რუსეთის ფედერალურ გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბოლო გაფრთხილება ჩინეთის გამო: საქართველოს ხელისუფლებაში პეკინთან დაკავშირებით წაკინკლავდნენ“ (ავტორი – იგორ კარმაზინი).
პუბლიკაციაში გადმოცემული და განხილულია ქართულ პოლიტიკაში ამას წინათ მომხდარი ინციდენტი, როცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში ჩინეთის ლიდერის მიმართ არადიპლომატიური დამოკიდებულება გამოხატა. ჟურნალისტის კითხვაზე – შეიძლება თუ არა ოდესმე სი ძინპინი გასამართლდესო, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: „ვფიქრობ, რომ ეს ისეთი ლოგიკური შედეგი იქნებოდა, რომელიც ბევრს თავის ადგილს მიუჩენდა. ვთვლი თუ არა ასეთ სცენარს რეალისტურად? არა, არ ვთვლი“.
„მმართველ პარტიაში პრეზიდენტის ასეთმა თვალსაზრისმა მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია – პოლიტიკოსები შეეცადნენ სალომე ზურაბიშვილის განცხადების დეაზავუირებას, პეკინს ბოდიში მოუხადეს და თბილისში აკრედიტებულ ჩინეთის ელჩს შეხვდნენ“, – ნათქვამია სტატიაში, – ოპოზიციაში კი ამ მხრივ თვალსაზრისები გაიყო: ზოგიერთებმა პრეზიდენტს ურჩიეს, რომ მსგავს საკითხებზე საუბრისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, სხვებმა კი ჩათვალეს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა – მაგალითად, პარლამენტის ყოფილი ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, მსოფლიოს ბევრ ლიდერს სი ძინპინის მიმართ იგივე პოზიცია აქვს: „ჩინეთში უიღურების უფლებები ირღვევა და ამიტომ პეკინელ ლიდერებს ნამდვილად უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა“.
და ეს ხდება იმ დროს, როცა მცირე ხანია გასული ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტიდან და სი ძინპინთან შეხვედრიდან. აღსანიშნავია, რომ პეკინში, ჩინეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სი ძინპინს სანიმუშო ლიდერად და ბრძენ ადამიანად თვლის, „რომელიც თავისი დიდი ხალხისთვის დიდ საქმეებს აკეთებს“.
პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდა გადმოცემული საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობა, სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები (ვაჭრობის მოცულობა ბოლო ათ წელიწადში გაორმაგდა – 640 მილიონი დოლარიდან 1,6 მილიარდამდე. მიმდინარე წლის ბოლოს, როგორც ჩანს, ორმხრივი ვაჭრობა კიდევ უფრო გაიზრდება და რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. საქართველოში ჩინური კაპიტალის მქონე 200 კომპანია მოქმედებს).
საქართველო ჯერ კიდევ 2015 წელს ჩაერთო ჩინურ პროექტში „ერთი გზა – ერთი სარტყელი“. თბილისი იმედოვნებს, რომ ჩინური პროდუქციის ევროპაში გადაზიდვისათვის ერთგვარი ჰაბი გახდეს „შუა დერეფნის“ („შუალედური გზის“) სახით, ამ მიზნით ახდენს თავისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ანაკლიის ნავსადგურის მოდერნიზაციას შავ ზღვაზე. საქარტველოში უკვე ჩინეთისათვის უკვე შექმნილია თავისუფალი ვაჭრობის ზონები. ჩინელი ტურისტების მიზიდვისათვის თბილისმა „ცისქვეშეთის“ მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, იზრდება ავიამიმოსვლის (ავიარეისების) სიხშირე თბილისიდან ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში.
ამ ყველაფერზე აშშ და ევროკავშირი ნერვიულ რეაგირებას ახდენს. მაგალითად, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ თბილისისა და პეკინის მეგობრობას არასასურველად თვლის. „ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მსგავსი მიდგომა ჩინეთის პოლიტიკაში არ ჩანს. გარდა ამისა, ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. ჩინეთთან ურთიერთობის განვითარების წინააღმდეგ გამოდის პროდასავლური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით.
რას ამბობენ რუსი ექსპერტები?
ანდრეი არეშევი, რუსეთის სტრატეგიული პოლიტიკისა და კულტურის ფონდის ექსპერტი, აღნიშნავს, რომ აშშ და ევროკავშირი თბილის-პეკინის ურთიერთობის დამუხრუჭებას შეეცდება:
„არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთი განიზრახავს საქართველოში საზოგადოებრივ- პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას, რათა დაამუხრუჭოს ან საერთოდ არ დაუშვას საქართველოს დაახლოება ჩინეთთან და რუსეთთან. შესაძლოა უახლოეს თვეებში ჩვენ არაკონსტიტუციური ცვლილებების მოწმენი გავხდეთ. იმ დროს, როცა ოპოზიციის ყოფილი ლიდერი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკანა პლანზეა გადასული, დესტრუქციული ძალების მთავარი რუპორი ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება. ვფიქრობ, მისი ამასწინანდელი ანტიჩინური განცხადებაც შემთხვევითი არ არის, იგი თავისი ქმედებით საზოგადოებრივ განწყობას ამზადებს სამომავლო მოვლენებისათვის“.
ვადიმ მუხანოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კავკასიის სექტორის გამგე, ამბობს, რომ თავისი განცხადებებით სალომე ზურაბიშვილი პირადი პოლიტიკური პერსპექტივის საკითხებს წყვეტს.
„მომავლი წლის შემოდგომაზე მას საპრეზიდენტო უფლენამოსილების ვადა უმთავრდება. როგორც ჩანს, იგი ახლა თავისი საკუთარი მომავლის საკითხებს აგვარებს. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, მისთვის ფრანგული ენა მშობლიურ ენას წარმოადგენს – 20 წლის განმავლობაში იგი ქართველი ხალხისთვის შინაური ვერ გახდა, ქართველებმა იგი ვერ გაითავისეს. სავარაუდოდ, სკანდალური განცხადებები მის პირად ინტერესებს ემსახურება. პრეზიდენტს სურს, რომ დასავლეთის თვალში დევნილი პროევროპული პოლიტიკოსის იმიჯი ჰქონდეს, რასაც შემდეგ საერთაშორისო არენაზე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. მე მის სიტყვებში ვერავითარ გლობალურ კონტექსტს ვერ ვხედავ“.