Home Blog Page 1771

“NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს” – გია ვოლსკი

NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს – ყოველთვის წარმოდგენილია გადაუწყვეტელთა არმია, რომელიც რეიტინგის არმქონე პარტიებს პერსპექტივას უტოვებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც NDI-ის კვლევას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კვლევაში ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაცილებით მეტია, ვიდრე ოპოზიციის, თუმცა რიცხვი 19 (რომელიც კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგს ასახავს), ვოლსკის შეფასებით „სასაცილოა რეალურ მაჩვენებელთან შედარებით“.

„ვინც NDI-ს კვლევებს, საველე სამუშაოებს ატარებს, ის ორგანიზაცია, გარკვეულწილად, დაკავშირებული იყო ადრე „ნაცმოძრაობასთან“ , ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. მე არ მახსოვს ერთი კვლევა მაინც ისეთი, რომ ციფრებში ემთხვეოდეს ერთმანეთს შედეგი და კვლევა. მიუხედავად ამისა, თავად მათაც არ აქვთ შესაძლებლობა ის ფაქტი უარყონ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა ერთად აღებული ყველა ოპოზიციური პარტიის, ძირითადად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს მნიშვნელოვნად აჭარბებს, თუმცა, ციფრები შეცვლილია და ისეა წარმოდგენილი, თითქოს კიდევ არსებობს პერსპექტივა. გადაუწყვეტელთა რაოდენობაა იმდენი მითითებული, რომ არარეალისტური ლაპარაკის საშუალებას ქმნის. არის „გორბის“ კვლევები და იქაც ნაჩვენებია, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით დიდი რეიტინგი აქვს. აქაც იგივეა ნაჩვენები, თუმცა, 19 პროცენტი სასაცილოა იმასთან შედარებით, რასაც ჰქვია რეალური მაჩვენებელი და გადაუწყვეტელთა არმია არის წარმოდგენილი ყოველთვის, რომელიც პერსპექტივას უტოვებს რეიტინგის არმქონე პარტიებს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი გამოეხმაურა კვლევის იმ ნაწილსაც, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას უმრავლესობა საშუალოდ ან კარგად აფასებს.

NDI-ს კვლევები ყოველთვის პოლიტიკურ მიზანზე იყო ორიენტირებული. ახლა მთელი ძალისხმევა მიდის იქით, რომ ახალ მოკავშირეთა ჯგუფი იქმნება, რომელიც თვალსაჩინოდ თუ ფარდის მიღმა ჩამოაყალიბებს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კოალიციას. აქ შედის „ლელოც“, გახარიაც, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეიძლება ნინო ლომჯარია და უნდათ ეს იდეა NDI-ს კვლევებითაც მოგვყიდონ საზოგადოებას,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

“საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის განწყობა პოზიტიურია” – მაკა ბოჭორიშვილი

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური განწყობა პოზიტიურია. საქართველოსთან დაკავშირებით კონსენსუსს საფრთხე არ უნდა დაემუქროს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია ძირითადი საფუძველია ევროპული საბჭოს პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის.

„ვიცით, რომ საკითხი არის გაფართოების პაკეტი და ამ საკითხზე საჭიროა 27 წევრი ქვეყნის თანხმობა, კონსენსუსის მიღწევა. ევროკომისიის რეკომენდაცია ძირითადი და მნიშვნელოვანი საფუძველია პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის. ასევე ვიცით, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური განწყობა პოზიტიურია  და, წესით, საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, კონსენსუს საფრთხე არ უნდა დაემუქროს, თუმცა საკითხი არის კომპლექსური – არის სხვადასხვა ქვეყანა, არის გაფართოების პაკეტი. იმედი გვაქვს, წევრი ქვეყნები ამ საკითხზე კონსენსუსს მიააღწევენ.

ზოგადად, ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ევროკავშირის საბჭო განიხილავს, სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციების დაფიქსირება და შემდგომ კონსენსუსის მიღწევა. ეს არ არის უნიკალური საკითხი, რომელიც გამოირჩევა თავისი სირთულეებით. მოველი, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ამ შემთხვევაშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები კონსენსუსს მიაღწევენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

“მელიას საკითხის გააქტიურება ხელოვნურად ხდება, „ლელოც“ გააქტიურდება” – ალუდა ღუდუშაური

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ლევან ხაბეიშვილის მიყვანა და პარტიიდან ნიკა მელიას ასე დამამცირებლად გაგდება ერთი დიდი სცენარის ნაწილია. რა თქმა უნდა, იქ როლებია განაწილებული, – ამის სესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, მელიასა და მის მოკავშირეებს დამაკნინებელი როლი ერგოთ.

„ერთ-ერთი ასეთი დამაკნინებელი როლი აქვს სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება ქვეყნისთვის უპატივცემულო და უმადური პრეზიდენტი. მელიას საკითხის გააქტიურება ხელოვნურად ხდება. „ლელოც“ გააქტიურდება და გახარიასაც გააქტიურებენ. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გახარია და მისი გუნდი მშვენივრად თანამშრომლობენ. მელიას გააქტიურების სცენარის ავტორთა მიზანია, მელიასაც და „ლელოსაც“ ბარიერი გადაალახინონ. სინამდვილეში, არც იდეოლოგიური, არც მსოფლმხედველობითი, არც მორალური სხვაობა მათ შორის არაა, ერთ ფესვზე დამყნობილი პოლიტიკური ძალები არიან, რომელთა მოტივი, მიზანია, ხელში ჩაიგდონ ამ ქვეყნის მართვის სადავეები, რაც უნიჭო მცდელობაა. „ნაცმოძრაობამ“ ქართველ ხალხთან პირწმინდად წააგო“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გორის გვირაბებში 11 დეკემბრის 23:00 საათიდან 12 დეკემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო, 2023 წლის 11 დეკემბრის 23:00 სთ-დან 12 დეკემბრის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 12 დეკემბრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

მათივე ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე, ხოლო საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებშიც გეგმავს

რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც გაიმართება, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც „საომარი მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს“.

როგორც რუსული მედია წერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საომარი მდგომარეობის მიუხედავად, არჩევნები ე.წ. რუსეთის ახალ რეგიონებშიც ჩატარდეს.

კომისიის წევრებმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან, თავდაცვის სამინისტროსთან, ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისა“ და ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

„ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ რუსეთის პრეზიდენტს და ფედერაციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. გთხოვთ, მოამზადოთ წერილების პროექტი და გაუგზავნოთ პრეზიდენტს და საბჭოს”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლაი ბულაევმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

თბილისი ევროპის ყველაზე ცოცხალი დედაქალაქია – Times

ადგილობრივი ღვინო, საბაგირო და ღამის ცხოვრება – თბილისი ევროპის მეორე ბერლინი ხდება, – გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Times საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს.

გამოცემის ჟურნალისტმა კრის შალკმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა და Times-ის მკითხველს დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„საბჭოთა ეპოქის საწყობებსა და საუკუნის წინ აშენებულ სახლებში თანამედროვე ბუტიკური სასტუმროები და ბარებია მოწყობილი, სადაც ნატურალურ ღვინოს დალევთ. თბილისს უკვე აქვს მეორე ბერლინის რეპუტაცია, ქალაქი ცნობილია ღამის კლუბებითა და ბარებით, მაგრამ თბილისი უფრო მეტია ვიდრე ჰიპსტერული სტილი. აბრეშუმის გზაზე მდებარე ქალაქი მონღოლი ხანების, სპარსელი შაჰებისა და რუსი მმართველების ხელიდან ხელში გადადიოდა. თითოეულმა მათგანმა თავისი კვალი დაამჩნია ქალაქის კალეიდოსკოპურ არქიტექტურასა და კულტურულ ისტორიას. აქ შეხვდებით შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეებს, საბჭოთა ნაგებობებს, გზისპირა სასტუმროებს. აქაური ურბანული ცხოვრების შესწავლის შემდეგ გელოდებათ საქართველოს თოვლით დაფარული მთები, დროში გაჩერებული სოფლები და ეს ყველაფერი მატარებლით ან მანქანით ძალიან ახლო მანძილზეა“, – წერს Times-ის ჟურნალისტი.

სტატიაში აღწერილია ძველი თბილისი, ეკლესიები, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ღვინის მუზეუმი, ღვინის ბარები, მშრალი ხიდის ბაზრობა, კვების ობიექტები და სასტუმროები. კრის შალკი მკითხველს თბილისის ცენტრში ფეხით მოგზაურობას ურჩევს, სხვადასხვა უბანში კი მეტროსა და ავტობუსის გამოყენებას სთავაზობს.

https://www.thetimes.co.uk/article/europes-most-vibrant-capital-which-isnt-where-youd-expect-t92q9skqg

სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა

ჩეხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს სურს, 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომამდე მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს. ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს განიხილავენ პოლიტიკოსად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული ღირებულებების წინ წაწევაში.

როგორც მედია წერს, სალომე ზურაბიშვილს ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში სამხედრო პატივით დახვდნენ. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერის ორმხრივი მოლაპარაკებები, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწეული ძალისხმევა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგები და სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში.

როგორც ჩეხური მედია წერს, სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს და ჩეხეთის დეპუტატების პალატის სპიკერს.

“არ მაქვს მოლოდინი, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ”-ლაშა ფარულავა

არ მაქვს მოლოდინი, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ. ეს არის მთავარი ინდიკაცია იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა მხარდამჭერმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოვლენები როგორც არის, რეალურად შეაფასოს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

მისივე განცხადებით, „საჭიროა ისეთი მოქმედებების დაწყება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“.

„ის ადამიანები, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მათ რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ. ეს არის მთავარი ინდიკაცია იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა მხარდამჭერმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოვლენები როგორც არის, რეალურად შეაფასოს. რეალურად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ლიდერი, ანტიპუტინისტური მოძრაობის რეგიონული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ამ რეჟიმის ტყვეა და საჭიროა ისეთი მოქმედებების დაწყება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

“NDI ამ ქვეყანაში ყველაზე ცუდ კვლევებს აკეთებს”- სანდრო რაქვიაშვილი

არის ელემენტარული ზრდილობის წესები სტატისტიკაში, სოციოლოგიაში, რომელსაც ეს კვლევა არ აკმაყოფილებს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი აცხადებს, რომ NDI-ს კვლევის შედეგებს ვერ ენდობა.

„NDI ამ ქვეყანაში ყველაზე ცუდ კვლევებს აკეთებს. აი “გორბიც” კი უკეთეს კვლევებს ატარებს ჩემი აზრით, ვიდრე NDI. როცა ათას კაცს ჰკითხე და 28 პროცენტი გპასუხობს მხოლოდ და იქიდან (28 პროცენტიდან, ვინც გიპასუხა) 65 პროცენტი არ გეუბნება რომელ პარტიას უჭერს მხარს და შენ ამის შემდეგ ბედავ, რომ პარტიების რეიტინგი დაწერო, უბრალოდ ძალიან კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება ამას ენდო?! რომ გამოაქვეყნეს ასეთი კვლევა, ესაა სასაცილო,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამია, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

ამასთან, ნათქვამია, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს. რომელი პარტია დგას თქვენთან თქვენს შეხედულებასთან, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:

47% – არცერთი პარტია

19% – „ქართული ოცნება“

13% – უარი პასუხზე

6% – არ ვიცი

4% – „ნაციონალური მოძრაობა“

12% – სხვა პარტიები

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა – დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.

„სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი – საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიური, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე. კომუნიკაციის სტრატეგია ეფუძნება მთავრობის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს − „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ და სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვასთან, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მიზნებსა და ამოცანებთან.

სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება.

დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების წარმომადგენლებმა.

სტრატეგიის მიზნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის („სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის“) ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ვითხოვთ გალში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას” – ანა დოლიძე

დღეს საქართველოს მოსახლეობა ოკუპანტის მძევლად რჩება, ამიტომ ვითხოვთ გალში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას,- ასე ეხმაურება პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტს.

პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ თემურ კარბაია რეჟიმის მსხვერპლია.

„ჩვენს თანამოქალაქეს, თემურ კარბაიას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. ეს უმძიმესი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობა ოკუპანტის მძევლად რჩება. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კი, რეალურად არაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ჩვენი პარტია უკვე დიდი ხანია ითხოვს, რომ ამ მიმართულებით, ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა გალის მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ეს საკითხი უკვე არაერთხელ დავაყენეთ, მაგრამ უშედეგოდ.

„ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს ყველას კეთილდღეობა, ის მხოლოდ საკუთარი პარტიის წევრების კეთილდღეობაზე ფიქრობს და ზრუნავს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

“კიევის კონტრშეტევა მარცხით დასრულდა-პუტინის რუსეთის გამარჯვება ახლოვდება, ევროპის საფუძვლები ირყევა”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) რუბრიკით „კომენტარი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „კიევის კონტრშეტევა მარცხით დასრულდა: პუტინის რუსეთის გამარჯვება ახლოვდება, ევროპის საფუძვლები ირყევა“ (ავტორი – დენიელ ჰანანი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩვენ უკრაინაზე მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ. იმ დროს, როცა მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა მიპყრობილი, შავი მიწით მდიდარ ქვეყანას სამხედრო-პოლიტიკური ბიძგები არყევს. უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაიშალა, ან უფრო რბილად რომ ვთქვათ ვოლოდიმირ ზელენსკის ენით – „სასურველ შედეგებს ვერ მიაღწია“.

იმის გამო, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლებით დაქანცულმა უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსების მიერ გამაგრებული ზღუდეები და დანაღმული ველები ვერ გადალახეს, ინიციატივა ხელში რუსმა დამპყრობლებმა ჩაიგდეს. რუსები იკავებენ ქალაქ მარინკას, მართალია, მთლიანად დანგრეულს, მაგრამ მას მაინც აქვს სიმბოლური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. რუსული რაკეტების კიევს ისევ ურტყამენ. უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია „ბი-ბი-სი“-ს სთხოვს, რომ ყველა გააფრთხილოს – „უკრაინას სასიკვდილო საფრთხე ემუქრება“.

ახლა უკრაინელების ჯერია, რომ სანგრები გათხარონ და რუსების წინსვლას აღუდგნენ – შეეცადნონ იმის შენარჩუნებას და დაცვას, არასაც ამჟამად აკონტროლებენ. ისევე როგორც 1914 წელს, ფრონტის ხაზი ახლაც დნეპრის დელტიდან დონბასის ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვრამდე გადის. ახლაც, ისევე როგორც მაშინ, სამხედრო ტექნოლოგიები თავდამსხმელებს უფრო ხელს უწყობს, ვიდრე თავდამცველებს, რომელთა მცირე მიღწევებს საშინელი ფასი აქვთ.

პირველი მსოფლიო ომი საბოლოო ჯამში მათი გამარჯვებით დასრულდა, ვისაც მეტი ცოცხალი ძალა, ანუ მეტი ჯარისკაცები ჰყავდა. ანტანტელმა მოკავშირეებმა გერმანიის შევიწროება შეძლეს მხოლოდ მაშინ, როცა 1918 წლის მარტისათვის ომში ამერიკაც ჩაერთო და ფრონტის ხაზზე უფრო მეტი ჯარისკაცები გაგზავნეს, ვიდრე „ცენტრალური ღერძის“ ქვეყნებმა [„ოთხთა კავშირმა“].

ამჯერად დემოგრაფიული უპირატესობა რუსეთის მხარეზეა, რომლის მოსახლეობა უკრაინისას სამჯერ აღემატება. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ თავისი ომამდელი სამოქალაქო წარმოების მესამედი სამხედრო რელსებზე გადაიყვანა და უწყვეტად ამზადებს საომარ საჭურველს. რუსეთს დიდი უპირატესობა აქვს დრონების თვალსაზრისითაც. მოკლედ, რუსებს ახლა ვერავინ შეაჩერებს ისე, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელებს მავთულხლართებით და ტყვიამფრქვევებით აჩერებდა.

რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე გადასვლას თავისი ნეგატიური ხასიათიც აქვს: ვლადიმერ პუტინმა საკუთარი ხალხი საშინელი მრავალწლიანი სიღარიბისა და შიმშილისათვის გაწირა, თუმცა ამ ეტაპზე მან თავისი საქმე გააკეთა: რუსეთი უკრაინის არმიის კონტრშეტევას გაუმკლავდა და მოწინააღმდეგე შეაჩერა, იძულებული გახადა სანგრები გაეთხარა და პოზიციურ ბრძოლაზე გადასულიყო. მოსკოვი ზამთარს უკრაინელთა გარღვევის გარეშე ხვდება.

ვაღიარებ, მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც ელოდებოდა, რომ უკრაინის არმია აზოვის ზღვისაკენ გაიჭრებოდა და ომს მალე გამარჯვებით დაასრულებდა.

2022 წლის განმავლობაში უკრაინის სარდლობა დარწმუნდა, რომ თუ „ყირიმ-დონბასის სატრანსპორტო დერეფანს“ არ დაარღვევდა და რუსეთის არმიას მომარაგების გზებს არ გადაუჭრიდა, ისე ომში წარმატება მიუღწეველი იქნებოდა. დერეფნის დარღვევით და აზოვის ზღვის გაკონტროლებით (ქერჩის ხიდის დანგრევის ჩათვლით) უკრაინის არმია ყირიმის რუსული გარნიზონს ფაქტობრივად ბლოკადაში მოაქცევდა, ელექტროენერგიას გამოურთავდა, სურსათს არ მიაწოდებდა და კრემლი იძულებული გახდებოდა მოლაპარაკების მაგიდას მისჯდომოდა. მაგრამ სიტუაცია ისე არ განვითარდა, როგორსაც ველოდი.

რატომ შევაფასე არასწორად სიტუაცია, რატომ შევცდი?
მე ვესაუბრე არა მარტო უკრაინელებს, არამედ ბრიტანელ სამხედრო ექსპერტებს და დამკვირვებლებს, რომლებიც კარგად იცნობენ საომარ მოქმედებებს. ისინი აკვირდებოდნენ უკრაინის არმიის საოცარ წარმატებას ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში 20022 წლის აგვისტო-სექტემბერში. ამ წარმატებამ დასავლეთს გამარჯვების რწმენა გაუძლიერა და უკრაინას ისეთი შეიარაღება მისცეს, რომლებზეც ადრე თავს იკავებდნენ – ვაითუ რუსებს ჩაუვარდეთ ხელშიო.

კონტრშეტევის დაწყების წინ უკრაინას უკვე ჰქონდა შორი მოქმედების რაკეტები, განაღმვის საშუალებები და პრინციპში, თანამედროვე ამერიკული, გერმანული, ფრანგული და ბრიტანული მძიმე ჯავშანტექნიკა. იმავდროულად „ვაგნერელთა“ ამბოხმა დაადასტურა, რომ რუსეთის სიმტკიცე ფრონტის ხაზის მიღმა მაინცდამაინც ძლიერი არ არის.

მაგრამ დამპყრობლებმა წინა შეცდომებიდან დასკვნები გააკეთეს. იმ დროს, როცა გასულ გაზაფხულს უკრაინა თავის ჯარისკაცებს ახალი იარაღის გამოყენებას ასწავლიდა, რუსი ჯარისკაცები კილომეტრებით ნაღმავდა ველ-მინდვრებს და გზებს, აგებდა გამაგრებულ ზღუდეებს, თხრიდა სანგრებს და ტრანშეებს, აგროვებდა დრონებს და გამალებით ამზადებდა რაკეტებს და ჭურვებს.

