Home Blog Page 1762

აგვისტოს ომში დაღუპული გმირები რუსთავში გაიხსენეს

დღეს, 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან გოგოლაურმა, სამმართველოს თანამშრომლებმა, ადგილობრივმა ვეტერანებმა, რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებმა და აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა თანამებრძოლებმა, ქ.რუსთავში, 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები, იძულებით, თითქმის, 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.

მირონ ჩიგოგიძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

დღეს, 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები, იძულებით, თითქმის, 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.

”იმედს ვიტოვებთ, რომ მათი თავგანწირვა არ იქნება უშედეგო, ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი!” – კობა კობალაძე

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

კობა კობალაძემ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ მიმართ თანაგრძნობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა. მან, საქართველოსთვის თავდადებული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს ერთგული, ღირსეული შვილების აღზრდისთვის.

” ცრემლი და ტკივილი არ გვაკლდება, მაგრამ, ამავე დროს, არ გვაკლდება ჟინი ცხოვრების, ბრძოლის და გამარჯვების. დღეს, კიდევ ერთხელ, მინდა, მივუსამძიმრო ამ გმირი კაცების და გოგონების მშობლებს, ოჯახის წევრებს, მთლიანად ჩემს ქვეყანას, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროთ მათ. იმედს ვიტოვებთ, რომ მათი თავგანწირვა არ იქნება უშედეგო, ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი. მე მინდა, ამავე დროს, მივუსამძიმრო, შოვში, ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს და მთლიანად საქართველოს. ღმერთმა გაგვაძლიეროს,”- განაცხადა კობა კობალაძემ.”

2008 წლის ომში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში.

“ზელენსკის მკვლელობის მიზნით დაგეგმილი შეთქმულება აღიკვეთა” – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მიზნით დაგეგმილი შეთქმულება აღკვეთეს.

უწყების მტკიცებით, ოკუპანტი ზელენსკიზე თავდასხმას ნიკოლაევის ოლქში გეგმავდა. სპეცსამსახურებმა დააკავეს ადგილობრივი ქალი, რომელიც ოლქში ჩასული უკრაინის პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და უკრაინის სამხედრო ობიექტების განლაგების შესახებ ცნობებსაც აწვდიდა.

“მინისტრმა ვან ი-მ სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ოფიციალური პეკინი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას დაიკავებს”

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ვან ი-სა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვან ი-მ თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ოფიციალური პეკინი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას დაიკავებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის კრიზისის საკითხთან ერთად, მხარეებმა სხვა საერთაშორისო და რეგიონული პრობლემა განიხილეს, რომლებიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესებს წარმოადგენს.

„ვან ი-მ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პეკინი ობიექტური და რაციონალური იქნება, აქტიურად შეუწყობს ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და გააგრძელებს ამ კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ძიებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჩინეთის მიერ მომზადებულ პოზიციურ შეთანხმებას ეთანხმება, აფასებს და მიესალმება ჩინეთის კონსტრუქციულ როლს ამ საკითხში.

“ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას” – პატრიარქი

ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია აღნიშნული.

როგორც პატრიარქი აღნიშნავს, შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ.

„15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რის შემდეგაც, აფხაზეთთან ერთად, უკვე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ.

საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია!

ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა.

შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით… ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ.

საქართველოს ეკლესია ყოველ წირვაზე აღავლენს ლოცვებს, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისე ერის სულიერი ერთობისათვის; ასევე მუდამ ვიხსენიებთ სამშობლოსათვის თავდადებულთ და ახლაც შევთხოვ ღმერთს, მართალთა თანა განუსვენოს და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილ ძმათამკვლელი ომის მსხვრეპლთ, მათ შორის, ოსებსაც და აფხაზებსაც.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მშვიდობით აკურთხოს მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და ინებოს ჩვენი გაერთიანება, ჩვენი ძველი ურთიერთობების აღდგენა, ამინ.

ღმერთმა ერთობით აკურთხოს სრულიად საქართველო“,-ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.

“სტიქიის ზონაში 90-მდე მძიმე ტექნიკა რვა ძირითად მდებარეობაში აგრძელებს სამუშაოებს” – ირაკლი ქარსელაძე

90-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნიკა დაემატება, რათა სამძებრო სამუშაოებისთვის არეალი გაფართოვდეს. ამ ეტაპზე რვა ძირითად ლოკაციაზე ვმუშაობთ, მოხერხდა წყლის ხიდის ქვეშ გადაგდება, რამაც სამუშაო არეალის გაფართოების საშუალება მოგვცა,  – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული შეკრების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მაშველების ზედამხედველობით და მითითებით, შველა-ძიების სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მთავარი ძალისხმევა ე.წ კოტეჯების ტერიტორიაზეა მიმართული. თუმცა, სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს ჩამოწოლილი მეწყერის მიწის მასის შემადგენლობა.

„მაშველები, ჯარი, ყველა ის ადამიანი, ვინც პროცესშია ჩართული, ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. ასევე, აღნიშვნის ღირსია საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები და თითოეული ის ოპერატორი, რომელიც მძიმე ტექნიკაზე მუშაობს, დიდი მადლობა მათ ასეთი თავდადებისთვის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ავლენენ და არსებულ რთულ პირობებში ახერხებენ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებას. რა თქმა უნდა, სამუშაოები გრძელდება და ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

საძიებო სამუშაოების შედეგად, დღეს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. მინისტრის თქმით, სტიქიის არეალში მძიმე ტექნიკისა და ფიზიკური ძალის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

“2008 წლის ომზე პრემიერის შეფასება ზუსტი იყო, მოვა დრო და საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი”

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეფასება აბსოლუტურად ზუსტი იყო. მოვა დრო და საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი, რათა საზოგადოებამ და შთამომავლობამ იცოდეს, როგორი შეცდომები არ უნდა იყოს დაშვებული, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.

მაჭარაშვილის შეფასებით, ისეთ მოწყვლად ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რუსეთთან მიმართებით ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა სჭირდება.

„საქართველოს უახლოეს ისტორიაში 2008 წლის ომი დასტურია, რა შეუძლია ქართულ გენს, როგორ შეუძლია სამხედროს, თუ არასამხედროს, თავი დადოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება გაკეთებულიყო ომის თავიდან ასაცილებლად, ამის თაობაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი და ბევრი რამის თქმას მოვერიდეთ, თუმცა შემდგომ ვთქვით ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ თქვეს. პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეფასება აბსოლუტურად ზუსტი იყო. მოვა დრო და საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ეს არა იმისთვის, რომ ჩვენ რაიმე შურისძიება გვამოძრავებს, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ და შთამომავლობამ იცოდეს, როგორი შეცდომები არ უნდა იყოს დაშვებული. სპეკულაციები იმის შესახებ, თუ ვინ რამდენჯერ ახსენებს რუსეთს, მიანიშნებს, რომ ხელმოცარულ ოპოზიციას მეტი სათქმელი არაფერი აქვს. შემიძლია, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების ის ნაწილიც გაჩვენოთ, სადაც ისიც და ყველანი ჩვენ რუსულ ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ და რუსეთზე, როგორც აგრესორ ქვეყანაზე ვსაუბრობთ.

ძალიან კარგად გვახსოვს მომენტი სახარებიდან, მამა ერთ შვილს ეუბნება – წადი, რაღაც საქმე გააკეთე. ის ეტყვის „დიახ“, მაგრამ არ გააკეთებს, მეორე ეტყვის „არა“, მაგრამ გააკეთებს. მამის თხოვნა რომელმა შეასრულა? – ვინც უთხრა „არა“, მაგრამ საქმე გააკეთა. დეოკუპაციის პროცესის დაჩქარება იმაზე კი არ არის დამოკიდებული, ვინ რამდენჯერ იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია, არამედ დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ პოლიტიკას აირჩევს. მინდა, საზოგადოებას და ხელმოცარულ ოპოზიციას შევახსენო – აბა, გაიხსენონ, გიორგი მეხუთეს ბრწყინვალე რატომ შეარქვეს? – გიორგი მეხუთეს ბრწყინვალე მათ შორის იმიტომ შეარქვეს, რომ მან ფრთხილი პოლიტიკა აირჩია, ქართველმა მეფემ ქვეყანას სისხლისღვრა თავიდან აარიდა, რითაც მოახერხა, რომ ჯერ შიგნიდან გააძლიერა ქვეყანა და შემდეგ გარეშე აგრესორს მიხედა. ეს არის მოცემულობა და არა ის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ჯერ სტრატეგიული ობიექტები მიყიდო და შემდეგ უთხრა, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადოს და რაც შეიძლება ბევრი რუსი ტურისტი შემოვიდეს, ხოლო ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ამბობდეს, რომ ქვეყანას რუსული მთავრობა ჰყავს.

იმაზე, რისი თავიდან არიდებაც ნამდვილად არ შეიძლებოდა, მხედველობაში მაქვს სტიქიური კატასტროფები, ამბობენ, რომ ხელისუფლებას ეს თავიდან უნდა აერიდებინა, ხოლო იმაზე, რისი თავიდან არიდებაც შეიძლებოდა და თვითონ ვერ გააკეთეს, ამაზე ამბობენ, რომ თურმე ამის თავიდან არიდება არ შეიძლებოდა. როგორ გგონიათ, დღეს რუსეთის ფედერაცია უკან დაიხევს, მათ შორის რომელიმე ევროპულმა სახელმწიფომ არასწორი ნაბიჯები რომ გადადგას? დაუკვირდით, როგორია ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი პარტნიორების განცხადებები, რიტორიკა და როგორი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში. მათ ნატო-ს ქოლგა იცავს და პირდაპირ და გადაჭრით ამბობენ, რომ რუსეთთან რაიმე ტიპის სამხედრო კონფლიქტს არ აპირებენ, ზუსტად ეს არის ფრთხილი პოლიტიკა. საქართველოს ნატო-ს ქოლგა არ იცავდა და სააკაშვილი იმ რიტორიკით გამოდიოდა, რითაც გამოდიოდა. თუ ფრთხილი პოლიტიკა ისეთ ქვეყნებს სჭირდება, ვისაც ნატო-ს ქოლგა იცავს, როგორ გგონიათ, ისეთ მოწყვლად ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რუსეთთან მიმართებაში ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა არ სჭირდება?“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, რომ „მთავარი გამოწვევა არის ოკუპაციის დასრულება და ქვეყნის ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ მშვიდობით, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით“. მისივე თქმით: „პატარა ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რაც, შესაძლოა, მოჰყოლოდა მთელ იმ პროვოკაციებს, რომლებიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. წინა ხელისუფლება იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი, რომელმაც ქვეყნის ინტერესებს უღალატა“. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა: „აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა“.

“ქვეყანაში ერთმანეთის არ გვესმის, რადგან სხვადასხვა საქართველოს ვაშენებთ და ერთდროულად ორივე საქართველოში ცხოვრება შეუძლებელია”- ვასილ მაღლაფერიძე

“კახა კალაძის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია შესაძლოა გარეგნულად პოლიტიკურს ჰგავს, მაგრამ გავა დრო და ამ მოვლენას ფსიქიატრები შეისწავლიან”- წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე.

როგორც მაღლაფერიძე წერს: ქვეყანაში ერთმანეთის არ გვესმის, რადგან სხვადასხვა საქართველოს ვაშენებთ და ერთდროულად ორივე საქართველოში ცხოვრება შეუძლებელია.

