Home Blog Page 1770

“საოცარია, ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს” – რომან გოცირიძე მინისტრს

საოცარია, ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს. ვერ აუხსნით, რომ ამ ჩიპში არ სხედან ურჩხულები? – ამ სიტყვებით ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას მიმართა. გოცირიძემ რატი ბრეგაძეს ჰკითხა, თუ რატომ არ მუშაობენ ისინი ამ ადამიანებთან.

„საქართველოდან უცხოეთში წასული ადამიანები ფაქტობრივად, უუფლებოები არიან და სარჩევნო ხის უფლება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად ჩამორთმეული აქვთ. უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებში მხოლოდ, 12 000-მა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მხოლოდ 66 000 ადამიანია დარეგისტრირებული, ანუ ჩვენი ამომრჩევლის 0,6% იღებს მონაწილეობას უცხოეთში არჩევნებში. ფაქტობრივად, ნულოვანი ეფექტია ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც უცხოეთში არიან საარჩევნო პროცესში, ეს არის მე ვიტყოდი, დანაშაულის ტოლფასი. ყველა ერთი და იმავე კითხვას სვამს, მაგრამ მეც გავიმეორებ, ნუთუ, რაიმე მექანიზმი არ გაქვთ, ან განათლების კუთხით, ან ბროშურებს ვერ დაარიგებთ, თუ მართლა 300 000-ია, საოცარია, ამდენი ბნელი მოქალაქე შეუძლებელია საქართველოში იყოს, რომ ჩიპებში ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები ეგონოს. ვერ აუხსნით, რომ ამ ჩიპში არ სხედან ურჩხულები? ან ეკლესია რას აკეთებს?ეკლესიას ჰგონია, რომ ეს ხალხი თავისი მრევლია, რომელი მართლმადიდებელი შეიძლება იყოს ეკლესიურად, რომელსაც ჰგონია, რომ ჩიპში ეშმაკები ზის? რატომ არ მუშაობთ ამ ადამიანებთან?“, – მიმართა გოცირიძემ იუსტიციის მინისტრს.

“პროექტი Free Misha ჩავარდა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თქვენს დანახვაზე საკუთარი წარუმატებლობა რომ ახსენდებათ” – დავით მათიკაშვილი რატი ბრეგაძეს

პროექტი Free Misha ჩავარდა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თქვენს დანახვაზე საკუთარი წარუმატებლობა რომ ახსენდებათ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მათიკაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის ფიასკოს ბოლო წერტილი სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა.

„პროექტი Free Misha ჩავარდა. ამ პროექტის ფიასკოს ბოლო წერტილი სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თქვენს დანახვაზე საკუთარი წარუმატებლობა რომ ახსენდებათ და გარკვეულ “მესიჯებს” ასე აჟღერებენ“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება დეპუტატის მხრიდან მინისტრის მიმართ დასმულ კითხვებს, მათიკაშვილმა რატი ბრეგაძეს სთხოვა, კიდევ ერთხელ ისაუბროს საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მონაწილეობაზე.

„იქნებ, ხაზი გაუსვათ ჩვენი ქვეყნის როლს და მონაწილეობას საერთაშორისო სასამართლოებში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ადვოკატირებით ხორციელდება. მეორე კითხვას რაც შეეხება – საინფორმაციო მაცნე, ეს ინტერნეტ რესურსი არის გამოსადეგი და მაინტერესებს, ამ რესურსის გაძლიერების, ახალი ფუნქციონალის დამატების კუთხით ხომ არ აპირებს სამინისტრო მუშაობას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

სამთავრობო კომისიის სხდომაზე მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს.

კომისიის წევრებმა პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებისგან წინა სხდომიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები დაგეგმეს. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიის შერჩევა. მთავრობის მეთაურმა მინისტრებს კონკრეტული დავალებები მისცა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად ხელმძღვანელობს. მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის სხდომას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი; ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ.

” აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა”

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა.

„ამ მიმართულებით ნამდვილად ბევრი გვაქვს საამაყო, არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. კერძოდ, იგივე აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მინდა კიდევ ერთხელ ყველას ეს დიდი გამარჯვება მოგილოცოთ, რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იქნება მიღწეული ოკუპაციის შესახებ. ასევე, 2023 წლის 28 აპრილს 2008 წლის ომის დროს დაზარალებული 24 ათასამდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 130 მლნ-მდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. რაც შეხება მესამეს, რაზეც სხვათა შორის, ხშირად საუბრობენ ჩვენი ოკუპანტები, ეს არის განგრძობადი ოკუპაცია და სწორედ ამ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთა შორის საჩივარი, რომელიც ასევე მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს, 2023 წლის 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვიბრძოლებთ ბოლომდე ყველა სამართლებრივი საშუალებით იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის უფლება, რომელიც ომის დროს დაირღვა, ბოლომდე დაცული იყოს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, უწყებისთვის სამართლებრივი დავების პრევენცია პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ამ პერიოდში იუსტიციის სამინისტრომ სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარა საქართველოს მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას და აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანზე დავა არ დაწყებულა“,-განაცხადა ბრეგაძემ.

“ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა სამგზავრო დოკუმენტების უტყუარობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს მგზავრობას და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება.

ამის შესახებ ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უსაფრთხოებისთვის ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელებულ ღონისძიებებზე.

„იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წელს წარმატებით გაიარა ევროკომისიის მიერ აკრედიტებული კომპანიის აუდიტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ელექტრონული ხელმოწერა სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს. ამჟამად სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საფუძველს ქმნის ქართული კომპანიებისთვის გააფართოონ საქმიანობა ევროკავშირის ბაზარზე, უზრუნველყონ ეკონომიკური პროცესების მოქნილობა და შეამცირონ დანახარჯები. ასევე, წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა სამგზავრო დოკუმენტების უტყუარობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს მგზავრობას და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება. ეს არის საქართველოს მორიგი წარმატება დოკუმენტების უსაფრთხოების ნაწილშიც, რაც ვიზალიბერალიზაციის აუცილებელი პირობაა”,- განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, რატი ბრეგაძე შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში სამოქალაქო სექტორის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების ჩართულობის გაძლიერების მიზნით საგრანტო კონკურსის საკითხს და აღნიშნა, რომ კონკურსი კვლავ გრძელდება.

მისივე თქმით, პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 30 000 ლარს შეადგენს.

„მიმდინარე წელს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული თითოეული პროექტის დაფინანსების მოცულობის ზედა ზღვარი 20 000-დან 30 000 ლარამდე გაიზარდა. საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა; ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება; სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება. იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა“,- განაცხადა მინისტრმა.

„პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, „პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. აღნიშნულის შესახებ ბრეგაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ბრეგაძის განმარტებით, აღნიშნული კოდექსით ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საცხოვრებელი პირობები გათანაბრდება.

„პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება, რაც ძალიან დიდი დახმარებაა მსჯავრდებულებისთვის, გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. ასევე, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი მიენიჭება, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გააუმჯობესებს და ერთმანეთთან გაათანაბრებს. ასევე, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, წელთა დამსახურების დანამატს მიიღებენ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

„ათი ტენდენცია, რომლებსაც 2024 წელს ყურადღება უნდა მივაქციოთ“ – რას წერს უცხოური პრესა

ბრიტანულმა ჟურნალმა „ეკონომისტმა“ (The Economist) გამოუშვა თავისი ტრადიციული დამატება „მსოფლიო წინასწარ – 2024“ (The World Ahead 2024), რომელშიც გადმოცემული და განხილულია მსოფლიოში მოვლენების განვითარების მთავარი ტენდენციები 2024 წელს. მათ შორის – არჩევნები 70-ზე მეტ სახელმწიფოში, უკრაინის მხარდაჭერა ევროპაში, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, აგრეთვე ახალი „ცივი ომი“ და ხელოვნური ინტელექტის როლის ზრდა.