ვლადიმერ პუტინს ახლა მხოლოდ 12 თვით გაძლება ჭირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არ აირჩევენ (იგი თავის აღტაცებას ვერ მალავს რუსი ტირანის მიმართ – ერთხელ ისიც კი განაცხადა, რომ პუტინს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე თავის სპეცსამსახურებს), კონგრესმენი რესპუბლიკელები, მაინც ომის შეწყვეტას მოითხოვენ, ფულს არ გამოყოფენ და შესაბამისად, უკრაინის წინააღმდეგ იმოქმედებენ. უფრო მეტიც – ახლახან, ფაქტობრივად, კონგრესის ორივე პალატამ უკრაინის დახმარების დაფინანსება დაბლოკა.

ალბათ, ბევრმა შეამჩნია ვლადიმერ პუტინის ზამბარისებური მოქმედების ეფექტი. დიდი ხნის განმავლობაში იგი საკმაოდ იყო დაშინებული და რუსული პოსტსაბჭოთა გავლენის სივრცის მიღმა ფეხს ვერ დგამდა.
გარდა იმისა, რომ მის მიმართ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოწერილი დაპატიმრების ორდერი არსებობდა, კრემლის ბინადარს, ალბათ, სხვა ბევრი მტერიც ჰყავდა და შიშობდა, მასზე თავდასხმა არ მოეწყოთ. ვლადიმერ პუტინის ერთადერთი უცხოური ვიზიტების მისამართი იყო ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები და მეგობრული დიქტატურის ორი ქვეყანა – ირანი და ჩინეთი.
მაგრამ ამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა უფრო შორეული ვიზიტების განახორციელა – არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და საუდის არაბეთში.

ვიდეოკადრებში აშკარად ჩანდა, რომ ეს პირადად დესპოტი ვლადიმერ პუტინი იყო და არა მისი ორეული. რატომ გაგულადდა რუსეთის ლიდერი და ისეთ ქვეყნებში გაემგზავრა, რომლებიც დასავლეთთან არიან დაკავშირებულნი უსაფრთხოების საკითხებში? რამდენად შესაძლებელია, რომ საემიროებსა და საუდიტებს დასავლეთმა სთხოვა, რომ ვლადიმერ პუტინს წინასწარ დალაპარაკებოდნენ სამშვიდობო შეხვედრის პრელიუდიის სახით?

თუ ეს მართლაც ასეა, დიდი რისკია იმისა, რომ ჩვენ სუეცის არხის 1956 წლის მსგავსი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ყოველი გარიგება, რომელმაც შეიძლება რუსეთის აგრესია წაახალისოს, იქნება სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსათვის, რომ ნატომ, მთელი თავისი რესურსებით და შეიარაღებით, ვერ მიაღწია მინიმალურ მიზანს – იმ ქვეყნის გადარჩენას, რომლის დაცვა ალიანსის ყველაზე ძლიერმა ქვეყნებმა – აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ივალდებულეს.

ერთი მხრივ, დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ უკრაინაში დემოკრატია მოიკოჭლებს. მართალია, უკრაინა უფრო ლიბერალია, ვიდრე რუსეთი, მაგრამ მაინც ბევრი დემოკრატიული უფლება ირღვევა – არა მხოლოდ საომარი მდგომარეობის გამო. აკრძალულია ზოგიერთი პარტია – დიახ, ისინი რუსოფილურები არიან, მაგრამ არის შიში იმისა, რომ აკრძალვები დასავლურ ოპოზიციურ პარტიებსაც დაემუქრებათ. მაგალითად, ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიას. თვითონ პარტიის ლიდერს ამას წინათ ხელისუფლებამ საზღვარგარეთ ვიზიტის ნება არ დართო. მართალია, პეტრო პოროშენკომ, პატრიოტული მოსაზრებით, უარი განაცხადა ამ ინციდენტის გამო საერთაშორისო სკანდალის ატეხვაზე, მაგრამ ამ ფაქტმა მე პირადად ძალიან დამაფიქრა.

