Home Blog Page 1760

,,საზოგადოება კარგად ხვდება ვინ მალავს და ვის არ უნდა საგამოძიებო კომისია”- ხაბეიშვილი

საგამოძიებო კომისიას „ოცნება“ კი არ ითხოვს. ითხოვს ოპოზიცია და როდესაც მეკითხებით, მხარს დავუჭერ თუ არა, არათუ მხარს დავუჭერთ, ჩავერთვებით საგამოძიებო მოქმედებებში, ვგულისხმობ საპარლამენტო კომისიას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ე.წ. ქოლ-ცენტრებზე საუბრისას განუცხადა. „საზოგადოება კარგად ხვდება ვინ მალავს და ვის არ უნდა საგამოძიებო კომისია და ახლა იგონებენ ყველაფერს, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას კუთვნილი ე.წ. ქოლ-ცენტრი აღმოაჩინეს. ამის პარალელურად ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

დიდუბის პანთეონის წინ გზის საფარის გათხრისას საფლავები აღმოაჩინეს (ფოტოები)

დიდუბის პანთეონის წინ გზის საფარის გათხრისას საფლავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.

„დიდუბის პანთეონის წინ გზის საფარის გათხრისას საფლავები აღმოჩნდა!
1938 წელს დიდუბის სასაფლაო გაუქმდა , მისი გალავანი მოანგრიეს და გალავნის პირას დაკრძალულ პირთა საფლავები სავალი გზის ქვეშ აღმოჩნდა. მათ შორის არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის საფლავი იყო. ერთ ერთი იყო პედაგოგი ეგნატე ხრამელაშვილი. დღეს ამ საფლავებში არსებული ნეშტები, შესაძლებელია, დაიკრძალოს დიდუბის პანთეონის ტერიტორიაზე ერთ საძმო საფლავში და დაეწეროს იმ საზოგადო მოღვაწეთა გვარები, რომელთა საფლავები შეეწირა 1938 წლის ვანდალიზმს.

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გასულ თვეში ქართველმა ფორვარდმა 5 თამაშში 6 გოლი გაიტანა და თავის გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ „მეცი“ საფრანგეთის უმაღლეს ჩემპიონატში გადასვლისთვის იბრძვის. ამჟამინდელი მდგომარეობით ქართველის გუნდი მესამე ადგილზეა.

მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 20 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით – ირაკლი ღარიბაშვილი

მე მჯერა, საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ევროპის დღის” გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. „მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. პირველ რიგში, მივესალმები ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, პატივცემულ სტუმრებს. მინდა ჩემი გულწრფელი აღფრთოვანება გამოვხატო ბატონი ელჩის ქართულის ცოდნით. კიდევ ერთხელ, მინდა მას მადლობა გადავუხადო, რომ საზოგადოებას მიმართა ქართულ ენაზე. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს „ევროპის დღეს“ აღვნიშნავთ, ქართველები და ევროპელები ერთად. ვინაიდან, ეს დღე არის, როგორც ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ასევე ქართველებისთვის. ქართველები ყოველთვის ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენს თავს ევროპის ნაწილად. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მონიჭება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის და გვაქვს გააზრებული, რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას“, – განაცხადა პრემიერმა. კანდიდატის სტატუსზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. „მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი ხელისუფლების სრული მზაობა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც არის, პირველ რიგში, აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში, ეს არის კიდევ უფრო მეტად დამაახლოებელი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან. ჩვენ ევროპასთან და ევროპელ ხალხთან გვაკავშირებს ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზე არის დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც. შესაბამისად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით, დიდი მადლობა. ვუსურვებ ევროპას მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას ჩვენს ხალხებს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. “ექსპო ჯორჯიაში” გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ. სტუმრებმა მოისმინეს საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. პრემიერ-მინისტრმა “ექსპო ჯორჯიაში” წარმოდგენილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტენდები დაათვალიერა. “ევროპის დღის” გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები.

ყირიმის თავზე უკრაინული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს – რუსული მხარე

უკრაინული Grom-2-ის ტიპის სარაკეტო სისტემიდან გაშვებული რაკეტა ყირიმის თავზე ჩამოაგდეს, – ამის შესახებ რუსული მხარე იუწყება.

„საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის რესპუბლიკის თავზე უკრაინული Grom-2-ის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს“, – აღნიშნულია რუსული მხარის განცხადებაში.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით – მეუფე იაკობი

ჩვენთან რევოლუციების ესკორტები ასე ვერ მოხდება. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ მიმართა ახალგაზრდებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგები არიან, წინა თაობები არასდროს დაივიწყონ.