გთავაზობთ The World Ahead 2024-ის რედაქტორის ტომ სტენდიჯის სტატიას სათაურით „ათი ტენდენცია, რომლებსაც 2024 წელს ყურადღება უნდა მივაქციოთ“.

 ცხოვრების მსვლელობას ვერ შევაჩერებთ. მსოფლიო თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება – თუნდაც ეს იყოს კონფლიქტების გამწვავება, ენერგეტიკული რუკების გლობალური ცვლილება თუ ხელოვნური ინტელექტის სწრაფი პროგრესი. ყველა სფეროში – ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციიდან სიმსუქნის მკურნალობამდე – მსოფლიო სულ სხვაგვარად გამოიყურება, ვიდრე ეს იყო სულ რაღაც ერთი თუ ორი წლის წინათ. ჩვენი ამოცანაა ისე გავაკეთოთ, რომ თქვენ სრულ ინფორმაციას ფლობდეთ დღევანდელი მოვლენების მიმდინარეობაზე და გაგაცნოთ ჩვენი ვარაუდები, თუ რა შეიძლება მოხდეს ახლო მომავალში.

ქვემოთ წარმოდგენილია ათი მომენტი, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ 2024 წელს.

პირველი – არჩევნომანია

2024 წელს არჩევნები მსოფლიოს თითქმის 70 ქვეყანაში ჩატარდება, რომლებშიც მთლიანობაში 4,2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ანი კაცობრიობის ისტორიში პირველად მოხდება რომ ხმის მიცემაში მონაწილეობას დედამიწის მოსახლეობის ნახევარი მიიღებს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ დემოკრატიის მდგომარეობა გლობალური მასშტაბით. მაგრამ აქვე ვიტყვით: მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ყველაზე მეტი არჩევნები უნდა ცატყარდეს, ვიდრე ოდესმე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეტი დემოკრატიის მოწმენი გავხდებით: ბევრ შემთხვევაში არჩევნები არც თავისუფალი არ იქნება და არც სამართლიანი.

მეორე – არჩევნები აშშ-ში, გლობალური შედეგებით

ამომრჩევლები და მოსამართლეები დონალდ ტრამპს ვერდიქტს გამოუტანენ, რომლის  თეთრ სახლში დაბრუნების შანსები შეფასებულია ერთი სამთან. სრულიად დასაშვებია, რომ არჩევნების შედეგები დამოკიდებული იქნება რამდენიმე ათასი მოქალაქის ხმებზე, რომლებიც მოყოყმანე შტატებში ცხოვრობენ. მაგრამ მათი გადაწყვეტილების შედეგებს ნამდვილად გლობალური მნიშვნელობა ექნება – იმიტომ, რომ ისინი ყველაფერზე გავლენას მოახდენენ: დაწყებული კლიმატური პოლიტიკიდან, დამთავრებული უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთში, არჩევნების ფალსიფიცირების ტრადიციების გათვალისწინებით, ვლადიმერ პუტინის ბედი დამოკიდებული იქნებ არა იმდენად რუს ამომრჩეველზე, არამედ ამერიკულ ელექტორატზე.

მესამე – ევროპა, წინ!

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო შედეგთან დაკავშირებით, ევროპა ვალდებულია გააქტიურდეს და კიევი ისეთი სამხედრო და ეკონომიკური დახმარებით უზრუნველყოს, რომელიც აუცილებელი იქნება ხანგრძლივი ბრძოლისათვის. პარალელურად უნდა მომზადდეს ნიადაგი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვისაც, რაც სწორი ნაბიჯი იქნება: თუ აშშ-ში პრეზიდენტად ნამდვილად დონალდ ტრამპს აირჩევენ და ვაშინგტონი კიევისადმი დახმარებას შეწყვეტს, უკრაინა დაზღვეული იქნება, ევროპა დაეხმარება.

