Home Blog Page 1764

“შანხაი არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი და მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, ჩინეთში მიმდინარე შეხვედრებს აფასებს.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, შეხვედრები გრძელდება შანხაიში, რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი.

„ვიზიტი გრძელდება, გვაქვს შეხვედრები შანხაიში. შანხაი არის, განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი მუნიციპალიტეტი, რომელშიც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი. აქ ხაზია გასასმელი რომ, აქ შექმნილია ახალი სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, რომელიც ხელს უწყობს ლოჯისტიკის განვითარებას და საერთაშორისო ვაჭრობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია ჩინეთში, როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს წრეებთან. ვიზიტის ფარგლებში უკვე გვქონდა შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ასევე გვექნება შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს ჰაბებში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

“ნაციონალურ მოძრაობას“ კანდელაკიზაციის სახადი აქვს” – გია ცაგარეიშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ კანდელაკიზაციის სახადი აქვს. ერთი ჩემი გზააბნეული კოლეგა იყო, რომელიც ბრიუსელში უშნოდ დაეხეტებოდა ხოლმე და თავის ქვეყანას აშავებდა, როცა პარლამენტის წევრი იყო. მაშინ მათი ანტიკამპანიისგან არაფერი გამოვიდა და ქვეყანამ უვიზო მიმოსვლა მიიღო. „ნაცმოძრაობამ“ ეს სახადი ვერ მოიხადა და იგივე საქმით არის დაკავებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, ეს ადამიანები ზნეს არ შეიცვლიან. გია ცაგარეიშვილის განმარტებით, ოპოზიციის აღნიშნული წარმომადგენლები ცდილობენ, ევროპისკენ მძლავრი სვლა შეაფერხონ.

„კუზიანს სამარე გამოასწორებსო. ეს ადამიანები ზნესა და ჩვევას არ შეიცვლიან. ახლა, როცა ფაქტობრივად ევროკავშირის კარზე ვართ მისული, იგივეს აკეთებენ. რა თქმა უნდა, კეზერაშვილი დიდ თანხებს გაიღებს, რათა ქვეყანა შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდეს. ეს დამატებითი მტკიცებულებებია, ვისთან გვაქვს შეხება, ვინ არიან ეს ადამიანები, რა უნდათ თავისი ქვეყნისთვის და საით მიექაჩებიან ქვეყანას. ოპოზიცია ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს ვიწროპარტიული ჭუჭრუტანიდან უყურებს, თუმცა ისინი არცერთ როლში არ იქნებიან მოაზრებული. სამწუხაროდ, ჩვენთან ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება და ეს ადამიანები ცდილობენ, ქვეყანა შიგნიდან გატეხონ, ქვეყანას უღალატონ, იფარისევლონ, სამადაშვილებმა და უსახურმა კანდელაკებმა ყველაფერი გააკეთონ, რათა ევროპისკენ მძლავრი სვლა შეაფერხონ“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

“შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით” -ირაკლი კობახიძე

შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პერსპექტივა. იმედი გვაქვს, ამ პერსპექტივას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჩინეთში განაცხადა.

მისი თქმით, შანხაის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ჩინეთში ვიზიტს განვაგრძობთ ქალაქ შანხაიში. შევხვდით შანხაის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობას. გვქონდა საუბარი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსაკუთრებით შევეხეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა და იმედი გვაქვს, ამ პერსპექტივას მაქსიმალურად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოხარული ვარ, რომ კარი გავუღეთ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს -ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მინისტრმა პედრო სანჩესმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ევროკავშირის მომავალსა და გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა.

როგორც სანჩესმა აღნიშნა, ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სწორედ ესპანეთმა დაძრა, როდესაც ის 2023 წლის მეორე ნახევარში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობდა.

მისი თქმით, გაფართოება საჭიროებს ბლოკის რეფორმირებას, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირებას, რაც გულისხმობს საკითხის ერთხმად გადაწყვეტიდან ხმების უმრავლესობაზე გადასვლას.

“ესპანეთის თავმჯდომარეობის დროს დავიწყეთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასავლეთ ბალკანეთთან, უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან. ვფიქრობ, ეს კარგია და ევროპის აღმოსავლეთში დაასტაბილურებს ვითარებას მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში”, – თქვა სანჩესმა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოზიტიური მოლოდინები აქვს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ევროკავშირმა გაკვეთილი მიიღო ბოლო წლებში გადატანილი კრიზისებისგან.