„ხშირად მიწევს უცხოეთში ყოფნა. ეს იქნება აშშ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, იქ ძალიან ბევრი რამე მოსაწონია, მაგრამ ბევრი რამე ისეთია, რაც ჩემთვის მიუღებელია და მას არასდროს მივიღებ. ამიტომ, ევროპა იქნება, ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი და ა.შ. უნდა შეეგუონ იმას,რომ ქართველები ასეთები ვართ. ქართველებო, იცოდეთ, რომ ღმერთი ჩვენ არასდროს გაგვწირავს. უარესი დრო გამოგვივლია, უარესებიც გვინახავს. ჩვენ ვჭირდებით ევროპას, ჩვენი სისუფთავე და ჩვენი იდეები სჭირდება. რაც კარგი აქვთ იმათ, იმ კარგში გაუმარჯოთ, რაც ჩვენთვის ცუდია ვერ მივიღებთ! როცა მეტყვიან, რომ „მამაკაცის და დედაკაცის გარდა… სხვა ვიღაცაა”, ღმერთმა მასწავლა, ღმერთისგან გვჯერა ის… ვიღაცა თუ წარმოიდგენს და თქვას, ანგელოზი ვარ ან რაღაც თქვას, დაუჯერებთ?! ნება მათია, თავიანთ ქვეყნებში რა კანონებიც უნდათ ის მიიღონ. ჩვენ როგორც ვართ გვაცადონ და ასე ვიცხოვრებთ. გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან, ხომ ფიქრობენ მომავალზე, როგორი საქართველო გვინდა, კაცი კაცი არ იყოს და ქალი ქალი არ იყოს? ჩვენ ხომ არავის დავდევთ, არც რასობრივი და არც იმის ნიშნით, რა მიდრეკილება აქვს გონებაში, თუ ისე. ასე არ ყოფთ ადამიანებს, ადამიანი ადამიანია თავისი ცოდვებით და თავისი კეთილი საქმეებით. ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ან ღვთის სათნო საქმეები ან ღვთისთვის არასათნო საქმეები, რომელიც თვითონაც აზიანებს. ღმერთი და ის ერთმანეთში თვითონ გაარკვევენ. მე ნუ მიქადაგებ, ჩემი ისტორიის ერს ნუ მიქადაგებ რაღაცას. არავინ მოგცა უფლება, ვინ ხარ, 20 წელია რაღაც დაიწე? რომელი ხარ ავტორიტეტი? გამოვიდნენ და მითხრან, ჩვენთვის რომელია ავტორიტეტი. ქრისტეზე მეტი ავტორიტეტი ვინ არის. უნდათ შეგვიცვალონ, ღმერთი შეგვიცვალონ. მე ის ადამიანი არ ვარ გითხრათ, ქართველობას… ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს! ვინც ვართ, რაც ვართ, ეს ვართ! ქიზიყში ვართ და ვიბრძოდით, მოწინავე ლაშქარი ვიყავით, ვწყდებოდით, მაგრამ ვერ გაგვწყვიტეს. ვენახიც და ყველაფერიც გვაქვს. შაჰ-აბასით დაწყებული და დღევანდელი შაჰ-აბასებით დამთავრებული, რას არ აკეთებენ. ნუთუ ქართველობა და ძლიერება არის ის, რომ იძახო, რუსი ხარო? – რუსი შენ ხარ! შენთვის ღირსება, ოჯახი, კაცობა, მამობა, დედობა თუ მიუღებელია შენ ხარ მიუღებელი და რუსიც არ ხარ იმიტომ, რომ რუსს კიდევ რაღაც ის აქვს. საერთოდ უგვანი ხარ, მსოფლიოს არცერთი ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. კეთილი ინებეთ და თქვენი ასეთი რაღაცები თქვენ დაიტოვეთ და ჩვენ ნუ გვასწავლით ჭკუას. ჩვენ ჭკუის სწავლა არ გვჭირდება. მიხარია, რომ ჩვენთან უკვე ამაზე ყველა ხმამაღლა საუბრობს. ჩვენთან რევოლუციების ესკორტები ასე ვერ მოხდება. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ გაჩერებული კი ვართ, რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით რაღაც რომ არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია იმ რაღაცა, აი, სულ რამდენი იქნებიან? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს დაქალი ქალი არ უნდა იყოს, ბავშვებმა სქესი გადაიკეთონ? რას ჰქვია?! სადაური წესია, შენ მოგწონს? შენ ქვეყანაში მიიღე ის კანონი, გქონდეს და მე თავი დამანებე.

