Home Blog Page 1768

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს.

საქართველოში მოსალოდნელი ამინდი:

18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო რაიონებში 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება.ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი) 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა) 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო):  უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო):18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება.

ბუნდესტაგმა უკრაინაში Taurus-ის რაკეტების გაგზავნაზე უარი თქვა

გერმანიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს შორი დისტანციის Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას, – ამის შესახებ უკრაინული მედია DW-ზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია წერს, დარბაზში დამსწრე 666 დეპუტატიდან მხოლოდ 178 იყო მომხრე, რომ უკრაინისთვის რაკეტები გადაეცათ. აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 485 დეპუტატმა მისცა ხმა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ, სამმა ადამიანმა კი თავი შეიკავა.

გასული წლიდან უკრაინა ითხოვს Taurus-ის რაკეტების გადაცემას, რომლებსაც შეუძლიათ 500 კილომეტრამდე მანძილზე სამიზნეების განადგურება. ასეთი იარაღი აუცილებელია რუსეთის უკანა სამიზნეებზე დარტყმისთვის.

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გირჩევთ, ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა გამოიჩინოთ. ნუ მოგერიდებათ, რომ თანამოსაუბრეს თქვენთვის საინტერესო საკითხების შესახებ პირდაპირ ჰკითხოთ და საკუთარი პოზიცია გაუზიაროთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და პრობლემების დაძლევისთვის. საღამოს განწყობის ამაღლებაში გემრიელი დესერტი ან მეგობრებთან შეხვედრა დაგეხმარებათ.

კურო

ზოგჯერ ახალი ემოციებისა და შთაბეჭდილებებისთვის საინტერესო ადამიანის გაცნობაც საკმარისია. დღეს სწორედ ასეთი დღეა. ადამიანი, რომელიც ყოველთვის გიზიდავდათ, თქვენს ცხოვრებას უფრო ნათელს და ლამაზს გახდის. ეცადეთ ძველი, მოსაწყენი დავალება დროულად დაასრულოთ, რომ მომავალში ხელი აღარ შეგიშალოთ.

ტყუპები

როგორც არ უნდა ეცადოთ, ამ დღეს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება არ გამოგივათ. ჩამოწერეთ ყველაზე აუცილებელი საქმეები, მათ შორის ერთი ან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი აარჩიეთ და საქმეს შეუდექით. ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ – ახალ ნაცნობებს არ ენდოთ და პირადი ინფორმაცია არავის გაუზიაროთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ, სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს ყველაზე რთული დავალება აირჩიოთ და მისი ადგილიდან დაძვრა სცადოთ. უმნიშვნელო დებატები საქმეს მოგწყვეტთ, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ. სირთულეების ნუ შეგეშინდებათ – მათი გადალახვა ახალ, სასარგებლო გამოცდილებას მოგიტანთ. ეცადეთ, სპორტული აქტივობებისთვის დრო გამონახოთ ან პარკში, სუფთა ჰაერზე მაინც გაისეირნოთ.

ლომი

ამ დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად კარგი განწყობა და ოპტიმიზმი გჭირდებათ. მოერიდეთ გაღიზიანებულ და აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას, რათა განწყობა არ გაიფუჭოთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ქალწული

დროა, საკუთარ მიზნებსა და პრიორიტეტებში მცირე კორექტივები შეიტანოთ და ახალ გარემოებებს მოარგოთ. მკაფიოდ შედგენილი გეგმა დაგეხმარებათ, რომ მოსაწყენ დავალებას თავი დააღწიოთ და საკუთარი სამუშაო უფრო ნაყოფიერი გახადოთ. გაუფრთხილდით საკუთარ იმუნიტეტს. ვიტამინები მიიღეთ და ეცადეთ, ფეხით მეტი იაროთ.

სასწორი

ამ დღეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, აქტიურობაზე უარი თქვათ და შორიდან დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ. რამდენიც არ უნდა ეცადოთ, მოვლენების განვითარებას ვერ შეცვლით, ამიტომ უბრალოდ ახალ გარემოებებს უნდა მოერგოთ. სასურველია, ახალი საქმის დაწყების ნაცვლად, ძველი საქმეები დაასრულოთ.

