ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ვან ი-სა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვან ი-მ თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ოფიციალური პეკინი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას დაიკავებს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის კრიზისის საკითხთან ერთად, მხარეებმა სხვა საერთაშორისო და რეგიონული პრობლემა განიხილეს, რომლებიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესებს წარმოადგენს.
„ვან ი-მ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პეკინი ობიექტური და რაციონალური იქნება, აქტიურად შეუწყობს ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და გააგრძელებს ამ კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ძიებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჩინეთის მიერ მომზადებულ პოზიციურ შეთანხმებას ეთანხმება, აფასებს და მიესალმება ჩინეთის კონსტრუქციულ როლს ამ საკითხში.