მეოთხე – რყევა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმამ და ისრაელის საპასუხო დარტყმამ ღაზას სექტორისადმი რადიკალურად შეცვალა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში და წინ წამოსწია საკითხი, რომ მსოფლიოს მეტად ვეღარ შეეგუება, ვეღარ მოახდენს პალესტინელთა მძიმე მდგომარეობის იგნორირებას. გადაიზრდება თუ არა ახლო აღმოსავლეთის რეგიონული კონფლიქტი უფრო მასშტაბურში? ან იქნებ მშვიდობის დამყარების ახალი შანსი გაჩნდეს? სხვათა შორის, აშშ-სათვის ახლო აღმოსავლეთის კრიზისი გამოცდა იქნება, რომელიც გვაჩვენებს – შეძლებს თუ არა ვაშინგტონი ადაპტირებას იმ ბევრად უფრო რთული ვითარების მიმართ, რომელიც მსოფლიოში შეიძლება შეიქმნას.

მეხუთე – მრავალპოლარული უწესრიგობა

აშშ-ის გეგმა აზიისაკენ შებრუნების მიზნით, რომელიც ვაშინგტონისთვის შესაძლებლობა უნდა მიეცა ყარადღება გადაეტანა ჩინეთთან გამწვავებულ მეტოქეობაზე, ჯერ უკრაინის ომმა, შემდეგ კი ღაზას სექტორის ამბებმა ჩაშალა. რუსეთის კარგავს კონცენტრირების უნარს და ტავის გავლენებს. მსოფლიოს „გაყინული“ კონფლიქტები ნელ-ნელა „ლღვება“, ხოლო ცივები ცხელდება. აფრიკის საჰელში (საჰარის სამხრეთით მდებარე სავანის ზონაში) არასტაბილურობა მატულობს. ახლა, როცა აშშ-ის „ერთპოლუსიანი მომენტი“ წარსულში დარჩა, მსოფლიო კონფლიქტების მატებისას მომზადებული უნდა შეხვდეს.

მეექვსე – მეორე „ცივი ომი“

ჩინეთის განვითარების ტემპების შენელების კვალობაზე, ტაივანის ირგვლივ დაძაბულობა იზრდება, აშშ აგრძელებს ჩინელების შეზღუდვას მოწინავე ტექნოლოგიების დაუფლებისათვის, მკაცრდება რიტორიკა ახალი „ცივი ომის“ მოლოდინით, ამჯერად უკვე ჩინეთთან მიმართებით.  მაგრამ დასავლური კომპანიები, რომლებიც ცდილობენ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება პეკინისადმი, მალე მიხვდებიან, რომ მათი განზრახვა სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი რთული. ამასთან, ორივე ბანაკი (ამერიკაც და ჩინეთიც) შეეცდებიან გლობალური სამხრეთის „საშუალო ქვეყნების“ გადაბირებას – დიდი ალბათობით, მათი მწვანე რესურსების დაუფლების მიზნით.

მეშვიდე – ახალი ენერგეტიკული გეოგრაფია

ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლა ხელს შეუწყობს ახალი „მწვანე ქვეყნების“ გამოსვლას საერთაშორისო არენაზე და ენერგეტიკულ რესურსთა რუკების ცვლილებას. ლითიუმი, სპილენძი და ნიკელი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენენ, ნავთობისა და გაზის როლი კი, მათი მომპოვებელი ქვეყნების ჩათვლით, მცირდება. მწვანე რესურსებისათვის მეტოქეობა აისახება გეოპოლიტიკაში და ვაჭრობაში, რაც მოულოდნელ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს გამოავლენს. პარალელურად იზრდება ადამიანების ნეგატიური დამოკიდებულება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების პროპაგანდის მიმართ, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ გლობალური დათბობა და ეკოლოგიური საფრთხე ელიტის შეთქმულებას წარმოადგენს და მიმართულია ჩვეულებრივი ადამინაბეის დასაშინებლად.

მერვე – ეკონომიკური გაურკვევლობა

2023 წელს დასავლურმა ეკონომიკამ უფრო მაღალი შედეგები აჩვენა, ვიდრე  მოსალოდნელი იყო, მაგრამ კრიზისის საფრთხეს არ გაუვლია. შესაბამისად, ის საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც მაღალ დონეზე შენარჩუნდება, მტკივნეული გამოცდა იქნება როგორც კომპანიებისათვის, ისე ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავიდან იქნება აცილებული რეცესია (თვალი ადევნეთ ბანკებს და იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს მათზე უძრავი ქონების კომერციულ ბაზრებზე შექმნილი სიტუაცია, სადაც საქმეშეიძლება გაუარესდეს). ჩინეთი შესაძლოა დეფლიაციის საფრთხის წინაშე დადგეს.

მეცხრე – ხელოვნური ინტელექტი რეალური ხდება

ბიზნესი დანერგავს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, რეგულიატორები შეეცდებიან მის რეგლამენტირებას, ტექნიკური სპეციალისტები კი, თავის მხრივ, გააგრძელებენ მის სრულყოფა-გაუმჯობესებას. მომვალ წელს გაძლიერდება კამათი, თუ როგორი მიდგომები უნდა იქნეს შერჩეული ხელოვნური იტელექტის რეგულირების დროს. უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ დასახელებული არგუმენტები (თითქოსდა საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისათვის) მხოლოდ ის მანევრი, რომლითაც პროგრესის დამუხრუჭება სურთ. მომავალ წელს ხელოვნური ინტელექტით ბოროტად სარგებლობისა და მათი მოულოდნელი გამოყენების შემთხვევები სულ უფრო მოიმატებს. ასევე გაიზრდება შეშფოთების დონეც  – ხომ არ მოახდენს ხელოვნური ინტელექტი შესაძლო გავლენას შრომის ბაზარზე და არჩევნების შედეგებზეც? როგორი იქნება საერთოდ ხელოვნური ინტელექტის რეალური როლი? აშკარაა, რომ მისი გამოყენებით დაჩქარდება  პროგრამული კოდების ჩაწერის პროცესი.

მეათე – მსოფლიოს ძალისხმევა სიკეთისა და მშვიდობისათვის?

სავარაუდოდ, იდეოლოგიური უთანხმოება გვერდზე იქნება გადადებული როგორც პარიზის ოლიმპიური თამაშების პერიოდში, ასევე იმ დროს, როცა ასტრონავტები, ალბათ, მთვარეს გარს შემოუფრენენ, ანდა როცა მამაკაცთა საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება კრიკეტში (Twenty20)…. მაგრამ დაახლოებით ასეთივე ალბათობით ისინი, რომლებსაც გლობალური ერთიანობის რაღაც იმედი აქვთ, გულგატეხილები დარჩებიან

წყარო

“ვისაც არ უნდა შეეკრათ, აწი, თქვენგან პოლიტიკოსი არ დადგება” – ლადო მგალობლიშვილი პრეზიდენტს

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილო, ნოემბრის ამ სუსხიან დღეს, ბუხართან, ნაცრის ქექვით იქნებოდით დაკავებული – ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ლადო მგალობლიშვილი, le monde-სთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის და „პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, მომავალ არჩევნებშია“.

„რომ არა ბიძინა ივანიშვილის თავგანწირვა და პატრიოტიზმი, დღეს საქართველოში დიქტატურა იარსებებდა, რომელსაც თქვენ, თავის დროზე, გაექეცით. მოსახლეობის მესამედი ციხეებში ამოლპებოდა და ნახევარი საზღვარგარეთ გაიქცეოდა. იქნებოდა სისხლისმსმელი ომი, ბავშვებისა და ქალების ხოცვა-ჟლეტა. არავითარი კანდიდატის სტატუსი არ გვექნებოდა“, – აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა ბანდიტ ოლიგარქ კეზერაშვილის ჯიბის მოკავშირედ, რომელმაც მედიასთან ერთად, პოლიტიკური პარტიები და უკვე, ზურაბიშვილიც იყიდა.

„ქალბატონო სალომე, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, თქვენ, ნოემბრის ამ სუსხიან დღეს, ბუხართან ნაცრის ქექვით იქნებოდით დაკავებული. ვისაც არ უნდა შეეკრათ, თქვენგან, აწი, პოლიტიკოსი არ დადგება. შეეშვით მავნებლობას ქვეყნის წინააღმდეგ“ – აცხადებს ლადო მგალობლიშვილი, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბაჭო ავრცელებს.

თიბისი მომხმარებლებს განახლებულ ლოიალობის პროგრამა – ერთგულს სთავაზობს

თიბისის ლოიალობის პროგრამა „ერთგული“ უპრეცენდენტო განახლებით ბრუნდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ერთგული ქულები თიბისი ნებისმიერი ბარათით გადახდისას დააგროვოს. ამასთანავე, უცვლელი დარჩა მთავარი პრინციპი – 1 ქულა= 1 ლარს.

თუ გაქვს თიბისის ნაკრები ან სახელფასო ბარათი, შენ ავტომატურად ერთგული ხარ და შეგიძლია ისარგებლო:

  • სპეციალური ერთგული შეთავაზებებით, რომ უფრო მეტი ქულა დააგროვო;
  • ფასდაკლებებით, პარტნიორ ობიექტებში ერთგული ქულებით გადახდისას.

თიბისი ბარათებით ქულების დაგროვება მარტივია, რადგან რაც მეტჯერ იხდი ბარათით, მით მეტს აგროვებ.  ხოლო თუ ბარათით გადახდებთან ერთად თიბისის სხვა პროდუქტებსაც იყენებ (ვადიანი ანაბარი/სესხი), კიდევ უფრო მეტი ერთგული ქულა დაგიგროვდება.

ერთგული სრულად არის ინტეგრირებული ციფრულ ბანკთან. იქ შეძლებ შეამოწმო ქულების ბალანსი და გაეცნო ერთგულ შეთავაზებებს.

ერთგული ქულებით გადახდაც უფრო გამარტივდა. ქულებით ნივთის შესაძენად, ბარათი აღარ დაგჭირდება. გახნი ციფრული ბანკის აპლიკაციას, დაასკანერებ POS ტერმინალის ეკრანზე გამოსახულ QR კოდს და აირჩევ ქულებით გადახდას.

ერთგული ქულები გროვდება ყველგან სადაც თიბისის ტერმინალია. ერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ნებისმიერ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას დააგროვებ. გადახდაში ითვლება მხოლოდ თიბისის ტერმინალებზე ან თიბისი ონლაინ გადახდის სისტემაში გატარებული ტრანზაქციები.

R

 

 

 

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საინვესტიციო მრჩეველი თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმისა და თიბისი კონცეპტ 360-ის მომხმარებლებისთვის

თუ თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო ანგარიში გაქვს და თან თიბისი კონცეპტ 360 ნაკრების მომხმარებელიც ხარ, შესაძლებლობა გაქვს საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებით ისარგებლო.

გონივრული ინვესტირების პროცესში, ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია წვდომა გქონდეს ანალიტიკოსების ექსპერტულ ხედვაზე და განახლებულ ინფორმაციაზე. სწორედ ამ პროცესში დაგეხმარება საინვესტიციო მრჩეველი.