მორიელი

ჩანაფიქრის განხორციელებისთვის მკაფიო გეგმა და გავლენიანი ადამიანის დახმარება გჭირდებათ. გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ დატვირთული განრიგის მიუხედავად, ეცადეთ, დასვენებისთვის დრო გამონახოთ. დროა, პარტნიორს თქვენთვის მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბროთ და კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღოთ,

მშვილდოსანი

ურთიერთოობებში უპირატესობა მიანიჭეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, რამე ახალი გასწავლონ. თუ თავში უჩვეულო იდეა მოგივიდათ, უნდა დაიმახსოვროთ, რადგან მისი განხორციელება მალე კარგ შემოსავალს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა სამუშაოს შედეგზე გავლენას ახდენს, ამიტომ ბუზღუნა და უკმაყოფილო ადამიანებთან ურთიერთობას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

ამ დღეს მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებს და მათი პრობლემების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. შეეცადეთ გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არც ფიზიკური ვარჯიშისა და დასვენების შესახებ დაივიწყოთ. დროა, უსარგებლო ნივთებსა და კავშირებზე უარი თქვათ და საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებისთვის ადგილი გაათავისუფლოთ.

მერწყული

წარმატებული დღეა, რომელიც სასურველია, რთული საკითხების გადაჭრას დაუთმოთ. ნუ გადაიღლებით და ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად აკონტროლეთ, რათა სერიოზული დაავადებების გამწვავება თავიდან აიცილოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდება და უარი არ უნდა უთხრათ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება, ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

თევზები

ეს დღე მაქსიმალურად აქტიურად უნდა გაატაროთ. ყველა მოწვევას დათანხმდით, გაიცანით ახალი ადამიანები და ინიციატივა გამოიჩინეთ. შესაძლოა თქვენი აქტიურობა შენიშნოს ადამიანმა, ვინც ხელსაყრელ სამუშაოს შემოგთავაზებთ. პირად ურთიერთობებში პრობლემებს არ უნდა ელოდოთ.

,,არ გამოვრიცხავ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა – 2030-მდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”- ეკა სეფაშვილი

ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობის შენარჩუნება არის ის ორი ძირითადი მაგისტრალი, რასაც მმართველი ძალის დეოკუპაციის პოლიტიკა ემყარება, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი, რომ შესაძლოა საქართველომ 2030 წლისთვის ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, სრულიად მოსალოდნელია, რომ გამართლდეს.

„შეგახსენებთ, 2015 წელს ბიძინა ივანიშვილმა, როცა ეკონომიკური ჯგუფის მიმართულებებს განსაზღვრავდა, თქვა, რომ 2030 წელს საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდებოდა. სხვათა შორის, ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებით დამტკიცდა. ვუყურებთ საქართველოს შთამბეჭდავ, ეკონომიკურ ზრდას და, ამავდროულად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისათვის მშვიდობიანი პოლიტიკა გვაქვს გამოცხადებული. ყველაფერს ამას თუ დავაჯამებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველო ეკონომიკურად იმდენად მიმზიდველი გახდება პოლიტიკური სტაბილურობის, უსაფრთხოების, მშვიდობის დაცვის სფეროში, ასევე, კეთილდღეობის გაზრდისა და შენარჩუნების თვალსაზრისით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც ძალიან მიმზიდველი იქნება ჩვენს სივრცეში დაბრუნება.

ასევე, რუსეთს, ამასთან დაკავშირებით, ალბათ, მოუწევს გარკვეულ კომპრომისზე წასვლა. ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობის შენარჩუნება არის ის ორი ძირითადი მაგისტრალი, რასაც ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკა ემყარება“, – განაცხადა სეფაშვილმა.

თუ „ჰამასის“ ბედი არ იქნება მისი სრულად ჩამოშლა, ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ისრაელის სახელმწიფოში”- იოავ გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა პირობა დადო, რომ ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ღაზის სექტორში მძევლების დაბრუნებამდე და „ჰამასის“ დამარცხებამდე.

“თუ „ჰამასის“ ბედი არ იქნება მისი სრულად ჩამოშლა, ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ისრაელის სახელმწიფოში”, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

“ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე… მანამ, სანამ არ დავამარცხებთ „ჰამასის“ ორგანიზაციას, არ გავანადგურებთ მის მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს და არ ჩამოვაშორებთ მას ღაზის ხელისუფლებას”, – განაცხადა იოავ გალანტმა.

მძევლებთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ “ჩვენ არ გვაქვს უფლება შევწყვიტოთ ბრძოლა, ვიდრე ღაზაში მძევლები არიან”.

პრემიერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. პრემიერ-
მინისტრმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა.

ყურადღება ასევე გამახვილდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ოდილ რენო ბასომ განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ევროს 289 პროექტში. ირაკლი ღარიბაშვილმა ოდილ რენო ბასოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ჩინეთის დელეგაციამ შვეიცარიაში ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა – Politico

ჩინეთმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრ ლი ციანგისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შვეიცარიაში შეხვედრაზე, – ამის შესახებ Politico წერს.

„ჩინეთის დელეგაციას შვეიცარიაში ჰქონდა უამრავი შესაძლებლობა, დამჯდარიყო უკრაინელი კოლეგების პირისპირ, იქნებოდა ეს ბერნში თუ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში. ნებისმიერი შეხვედრა დააკმაყოფილებდა კიევის დიდი ხნის იმედს, გამართულიყო გულწრფელი პირადი დისკუსიები პეკინის მაღალჩინოსნებთან“, – აღნიშნავს გამოცემა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის შეუერთდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

როგორც მედია წერს, საბოლოო ჯამში, უკრაინამ ვერ მიაღწია პროგრესს ჩინეთთან და ზელენსკიმ და ლიმ ვერ ისაუბრეს.

,,ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია”- პრემიერი

ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით – „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია.

„დიდი მადლობა! უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა მოვახსენო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს, ქალბატონ პაუერს.

ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის და საქართველოს წარმატების შესახებ საუბრის შესაძლებლობისთვის.

მეც მინდა აღვნიშნო, რომ ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამოწვევა სცილდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს. ეს არის გლობალური პრობლემა!

ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია, სავარაუდოდ, რადგან ისეთ გამომწვევებთან უწევს კავშირი, როგორებიცაა საღებავი, ელემენტებისა და სამუხტი საშუალებების რეციკლირების ცენტრები, საკვები, კოსმეტიკური საშუალებები და ზოგიერთ შემთხვევებში – სუნელი – როგორც თქვენ მიერ იქნა აღნიშნული.

ასევე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ტყვიით მოწამვლით არის გამოწვეული გლობალურად გარდაცვალების წლიური მაჩვენებლის 1.5%. ის მწვავე რისკებს ქმნის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის, დაბალ – და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რა მდგომარეობაა გზებზე – საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა,  გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

,,მოძრაობა ამა თუ იმ ფორმით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს”- გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე ვართ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, ამასთან დაკავშირებით „ხალხის ძალაში“ კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ საკითხს განვიხილავთ, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოძრაობა ამა თუ იმ ფორმით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„მთავარია ის, რომ ახალი პოლიტიკა ჩამოვაყალიბეთ, რომლის ფორმირება აუცილებელი იყო და ამ პოლიტიკით, რასაც პროცესებში ხალხის აქტიური ჩართულობა ჰქვია, ამა თუ იმ ფორმით, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ.

„ხალხის ძალა“ რა მოცემულობითაც ვარსებობთ, ამ ფორმატმა უკვე შეძლო ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაინახა – ხალხი პოლიტიკაში ჩართულია და საგარეო პოლიტიკა მათი გადაწყვეტილებით იქმნება. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც „ხალხის ძალამ“ გააკეთა – ახალი პოლიტიკის ფორმირებით ხალხი აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩავრთეთ.

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ის ორგანიზაცია ვართ, რომელიც არა სამომავლო პოლიტიკური წარმატებისთვის, არამედ საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის შეიქმნა. „ქართული ოცნების“ რიგები იმიტომ კი არ დავტოვეთ, რომ აუცილებლად პარტია შეგვექმნა, არამედ იმიტომ, რომ რასაც „ოცნება“ ვერ ახერხებდა, რადგან ხელისუფლებაშია და მმართველი პარტიაა, ეს ჩვენ გაგვეკეთებინა. შემდეგ კი ბუნებრივად დადგა დღის წესრიგში ის საკითხი, რომ „ხალხის ძალა“, რომელიც პოლიტიკური ჯგუფია პარლამენტში, იქნება თუ არა როგორც პოლიტიკური პარტია.

რაც შეეხება იმას, გადავლახავთ თუ არა საარჩევნო ბარიერს, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა იმ პოლიტიკას ემხრობა, რაც „ხალხის ძალამ“ შექმნა. რომ არა „ხალხის ძალის“ მიერ გატარებული პოლიტიკა, ქვეყანაში ის სამწუხარო მოვლენები იქნებოდა, რასაც სხვაგან ვხედავთ.

კონსულტაციები გვაქვს და გვექნება ხალხთან, რომელსაც აქვს ძალა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დავოსის ფორუმის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაცას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

„მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებს, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებისა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ პოტენციალი.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დღეს წამყვანი ბიზნეს და პოლიტიკური ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ ჩინეთთან თანამშრომლობას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს”- დავითაშვილ”-

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წელს ჩინეთის დელეგაცია უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს ხაზს უსვამს, რომ მსოფლიოს სჭირდება მეტი თანამშრომლობა გლობალური გამოწვევების დასაძლევად და მათ დაძლევაზე საუბარი ჩინეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე ფორუმის მთავარი ტენდენციების შესახებ საუბრისას.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წამყვანი პლატფორმაა, სადაც წლის დასაწყისში ბიზნესის და პოლიტიკური ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს და სადაც, ფაქტობრივად, ხდება მსოფლიოში არსებული სიტუაციის სტატუსის შეფასება. ამასთან, საერთაშორისო დღის წესრიგის განსაზღვრაში ფორუმი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ეს არ არის გადაწყვეტილების პლატფორმა, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ტენდენციები იკვეთება. ერთ-ერთი ასეთი ტენდენცია ისიცაა, რომ დღეს მსოფლიოს მეორე და ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის, ჩინეთის ლიდერი მონაწილეობს ფორუმში. პანდემიის შემდეგ ეს არის პირველი დავოსი, სადაც ჩინეთის ძალიან დიდი წარმომადგენლობაა, ასეთი ბოლო წლების განმავლობაში, 2020 წლის შემდეგ არ ყოფილა“, – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, გამოწვევებთან ერთად მსოფლიოში უამრავი შესაძლებლობებია, ისინი ქვეყნებმა შეიძლება მხოლოდ თანამშრომლობით გამოიყენონ და საქართველო სწორედ ამ ტენდენციის ნაწილია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ სწორად იქნა შეფასებული ვითარება, როდესაც ძალიან პერსპექტიულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დაიწყო ჩინეთთან საუბარი. ვიცე-პრემიერი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნებს შორის დიალოგი მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტების განხორციელებაზე – სადაც ჩინურ ბიზნესს შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს და ეს ძალიან პერსპექტიული იყოს საქართველოს ეკონომიკისთვის.

„ამას ხედავ დასავლური სამყაროც – დღეს წამყვანი ბიზნეს და პოლიტიკური ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ ჩინეთთან თანამშრომლობას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. გამოწვევების დაძლევა მხოლოდ თანამშრომლობით შეიძლება – ასე რომ, ეს არის დავოსის დღევანდელი მთავარი თემა“, – აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.