რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებშიც გეგმავს

44
spot_img

რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც გაიმართება, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც „საომარი მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს“.

როგორც რუსული მედია წერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საომარი მდგომარეობის მიუხედავად, არჩევნები ე.წ. რუსეთის ახალ რეგიონებშიც ჩატარდეს.

კომისიის წევრებმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან, თავდაცვის სამინისტროსთან, ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისა“ და ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

„ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ რუსეთის პრეზიდენტს და ფედერაციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. გთხოვთ, მოამზადოთ წერილების პროექტი და გაუგზავნოთ პრეზიდენტს და საბჭოს”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლაი ბულაევმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.