პირველ ეტაპზე, მრჩეველი, შენს საინვესტიციო პროფაილს შეადგენს, სადაც გათვალისწინებული იქნება შენი მიზნები, რისკის დონე და მომგებიანობის მოთხოვნილება. შემდეგ, თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულების კვლევების გუნდთან ერთად, შენს საინვესტიციო პორტფელს მოამზადებს.

საინვესტიციო მრჩეველი, პორტფელისთვის, შენთვის საინტერესო ფინანსურ ინსტრუმენტებს შეარჩევს: აქციებს, ფონდებს, ობლიგაციებს და რაც მთავარია, ინვესტირებაში და ტრანზაქციების აღსრულებაში დაგეხმარება.

საინვესტიციო მრჩეველი ყოველთვიურად პერფორმანს რეპორტს გაგიზიარებს, კვარტალში ერთხელ კი ფიზიკურად შეგხვდება და პორტფელის მომგებიანობას, ფინანსური ინსტრუმენტების რებალანსინგის საჭიროებას და პორტფელთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავთ. ასევე, გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციებსა და საინტერესო საინვესტიციო შეთავაზებებს გაგიზიარებს.

თუ დაინტერესდი საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებით, მიმართე პირად ბანკირს.

არ გადადო, დააბანდე.

 

R

 

„ბოლო გაფრთხილება ჩინეთის გამო: საქართველოს ხელისუფლებაში პეკინთან დაკავშირებით წაკინკლავდნენ“

რუსეთის ფედერალურ გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბოლო გაფრთხილება ჩინეთის გამო: საქართველოს ხელისუფლებაში პეკინთან დაკავშირებით წაკინკლავდნენ“ (ავტორი – იგორ კარმაზინი).

პუბლიკაციაში გადმოცემული და განხილულია ქართულ პოლიტიკაში ამას წინათ მომხდარი ინციდენტი, როცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში ჩინეთის ლიდერის მიმართ არადიპლომატიური დამოკიდებულება გამოხატა. ჟურნალისტის კითხვაზე – შეიძლება თუ არა ოდესმე სი ძინპინი გასამართლდესო, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: „ვფიქრობ, რომ ეს ისეთი ლოგიკური შედეგი იქნებოდა, რომელიც ბევრს თავის ადგილს მიუჩენდა. ვთვლი თუ არა ასეთ სცენარს რეალისტურად? არა, არ ვთვლი“.

„მმართველ პარტიაში პრეზიდენტის ასეთმა თვალსაზრისმა მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია – პოლიტიკოსები შეეცადნენ სალომე ზურაბიშვილის განცხადების დეაზავუირებას, პეკინს ბოდიში მოუხადეს და თბილისში აკრედიტებულ ჩინეთის ელჩს შეხვდნენ“, – ნათქვამია სტატიაში, – ოპოზიციაში კი ამ მხრივ თვალსაზრისები გაიყო: ზოგიერთებმა პრეზიდენტს ურჩიეს, რომ მსგავს საკითხებზე საუბრისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, სხვებმა კი ჩათვალეს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა – მაგალითად, პარლამენტის ყოფილი ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, მსოფლიოს ბევრ ლიდერს სი ძინპინის მიმართ იგივე პოზიცია აქვს: „ჩინეთში უიღურების უფლებები ირღვევა და ამიტომ პეკინელ ლიდერებს ნამდვილად უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა“.

და ეს ხდება იმ დროს, როცა მცირე ხანია გასული ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტიდან და სი ძინპინთან შეხვედრიდან. აღსანიშნავია, რომ პეკინში, ჩინეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სი ძინპინს სანიმუშო ლიდერად და ბრძენ ადამიანად თვლის, „რომელიც თავისი დიდი ხალხისთვის დიდ საქმეებს აკეთებს“.

პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდა გადმოცემული საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობა, სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები (ვაჭრობის მოცულობა ბოლო ათ წელიწადში გაორმაგდა – 640 მილიონი დოლარიდან 1,6 მილიარდამდე. მიმდინარე წლის ბოლოს, როგორც ჩანს, ორმხრივი ვაჭრობა კიდევ უფრო გაიზრდება და რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. საქართველოში ჩინური კაპიტალის მქონე 200 კომპანია მოქმედებს).

საქართველო ჯერ კიდევ 2015 წელს ჩაერთო ჩინურ პროექტში „ერთი გზა – ერთი სარტყელი“. თბილისი იმედოვნებს, რომ ჩინური პროდუქციის ევროპაში გადაზიდვისათვის ერთგვარი ჰაბი გახდეს „შუა დერეფნის“ („შუალედური გზის“) სახით, ამ მიზნით ახდენს თავისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ანაკლიის ნავსადგურის მოდერნიზაციას შავ ზღვაზე. საქარტველოში უკვე ჩინეთისათვის უკვე შექმნილია თავისუფალი ვაჭრობის ზონები. ჩინელი ტურისტების მიზიდვისათვის თბილისმა „ცისქვეშეთის“ მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, იზრდება ავიამიმოსვლის (ავიარეისების) სიხშირე თბილისიდან ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში.

ამ ყველაფერზე აშშ და ევროკავშირი ნერვიულ რეაგირებას ახდენს. მაგალითად, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ თბილისისა და პეკინის მეგობრობას არასასურველად თვლის. „ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მსგავსი მიდგომა ჩინეთის პოლიტიკაში არ ჩანს. გარდა ამისა, ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. ჩინეთთან ურთიერთობის განვითარების წინააღმდეგ გამოდის პროდასავლური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით.

რას ამბობენ რუსი ექსპერტები?

ანდრეი არეშევი, რუსეთის სტრატეგიული პოლიტიკისა და კულტურის ფონდის ექსპერტი, აღნიშნავს, რომ აშშ და ევროკავშირი თბილის-პეკინის ურთიერთობის დამუხრუჭებას შეეცდება:

„არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთი განიზრახავს საქართველოში საზოგადოებრივ- პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას, რათა დაამუხრუჭოს ან საერთოდ არ დაუშვას საქართველოს დაახლოება ჩინეთთან და რუსეთთან. შესაძლოა უახლოეს თვეებში ჩვენ არაკონსტიტუციური ცვლილებების მოწმენი გავხდეთ. იმ დროს, როცა ოპოზიციის ყოფილი ლიდერი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკანა პლანზეა გადასული, დესტრუქციული ძალების მთავარი რუპორი ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება. ვფიქრობ, მისი ამასწინანდელი ანტიჩინური განცხადებაც შემთხვევითი არ არის, იგი თავისი ქმედებით საზოგადოებრივ განწყობას ამზადებს სამომავლო მოვლენებისათვის“.

ვადიმ მუხანოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კავკასიის სექტორის გამგე, ამბობს, რომ თავისი განცხადებებით სალომე ზურაბიშვილი პირადი პოლიტიკური პერსპექტივის საკითხებს წყვეტს.

„მომავლი წლის შემოდგომაზე მას საპრეზიდენტო უფლენამოსილების ვადა უმთავრდება. როგორც ჩანს, იგი ახლა თავისი საკუთარი მომავლის საკითხებს აგვარებს. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, მისთვის ფრანგული ენა მშობლიურ ენას წარმოადგენს – 20 წლის განმავლობაში იგი ქართველი ხალხისთვის შინაური ვერ გახდა, ქართველებმა იგი ვერ გაითავისეს. სავარაუდოდ, სკანდალური განცხადებები მის პირად ინტერესებს ემსახურება. პრეზიდენტს სურს, რომ დასავლეთის თვალში დევნილი პროევროპული პოლიტიკოსის იმიჯი ჰქონდეს, რასაც შემდეგ საერთაშორისო არენაზე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. მე მის სიტყვებში ვერავითარ გლობალურ კონტექსტს ვერ ვხედავ“.

წყარო