „კოღოს ნაკბენს“ შევადაროთ, რაიმე სტრატეგიულ ცვლილებას არ გამოიწვევს, მხოლოდ შეანელებს რუსეთის ძალისხმევას. იგივე ითქმის უკრაინული დრონების შეტევებზე რუსეთის სიღრმეში, რომელთა ინტენსიურობამ, სხვათა შორის, ბოლო დროს მოიკლო.

უკრაინას ამჟამად ისეთი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები აქვს, რომლებიც წარმატებით იგერიებს რუსული დრონების შეტევებს. რუსეთი თავის ოპერატიულ და სტრატეგიულ ავიაციას უფრთხილდება და უკრაინის ქალაქებისკენ იაფფასიან, მაგრამ ბომბებით აღჭურვილ უპილოტო მფრინავ აპარატებს უშვებს, რომლებსაც კიევი დიდი რაოდენობით ანადგურებს. დასავლეთს რომ უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები არ მიეწოდებინა, რუსული დრონების რეიდები კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევდა, – წერს ამერიკული ანალიტიკური ცენტრი „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW).

უკრაინის არმიის კონტრშეტევის წარუმატებლობის დაფიქსირებამ თვითონ უშუალოდ უკრაინელი სარდლის [გენერალ ვალერი ზალუჟნის] მიერ ამერიკელებში უფრო გააღრმავა ის იმედგაცრუება, რასაც ისინი ბოლო დროს განიცდიან. გამოდის, რომ რუსეთმა ბრძოლის ეს რაუნდი მოიგო.

აქსიომაა ის, რომ უკრაინის მომავალი დასავლეთის დახმარებაზეა დამოკიდებული. თუ დაეხმარება და თანაც ინტენსიურად, კიევმა შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ნატოს სტანდარტების მქონე არმია შექმნას, მაგრამ ამჟამად უკრაინა ომს აგებს. საკითხი ასე დგას: როდის დაიწყება მოლაპარაკება – ამ ზამთარს თუ ზამთრის შემდეგ?

წყარო:

გამოკითხულთა 62%-ის აზრით, საქართველოში არც ერთი პარტია მათ ინტერესებს არ გამოხატავს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.

უფრო კონკრეტულად, NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვას: „არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს“, გამოკითხული პირების 62% პასუხობს – „არა“. 29% კითხვაზე დადებით პასუხს იძლევა. 7% ამბობს, რომ არ იცის, 2% პასუხზე უარს ამბობს. აღნიშნული სტატისტიკის განაწილება მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით კი აჩვენებს, რომ რწმენა, რომ მათ ინტერესებს ერთი პოლიტიური პარტია მაინც გამოხატავს, შედარებით მაღალია დიდ ქალაქებში, 55+ ასაკობრივ ჯგუფსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში.

კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ ყოველი მეხუთე მხარდამჭერი, თითქმის ყოველი მეორე ოპოზიციის მხარდამჭერი და გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა უმრავლესობა ამბობს, რომ არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

“საქართველოს „ყველაზე დიდმა მეგობარმა“ ორბანმა სიურპრიზები თუ არ მოგვიწყო, კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს” – ბექა ლილუაშვილი

სიურპრიზები თუ არ მოგვიწყო საქართველოს „ყველაზე დიდმა მეგობარმა“ ორბანმა, რომელიც სააკაშვილისა და ღარიბაშვილის საუკეთესო მეგობარია, ჩვენ კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს. სიურპრიზით შეიძლება, სტატუსის მინიჭება გადავადდეს, მაგრამ დროის დაკარგვის საშუალება არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს, ქართველ ხალხს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პროცესში რამდენად დიდი წვლილი აქვს.

„მათ დასაკარგი დრო არ აქვთ, რომ ხელისუფლების მიზანმიმართული თუ უნებლიე წაბორძიკების გამო ქვეყანამ ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივა დაკარგოს. ხელისუფლებამ სამუშაო ჯგუფები უნდა შექმნას და სამუშაო ფორმატში საქმის კეთების ეტაპზე გადავიდეს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

“იმედი მაქვს, საქართველო სტატუსს მიიღებს” – ხატია დეკანოიძე

იმედი მაქვს, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა ორბანი უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნას თუ დაბლოკავს, მცირე შანსი არსებობს, რომ ევროკავშირის გაფართოება შეჩერდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე იმედოვნებს, რომ საკითხზე კონსენსუსს მიაღწევენ.

