Home Blog Page 1767

“ირლანდიური გამოცდილება უნდა შევისწავლოთ” – მარიამ ლაშხი

ირლანდიას აქვს კარგი პრაქტიკა, შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა გამოიყენონ პარლამენტის მუშაობისას. ჩვენთან ყველაზე მეტად გვესმის რუსების ძახილი – ირლანდიური გამოცდილება უნდა შევისწავლოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისი თქმით, დაუწერელ ეთიკის ნორმებს ოპოზიცია არ იცავს, ამიტომ “კარგი იქნება, თუ ეს გაიწერება და პოლიტიკოსები შეურაცხმყოფელ გადაძახილებს არ გააკეთებენ არგუმენტების გარეშე”.

კითხვაზე, ვინ უნდა შეაფასოს, რამდენად წონადია არგუმენტი, ლაშხი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ირლანდიის მაგალითი კარგი პრაქტიკის მაგალითად მოჰყავს, რომელიც ჯერ უნდა შეისწავლონ.

“ირლანდიის პარლამენტს აქვს ძალიან კარგი პრაქტიკა, ეთიკის კოდექსი, რომელსაც არამხოლოდ დეპუტატები, პარლამენტის თანამშრომლებიც აწერენ ხელს, რაც გულისხმობს შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალს, რომელიც არ უნდა იხმარონ პარლამენტის მუშაობის დროს. ეს ამცირებს პოლარიზებას და შინაარსობრივ განხილვას უწყობს ხელს. ჩვენს შემთხვევაში რომ წარმოვიდგინოთ ერთმანეთის მიმართ გადაძახილები, ყველაზე მეტად გვესმის “რუსების” ძახილი, “რუსული კანონი”. პოლიტიკოსებს აქვთ პოლიტიკური ვალდებულება, ნებისმიერ სიტყვას ჰქონდეს არგუმენტირებული დასაბუთება. როცა არის შეურაცხმყოფელი გადაძახილები დაუსაბუთებლად, კარგი იქნება თუ ამის ნაცვლად არგუმენტირებული მსჯელობა იქნება. ეს არ არის რეგულირებადი საქართველოში და ზღვარი არის სიტყვის თავისუფლებას, შეურაცხყოფას და ელემენტარულ ეთიკას შორის. დაუწერელი კანონია ის, რომ პოლიტიკოსის ვალდებულებაა, ნებისმიერ გადაძახილს ჰქონდეს არგუმენტები, თუმცა პრაქტიკაში ამის განხორციელება არ ხდება. ეს იყო გაზიარებული პრაქტიკა ირლანდიის პარლამენტის მხრიდან. ჯერ ეს ინიციატივა არ არის და უნდა შევისწავლოთ მათი გამოცდილება. ამან იმუშავა ირლანდიის პარლამენტში და კარგი იქნება ჩვენც გვქონდეს არა დაუწერელი ეთიკის ნორმები, რომელსაც არ ასრულებს ოპოზიცია, არამედ გვქონდეს დაწერილი. გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფუძვლო შეურაცხყოფებს შორის არსებობს ზღვარი, კარგი იქნება თუ ეს დარეგულირდებოდა,” – განაცხადა ლაშხმა.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება ძალიან ბევრი სიახლე, მათ შორის გამსხვილებაზე” – ლევან ხაბეიშვილი

უახლოეს რამდენიმე კვირაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იქნება კონკრეტული სიახლეები ამ მიმართულებით, საჯაროდ ეცოდინება საზოგადოებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციასთან ერთობაზე საუბარისას განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ითანამშრომლოს პროდასავლურ პარტიებთან.

„მოვუწოდებ პარტიებს, პროდასავლურს, ვისაც არ სურს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა, მესმის მათი, მივესალმები მათი მხრიდან ძლიერი კოალიციის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, როცა ჩვენ მიერ დახმარებაზეა საუბარი, არ დაგვავიწყდეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ყველაზე მყარი ინფრასტრუქტურა და იმ ერთობებს, რომელსაც გააკეთებს დარჩენილი ოპოზიცია, ხმების დაცვის მიმართულებით, მაგალითად, მიუხედავად მათი დამოკიდებულებებისა და კომენტარებისა, ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც წინააღმდეგია რუსული პარტიის საქართველოში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება ძალიან ბევრი სიახლე, მათ შორის გამსხვილებასთან დაკავშირებით, ერთობასთან, ახალ ადამიანებთან დაკავშირებით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, უახლოეს კვირებში გეცოდინებათ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“პრეზიდენტს ვინც უკარნახა ვეტო, მას ჰკითხეთ, რა ინტერესი ამოძრავებს” – ირაკლი კობახიძე

გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოსთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედონ და ცესკო-ში ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისის შექმნის საშუალება არავის უნდა მისცენ.