“კახა კალაძის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია შესაძლოა გარეგნულად პოლიტიკურს ჰგავს, მაგრამ გავა დრო და ამ მოვლენას ფსიქიატრები შეისწავლიან
მსგავსი შემთხვევა უკვე აღწერილია ლიტერატურაში, როდესაც ეშმაკეულის მიერ შთაგონებული ადამიანები ერთდროულად ამღერდნენ და გაჩერებას ვეღარ ახერხებდნენ.
ზუსტად იგივე ხდება ჩვენთანაც და, სამწუხაროდ, “მომღერალთა” ამ გუნდს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრიც შეუერთდა. ვინაიდან ეს ქალბატონი საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ფართო შეთანხმების გზით შეარჩიეს ბორდის წევრად, ცხადია, მას თანამოაზრეები ჰყავს საზოგადოებაშიც და ტელევიზიაშიც.
საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების ნაწილია და, ბუნებრივია, აქაც იგივე პროცესები ვითარდება, რაც – მთელ ქვეყანაში, სადაც ადამიანები გაყოფილები არიან მსოფლმხედველობრივად და სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ სიმართლეს და ტყუილს, კარგს და ცუდს, სიკეთეს და ბოროტებას, ისტორიას და მომავალს; ის რაც ერთისთვის წმინდაა, მეორეს ეზიზღება. და ეს ადამიანები, პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენენ ტელევიზიის პოლიტიკაზე.
კანონის მიხედვით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოების დაკვეთა უნდა შეასრულოს, თუმცა, როცა საზოგადოება გაორებულია და ასე რადიკალურად არის გაყოფილი, საზოგადოების რომელი ნაწილი უნდა იყოს ტელევიზიის სამიზნე, კანონი აღარაფერს ამბობს?!
გაორებულ საზოგადოებაში, ბუნებრივია, გაორებულია ტელევიზიაც და საბოლოო ჯამში, ხდება ის, რაც ხდება, პროდიუსერები, წამყვანები თუ ჟურნალისტები საკუთარი მრწამსიდან გამომდინარე მოქმედებენ და იმ საზოგადოებაზე სწორდებიან, რომლის წინაშეც გრძნობენ პასუხისმგებლობას.
შედეგად ვიღებთ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია (კატეგორიულად!) გარკვეული გადაცემები, წამყვანები, გამოთქმული აზრები და ა.შ. მეორე ნაწილისთვის კი მიუღებელია სხვა წამყვანები და გადაცემები.
და, აი, სამეურვეო საბჭოსაც მივადექით. კანონის მიხედვით ტელევიზიის სამაუწყებლო პოლიტიკა სამეურვეო საბჭომ უნდა განსაზღვროს, თუმცა, ეს როგორ უნდა მოახერხონ სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანებმა, რომელთაც, დიდწილად, სრულიად განსხვავებული ღირებულებები, ხედვები, გემოვნება და მოტივაცია აქვთ, კანონში აღარ წერია.
რატომ ვწერე ამ დილაადრიან ამდენი?! გამოაქვეყნა სამეურვეო საბჭოს წევრმა პოსტი (ბევრი მსგავსი პოსტი გამოაქვეყნეს სხვებმაც), სადაც როგორც წყლის წვეთში ისე ჩანს, როგორ ხედავს საზოგადოების რაღაც ნაწილი ქვეყნის აწმყოს და მომავალს, ადამიანთა ურთიერთობას, ცხოვრების აზრს, რა არის მათთვის სიკეთე და რა – ბოროტება. ამ პოსტით მან საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრი გამოხატა და, ისიც ცხადია, რომ ამ პოსტით დეკლარირებული ღირებულებები მათი საზოგადოების იდეურ საყრდენს წარმოადგენს. ასეთი მოცემულობა გვაქვს და ამას ვერ შევცვლით.
თუმცა, ასეთივე მყარი მოცემულობაა ისიც, რომ როგორც ერთ ადამიანს და ბორდის წევრს კანიბალური საზოგადოების ღირებულები და მორალი სრულიად მიუღებლად მიმაჩნია. (დაახლოებით ასევე ფიქრობენ ბორდის ცალკეული წევრებიც, თუმცა, თავის სათქმელს თავად იტყვიან).
ამ ვითარებაში ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოახერხოს სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის და მოტივაციის მქონე ბორდმა მაუწყებლის პოლიტიკაზე ან პრიორიტეტებზე მსჯელობა და, მით უმეტეს, შეთანხმება.
ამ დილაადრიან ამდენი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემების გამო არ დამიწერია. საზოგადოებრივი მაუწყებელი მთელი საზოგადოების დაპატარავებული მოდელია და წყლის წვეთივით აირეკლავს მთელი საზოგადოების სურათს.
ქვეყანაში ერთმანეთის არ გვესმის, რადგან სხვადასხვა საქართველოს ვაშენებთ და ერთდროულად ორივე საქართველოში ცხოვრება შეუძლებელია.- წერს ვასილ მაღლაფერიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობეთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება. რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი.

ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში.

აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

“ადრეული გაფრთხილების სისტემა ყველა მდინარეზე რომ ყოფილიყო დაყენებული, ვერ იმუშავებდა” – მამუკა მდინარაძე

ადრეული გაფრთხილების ერთიანი სისტემა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, მათ შორის, ჰიდროლოგიურ კვლევებთან და კომპონენტებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად მოიცავს წყლის მონიტორინგის სისტემას. ასეთი 200-მდე ობიექტია დამონტაჟებული, მათ შორის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში წყლის მონიტორინგის სისტემის 20 ობიექტია დამონტაჟებული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც შემდეგ ერთიანი გაფრთხილების სისტემას ანალიზის საშუალება უნდა მისცეს და ამან უნდა იმუშაოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს შოვის ტრაგედიაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, სპეკულაციები, რომ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მთავარი ადრეული გაფრთხილების სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის – წყლის დონის ცვლილება, წყალმზომებს არ დაუფიქსირებიათ.

„იაპონია, ჩინეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით არიან ზენიტში, თუ რაიმე შეიძლება, ყველა ტექნიკა აქვთ და შესაბამისად ვიცით, რომ ისინი ძალიან დიდ პროცენტს ვერ იცილებენ თავიდან, ევაკუაციას ვერ ახერხებენ. ძალიან დიდი უბედურებები ხდება ყველგან, მათ შორის, ჩვენგან გაცილებით მაღალ ტექნოლოგიურ ქვეყნებში. როცა თანდართვა ხდება რამდენიმე სტიქიური მოვლენის, შეუძლებელია ამის პროგნოზირება.

წყლის კომპონენტთან დაკავშირებით თუ რაიმე კითხვის ნიშანი არ არის, ადრეული გაფრთხილების სისტემა მთელ საქართველოში, ყველა მდინარეზე რომ ყოფილიყო დაყენებული, ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებდა, რადგან გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წყლის მონიტორინგის სისტემაში წყალმზომებს არ დაუფიქსირებიათ მატება ან კლება. ეს მთავარი კომპონენტია და ამაში გავერკვიე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კითხვები გაჩნდა თქვენი მხრიდან. აღმოჩნდა, რომ რა სისტემაც არ უნდა ყოფილიყო დაყენებული, ამ კომპონენტში თუ ვერ დაფიქსირდებოდა რაიმე ცვლილება, ანალიზი შეუძლებელი იყო. შესაბამისად, რაიმე საფრთხის აცილება, ევაკუაცია ან რასაც თქვენ საუბრობთ და ატყუებთ საზოგადოებას, იყო შეუძლებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“აგვისტოს ომით ორივე მხარემ თავისთვის სასურველ მიზანს მიაღწია” – დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვრცელ ანალიზს აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აგვისტოს ომის შედეგად შეიქმნა ნაცსექტის ფინანსური პირამიდა, რომლის მეშვეობითაც დღემდე გრძელდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის მცდელობა, პუტინის ჩუმი და კმაყოფილი მოწონების ფონზე.

„გაგვითენდა 2008 წლის აგვისტოს საბედისწერო მოვლენების 15 წლისთავი და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ „ხუთდღიანი“ ომის მიმართ კვლავინდებურად ძალაშია. უამრავია პასუხგაუცემელი შეკითხვა – როგორ დაიწყო, რატომ დაიწყო და შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება. პირადად მე, 2006 წლის შემოდგომიდან თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში მომუშავე იმდროინდელი მაღალჩინოსანი მეგობრებისაგან მესმოდა – „მგონი იწყებს“, „ცხინვალზე აპირებს წასვლას“, „შეიძლება ერთდროულად ორ ფრონტზე მოგვიწიოს…“ და ა.შ. 2007 წლიდან კი ამაზე უკვე ენას ვერ იჩერებდნენ ვერც ექს-პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები, რომლებთანაც ხშირი სამსახურებრივი კონტაქტები მქონდა. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე და ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო, ფაქტობრივი მასალებიდან გამომდინარე, ამ თემას რამდენიმე პუბლიკაცია უნდა დავუთმო.

სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში ომის დაწყების მზაობაზე გაუთავებელი ღია საუბრები, სულ რომ „სისულელე“ ყოფილიყო (თუმცა დრომ საწინააღმდეგო გვიჩვენა), ეს რომ არ გამოეპარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს, რატომ გახდა აღმოჩენა? ზუსტად იმის კონტექსტში, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს 2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე შემუშავებული ექნებოდა „საქართველოს მხრიდან სავარაუდო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში კონტრმოქმედების გეგმა“. რუსეთს უნდა განეხორციელებინა საქართველოს ოკუპაცია (ნაწილის მაინც), დაეფუძნა აქ სამხედრო ბაზები და ა.შ. – და ამით შეეჩერებინა ნატო-სკენ მიმავალი ჩვენი დეკლარირებული კურსი. სააკაშვილის კორპორაციას კი, ერთის მხრივ უნდა ჩამოეწერა „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ხაზით დახარჯული და შეჭმული დიდი ოდენობით თანხა (ფორმულით – „ომი ყველაფერს ჩამოწერს“) და არანაკლებად დიდი ფული გაეკეთებინა პოსტკონფლიქტურ პერიოდისთვის გამოყოფილ საერთაშორისო დახმარებაზე.

შედეგად, ორივე მხარემ თავისთვის სასურველ მიზანს მიაღწია. რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია და შეაჩერა (ბუქარესტის ნატო-ს სამიტის შემდგომ) საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ წარმატებული მისწრაფება. სააკაშვილმა – ჩამოწერა არამიზნობრივად დახარჯული თანხები და შეუდგა საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი 4.5 მილიარდის არამიზნობრივ ხარჯვას. სწორედ ამ პროცესების შედეგად შეიქმნა ნაცსექტის ფინანსური პირამიდა, რომლის მეშვეობითაც დღემდე გრძელდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის მცდელობა, პუტინის ჩუმი და კმაყოფილი მოწონების ფონზე. იმ დროს, როდესაც გმირულად იღუპებოდნენ შინდისის ბიჭები, მღვდლებს ურიკებით გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან ცხედრები – სამეგრელოს გუბერნატორი გოროზია რუსი გენერლის, ჩაბანის პირად მძღოლად მოგვევლინა, შიდა ქართლის გუბერნატორი ვარძელაშვილი – გენერალ ბორისოვის, ხოლო მათი „მერიქიფეს“ და „ტრაპეზარის“ როლს იმდროინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი ლომაია ასრულებდა.

პუტინისა და სააკაშვილის ქვეყნის ჩამოშლისკენ მიმართული გეგმები სათავეს იწყებს 2003 წლიდან. მე, მაგალითად, დღემდე ველოდები ამომწურავ პასუხს 2004 წლის ზაფხულის მოვლენებზე, რომლებსაც მოკლედ შეიძლება სააკაშვილ-ოქრუაშვილის წარუმატებელი „ბლიც-კრიგი“ დავარქვათ სამაჩაბლოს მიმართულებით, რომლის შედეგია იქ ადგილობრივ მაცხოვრებლებში მოპოვებული ნდობისა და სამშვიდობო ინიციატივების ჩაფლავება და ადამიანური მსხვერპლის გაწევა, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე სამხედროების მხრიდან. შეიძლება თუ არა ის მოვლენები ქართული მხარის მიმართ უნდობლობის პირველ მერცხლად ჩაითვალოს და ეჭვის საბაბი გამხდარიყო მის დემილიტარიზებულ სამშვიდობო ინიციატივებთან მიმართებით? პუტინმა მიიღო სახალხო დიპლომატიის ხაზით დადებითი პროცესების შეჩერება, სააკაშვილმა – ერგნეთის გარშემო „კონტრაბანდული პროცესები“ თავის კორპორაციას დაუქვემდებარა.

2006 წლის მოვლენებს, როდესაც კოდორის ხეობაში ჩატარებული პოლიციური ოპერაციის შედეგად ხელისუფლებამ გვიპატაკა იქ კანონიერებისა და წესრიგის აღდგენის თაობაზე, გაეროს უშიშროების საბჭომ 13 ოქტომბრის № 1716 რეზოლუციით უპასუხა, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ქართულ მხარეს უზრუნველყოს კოდორის ხეობის ზედა ნაწილში ვითარების ნორმალიზება მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად, რათა გამოირიცხოს იქ ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელი საჯარისო ფორმირებების ყოფნა“. ანუ, მიუხედავად ამ ოპერაციის „პოლიციური“ ხასიათისა, გაერომ ჩათვალა საჭიროდ თავისი შეწუხებული პოზიცია მაინც გამოეხატა. საინტერესო შეფასება მისცა მაშინ კოდორის მოვლენებს დავით უსუფაშვილმაც, მან ფაქტობრივად გააფრთხილა ხელისუფლება, რომ: „ის, რაც ხდება კოდორის ხეობაში, მოსკოვის მიერ შემუშავებული მრავალმხრივი გეგმის მხოლოდ ერთი კომპონენტია. ხელისუფლება წამოეგო ამ პროვოკაციას და ხაფანგში გაება. შემდეგ სერიებში ვფიქრობ მთავარ როლებში ახალი შემსრულებლების ხილვას, მაგალითად, უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის“.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2004 წლის 5 ნოემბერს ხელი მოაწერა სოჭის შეთახმებას „სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციის ზონად გამოცხადების თაობაზე“, 2006 წლის შემოდგომაზე იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა საჯაროდ დადო პირობა ახალი, 2007 წლის ცხინვალში აღნიშვნის თაობაზე, რაც ასევე არ გამოეპარებოდა რუსეთის თავდაცვის გენერალურ შტაბს, თუმცა ისევე, როგორც არ გამოეპარა ჩვენს ევროპელ მეკავშირეებსაც. 2006 წლის შემოდგომაზე თბილისში რუსი ჯაშუშების დაპატიმრებით სააკაშვილმა (პუტინთან შეთანხმებით) ღიად შექმნა რუსეთისაგან „მტრის ხატი“, გააორმაგა ამ „მტერთან“ გასამკლავებლად ფინანსური დახმარების ოდენობა და შეუდგა ამ ფინანსების ძარცვას. ხოლო ჯაშუშების ქვეყნიდან გაძევების პროცედურებთან ერთად, მორიგი პროვოკაციების ალბათობა კიდევ უფრო გაიზარდა. ეუთო-ს იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გიუხტმა აღიარა, რომ რუსულ-ქართული კონფლიქტი შესაძლებელია გადავიდეს სამხედრო დაპირისპირების ფაზაში: „ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომაც ეუთო შემდგომშიც განაგრძობს სამშვიდობო დარეგულირების პროცესებისადმი ყველა საჭირო დახმარებას“.

საგარეო კავშირების საკითხებში ევროკომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა კი განაცხადა: „შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა აღიაროს და მოუკლოს თავის აგრესიულ რიტორიკას. ქართულმა მხარემ ასევე არ უნდა მიმართოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ დაძაბულობის ზრდას“. მანვე გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბრძანა: „ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ დაძაბულობით… მე ვმონაწილეობდი ევროკავშირის წარმომადგენლების მოლაპარაკებებში ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ თბილისს მივეცით მკაფიო სიგნალი – ორივე მხარემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით. თბილისმა უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესიული რიტორიკა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმართოს რუსებთან ნორმალური დიალოგი. დაძაბულობის მოხსნა მხოლოდ ამ გზით შეიძლება და ჩვენ მზად ვართ შუამდგომლობა გავუწიოთ ამ პროცესებს“.

ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო ტელეკომპანია „იმედის“ 2007 წლის სექტემბრის ღამის ეთერში იმდროინდელი უკვე ექს-თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური აღიარება, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების საიდუმლო გეგმა, რაც ასევე ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა არც მოსკოვისთვის, არც დასავლეთისთვის. ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობარმა“ ესტონეთმა თავისი პარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ მიმართა საქართველოს – „მოგიწოდებთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს და თავი აარიდოთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნან როგორც პროვოკაციული“.

იმავე სულისკვეთებით იყო გაჯერებული ისეთი ჩვენი დიდი მეგობრისა და მხარდამჭერის განცხადებები, როგორც გერმანიის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი პრეზიდენტი – ვალტერ შტაინმაიერია. ასევე აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და მრავალი სხვა, ყოველ შემთხვევაში ღია დეკლარირების დონეზე გვეხვეწებოდნენ მხოლოდ ერთ რამეს – არ აჰყვეთ პროვოკაციას და თუ თავად ვერ უმკლავდებით პროცესების დიპლომატიური გადაჭრის რელსებზე გადაყვანას, შუამდგომლობას გაგიწევთ ყველა დონეზე; გსურთ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით გადაჭრა? – ამაშიც დაგეხმარებითო. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ვალტერ შტაინმაიერი ჯერ მოსკოვში, მერე თბილისში და შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რათა წარედგინა დაინტერესებული მხარეებისთვის აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის მოგვარების სამეტაპობრივი სამშვიდობო გეგმა. თუმცა სამ კვირაში ეს მოლოდინებიც ჩაფლავდა. ჩვენ ვერც პროვოკაცია ავიცილეთ თავიდან და ვერც ომი მოვიგეთ. მართალია, მოწინააღმდეგეს სამხედრო ავიაციის ნაწილი გავანადგურეთ, არტილერიის მეშვეობით მათ ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკას „ვაუთავებდით“, 58-ე არმიის სარდალს უკანალი გავუხვრიტეთ, თუმცა ბირთვული სახელმწიფოსადმი ამ მამაცური წინააღმდეგობის გაწევის პარალელურად, საზარბაზნე ხორცად ვტოვებდით გამოუცდელ რეზერვისტებს გაშმაგებული მოწინააღმდეგის პირისპირ (გაგრძელება იქნება).“ – წერს დავით ქართველიშვილი.