„იმედია, ევროკავშირის ლიდერები იმ შანტაჟს არ დაექვემდებარებიან, რომელიც უნგრეთის ხელმძღვანელის მიერ არის წამოყენებული. ასეთი ულტიმატუმები იყო შარშანაც, როცა უკრაინამ და მოლდოვამ სტატუსი მიიღეს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს პოზიცია რუსეთის პოზიციას უახლოვდება. დიდი იმედი მაქვს, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა ორბანი უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნას თუ დაბლოკავს, მცირე შანსი არსებობს, რომ ევროკავშირის გაფართოება შეჩერდეს. ეს თუ მოხდება, შესაძლებელია, გაფართოების ტალღა იმ წერტილამდე გადაიდოს, როცა საბოლოო კონსენსუსი იქნება მიღწეული. მაინც ვფიქრობ, რომ კონსენსუსი შეიძლება იყოს მიღწეული, პოზიტიური მოლოდინი მაქვს. დიდი იმედი მაქვს, საქართველო სტატუსს მიიღებს, რადგან ეს არის საქართველოს მოქალაქეების ნების აღსრულება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“ვიდრე სირაქლემას პოზაში ვიქნებით, რუსეთი ასე გააგრძელებს” – პაატა მანჯგალაძე

ვიდრე სირაქლემას პოზაში ვიქნებით, რუსეთი ასე გააგრძელებს – ადამიანის უფლებები რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, ამიტომ მნიშვნელოვანია დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გალში, სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია მსგავს ფაქტებს მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები და რუსეთმა პოლიტიკური ფასი გადაიხადოს.

„ძალიან მძიმე ფაქტია და სამწუხარო ტრაგედიაა, რომ ჩვენი მოქალაქეები დაუცველები არიან საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ზონაში, რატომ? – არასდროს მოუწია პოლიტიკური და სამართლებრივი ფასის გადახდა, ყოველთვის დაუსჯელი დარჩა მტერი ნაცვლად იმისა, საქართველოს პარლამენტში ყოფილიყო რეზოლუცია მიღებული, როცა გინტური მოგვიკლეს ტაძარში ლოცვის გამო (ევროპარლამენტში განიხილეს და მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, მაგრამ საქართველოს პარლამენტმა დაბლოკა, სამწუხაროდ). ვიდრე ასე სირაქლემას პოზაში ვიქნებით, რუსეთი გააგრძელებს ამას. ადამიანის უფლებები რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, მათ მხოლოდ ერთი არგუმენტის ესმით და ეს არის ის, რომ დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

Წაიკითხე ბესტსელერები უფასოდ SABA Reader-ში

“Საბა” 11 დეკემბრიდან მკითხველთათვის ახალ კამპანიას იწყებს და მათ საშუალებას აძლევს აპლიკაცია SABA Reader-ში ბესტსელერები უფასოდ წაიკითხონ.

Ბესტსელერებზე უფასო წვდომა ლიტერატურის მოყვარულებს ერთი თვის განმავლობაში ექნებათ, ხოლო წიგნების ჩამონათვალი პერიოდულად განახლდება.

Კამპანიის მთავარი მიზანია, ნებისმიერ მკითხველს ჰქონდეს საშუალება გაეცნოს როგორც ქართულ, ასევე თარგმნილი ლიტერატურის პოპულარულ ტექსტებს. Უფასო წვდომით ისარგებლებს ყველა მსურველი, იმისდა მიუხედავად ყოფილა ის თუ არა აქამდე “საბას” ელექტრონული ბიბლიოთეკის გამომწერი.

11 დეკემბრიდან – 11 იანვრის ჩათვლით მკითხველებს სამ ბესტსელერს ვთავაზობთ, ესენია:

  • Ნინო ხარატიშვილის “უკმარი სინათლე”
  • Ხალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი”
  • Ჯონ აპდაიკის “ბრაზილია”

შემდეგი სამეულის შესახებ კი ინფორმაციას “საბას” საკომუნიკაციო არხებით მიიღებთ.

Ბესტსელერებზე უფასო წვდომის კამპანია “საბას” მეგობარი შემდეგი გამომცემლობების მხარდაჭერით ხორცილდება: სულაკაურის გამომცემლობა; დიოგენე; ინტელექტი; არტანუჯი და წიგნები ბათუმში.

„საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

R

„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში საკრებულოს დეპუტატების და რაიონული ორგანიზაციის ნაწილმა დატოვა”

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისშიც ტოვებენ. პარტიის მანდატზე უარი საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7-მა დეპუტატმა განაცხადა.

როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ პარტიაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა და მათ ასეთ პირობებში პარტიაში დარჩენა აღარ სურთ. ისინი, სავარაუდოდ, ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელებენ.

ქუთაისში პარტია დატოვეს რაიონული ორგანიზაციის წევრებმაც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეგნებულად დააყენეს კონფორმისტულ, სისტემურ, ფსევდოოპოზიციურ წარმონაქმნად გადაქცევის გზაზე. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ დღეიდან ოფიციალურად ვტოვებთ პარტიის რიგებს. სამშობლო და სახელმწიფო ყოველთვის უფრო გაცილებით მაღლა იდგება, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება ან პარტია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბრძოლა პრორუსულ, არაფორმალურად მართულ არადემოკრატიულ ხელისუფლებასთან კვლავ გაგრძელდება, თუმცა, სხვა პლატფორმიდან“,-განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა.

“დარწმუნებული ვარ, ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის” – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.

აღნიშნულის შესახებ ელინა ვალტონენმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება.

როგორც ელინა ვალტენონმა აღნიშნა, პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოში რეფორმების გატარებაში პროგრესის გამო.

„ფინეთი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია. ეს პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის გატარებაში პროგრესის ნიშნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა.