“არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ!” – სალომე სამადაშვილი

387
spot_img

არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით და აგიხსნით რატომ, დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ, იმიტომ, რომ უკვე არ არის სერიოზული ქართველი ხალხის დაცინვა თქვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

განცხადების გაკეთებამდე მან სხდომათა დარბაზში მსხდომ დეპუტატებს მოასმენინა ნაწყვეტი მხატვრული ფილმიდან „ნატვრის ხე“ – „მოდის გაცოფებული მღელვარება, დელგმა, ნიაღვარი, რევოლუცია მოდის“, რის შემდეგაც განაცხადა, რომ რევოლუცია საქართველოში არ მოდის, რადგან ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„რატომ არ მოდის რევოლუცია ახლა აგიხსნით, იმიტომ, რომ თქვენი გეგმა, საბოტაჟი მოგეწყოთ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის, ჩაშლილია! ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც თქვენ გააკეთეთ, ჩაშლილი 12 მოთხოვნისა, სამარცხვინო მასკარადის, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახით, სამარცხვინო ინიციატივების, რუსული კანონის, ახლა დაწყებული ახალი რუსული მასკარადის მანიფესტაციების შეზღუდვის შესახებ, ევროკავშირს აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს არ მისცეს შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე. ამიტომ ახლა მე მესმის ივანიშვილის მძიმე მდგომარეობა – ერთი მხრივ, მან პასუხი უნდა გასცეს თავის უფროსებს მოსკოვში კანდიდატის სტატუსს თუ მიანიჭებენ ამ ქვეყანას და ეშინია, რომ გააგდებენ ხელისუფლებიდან და მეორე მხრივ, ეშინია ქართველი ხალხის, რომელიც აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს მის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის ჩაგდების გეგმა მას რომ წარმატებით განეხორციელებინა. მაგრამ ვერ განახორციელებთ ამ გეგმას! ამიტომ დროა ივანიშვილმა იდარდოს, რას ეუბნება თავის უფროსებს მოსკოვში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მან „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში“ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიმარჯვა.

„მართლა მინდა გკითხოთ, რომ შემოიტანეს ეს კანონი მანიფესტაციების შესახებ და ახლა ფიქრობთ, რომ აუკრძალავთ ხალხს და პრობლემებს შეუქმნით, რომ დადგას სცენა, ან კარავი გაშალოს, თქვენ ვის უბედავთ ამას? მართლა გჯერათ, რომ თქვენ, აი თქვენ, ამ კანონით შეაჩერებთ ქართველი ხალხის რისხვას, თუ დასჭირდათ საკუთარი რისხვის გამოხატვა ქუჩაში? ვის ებრძვით ამ კანონით? ქართველ ხალხს, რომელიც შიშველი ხელებით ებრძოდა საბჭოთა ტანკებს ამ შენობის წინ ? ქართველ ხალხს, რომელმაც 2003 წელს კვირები გაატარა ქუჩაში წვიმის ქვეშ, რომ გაეგდო კორუმპირებული შევარდნაძის ხელისუფლება, თუ იმ ხალხს ებრძვით, რომელმაც 2012 წელს საკმაოდ დიდი ზეწოლის ქვეშ ძალოვანი სტრუქტურებიდან, ასობით ათასი გამოსული იყო ქუჩებში და იმიტომ სხედხართ დღეს მანდ უმრავლესობის სავარძლებში, ხომ არ დაგავიწყდათ რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში 2012 წლის სამთავრობო ცვლილებებამდე? თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ დღეს მიიღებთ კანონს და ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს მოქალაქეებს, გამოხატონ საკუთარი აზრი ამ ქვეყნის ქუჩებში? რომელ ხელისუფლებას გაუმარჯვია საკუთარ ხალხთან დაპირისპირებაში? არც ერთს! ვერ გაიმარჯვებთ ვერც თქვენ, რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოთ ამ პარლამენტში დაჩქარებული წესით!

რაც შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, ის უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, როდესაც სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ჩავატარებთ. ამიტომ დაგისანქცირეს ფარცხალაძე, ამიტომ ჩაგიგდეს თქვენი გეგმები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ამიტომ გაიმარჯვებს შემდეგ არჩევნებში ქართველი ხალხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.