„არ ვიცი, კონკრეტული ადამიანების ინტერესებში რატომ არის, რომ ხელოვნურდ შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკო-ში. ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ეს მიზანი ჩაიდო თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმებაში, პირველ ვერსიაში კიდევ უფრო მძაფრად. ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის ვეტოც. ვინც უკარნახა პრეზიდენტს, რომ ასეთი ვეტო დაედო კანონზე, მას უნდა ჰკითხოთ, რა ინტერესი ამოძრავებს მას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის, რასაც ჩვენ ვეძახით „გლობალურ ომის პარტიას“. ეს გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არავის მივცეთ ცესკო-ში ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისის შექმნის საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა მოხდეს არანაკლებ 90 ხმით.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების”

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების – ეს ქმნის ძალიან დიდ საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გუშინ „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო განყოფილების თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ჯაფარიძის თქმით, ყოველი ასეთი ქმედება საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნებისთვის“ უკუშედეგს გამოიწვევს და აღნიშნავს, რომ ძალადობა ვერასოდეს გახდება ხელისუფლების შენარჩუნების საფუძველი ამ ქვეყანაში.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების. თვითონაც შეურაცხმყოფელ, აღვირახსნილ ტერმინოლოგიას იყენებენ ოპონენტების გასალანძღად, მათ დასამცირებლად. ეს ქმნის ძალიან დიდ საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, ამიტომ ჩვენ ყველანი წინ უნდა აღვუდგეთ „ქართული ოცნების“ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მცდელობებს, რომ დათესოს ძალადობრივი ქმედებები, შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოების ერთიანობა, საზოგადოების მობილიზაცია და ყველა, თითოეული ფაქტი უნდა ვამხილოთ, მაქსიმალურად გამოვიტანოთ სააშკარაოზე. ინფორმირებული უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მეგობრები. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იმ დარჩენილ პერიოდში არჩევნებამდე, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, მათ მხრიდან იქნება ეს მცდელობები საზოგადოების დაშინების, განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დევნის, მაგრამ ყველა ასეთი ქმედება „ქართული ონების“ მიერ და მის მიერ წახალისებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ, აუცილებლად გამოიწვევს პირიქით რეაქციას – სრულ წინააღმდეგობას საზოგადოების მხრიდან და მოიტანს უკუშედეგს „ქართული ოცნებისთვის“. ეს არის ცალსახა, იმიტომ, რომ ძალადობა ვერასოდეს ვერ გახდება ხელისუფლების შენარჩუნების საფუძველი ამ ქვეყანაში,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაასანქცირონ”- იაგო ხვიჩია

არ ვიცი, პარტნიორების ხელში რა მტკიცებულებები არსებობს და რისთვის არიან ჩამოსული, დასასანქცირებლად თუ იმის სათქმელად, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, თორემ დაგასანქცირებთო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დაელოდონ, რას იტყვიან პრესკონფერენციაზე.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაასანქცირონ, ფაქტობრივად ჩვენს პარტნიორებს იწვევს. რისკი არსებობს, მაგრამ არ ვიცი, ეს პროცესი როგორ დასრულდება. არ ვიცი, პარტნიორების ხელში რა მტკიცებულებები არსებობს და რისთვის არიან ჩამოსული, დასასანქცირებლად თუ იმის სათქმელად, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, თორემ დაგასანქცირებთო. დიდი დრო არ დაგვრჩენია, დაველოდოთ პრესკონფერენციას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გურჯაანში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება

მიმდინარე წლის პირველ ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე);

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან.

მისამართი: გურჯაანი, რუსთაველის ქუჩა # 15.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

მისი თქმით, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია.

,,ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს!

ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია. ამ დღეს ძალიან დიდი ისტორია აქვს და მისი, როგორც ჰუმანიზმის იდეა, საუკუნეების მანძილზე სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენდა.

მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ. სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე თითოეული თქვენგანისათვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

“კანადის ტყის ხანძრებმა ჩიკაგოსა და მილუოკიში ჰაერის დაბინძურება გამოიწვია” – „ბიბისი”

კანადის ტყის ხანძრებმა ჰაერის დაბინძურება გამოიწვია ჩიკაგოსა და მილუოკიში, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ ტყის ხანძრის ძლიერმა კვამლმა გამოიწვია ჰაერის ხარისხის დაბინძურება აშშ-ის შუა დასავლეთის ქალაქებში, მათ შორის ჩიკაგოში, ასევე კანადის სხვადასხვა რეგიონში. კვამლი აგრძელებს ტალღების სახით გავრცელებას სამხრეთით და აღმოსავლეთით ჩრდილოეთ ამერიკაში.

კანადის უწყებათაშორის ტყის ხანძრის ცენტრში განაცხადეს, რომ ეს წელი ყველაზე უარესია ტყის ხანძრის სეზონებს შორის. ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ადამიანთა ჯგუფებმა, მათ შორის ბავშვებმა, მოხუცებმა და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანებმა უნდა შეზღუდონ გარე საქმიანობა.

ჩიკაგოს სკოლებმა სამშაბათს საზაფხულო პროგრამები დახურულ სივრცეში გამართეს, ხოლო ნიუ იორკში ქალაქის მერმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ოთხშაბათიდან ჰაერის უფრო მეტად დაბინძურების მოლოდინი აქვთ.

სპეციალისტების განცხადებით, აშშ-ის შუა დასავლეთში მოხვედრილი კვამლი, სავარაუდოდ, გააგრძელებს გადაადგილებას სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში და მოიცავს ონტარიოს პროვინციის უმეტეს ნაწილს აღმოსავლეთ სანაპირომდე.

ევროკავშირის ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ხანძრებმა ატმოსფეროში რეკორდული, 160 მილიონი ტონა ნახშირბადი გაუშვეს. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ კვამლმა ევროპის ტერიტორიებამდეც მიაღწია.

“ვაგნერი იშლება და უკრაინაში აღარ იბრძოლებს, ძალიან მაგარი ამბავია” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ტერორისტმა რუსებმა დაბომბეს გუშინ რაკეტებით კრამატორსკი, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაშავდა 47 ადამიანი;
ტერორისტმა რუსეთმა, როგორც გაერომ დაადგინა, სიკვდილით დასაჯა 77 და აწამა 800 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე!

არ ვიცი ამაზე მეტი მტკიცებულება თუ არის საჭირო, რომ პუტლერის რეჟიმი აღიარონ ტერორისტულ ქვეყნად და პუტლერი მთავარ ტერორისტად.

ჩვენები იბრძვიან თავდადებით ფრონტის ყველა მიმართულებაზე და აქვთ კარგი წინსვლა. კერძოდ,
ბახმუტის დასავლეთით ჩვენები შევიდნენ კურდიუმოვკის შემოგარენში და აღმართეს უკრაინის დროშა. მიდის გაცხარებული ბრძოლები კურდიუმოვკისთვის, ვინაიდან ეს არის საკვანძო დასახლება, სადაც გადის რკინიგზა, რომლითაც მარაგდება ბახმუტი და სოლედარი;

კლეშჩეევკას მიმართუებაზეც ჩვენებმა 1 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს და აიღეს მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტები;

სრულიად გაწმინდეს სევერსკი დონეცის მიმდებარედ ტყის მასივები და ტერიტორია ურდოსებისგან;
მიდის მუშაობა ზაპოროჟიეს მიმართულებაზეც. ჩვენები მიიწევენ წინ პრიუტნეს დასახლებისკენ, აგრეთვე უახლოვდებიან უროჟაინეს დასახლებას. სტარომაიორსკის დასავლეთით მიდის მძიმე ბრძოლები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გვპირდებიან სულ მალე კარგ ახალ ამბებს;
პრეზიდენტი ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს – ბაიდენს, ტრიუდოს, რუტეს და განიხილეს მოახლოებული ვილნიუსის ნატოს სამიტი.

ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალიანსის წევრები ვერ შეთანხმდნენ გენერალური მდივნის ახალ კანდიდატურაზე და დაითანხმეს იენს სტოლტენბერგი კიდევ 1 წლით ამ თანამდებობაზე დარჩენის საკითხში! იენსმა უნდა ჩაიბაროს გამარჯვების აღლუმი!

ამასობაში ფარჩაკი პუტლერი გამოვიდა როს.გვარდიის, შსს-ს, ფსბ-ს და სამთავრობო დაცვის დანაყოფების წინაშე და მადლობა გადაუხადა სამოქალაქო ომის თავიდან აცილებისთვის. ფხუკ! ტრაქტორისტები და მენაგვეები დაავიწყდა.

როს.გვარდიის შეფი ზოლოტოვი აყელყელავებული ჩანდა, ჩვენი ბიჭები ბოლომდე დაიცავდნენ მოსკოვსო. თანაც, გაირკვა, რომ აწი მძიმე ტექნიკასაც გადასცემენ როს.გვარდიას რომ უკეთ… დაიცვას მოსკოვი!

ამასობაში ვაგნერის დაშლა-მოშლის პროცესი გამალებით მიდის. ლუჰანსკიდან ვაგნერელები სახლებში ბრუნდებიან, სირიაში ვაგნერის მეთაურებს იჭერენ, ბელარუსში ვაგნერის შენაერთი თავის ტექნიკით შევიდა და როგორც ლუკაშამ სთქო, კარვებში განთავსდებიან, მცირე ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრაქტს და მძიმე ტექნიკის დიდი ნაწილი გადავა ოფიციალური სტრუქტურების განკარგულებაში!

პუტინის მიფარჩაკება ხომ არის კარგი შედეგი, მაგრამ სხვა ყველაფერთან ერთად, ვაგნერი რო იშლება და უკრაინაში აღარ იბრძოლებს, ეგეც ძალიან მაგარი ამბავია;

ლავროვი და ზოლოტოვი ერთად ეძებენ დასავლეთში ბუნტის თავებს და ორგანიზატორებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არმაგანდონ სუროვიკინი საქმის კურსში იყო და ეხმარებოდა პრიგოჟინს! ისე კი ჰქონდათ მაგასაც და ალექსეევსაც წამხდარი ნირები, ვიდეოები რო ჩააწერინეს!

გეუბნებით, არ გადაყაროთ ნაყიდი პოპკორნები. კიდევ ბევრ კარგ სახალისო ამბებს შევიტყობთ ურდოსტანიდან!

ჩინელი ელჩები რომ ტყუილად არაფერს აბრახუნებენ კი იცით ყველამ. ჰოდა ევროკავშირში ჩინეთის ელჩმა უცებ დაიჭექა, 1991 წლის საზღვრებზე რომ გავიდეს უკრაინა რას ფიქრობთო, თავის ყირიმის გათავისუფლებითო, რატომაც არაო!

500 მილიონიან დახმარებაზე კი მოგიყევით გუშინ დეტალურად და ახლა გეტყვით, რომ ამერიკელი სენატორები მიმართავენ წერილობით ისრაელს, რომ დათანხმდეს უკრაინისთვის “რკინის გუმბათის” ჰსთ სისტემის გადაცემას! ამერიკელებსაც აქვთ ეგენი და მწარმოებელი ისრაელის თანხმობის შემთხვევაში შეუძლიათ გადასცენ უკრაინას!

ატაკამსები, ფ-16-ები რკინის გუმბათი და პატრიოტები, ბევრი ჭურვები და აბრამსის ტანკები – ეს ყველაფერი იქნება უკრაინის გამარჯვებისთვის!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, არ დაგვღუპოს ამ ძალადობამ 2023-ში! პუტლერის რეჟმი გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ოთხი უფლებადამცველი ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს

ოთხი უფლებადამცველი ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირების მიმართ დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაუქმდეს.

აღნიშნულის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2023 წლის 2 ივნისს, ქართველმა სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს მშვიდობიანი აქციის 7 მონაწილე, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ პროტესტის გამოხატვის უფლებას იყენებდნენ.

უფლებადამცველი ოთხი ორგანიზაცია გმობს თვითნებურ დაკავებებს, რადგან ეს პირდაპირ არღვევს გამოხატვისა და შეკრების ძირითად თავისუფლებას.

განცხადების თანახმად, ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ და ერთმნიშვნელოვნად შეწყდეს აქციის მონაწილეთა ადმინისტრაციული შევიწროება. ასევე, მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, როგორც ეს საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებით არის გათვალისწინებული.

„2023 წლის 2 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მშვიდობიანი აქცია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო სამოქალაქო ჯგუფი „ჯიუტის“ მიერ. აქტივისტებს ეჭირათ ქაღალდის ბანერები, რითაც აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდებდნენ მას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვისკენ. აქციის საპასუხოდ პოლიციამ თვითნებურად დააკავა პროტესტის შვიდი მონაწილე, მათ შორის ოთხი უფლებადამცველი: საბა ბრაჭველი, ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენელი; ედუარდ მარიკაშვილი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე; ნიკა რომანაძე, სამოქალაქო აქტივისტი და შოთა თუთბერიძე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი. პოლიციამ ასევე დააკავა სულ მცირე სამი სამოქალაქო ლიდერი, მათ შორის ლევან ნიშნიანიძე – პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი.

შვიდი დაკავებულიდან ერთ-ერთს აქციაზე ხელში ეჭირა საქართველოს კონსტიტუციის ასლი, ხოლო მეორეს – ცარიელი ქაღალდის ფურცელი. აქციის ზოგიერთ მონაწილეს ხელში ეჭირა ბანერი, რომელზეც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელი შეცვლილი იყო და წარმოთქმისას შეუფერებელ სიტყვას ემსგავსებოდა. დაკავებების პროცესში პოლიციამ ბანერები დააზიანა და პირებს ჩამოართვა. პოლიციამ გამოიყენა გადამეტებული ძალა, არ განუმარტა დაკავებულებს დაკავების საფუძველი და მათი უფლებები. მეტიც, დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულთა ადვოკატებს არ ეცნობათ მათი კლიენტების ადგილსამყოფელი და არ მიეცათ დაკავებულთა მონახულების შესაძლებლობა.

მარიკაშვილი, რომანაძე და ბრაჭველი მოათავსეს თელავის დროებითი დაკავების იზოლატორში, ხოლო სხვა დაკავებულები – დუშეთის დროებითი დაკავების იზოლატორში. მარიკაშვილი, რომანაძე და ბრაჭველი გაათავისუფლეს დაკავებიდან 48 საათის შემდეგ, რაც არის მაქსიმალური ვადა პირის წინასწარი დაკავებისთვის, ხოლო დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს ამ ვადის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე.

გათავისუფლების შემდეგ, შვიდივე დაკავებულს ედავებოდნენ ადმინისტრაციული წესით ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები). პირველი სასამართლო სხდომა საქმეზე 6 ივნისს შედგა. შემდგომი სხდომები გადაიდო რამდენიმე კვირით და ივნისის ბოლოს განახლდა. თუკი სასამართლო დაკავებულებს სამართალდამრღვევებად ცნობს, მათ დაეკისრებათ ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

მშვიდობიანად ქაღალდის ბანერების ხელში ჭერისთვის აქტივისტების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა არღვევს მათი გამოხატვისა და შეკრების უფლებას. თვითნებური დაკავებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თვალსაზრისით, შეშფოთებას იწვევს 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა სასამართლოს მიერ საქმის დროულად განუხილველობის ფონზე. ამასთან, დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტება, მათ მიერ ბანერების დაზიანება და ჩამორთმევა წარმოადგენს პოლიციის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არღვევს როგორც ადამიანის უფლებას, დაცული იყოს არასათანადო მოპყრობისგან, ასევე მის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს აზრი.

დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ღირებულებათა შორისაა შეკრების თავისუფლება და ამ გზით საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების ბოლოდროინდელი თვითნებური დაკავებები შემაშფოთებელ ტენდენციას წარმოადგენს, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების გამაერთიანებელ დემოკრატიულ პრინციპებს და ადამიანთა შესაძლებლობას, თავისუფლად შეიკრიბონ და გამოხატონ საკუთარი აზრი. ადმინისტრაციული წესით თვითნებურად დაკავების პრაქტიკა ცდილობს აკონტროლოს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილენი და ორგანიზატორები, დაასუსტოს მოქალაქეთა თვითორგანიზების ძალა, დააშინოს და შეავიწროოს უფლებადამცველები. საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილეა, მათ შორის არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ავალდებულებს ხელისუფლებას, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას და არცერთ შემთხვევაში არ დაუშვას პროტესტის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა და შევიწროება.

ადამიანის უფლებათა დამცველი ოთხი ორგანიზაცია გმობს თვითნებურ დაკავებებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH), „ობსერვატორია უფლებადამცველთა დაცვისათვის“ ფარგლებში; ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი (NHC); მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ (OMCT), „ობსერვატორია უფლებადამცველთა დაცვისათვის“ ფარგლებში.

ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს სასამართლომ 2 500-2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500 – 2 500 ლარი დააკისრა.

ცნობისთვის, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 8 მარტს, პარლამენტთან დააკავეს. მას “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

რა ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს – აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონი თუ იმამ შამილი

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას ეხმაურება:

“რა ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს?! – აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონი თუ იმამ შამილი!

„მომაკვდავი მიშა“- ეს პროექტი მილიონები დაუჯდა, სახელმწიფო ქონები ჩუქებით გამდიდრებულ გიული ალასანიას. მოსყიდული ევროპარლამენტარები, კონგრესმენები, უკრაინელი „პატრიოტები“, სამედიცინო ექსპერტები და საერთაშორისო მედია უზრუნველყოფა, ყველა მიეწაფა ქალბატონი გიულის „ხელგაშლილობას“, მაგრამ ტყუილმა წელიწად ნახევარიც არ გასტანა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით 40 დაავადებით მომაკვდავმა სიმულანტმა გამოჯანმრთელება დაიწყო და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება და პრემიერობა მოინდომა! ახლა სააკაშვილი საგონებელშია ჩავარდნილი, სასამართლო პროცესებზე დასწრება უნდა, რომ პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს და მომაკვდავი გულწასვლის პერფორმანსი დადგას, მაგრამ გამოჯანმრთელების დაფიქსირება უფრო აშინებს, რომ „ვივა მედის“ აპარტამენტიდან ციხის „კომფორტში“ არ გადაინაცვლოს!

ამ პროცესში საქართველოდან გატანილი თანხები დიდი რაოდენობით დაიხარჯება და მოსყიდული უცხოელების თუ ადგილობრივი მეხუთე კოლონის „მაყვირალთა „ აქციების მომსწრენი გავხდებით. 2024 წლის არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, რევოლუციის სცენარისტებს სააკაშვილისთვის როლი განსაზღვრული აქვთ და ამის შედეგიანად გამოყენებას შეეცდებიან, მაგრამ მიშას ფსიქიატრიულ დიაგნოზს არ ითვალისწინებენ!

სამედიცინო სფეროს ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ „დემენცია არ იკურნება“! ქართულ საზოგადოებას მუდამ უნდა ახსოვდეს , რომ გონებასუსტი ფსიქოპატი პრეზიდენტი და მთავარსარდალი მართავდა საქართველოს, რომელიც „ბალღობაში“ ფისოების და ბატის ჭუკების მოხრჩობით ერთობოდა, ხოლო ქვეყნის საჭეთმპყრობელობისას ადამიათა წამებით და განადგურებით იღებდა სიამოვნებას.

ჯერ კიდევ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე დავაყენე საკითხი , რომ არჩევნებში მონაწილე ყველა პრეტენდენტს ფსიქიატრიული ცნობა წარმოედგინა. ამას სააკაშვილის ისტერია მოჰყვა. მას ტელევიზია „მზეს“ პირდაპირ ეთერში ვუთხარი „ ნუ გეშინია მიშა ფსიქიატრიული შემოწმების ,აგერ ასათიანზე ერთად წავიდეთ და შემოწმება გავიაროთ, მაგალითი ვუჩვენოთ სხვებს მეთქი“, რაზედაც „დორბლები“ ჰყარა და პირდაპირი ეთერიდან გაიქცა. ეს ჩანაწერი სააკაშვილის რეჟიმის დროს , როცა „მოქ-კავშირის“ აქტივისტის და მიშასთან შემძვრალი დავით ბეჟუაშვილის უფლებები დამყარდა ტელე კომპანიაზე, გაანადგურეს და გააქრეს! ამასთანავე სააკაშვილისთვის პანიკური შიშის მომგვრელი ფსიქიატრიული კლინიკა ასათიანის ქუჩაზე, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, აკადემიკოსი ავლიპ ზურაბაშვილის დაარსებული იყო მალევე დაანგრიეს!

როცა მომავალი 2024 წლის არჩევნების საკითხი ჩაივლის სააკაშვილის ბედი მხოლოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში დასრულდება. მას რბილ-კედლებიანი ოთხი გარანტირებული ექნება, ისიც იმიტომ რომ საკუთარი თავის დაზიანება არ გაიმეოროს! სულიერი სიმშვიდისთვის ადამიანის ორგანოების ამოცლის და წამების კადრებს ჩაურთავენ. დრო გვიჩვენებს, რას დააწერენ მის ოთახს ფსიქიატრიულ სპეც- კლინიკაში: საქართველოს მუდმივი პრეზიდენტი, აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონი, საყოველთაო დემოკრატიის შუქურა, კავკასიელთა ერთობის ბურჯი იმამ შამილი, თუ უბრალოდ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი!” – წერს ლევან მამალაძე.