მეორე მხრივ, გავიხსენოთ, რომ 1939 წელს, პოლონეთს ავტორიტარული მთავრობა მართავდა, მაგრამ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია გერმანიის თავდასხმისათვის. ჩვენ, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთის დაცვაზე ვალდებულება გვქონდა აღებული და დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტიას ვაძლევდით – ისევე როგორც უკრაინას მივეცით 1994 წელს, როცა კიევმა თავის ბირთვულ არსენალზე უარი თქვა.

მართალია, ამჯერად ჩვენ ომში უშუალო მონაწილეობას არ ვიღებთ, მაგრამ მაინც იმდენად ვართ ჩარეული უკრაინის საქმეში, რომ რუსეთის გამარჯვება (ანუ კრემლის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიტაცების საერთაშორისო დადასტურება), დასავლეთისთვის პრესტიჟის კატასტროფული დაკარგვა იქნება, პლუს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება დასავლურ ფასეულობებს – პირად თავისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს.

კონფლიქტები მსოფლიოში სულ უფრო მოიმატებს იმის კვალობაზე, როცა დიქტატორული რეჟიმები დარწმუნდებიან – „ქუჩაში წესრიგის დამცველი პოლიციელები აღარ დგანან“. ვენესუელას დიქტატორი პრეზიდენტის პრეტენზიები მეზობელი გაიანის მიმართ მადესტაბილიზებელი პროცესების მხოლოდ დასაწყისია.

„დასავლეთმა მშვიდობა მოიპოვა არა იმდენად თავისი იდეების, ფასეულობებისა და რელიგიის უპირატესობით, არამედ ორგანიზებული ძალადობის გამოყენების უპირატესობით“, – წერდა სემუელ ჰანტინგტონი, – „დასავლელები ხშირად ივიწყებენ ამ ფაქტს, არადასავლელებს კი ყოველთვის ახსოვთ“.
რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს უკრაინის მარცხს. უკრაინამ რუსეთი ფაქტობრივად განდევნა შავი ზღვის აკვატორიის დასავლეთი ნაწილიდან და მისი პორტები საერთაშორისო ზღვაოსნობისა და ვაჭრობისათვის გახსნილები არიან. ამასთან ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ იმ ტენდენციისაგან, რასაც ჯორჯ ორუელი მეორე მსოფლიო ომის დროს ამჩნევდა – როცა ინტელექტუალები გადაჭარბებით აფასებდნენ ყოველ მიღწევას, ჩვეულებრივი ადამიანები კი მათ არ ეთანხმებოდნენ.

გავიხსენოთ, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დროს ინტელექტუალებში გადაჭარბებული პესიმიზმი იგრძნობოდა („უკრაინას რუსეთი რამდენიმე დღეში დაიპყრობს!“), ხოლო ხერსონის დაბრუნების შემდეგ ასევე გადაჭარბებული ეიფორია („უკრაინა მალე გაათავისუფლებს ყირიმს და დონბასს!“). ამიტომაც დღეს ჩვენ ძალიან დიდ და შორსმიმავალ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ ამ წარუმატებელი შეტევის შემდეგ. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ვიფიქროთ ისეთ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომელიც ღიად არ აქეზებს აგრესორს შემდგომი ექსპანსიისაკენ. არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკების შედეგად, უკრაინის აღმოსავლეთმა ნაწილმა [ვთქვათ, დონბასმა] ავტონომია მიიღოს სუვერენული უკრაინის შემადგენლობაში.

შესაძლოა მოხდეს ყირიმის დემილიტარიზება და რეფერენდუმი ჩატარდეს საერთაშორისო დამკვირვებლების კონტროლით…

მაგრამ თუ საბოლოო ჯამში უკრაინის ტერიტორიის ძალადობრივ ანექსიას მოახდენს, წააგებს არამარტო დასავლეთი, არამედ მთლიანად ბოლო მოეღება საერთაშორისო წესრიგს, 1945 წლიდან არსებულს. მსოფლიოში სიცივე მატულობს, წინ გრძელი ღამეები გველოდება…

წყარო: