Home Blog Page 1764

“მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ- უკრაინის ომის 491-ე დღე

რუსი სამხედროები ძირითადი ძალების მობილიზებას ლიმანის, ბახმუტის და მარიინკის მიმართულებებზე აგრძელებენ. დღე-ღამის განმავლობაში 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით „უკრინფორმი“ ავრცელებს.

„თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა რუსი სამხედროების პირადი შემადგენლობის კონცენტრირების რაიონებზე, 5 – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე და 1 – მართვის პუნქტზე. განადგურებულია Су-25-ის ტიპის თვითმფრინავი და სამი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი “, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტზე სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება შეძლეს და წინ მიიწევენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, გვაქვს პროგრესი. მტერი ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევს, ამავდროულად დიდ დანაკარგებს განიცდის. ის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი პოზიციები ტერიტორიის უწყვეტი დანაღმვით“, – წერს ზალუჟნი „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, მარკ მილისთან ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელ საჭიროებებზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესახებ და მადლობა გადაუხადა სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა წინა დღეს გამოაცხადა.

„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კონტაქტს და კოორდინაციას გავიწევთ ქმედებებს უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისთვის“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ბელარუსში “ვაგნერელების” რაოდენობა არასაკმარისი იქნება უკრაინაზე თავდასხმისთვის.

ამის შესახებ მან პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვერ ვიტყვი ისინი [“ვაგნერელები”] რამდენად დაემუქრებიან ვინმეს ბელარუსის ტერიტორიაზე, ვინაიდან, ვთვლი, რომ კონტინგენტი იქ არც ისე დიდი იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ვაგნერის” ბევრი დაქირავებული მებრძოლი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს, ამიტომ მოსკოვზე მათი შედარებით მცირე რაოდენობა წავიდა.

ამის გარდა, ზელენსკის თქმით, უკრაინის არმია თვლის, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში ვითარება “უცვლელი და კონტროლირებადია” და შემოჭრის გამეორება შეუძლებელია.

“საბოლოო ჯამში ძლიერი, თანამედროვე ჯარი გვყავს და არა მხოლოდ სიტყვებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ფიქრის ტრაექტორია” – გამოფენა თიბისი კონცეპტში

თიბისი კონცეპტი, 4 ივლისიდან, წარმოგიდგენთ თანამედროვე ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას „ფიქრის ტრაექტორია”.

„ფიქრის ტრაექტორია” ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა დროით შრეზე დაწყებულ ხელოვანების – თორნიკე გოგნაძის, ქეთი კაპანაძის, თეა ნილის, ნინო საკანდელიძის, ოთო შენგელიას და დავით ჩიხლაძის საავტორო ძიებებს წარმოგვიდგენს.

რა არის ხელოვნების სემიოტიკა (ნიშანთა სისტემის შემსწავლელი დისციპლინა)? ჩვენს რეალობაში არსებული სოციალური და ეგზისტენციალური თემატიკის ირგვლივ გამოფენის ვიზუალური ენა და დრამატურგია განიხილავს სივრცით-დროით კავშირებს. შემოქმედებითი ფიქრის განსხვავებული ვიზუალური ფორმირებით განვრცობილი გარემო და გარემოებები – დროში მოხელთებულ ანარეკლებში, ანაბეჭდებში, დატოვებულ ან უეცრად გაელვებულ გამოსახულებებში ვლინდება. სივრცული დიალოგის მეშვეობით გამოფენის კონცეფცია ხელოვნების ვიზუალურ ენას ფილოსოფიური და ანთროპოლოგიური ასპექტებით განავრცობს.

„ფიქრის ტრაექტორია” შეიქმნა გორის ხელოვნების სახლში ორგანიზებული თანამედროვე ხელოვნების პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში, გორის ფოტოგრაფთა კლუბთან თანამშრომლობითა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. გამოფენას ადაპტირებული ფორმატით წარმოადგენს პლატფორმა @unirchived_semiotics თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით.

გამოფენის იდეის ავტორი და კურატორი: მარიამ შერგელაშვილი

გამოფენის გახსნა: 4 ივლისი, 18:00.

გამოფენის ხანგრძლივობა: 4 ივლისი – 4 სექტემბერი, 2023.

მისამართი: თიბისი კონცეპტი, მარჯანიშვილის ქ. #7.

R

“არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში”- პრეზიდენტი

არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში რუსეთთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: „გრძნობთ თუ არა საქართველოში ნაკლებ ან მეტ საფრთხეს. როგორც ვიცით, ასობით ათასი ომის მოწინააღმდეგე რუსი საქართველოში გამორბის ან საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში მიდის. თქვენ გქონდათ შემოჭრა 2008 წელს და, ვფიქრობ, თქვენ ისევ ღელავთ პუტინის განზრახვებზე. რას ფიქრობთ დღეს ამის შესახებ?“

„რა თქმა უნდა, ვერ იქნები შეშფოთების გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პუტინის რეჟიმი შედის ბოლო ფაზაში და, აშკარად, პუტინი არ მართავს დღეს ყველაფერს, და, რა თქმა უნდა, ვერ მართავს ომს უკრაინაში. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, ინერვიულოთ იმაზე, რა შეიძლება, მოჰყვეს ექსცენტრიულ გადაწყვეტილებას. ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ, რომ არსებობს სამხედრო ზეწოლა, რადგან, პირველ რიგში, ჩვენთან არის სამხედრო ოკუპაცია, რაც მიმდინარეობს 2008 წლიდან და მანამდეც, სხვადასხვა ფორმით, 1991 წლიდან მოყოლებული. ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. ასე რომ, იმის თქმა, რომ გვეშინია სამხედრო ოკუპაციის, ეს ბევრს არ ნიშნავს. მე ვფიქრობ, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი დღეს ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს, რაც არის პროპაგანდა. ყველა რუსი, რომელიც შემოდის საქართველოში, გავიმეორებ, საჭიროა, ეს კონტროლდებოდეს. იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც გაურბის დღევანდელ რუსეთს, ნამდვილად არ არის პუტინის მომხრე, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიცით საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი იყენებს, არის ის, რომ რუსულენოვანი ხალხი თუ არ იქნება ნორმალურად დაცული, ეს გახდება რუსეთის შემოჭრის საბაბი. ასე რომ, ეს ყველაფერი შეიძლება, კვლავ გამოიყენოს რუსეთმა. მე არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“დევიდ ო’სალივანის განცხადება მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერი მედია პლატფორმის ნარატივს” – გიორგი ცუცქირიძე

დევიდ ო’სალივანის განცხადება მთლიანად აქარწყლებს და აცამტვერებს ქართული ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი მედია პლატფორმის ნარატივს ქვეყანაში არსებულ ე.წ. შავ ხვრელებზე და ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ოპოზიციის ულტიმატუმზე აგებულ მოთხოვნებს ერთადერთი მიზანი აქვს – შეიქმნას სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში, რაც გახდება უკმაყოფილების და სახალხო მღელვარების მიზეზი, რამაც ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს.

„საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება “სერიოზულად ეკიდება საკითხს, არ გამოიყენონ ქვეყანა სანქციებისგან თავის ასარიდებლად, და მასზე “გულწრფელად შთაბეჭდილება მოახდინა” ფინანსური სანქციების დაცვის მიმართულებით გატარებულმა ზომებმა, მთლიანად აქარწყლებს და აცამტვერებს ქართული ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი მედია პლატფორმის ნარატივს ქვეყანაში არსებულ ე.წ. შავ ხვრელებზე და ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკაზე.

ამასთან, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის ლელა კუნჭულიას კითხვაზე, თუ რა არის საქართველოში ყველაზე სუსტი წერტილი სანქციების თავიდან არიდების კუთხით და რა როლს თამაშობს ამაში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, ო’სალივანმა ასე უპასუხა:

“არ მგონია, რომ საქართველო განსხვავდება რომელიმე სხვა ქვეყნისგან. მრავალი გზაა, რითაც ცდილობენ სანქციებისთვის თავის არიდებას… როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელისუფლება შთამბეჭდავ ზომებს მიმართავს, ცდილობენ დააკვირდნენ და გააკონტროლონ, რომ ეს ასე არ ხდება”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, “არავინ ითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად გაწყვეტას, თუმცა მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება იმ პროდუქციაზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთის მხრიდან ბრძოლის ველზე იქნას გამოყენებული ანუ აქ საუბარია იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც გამოიყენება ამ მიზნით და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ელექტრონული მოწყობილობების მიმართულებას”.

ამ შეფასებიდანაც ჩანს, რომ ოპოზიციის ულტიმატუმზე აგებულ მოთხოვნებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების მკვეთრ შემცირებაზე, და საზღვრის ჩაკეტვაზე ერთადერთი მიზანი აქვს – შეიქმნას სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში, რაც გახდება უკმაყოფილების და სახალხო მღელვარების მიზეზი, რამაც ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს და შესაბამისად არაფერი აქვს საერთო არც მოსახლეობის და არც ქვეყნის ინტერესებთან. მათი ფაქტობრივად ნულისკენ დაძრული რეიტინგებიც ამ განწყობების შედეგია!

ამასთან, როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა სანქციების შედეგებსა და ეფექტურობაზე აღნიშნა, რომ “სწორედ სანქციების დამსახურებაა ის, რომ რუსეთის ბიუჯეტს 2%-იანი დეფიციტი აქვს, 45%-ით არის შემცირებული ბუნებრივი რესურსების გაყიდვით მიღებული თანხები რუსეთისთვის და ფრონტზე დეფიციტია იმ დასავლური პროდუქციის, რაც სამხედრო ტექნიკის და იარაღის განახლებისა და ფუნქციონირებისთვის არის საჭირო”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

” ჩვენი კავშირი ნატო-სთან ძალიან მჭიდროა, მაგრამ დღეს ალბათ ევროკავშირის გზა უფრო ახლოს ჩანს, ამ „რბილ ომში“, რომელიც გვაქვს რუსეთთან”-პრეზიდენტი

ჩვენი კავშირი ნატო-სთან ძალიან მჭიდროა, მაგრამ დღეს ალბათ ევროკავშირის გზა უფრო ახლოს ჩანს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ქვეყნის რეალისტური მომავალი, რომ შეინარჩუნოს თავი უსაფრთხო და დამოუკიდებელი, როგორ ფიქრობთ, გაქვთ რაიმე შანსები ნატო-ში გაწევრიანების და ასევე ევროკავშირში?“

„ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი შანსი ევროკავშირში მოხვედრის და ვიცით, რომ ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალი გზა პარალელურია. საქართველო ძალიან აქტიური იყო ნატო-სთან ურთიერთობაში და მონაწილეობდა ნატო-ს მისიების ნაწილში ერაყსა და ავღანეთში. ნატო-ს წვრთნები მთელი ამ წლების განმავლობაში ტარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ასე რომ, ჩვენი კავშირი ნატო-სთან ძალიან მჭიდროა, მაგრამ დღეს ალბათ ევროკავშირის გზა უფრო ახლოს ჩანს.

ნატო-ს თვალსაზრისით შემდეგი სამიტი იქნება უკრაინაზე, ეს ყველამ ვიცით და ეს იქნება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და ეს ნორმალურია. სწორედ ამას იმსახურებს უკრაინა დღეს. ჩვენ შორის არ არსებობს კონკურენცია რაიმე ფორმით. უკრაინის წინსვლა საქართველოს სარგებელს მოუტანს, მაგრამ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. ჩვენ მივიღეთ პერსპექტივა, რომელიც საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც იმას ნიშნავდა, რომ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აღარაა ჩვენთვის უარის თქმის მიზეზი, რაც იყო მრავალი წლის განმავლობაში. შემდეგი ეტაპი არის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამ „რბილ ომში“, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან, „რბილი“ პოლიტიკა, „რბილი“ ძალა, ვფიქრობ, ევროკავშირს არ შეუძლია, რაიმე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება, რომ დაკარგოს საქართველო. საქართველოს მოსახლეობა ისევ იმედგაცრუებული დარჩება და ეს არ უნდა იყოს ნიშანი რუსეთისთვის, რომ მისთვის მარტივად „სათამაშო“ ადგილი ვართ.

ეს არის ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დემოკრატიულ რეფორმებს და პროცესებს, რომლებიც, შესაძლოა, ბოლო ეტაპზე არ არის ისეთი დამაკმაყოფილებელი, როგორც უნდა იყოს. მაგრამ ეს პირობები შეიძლება დარჩეს, შეიძლება, რამე დაემატოს, რომელთაგანაც ევროკავშირი იპოვის სწორ სიტყვათა შეთანხმებას და ფორმატს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არის სტრატეგიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში”- ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

ესტონეთის პრემიერ მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინას ვილნიუსის ნატოს სამიტზე სასიამოვნო სიურპრიზი ელის. “მე დარწმუნებული, ვარ რომ უკრაინის ერთადერთი უსაფრთხოების გარანტიაა .. ნატო, მაგრამ მე არ მინდა გავასწრო მოვლენებს და გავაფუჭო სიურპრიზი სამიტის წინ”, ასე მიმართა კაია კალასმა იენს სტოლტენბერგს! მართლა კაია! ყველა გული ესტონეთის პრემიერს!

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც ამ გზავნილით ჩავიდა მოულოდნელად კიევში: “ჩემი აქ ჩამოსვლა არის დასტური იმისა, რომ უკრაინის ადგილი არის ნატოში”!

გარდა ამისა, ლიეტუვა ყიდულობს უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ნასამს-ის 2 ბატარეას და 10 ერთეულ ჯავშანმანქანას მ113 თავის ჭურვებიანად!

პოლონეთის პრეზიდენტიც ჩავიდა! მიულოცეს ძმებმა უკრაინელ ძმებს კონსტიტუციის დღე და მხარდაჭერა გამოხატეს ვილნიუსის სამიტის წინ!

პრეზიდენტმა ზელენსკიმ რადაში გამოსვლის დროს ისაუბრა უკრაინის ნატოში მიწვევის მნიშვნელობაზე! ასევე პოლონელ და ლიეტუველ ლიდერებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: “ჩვენ გვესმის, რომ ხვალ ვერ შევალთ ნატოში, იმიტომ რომ ომში ვართ, მაგრამ გვინდა მკაფიო გადაწყვეტილება, რომ ომის დასრულების შემდეგ ნამდვილად გავხდებით ნატოს წევრები… ნატოში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უკრაინის ჯარი დაიცავს თავის ნაწილებით ევროპულ ქვეყნებს”! რა თქმა უნდა, აქაც უნდა მოვიყვანოთ ეს ციტატა: “უკრაინის გამარჯვება საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტია იქნება”! თაფლი და მურაბა შენს ბაგეებს ზელე!

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება ვიზიტით, განაცხადა, რომ მაღალი ალბათობით წლევანდელი წელი, მიმდინარე თვეები გადამწყვეტი იქნება. “სწორედ ამიტომაც ჩვენ გამოვუყავით უკრაინას ცოტა ხნის წინ ძალიან სერიოზული, 2.7 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება”!
ჩემი გჯერათ? თუ არა, აგერ გამოზომილ და პრაგმატულ გერმანიის თავდაცვის მინისტრს დაუჯერეთ!
ყველასთვის ცნობილი ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში ამტკიცებს, რომ უკრაინისთვის ატაკამსის რაკეტების მიწოდების შანსი ყოველდღიურად იზრდება.

იცის გამოცდილმა პოლიტიკოსმა, რასაც ფიქრობს ხალხი. ბოლო კვლევით, 65%-მდე გაიზარდა ამერიკელების მხარდაჭერა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხში!

სხვათა შორის, ურდოსტანში, თუ დაეჯერება მაგნების კვლევებს, 50%-ს ჩამოსცდა ომის მხარდამჭერთა რაოდენობა და 35%-მდე გაიზარდა ომის მოწინააღმდეგეების რიცხვი! მათ შორის ძირითადად ახალგაზრდები არიან აქტიური მოწინააღმდეგეები!

როგორც იტყვიან, არ გათეთრდების ყორანიო, რუსასტანს მაინც არაფერი ეშველება ჩემი აზრით, მაგრამ თუ გამოფხიზლდებიან, ხმას ამოიღებენ და მითუმეტეს იარაღს აიღებენ ხელში პუტლერის რეჟიმის წინააღმდეგ, გადასარევი იქნება!

ფარჩაკი პუტლერა კი გამოდის ყოველ ორ საათში სამადლობელოებით, მისი ორეული დაგესტანის დერბენდშიც გააქანეს მითამ ხალხთან შესახვედრად, მაგრამ რომის პაპის სპეც.წარმომადგენელთან კარდინალ მატეო ძუპისთან შეხვედრა აღარ მოინდომა. ა შტო სლუჩილსა?

არ ვიცი რამდენად რეალურია, მაგრამ საქონელი მეტსახელად “არმაგედონა” ანუ ღენერალი სუროვიკინი გამქრალია მესამე დღეა! შეიძლება სიმწრის ზაპოიშია, მაგრამ რუსი სამხედრო ბლოგერი რიბარი წერს, რომ ლეფორტოვოში ყავთ მოყუჩებულიო. საპატიო ვაგნერელი ყოფილა ჯიგრიკი. გარდა მაგისა, გენერალიტეტის მესამედი პრიგოჟინის ჭკუაზე იყოვო, ასთე ამბობენ და ჩაუწმენდ, ჩაურეცხ, ჩაუხოციათ ერთმანეთი!

ამასობაში, ჩვენებმა გუშინ “იგლა”-თი სუ-25 ჩამოუგდეს ლამასსად ურდოსებს და ვიდეოც დაიდო;

ამასობაში ბახმუტის სამხრეთით კლეშჩეევკის მიმდებარედ სულ გაწმინდეს ჩვენებმა ტერიტორია, უამრავი ურდოს მედესანტე ჩაბარდა ტყვედ და უფრო მეტი გაუყვა კობზონის გზას;

ამასობაში სტარმოლინოვკის მიმართულებაზე მიიწევენ წინ ჩვენები რობოტინეს დასახლებისკენ;

ამასობაში, ხერსონის კუპირებულ ნაწილში ურდოსები თვითონ წერენ, რომ გაიმყარეს უკრანელებმა პლაცდარმი და დამატებითი ძალები შემოიყვანეს ატნტონოვკის ხიდის გაყოლებაზეო;

ამასობაში, ჩონგარის ხიდი ისეთი დაზიანებულია ჩვენების შტორმ შედოუს მადლით, რომ კაი ხანი ვერ აღადგენენ და ამიტომ გოუჭირდა ძალების შემოყვანა ყირიმის მხრიდან;

ჩვენი საამაყო გენერალი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ბრძოლებში ხელთ იგდეს სტრატეგიული ინიციატივა და კიდევ უფრო განავითარებენ პირველ წარმატებებს, რომელსაც მივაღწიეთ გასულ კვირებში! შენ გაიხარე გენერალო!

უკრაინა უეჭველი გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, გაიღვიძე 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით
ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!

“რუსეთში წარუმატებელმა აჯანყებამ დაასუსტა ვლადიმერ პუტინი” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთში წარუმატებელმა აჯანყებამ დაასუსტა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები გაურკვეველია. ამის შესახებ მან გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს აჩვენებს, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში და რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ზის ისე მყარად სავარძელში. მე ვთვლი, რომ ის დასუსტებულია“, – აღნიშნა შოლცმა.

კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია და გერმანია სიფრთხილით იმოქმედებს.

„რუსეთი ბირთვული ძალაა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდესაც სახიფათო სიტუაციები წარმოიქმნება და ეს სახიფათო სიტუაციაა“, – განაცხადა შოლცმა.

კანცლერმა ასევე თქვა, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას, რათა მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და აღნიშნა, რომ „უკრაინის მხარდაჭერის მიზანი არ არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა“.

კითხვაზე, რამდენ ხანს შეუძლია პუტინს ხელისუფლებაში დარჩენა ვაგნერის აჯანყების შემდეგ, კანცლერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

„არ მინდა, რაიმე სახის სპეკულაციაში ჩავერთო, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს იქნება პუტინი ხელისუფლებაში. ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი, შეიძლება ხანმოკლე, ჩვენ არ ვიცით“, – განაცხადა მან.

შოლცმა დასძინა, რომ კრემლში ხელმძღვანელობის შეცვლა შეიძლება, არ იყოს საუკეთესო ვარიანტი. „ჩვენ არ ვიცით, ვინ მოვა პუტინის შემდეგ, უკეთესი თუ უარესი“, – დასძინა შოლცმა.

29 ივნისის ამინდის პროგნოზი

29 ივნისს ქუთაისში +28 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +26, ღამის ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +18, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +29 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

“პუტინი დაღესტანში ჩაქანდა, კარგად იცის, მიშას ნათქვამი და გუშინდელი მიმართვა კავკასიელებისადმი რა შედეგსაც გამოიღებს”-გიორგი ჩალაძე

პუტინი დაღესტანში ჩაქანდა, კარგად იცის, მიშას ნათქვამი და გუშინდელი მიმართვა კავკასიელებისადმი რა შედეგსაც გამოიღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ფუჭად დადის ბატონი პუტინი, ურჩევნია, მოემზადოს ჰააგაში სასჯელის მოსახდელად. ჩვენი რუსი „ქოცები“ კი რასაც დაიჭერენ, არავის გაუნაწილონ“, – წერს გიორგი ჩალაძე „ფეისბუქზე“.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა: „ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება“.

29 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 29 ივნისს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს დროებით შეიზღუდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და კეკელიძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბაგების დასახლების, საკანდელიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის, ბერიძის და ჩაიკოვსკის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, ხაზინის, ფხოვის, ხიდის, 9 აპრილის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, თავკვერის, ჩხავერის, საფერავის, რქაწითელის, იარაჯულის და ზემო მეტალურგიული ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, მარიჯანის, ტაშკენტის და ზემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, იოსელიანის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიძის და მინდელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, კობახიძის, მაისურაძის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავთელის, ჩახრუხაძის, ნაკაშიძეების, ავლევის, ნიშნიანიძის და ბარათაშვილის ქუჩების  მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, კვინიტაძის, ბაქოს და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის,  რიჩარდ ჰოლბრუკის, წერნაკის, ჭრელაშვილის, ლეილა აბაშიძის, რუისის, მეველეს, ლეხ კაჩინსკის, მეფე სოლომონ ბრძენის, ვლადიმერ ლობჟანიძის, დოლაბაურის, პატარძეულის, უჯარმის, ბოდბის, გლახო ზახაროვის, შავსოფლის, კაჭარავას, ჯორჯაძის, ალექსანდრე ონიანის, ბოჭორიძის, დესპინე გელოვანის, დავით კაჭარავას, ალექსანდრე ახვლედიანის, ურბნისის, ისნის, ჩეხოვის, მათიაშვილის, ნავთლუღის, მეტეხის, ფერიცვალების, სამასი არაგველის, დუტუ მეგრელის, ჯორბენაძის, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, ეთერ კაკულიას და იორის ქუჩების მოსახლეობას.

თბილისში დაკარგული 10 წლის მოზარდი იპოვეს

თბილისში, 10 წლის ბავშვი, რომელსაც დღეს რამდენიმე საათის მანძილზე ეძებდნენ, იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ერისთავის ქუჩიდან, სახლიდან დღეს გავიდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.

თბილისში 10 წლის ბავშვს ეძებენ

თბილისში 10 წლის მოზარდს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით,  ერისთავის ქუჩიდან დაკარგულია 10 წლის ბიჭი, რომელიც რამდენიმე საათის წინ სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.

მოზარდის სამძებრო სამუშაობეში პოლიცია უკვე ჩაერთო.