Home Blog Page 1771

ალექსეი არესტოვიჩზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.​

„არესტოვიჩ ალექსეი. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსით“, – ნათქვამია მონაცემთა ბაზაში.

რა კონკრეტული მუხლით მიმდინარეობს ძებნა, არ არის მითითებული, თუმცა რუსეთის ფედერაციაში არესტოვიჩი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაშია შეყვანილი.

ევროპა თუ შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით – პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობას

საქართველოსთვის მთავარი საკითხი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. „ქართული ოცნება“ არ ეშვება მავნე რიტორიკას და ცდილობს, დააჯეროს საზოგადოება, რომ კანდიდატის სტატუსს თურმე არ გვაძლევენ იმის გამო, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობდა ერთი წლის წინ სამუშაო ფორმატში, – ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ვარჰეის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ 12-დან 9 რეკომენდაცია არის შესასრულებელი; მათ შორის სასამართლო, სარჩევნო, ანტიკორუფციულთან დაკავშირებული რეფორმები, რომლებზეც ინიციატივები ოპოზიციას შემოტანილი აქვს და განსახილველადაც კი ვერ მოიცალა ხელისუფლებამ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში მთავარი პრობლემას კორუფცია წარმოადგენს.

„ევროპა თუ შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით, ხომ ვერ იქნება კორუფცია ქვეყანაში. გირჩევნიათ მოიპაროთ ფული აქ და წახვიდეთ და ევროპაში დაისვენოთ ამ ფულით. ეს არის მთელი ფილოსოფია თქვენი ცხოვრების და მზად ხართ, გადაეფაროთ ჯაშუშ ფარცხალაძეს. ფარცხალაძე არის თქვენი სახე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“ვხედავთ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც სისტემურ და მუდმივ საბოტაჟშია ევროინტეგრაციის კუთხით” – გიორგი ვაშაძე

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-თან ერთად. საქართველოს მოქალაქეებს უნდათ, რომ იყვნენ ეკონომიკურად ისეთივე ძლიერი, დემოკრატიულად მყარი, ისეთივე თავისუფალი და უსაფრთხო ქვეყანა, როგორიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები“, – განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორისაც თითქმის კონსენსუსია და მათაც უნდათ საქართველო ევროკავშირის წევრებს შორის იხილონ.

„გვეუბნებიან, მოდით, მოგვეხმარეთ, გადადგით ნაბიჯები, რათა ჩვენც დაგეხმაროთ, რათა ღია კარი უბრალოდ ღია კარი კი არ იყოს, არამედ ვიყოთ ღირსეულნი ღირსეულთა შორის, ვიყოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. რა ხდება ამ დროს საქართველოში? საზოგადოება მკაფიოდ ამ პოზიციაზეა, ოპოზიცია ერთიანია და ამბობს, რომ ევროკავშირია ჩვენი მომავალი და ვხედავთ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც სისტემურ და მუდმივ საბოტაჟშია ევროინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს „დიდი ფარსი და შოუ“ უწოდა.

„სად არის საქართველოს მოქალაქის ინტერესი აქ? სად არის იმ ადამიანების ინტერესი, რომლებმაც თუნდაც თქვენ დაგიჭირათ მხარი? სად არის საქართველოს ევროინტეგრაციაში მიმავალი გზის მხარდაჭერის ინტერესი?“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

“იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ვიწროპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა” – თამარ ჩუგოშვილი

იმპიჩმენტის პროცესის დაწყება არის ვიწროპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილება – მმართველი უმრავლესობა თავისი უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და პრეზიდენტს თავისი მანდატის შესრულებაში ხელს უშლის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი საქართველოს სანდოობას და საერთაშორისო იმიჯს ჩრდილს აყენებს.