„მე მაქვს პოზიტიური დამოკიდებულება, თუ რა მოხდება ევროპაში მომავალ პერიოდში. ჩვენ ბევრი კრიზისი გადავიტანეთ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში – პანდემია, უკრაინაში ომი. ახლა ვართ მომსწრეები, რომ ევროკავშირი გახდა უფრო ფედერალური, უფრო ინტეგრირებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენ კარი გავუღეთ დასავლეთ ბალკანეთს, ასევე უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.

“მივმართავ ივანიშვილს: თუ არ გეშინია, მაშინ გაათავისუფლე სააკაშვილი” – ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობა ხორციელდება.

ხაბეიშვილმა ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, მიხეილ გაათავისუფლოს სააკაშვილი.

„იმ ყველაფრის ფონზე,როცა „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, როგორ გახადოს ქვეყანა რუსეთის გუბერნია და ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვცდილობთ ევროპის ნაწილი გავხდეთ, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა კიდევ ერთი დასკვნა დაწერა პრეზიდენტ სააკაშვილზე, სადაც მთავარი შინაარსი იკითხება. რუსული პარტია რუსულად კითხულობს ამ დოკუმენტს. სალავიოვ-სიმონიანის არ იყოს, შავით თეთრზე რომ ამტკიცებდნენ, იმავეს ამტკიცებენ ეს ადამიანები. პენიტენციური დაწესებულება კი არა, სუს-ის დანამატი რომ არის, მათ განცხადებაც გაავრცელეს. დასკვნაში შავით თეთრზე ამბობენ, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამაზე მეტს ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი უბრალოდ, ვერ დაწერს. დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები გათანაბრებულია დაჩაგვრასთან, დამცირებასთან. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ „ვივამედის“ ექიმები კი არ იღებენ გადაწყვეტილებასო და ექიმებთან კი არ გვაქვს შეკითხვაო, პენიტენციური გადაწყვეტილება, ანუ სუს-ი, ბიძინა ივანიშვილი, „რუსული პარტია“ იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას და არა ექიმებიო. ეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე დამატებითი პრობლემაა. ეს დასკვნა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. გარდა იმისა, რომ „კლანის“ მოსამართლეები დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუმპირებულები არიან და ამ ხალხმა გაასამართლა, გარდა იმისა, რომ აშშ-მ ფარცხალაძეზე, ვინც ბრალი „შეკერა“ პრეზიდენტ სააკაშვილზე, თქვა, რომ ეს „რუსეთის აგენტია“. ახლა ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ამბობს, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოპყრობა. მივმართავ რუს ოლიგარქს, შეშინებულ და სოროდან გამომძვრალ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს, თუ არ გეშინია, თუ მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელზეც მთლიანად ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პოლიტიკური პატიმარია და მისცეს შესაძლებლობა, რომ ელაპარაკოს ხალხს. შენ ხომ ყველანაირი შესაძლებლობა გაქვს – სახელმწიფო უწყებები, მილიარდები, ფარცხალაძე, რუსეთის აგენტურა, ხომ ყველაფერი შენს ხელშია ივანიშვილო, თუ არ გეშინია გამოუშვი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცი შესაძლებლობა, ესაუბროს ხალხს. მოგიწევს ამის გაკეთება ადრე თუ გვიან და მოგიწევს ამის გაკეთება ხალხის გადაწყვეტილებით, თუ შენ ამას არ გააკეთებ, ქართველი ხალხი 2024 წელს აუცილებლად დააღწევს თავს რუსულ პარტიას და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიცია ჩუმად იყო მაშინ, როცა იცოდნენ, რომ წერეთელზე სამუშაოები საჭიროებისამებრ ვერ მიდიოდა, აყვირდნენ, როცა -პრობლემა გადაიჭრა -მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ მაშინ ამოიღო ხმა, როდესაც წერეთლის გამზირთან დაკავშირებით პრობლემა გადაიჭრა და მიხვდნენ, რომ საშვილიშვილო საქმე კეთდება, ხოლო ჩუმად იყვნენ, როცა იცოდნენ, რომ სამუშაოები საჭიროებისამებრ ვერ მიმდინარეობდა.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„კახა კალაძის წინააღმდეგ ხელმოცარული ოპოზიციის მიერ წამოწყებული, მდაბიო და ამავდროულად, მავნებლური, ადვილად გაშიფვრადი და უშედეგო პიარის ერთ-ერთი მიმართულების მოკლე „ანამნეზი“:

ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ჰქონდა კონტრაქტორთან (მაქსიმუმ ღლიცინებდნენ).

აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება – როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება.

პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდნენ, ამბავი აეტეხათ…“, – დაწერა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ გახსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.

სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას, ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას. სამოქმედო გეგმა, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს მეოთხე სამოქმედო გეგმაა. 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება ორგანიზაციის მიერ დადებითად შეფასდა.

“გახარიაც იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური „ოჯახის“ წევრი და შეესვლებოდა ამ ოჯახის „აბაზანაშიც“ და „საძინებელშიც“

თითოეულ ოჯახს აქვს პირადი სივრცე, ვთქვათ აბაზანა, საძინებელი. სწორედ ამ სივრცეში ძვრებოდა სააკაშვილის უხილავი კამერა, ძვრებოდა საკუთარი გუნდის წევრებისა და მოწინააღმდეგის პირად სივრცეში და იქ მოპოვებულ კადრებს საგულდაგულოდ ინახავდა, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი დავით ქართველიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დღეს, „დიპ-ფეიკების” ეპოქაში ისიც კი არაა მთავარი შენი ჩაშვების “ნარატივი” სიმართლეს შეიცავს თუ არა.

„თითოეულ ოჯახს აქვს პირადი სივრცე, ვთქვათ აბაზანა, საძინებელი. სწორედ ამ სივრცეში ძვრებოდა სააკაშვილის უხილავი კამერა, ძვრებოდა საკუთარი გუნდის წევრებისა და მოწინააღმდეგის პირად სივრცეში და იქ მოპოვებულ კადრებს საგულდაგულოდ ინახავდა. ყოველ ახალ ვიდეოზე ტკბებოდა, განსაკუთრებით ციხეში გადაღებული წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრებზე.

გახარიაც იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური “ოჯახის” წევრი. შეესვლებოდა ამ ოჯახის “აბაზანაშიც” და “საძინებელშიც”. თანაც, ამ საოჯახო გარემოს თანამოაზრეთა განუსაზღვრელი ნდობით სარგებლობდა. რამაც შემდგომში ოჯახიდან გამოტანილი ამბების ტირაჟირებაში, თავისი ყოფილი კოლეგების “ჩაშვებაში” მას ხელს თურმე, არანაირად არ უშლიდა. დღეს, “დიპ-ფეიკების” ეპოქაში ისიც კი არაა მთავარი შენი ჩაშვების “ნარატივი” სიმართლეს შეიცავს თუ არა. აქ თვით “ჩაშვების” ფენომენია მთავარი და ამ შეგრძნებით ტკბობა.

ძნელია არ დაეთანხმო “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახი კალაძის ვერდიქტს: “ჩაშვება” ქართული მენტალობის ძლიერ მხარეს არასდროს წარმოადგენდა. ოჯახიდან საჯარო სივრცეში ფეიკისა თუ სიმართლის გამოტანა ქართველ კაცს არასდროს ამშვენებდა. რა თქმა უნდა, ყველა ეპოქას ახასიათებდა “ჩაშვების” ჩამდენი და “ჩამშვებობით” ეიფორიაში მყოფი კონტინგენტი, მაგრამ 2024 წლის არჩევნებზე, როგორც ამას კახიმ სამართლიანად გაუსვა ხაზი ,არა მგონია 5%-მდე ოდენობის მოიძებნოს…“, -წერს ქართველიშვილი.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გუდაურში APRÈS-SKI PARTIES სერია გაიმართება

20 იანვრიდან, ყოველ შაბათს 14:00 საათიდან, თიბისი კონცეპტის, Visa-ს, Monkey Shoulder-ის და Gradus-ის თანამშრომლობის ფარგლებში, გიწვევთ გუდაურში, APRÈS-SKI PARTIES სერიაზე.

თქვენ დაგხვდებათ არაჩვეულებრივი გარემო, კარგი განწყობით, მუსიკით და ბევრი დადებითი ემოციით.

სერიის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ:

  • 20 იანვარი: ნინო კვანტრიშვილი
  • 27 იანვარი: Dj Vako
  • 3 თებერვალი: Levi Love Disco
  • 10 თებერვალი: Tobako Tween
  • 17 თებერვალი: DIASSAMIDZE

20 იანვრიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ “Gradus”-ში თითოეულ გადახდაზე დაიბრუნოთ თანხის 20%.

R

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 იანვრისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6595 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8941 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8911 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0030 ლარი შეადგინა.

ხაბეიშვილს, გვარამიას, ხაზარაძესა და პირობით ლომჯარიას შორის შინაარსობრივი სხვაობა არ არსებობს, მხოლოდ ეგო განასხვავებთ, ამათთან კობახიძეც მართალია -ჩერგოლეიშვილი

წლებია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უდიდესი უმრავლესობა ხალხს გაერთიანებას ჰპირდება და წლებია, ამაშიც ლუზერია. ანუ ხალხს ცრუ მოლოდინს უქმნიან, თითქოს გაერთიანებაა პანაცეა და მერე ამ ცრუ მოლოდინსაც უცრუებენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სინამდვილეში, მიზნის გარშემო ერთიანობა ამ პოლიტიკოსებს არ სურთ. მათ სურთ საკუთარი ფიგურის გარშემო ერთიანობა. მიზნის გარშემო ერთიანობა რომ სურდეს, მაგალითად, გვარამიას – ცალკე ძალას რატომ შექმნიდა? მიშას მიზნებთან დაპირისპირებულია გვარამია? თუ დაპირისპირებულია, რატომ არ იძახის, რაშია დაპირისპირებული? თუ მიშას არ უპირისპირდება, ცალკე ძალას რატომ ქმნის? „ნაცებს“ რატომ არ უერთდება?

დამატებით ფრაგმენტაციას რატომ ახდენს, თან „ერთიანობის“ სახელით? პასუხს გონიერი ადამიანი თავადაც მიხვდება.

გვარამიას თვითონ უნდა პირველობა და ერთიანობაშიც მის გარშემო ერთიანობას მოიაზრებს.

შინაარსობრივი სხვაობა ხაბეიშვილს, გვარამიას, ხაზარაძესა და პირობით ლომჯარიას შორის არ არსებობს – მხოლოდ ეგო განასხვავებთ (ვიღაცას თუ ხაბე უფრო ეგოიმება, ცოტა ხანს აცადოს და მაგასაც ჩააცმევენ ბოტეგას „ტუფლებს“).

ვერ ერთიანდებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პირველობას ვერ იყოფენ.

საქართველოს მოქალაქეების ინტერესები არ ყოფს ამ პოლიტიკოსებს შინაარსობრივად – მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ეგო ყოფს და ამ ეგოს დასაბუსტი ერთიანობაა მათი მიზანი.

სამწუხაროდ, ამათთან კობახიძეც მართალია“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს – Forbes

საქართველო მნიშვნელოვნად ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს, – ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა 13 000 კომპანია დაარეგისტრირეს. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა წელიწადში 6 100 კომპანია შექმნეს, მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ, თითოეულ ამ ქვეყანაში რუსებმა, 2023 წლის განმავლობაში, 3,400 კომპანია დაარეგისტრირეს.

„საქართველოში კომპანიების ასეთი მასიური გახსნის რამდენიმე მიზეზი არსებობს: გარდა წმინდა სტატისტიკურისა, ანუ რუსეთის აქტიური მოქალაქეების შემოდინება ქვეყანაში, ამას ხელს უწყობს ბიზნესის რეგისტრაციის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა“, – განმარტავს ანალიტიკური კომპანია Finion-ის დირექტორი ვიაჩესლავ კარტამიშევი გამოცემასთან საუბარში და დასძენს, რომ საქართველოში ინდმეწარმეს შეუძლია გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადის მხოლოდ 1%, ხოლო შპს-ს მფლობელს შეუძლია არ დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად, სანამ მისი ბრუნვა 100 000 ლარს არ მიაღწევს.

„გარდა ამისა, საქართველოში რუსებს და ბელარუსებს შეუძლიათ ლეგალურად გახსნან საბანკო ანგარიშები, მათ შორის ბიზნეს საქმიანობისთვის“, – განმარტავს კომპანია Finion-ის დირექტორი.