„მმართველი უმრავლესობა თავისი უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და პრეზიდენტს იმ მანდატის შესრულებაში უშლის ხელს, რომელიც მან საყოველთაო კენჭისყრით მიიღო და რომელსაც იგი კონსტიტუციის დებულებების დაცვით ასრულებს. იმპიჩმენტის პროცესის დაწყება არის ვიწროპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგი ჩრდილს აყენებს საქართველოს სანდოობას და საერთაშორისო იმიჯს, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების საწინააღმდეგო ეფექტი ექნება და კონსტიტუციის 78-ე მუხლის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იქნება. თავისი არსით, იმპიჩმენტი არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს განსაკუთრებული სიმძიმის მოვლენებთან. ჩვენ შემთხვევაში მმართველმა უმრავლესობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაეწყო საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, არც მეტი, არც ნაკლები პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული მუხლის ვალდებულებების 49-ე მუხლის საფუძველზე შესრულების გამო და ამ საქმიანობის შესრულების გამო,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გვითხრეს, არჩევნებს ვერ იგებთო – ბრეჟნევის დროსაც ვერავინ იგებდა, ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში არჩევნებს ვინ მოიგებს?! -თაკო ჩარკვიანი

აქ გვითხრეს, არჩევნებს ვერ იგებთო – ბრეჟნევის დროსაც ვერავინ იგებდა არჩევნებს! ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში არჩევნებს ვინ მოიგებს?! დაველოდებით – ამოუვა ხალხს ეს ყველაფერი ყელში! – ამის შესახებ  პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები „აგენტების შესახებ“ კანონპროექტს შეადარა და როგორც აღნიშნა, ე.წ. კარვების კანონი იგივეა, რაც რუსული კანონი იყო.

„შევეცდებით აღნიშნულ კანონს ისეთივე წინააღმდეგობა გავუწიოთ, როგორიც საზარელ რუსულ კანონს გავუწიეთ. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს, რომელზეც 11 წელია ლაპარაკობთ, ოპოზიციას თვეობით გვედგა კარვები – ქუჩაში კარვები სამი-ოთხი თვე იდგა.

რევოლუციას ყოველთვის ცუდი ხელისუფლება აკეთებს – რევოლუციას აკეთებს კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება, ზუსტად იმ ტიპის ხელისუფლება, როგორიცაა „ქართული ოცნება“. ამ ტიპის კანონებს რომ მიიღებენ, შემდეგ რევოლუციები ხდება ანუ ამისკენ მშიერ, გაუბედურებულ ხალხს მომპარავი ხელისუფლების წარმომადგენლები უბიძგებენ – რევოლუციას ოპოზიცია ვერ და არ აკეთებს. რევოლუციას აკეთებს ცუდი ხელისუფლების მიერ ხელნაკრავი, მშიერი ხალხი.

დაველოდებით – ამოუვა ხალხს ეს ყველაფერი ყელში! დაველოდებით გაჭირვების გამო გამოსულ ხალხს და თუ თქვენ ამას თვენი ქონების დაცვის რევოლუციას დაარქმევთ, დაარქვით – დავინახავთ ვინ გაიმარჯვებს! საქართველო კორუფციონერების წინაშე არასდროს დაეცემა“, – მიმართა უმრავლესობას თაკო ჩარკვიანმა.

“საქართველოს ლიდერები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატისტები არიან” – ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები პრაგმატისტები არიან, – ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ მედიასთან საუბარში, ჟენევის მოლაპარაკებების პერსპექტივების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თუ პრეზიდენტს არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატისტები არიან იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევაში დისკუსიამ შეიძლება რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა“, – აღნიშნა ბჟანიამ.

მისი მტკიცებით, აფხაზეთს სურს, „ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან“, კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს.

„თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ჩვენ ასევე განვიხილავთ სამომავლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს“, – აღნიშნა ბჟანიამ.

პრეზიდენტი ღია ომს უცხადებს და აბუჩად იგდებს ქვეყნის მთავარ კანონს, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია -ალუდა ღუდუშაურ

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება. დღეს, საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა ცდილობს, დაიცვას თავის სუვერენიტეტი, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია, ხოლო მეორე მხარეს, საქართველოს პრეზიდენტი ღია ომს უცხადებს და აბუჩად იგდებს ქვეყნის მთავარ კანონს, რომელსაც ასევე კონსტიტუცია ჰქვია, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი თვითონ უნდა გამოცხადებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში და ხალხისთვის აეხსნა, რატომ არღვევდა კონსტიტუციას.

„რა თქმა უნდა, როდესაც პრეზიდენტი გქვია, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკითხები, როგორ მოიქცე, გათელო თუ არა კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, პასუხი იქნება – „დიახ“, რადგან მათ კონსტიტუცია კი არა, ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე ჰქონდათ ფეხქვეშ გაფენილი.

სად არის ქალბატონი პრეზიდენტი? რატომ არ არის იმ სასამართლო სხდომის დარბაზში, სადაც ისმის კითხვა, რა მიზანს ემსახურებოდა მისი მხრიდან ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა. მოვიდეს ღიად სასამართლოს სხდომაზე და აუხსნას სასამართლოს, ქართველ ხალხს, რატომ არღვევდა კონსტიტუციას მიზანმიმართულად, მაგრამ, ბუნებრივია, დიდ უხერხულობაში ჩავარდებოდა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მდ.ნატანებზე არსებული ხიდის დაზიანების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ ეტაპზე, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტები. დაწყებულია დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისთვის საჭირო ტექნიკის მობილიზება.

დაზიანებული ხიდის აღდგენის პერიოდში, ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გავლით.

“მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი” – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის წარმომადგენელზე

პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდა, ამიტომ 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა და წავიდაო, – ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ელოდა, რადგან მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ.

„პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდა, ამიტომ 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა და წავიდაო… იგივე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურია – მათი ლოგიკით შეუძლია მართოს ქვეყანა. მეორე ნაწილის მიხედვით თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია – მათი ლოგიკით თავდაცვის სამინისტრომ და ჯარმა მისი მითითებები უნდა შეასრულოს.

საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით. სტატუსის მუხლია ეგ, სტატუსის, უფლებამოსილების 52-ე მუხლია. მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ. არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას“, – წერს მამუკა მდინარაძე.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდა, ამიტომ 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა და წავიდაო, – ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ელოდა, რადგან მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ.

„პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდა, ამიტომ 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა და წავიდაო… იგივე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურია – მათი ლოგიკით შეუძლია მართოს ქვეყანა. მეორე ნაწილის მიხედვით თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია – მათი ლოგიკით თავდაცვის სამინისტრომ და ჯარმა მისი მითითებები უნდა შეასრულოს.

საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით. სტატუსის მუხლია ეგ, სტატუსის, უფლებამოსილების 52-ე მუხლია. მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ. არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას“, – წერს მამუკა მდინარაძე.

დიახ, მეგობრებო, ბიაზი გასკდა, უბრალოდ თქვენ არ გინდათ დაინახოთ – თამარ კორძაია

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მინდა დავესესხო, რომ ხელოვნება არის თავისუფალი და პოლიტიკური და როგორც არ უნდა მოგწონდეთ ეს თქვენ, სწორედ ეს ხალხი დაგამარცხებთ და დაგანახებთ, რომ ბიაზი გამსკდარია. მას თავისი შედეგები აუცილებლად ექნება, მაშინ როდესაც თითოეულ მათგანს მოუწევს საარჩევნო ყუთთან მისვლა და გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განახადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტს იმიტომ ებრძვის, რომ „ის ცდილობდა კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ევროინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე“.

„თქვენ დააინიცირეთ შეკრებების შესახებ კანონში ისეთი სახის ცვლილებები, რომელიც ელემენტარულ, ევროპულ სტანდარტს კანონის განჭვრეტადობასთან დაკავშირებით ვერ უძლებს. შეკრებების ნაწილში თქვენ ლაზარე გრიგორიადისს ვერ დაუმტკიცეთ 9 თვის განმავლობაში დანაშაულის ჩადენა და მერე ყოვლად უსამართლოდ სხვა ბრალდებით გაუგრძელეთ მას ციხეში ყოფნა. დღეს თქვენ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაიწყეთ პროცესი, სადაც ყველანაირად ადასტურებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ ებრძვით საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის ცდილობდა კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ევროინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. თქვენ გააძევეთ საქართველოდან სერბეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პრაქტიკულად სრულიად უსაფუძვლო არგუმენტებით აფუჭებთ ურთიერთობას ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოსთან და იძახით, რომ ეს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთეთ. თქვენ დაიწყეთ რეპრესიები სახელოვნებო სფეროში, საუკეთესო კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის სტილში და ამ წუთას ამას აგრძელებთ კონსერვატორიაში. თქვენ შექმენით ხვრელი საქართველოში სანქციების თავის არიდებისათვის და თურნავას მიერ ხელმოწერილი ბრძანება ჯერ კიდევ ძალაშია, რომელიც შეგახსენებთ, რომ გასაუქმებელია.

მინდა ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, მაგალითად: რუსეთში, ბელარუსშიც – უსაფრთხოებას ამოფარებული დიქტატურა გამეფდა. უსაფრთხოებას ამოფარებული დიქტატურის ნიშნებია ის, რაც მე ახლა ჩამოვთვალე საქართველოში, მაგრამ ის ბრძოლა, რომელიც თქვენ სახელოვნებო სფეროს წინააღმდეგ დაიწყეთ ნამდვილად თქვენვე დაგამარცხებთ. მათ აქ, პარლამენტის უკან ბანერი გააკრეს, სადაც წარწერა იყო, რომ „ბიაზი გასკდა“. დიახ, მეგობრებო ბიაზი გასკდა, უბრალოდ თქვენ არ გინდათ დაინახოთ. თქვენ ვერ ამჩნევთ ამას. ისევ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მინდა დავესესხო, რომ ხელოვნება არის თავისუფალი და პოლიტიკური და როგორც არ უნდა მოგწონდეთ ეს თქვენ, სწორედ ეს ხალხი დაგამარცხებთ თქვენ და დაგანახებთ, რომ ბიაზი გამსკდარია და მას თავისი შედეგები აუცილებლად ექნება, მაშინ როდესაც თითოეულ მათგანს მოუწევს საარჩევნო ყუთთან მისვლა და გადაწყვეტილების მიღება.

ვეთანხმები სალომეს(სამადაშვილს), ნუ გეშინიათ, რევოლუცია არ იქნება, რევოლუცია იქნება 2024 წლის არჩევნების დღეს, სადაც ქართველი ხალხი აირჩევს თავისუფლებას და არა თქვენს მიერ შეთითხნილ უსაფრთხოებას“, – განაცხადა კორძაიამ.

“როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ასე ზიხართ” – თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილს

პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ასე ზიხართ, – ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, დართოს ნება დეპუტატებს, რომ შეძლონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულება.

„მე დღეს მოგმართავთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, შევიდეთ პრეზიდენტ სააკაშვილთან, ამგვარი დრაკონული აკრძალვა არც ერთ პარლამენტის თავმჯდომარეს არ მიუღია, როგორ გადაწყვეტილებასაც იღებთ თქვენ და კარგად გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებას თქვენ არ იღებთ, იმიტომ, რომ ამ პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ასე ზიხართ. ამ პარლამენტის თავმჯდომარეც არ ბრძანდებით და მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი, რომელიც ФСБ-ს დავალებით დევნის პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა სწორედ ФСБ-ში დაიწერა, სწორედ სანქცირებული ფარცხალაძის მიერ, რომელსაც ამერიკელები ამხელენ იმაში, რომ ის რუსულ საქმეს აკეთებს“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნება შეშინებულია, განსაკუთრებით კი მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც „ამერიკელების სანქციების, ქართველების პროტესტის და რუსეთის მხრიდან სიკვდილის ეშინია“.

„დავეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ დღეს უკიდურესად შეშინებულად გამოიყურებით, არა მხოლოდ თქვენ პერსონალურად, ბატონო შალვა, როდესაც სარგებლობთ ბოროტად თქვენი დისკრეციული უფლებამოსილებით, რომ არ შეუშვათ დეპუტატები პრეზიდენტ სააკაშვილთან, არამედ უკიდურესად შეშინებულად გამოიყურება ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ამერიკელების სანქციების ეშინია, ქართველი ხალხის პროტესტის ეშინია და რუსეთისგან მას სიკვდილის ეშინია იმიტომ, რომ მან პუტინის მთავარი დავალება ვერ შეასრულა და ვერ მოახერხა საქართველოს რუსიფიკაცია, ამას ის ვერასოდეს მოახერხებს!“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა: „საიდან ამდენი სიძულვილი?!“

“არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ!” – სალომე სამადაშვილი

არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით და აგიხსნით რატომ, დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ, იმიტომ, რომ უკვე არ არის სერიოზული ქართველი ხალხის დაცინვა თქვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

განცხადების გაკეთებამდე მან სხდომათა დარბაზში მსხდომ დეპუტატებს მოასმენინა ნაწყვეტი მხატვრული ფილმიდან „ნატვრის ხე“ – „მოდის გაცოფებული მღელვარება, დელგმა, ნიაღვარი, რევოლუცია მოდის“, რის შემდეგაც განაცხადა, რომ რევოლუცია საქართველოში არ მოდის, რადგან ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„რატომ არ მოდის რევოლუცია ახლა აგიხსნით, იმიტომ, რომ თქვენი გეგმა, საბოტაჟი მოგეწყოთ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის, ჩაშლილია! ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც თქვენ გააკეთეთ, ჩაშლილი 12 მოთხოვნისა, სამარცხვინო მასკარადის, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახით, სამარცხვინო ინიციატივების, რუსული კანონის, ახლა დაწყებული ახალი რუსული მასკარადის მანიფესტაციების შეზღუდვის შესახებ, ევროკავშირს აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს არ მისცეს შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე. ამიტომ ახლა მე მესმის ივანიშვილის მძიმე მდგომარეობა – ერთი მხრივ, მან პასუხი უნდა გასცეს თავის უფროსებს მოსკოვში კანდიდატის სტატუსს თუ მიანიჭებენ ამ ქვეყანას და ეშინია, რომ გააგდებენ ხელისუფლებიდან და მეორე მხრივ, ეშინია ქართველი ხალხის, რომელიც აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს მის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის ჩაგდების გეგმა მას რომ წარმატებით განეხორციელებინა. მაგრამ ვერ განახორციელებთ ამ გეგმას! ამიტომ დროა ივანიშვილმა იდარდოს, რას ეუბნება თავის უფროსებს მოსკოვში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მან „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში“ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიმარჯვა.

„მართლა მინდა გკითხოთ, რომ შემოიტანეს ეს კანონი მანიფესტაციების შესახებ და ახლა ფიქრობთ, რომ აუკრძალავთ ხალხს და პრობლემებს შეუქმნით, რომ დადგას სცენა, ან კარავი გაშალოს, თქვენ ვის უბედავთ ამას? მართლა გჯერათ, რომ თქვენ, აი თქვენ, ამ კანონით შეაჩერებთ ქართველი ხალხის რისხვას, თუ დასჭირდათ საკუთარი რისხვის გამოხატვა ქუჩაში? ვის ებრძვით ამ კანონით? ქართველ ხალხს, რომელიც შიშველი ხელებით ებრძოდა საბჭოთა ტანკებს ამ შენობის წინ ? ქართველ ხალხს, რომელმაც 2003 წელს კვირები გაატარა ქუჩაში წვიმის ქვეშ, რომ გაეგდო კორუმპირებული შევარდნაძის ხელისუფლება, თუ იმ ხალხს ებრძვით, რომელმაც 2012 წელს საკმაოდ დიდი ზეწოლის ქვეშ ძალოვანი სტრუქტურებიდან, ასობით ათასი გამოსული იყო ქუჩებში და იმიტომ სხედხართ დღეს მანდ უმრავლესობის სავარძლებში, ხომ არ დაგავიწყდათ რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში 2012 წლის სამთავრობო ცვლილებებამდე? თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ დღეს მიიღებთ კანონს და ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს მოქალაქეებს, გამოხატონ საკუთარი აზრი ამ ქვეყნის ქუჩებში? რომელ ხელისუფლებას გაუმარჯვია საკუთარ ხალხთან დაპირისპირებაში? არც ერთს! ვერ გაიმარჯვებთ ვერც თქვენ, რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოთ ამ პარლამენტში დაჩქარებული წესით!

რაც შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, ის უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, როდესაც სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ჩავატარებთ. ამიტომ დაგისანქცირეს ფარცხალაძე, ამიტომ ჩაგიგდეს თქვენი გეგმები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ამიტომ გაიმარჯვებს შემდეგ არჩევნებში ქართველი ხალხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.