3 000 წელი შენთვის არ მიკითხავს, როგორ უნდა მეცხოვრა და არც ახლა გკითხავ. სხვას თუ სერვანტერესი ჰყავს, ჩვენ გვყავს შოთა და გალაკტიონი, ვაჟა. სხვას თუ შექსპირი ან გოეთე ჰყავს, ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ არც კულტურით, არც ისტორიით, ჩვენი ცეკვა, სიმღერა აიღე. არ ვიცით, ვინ ვართ? რად გინდათ მონები იყოთ?! ჩაგძახებენ რაღაცას და იმის გამო, რომ გარეთ ვიღაცას ასიამოვნო ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ რომ მიდიხართ? ფრთხილად იყავით, ფრთხილად და გონიერებას მოუხმეთ! არ გვინდა კონკრეტულად ვიღაც პიროვნებები გამოვყოთ, ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად ცხოვრება ვისწავლოთ და არ მინდა ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ თუ საჭირო გახდა იმ ძალასაც ნახავენ და ღმერთმა გვაშოროს,რომ მანამდე მივიდეთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიული პირველი კორპუსის აღდგენა იწყება

10 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში (გუდიაშვილის 5) ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და კომპანია „ანაგის“ ხელმძღვანელი ზაზა გოგოტიშვილი. დოკუმენტის თანახმად, უახლოეს მომავალში დაიწყება ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარე ივანე მაჩაბელის სახელობის სამკითხველო დარბაზის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია. ეს ისტორიული დარბაზი ერთ-ერთია ბიბლიოთეკის იმ დარბაზებიდან, რომლებიც წლებია მკითხველისთვის დაკეტილია და აღდგენას ელოდება. ივანე მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზი მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ პირველ კორპუსში, რომელიც თავის დროზე ცნობილმა არქიტექტორმა ანატოლი კალგინმა ააშენა (1912-1916 წ.წ.) როგორც პირველი ქართული ბანკის შენობა. შენობა ნაგებია ტრადიციული ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებითა და ძველი ქართული ხუროთმოძღვრებიდან (მათ შორის ტაო-კლარჯეთის ძეგლებიდან) აღებული არქიტექტურული მოტივებისა და ორნამენტების გამოყენებით – ეკლექტიკური სტილით. ანატოლი კალგინი იყო ტაო-კლარჯეთში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილი ცნობილი ექსპედიციის წევრი და სწორედ ამ მოგზაურობის დროს შეისწავლა იქაური ქართული არქიტეტურა. ივანე მაჩაბელის სახელობის დარბაზი თავის დროზე ბანკის საოპერაციო დარბაზი იყო, საიდანაც ოქროს საცავის (სეიფის) რკინის კარიც კი ჩანდა. დღეს აქ იშვიათ გამოცემათა ფონდია განთავსებული, იქვე მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმიც. დარბაზის აკუსტიკა დაბალი იყო, რომ მეანაბრეებთან კონფიდენციალური საუბრები გამართულიყო. მას შემდეგ, რაც შენობა ბიბლიოთეკას გადაეცა, სიჩუმით გამორჩეულ ამ დარბაზში მდებარეობდა სამკითხველო მეცნიერთათვის (მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის მიზნით), ასევე პერიოდული გამოცემების სამკითხველო დარბაზი. ივანე მაჩაბლის სახელობის დარბაზი აღდგება რეაბილიტაცია-რესტავრაციის ყველა წესის დაცვით, პირვანდელი სახით.

“ვითხოვ პასუხს, შს მინისტრისგან, ასე ღიად და საჯაროდ, სად არის ჩემი შვილის საათი”- ნიკა კვარაცხელიას დედა

ვერაზე მოკლული  ნიკა კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე  შინაგან საქმეთა მინისტრსმ ვახტან გომელაურს  მიმართავს.

“ბატონო მინისტრო!

მოგმართავთ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე , იქნებ ნიკო კვარაცხელიას საათის შესახებაც პირადად თქვენ ფლობთ ინფორმაციას ან პირადად თქვენთან ინახება, საათი რომელიც ქალაქის ცენტრში დახვრეტილ ახალგაზრდას მოპარეს და ალბათ სამომავლოდ შანტაჟისთვის გადაინახეს! ან იქნებ ისიც მითხრათ მეორე საქმედ გამოყოფილი ნაწილი როდის აღსრულდება, ყველაფერს აქვს დასასრული, მოთმინებით, ქრისტიანული მორალის დაცვით და განსაზღვრული უფლებებით მივუყვები საქმეს მაგრამ საპირისპიროდ ჩვენ განადგურებული დედები თითქოს ვტყუით (ან ვიღაცში სინდისის და სულის ერთმანეთთან შეჯახებით სიმართლე რომ აღმოიფრქვევა, ის უკვე ცრუობს) – ამის შესახებ თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე სოციალურ ქსელში წერს.

” არა ბატონო მინისტრო! ამაზე უკვე ვეღარ დაგეთანხმებით, ვეღარ დაგიჯერებთ რომ თქვენ ნიკო კვარაცხელიას საქმეს გახსნით და ხელისგულზე დადებულ საქმეს ოდესმე ბოლომდე მიიყვანთ!
იქნებ ძიება შეწყვიტეთ კიდეც, ან დამკვეთებს და მათ ხელშემწყობებს მომავალი ტერორისტული აქტისთვის ამზადებს მავანი!!!
ვითხოვ პასუხს, პირადად თქვენგან ასე ღიად და საჯაროდ, სად არის ჩემი შვილის საათი, რა მოტივით მომიკლეს შვილი და როდის აღსრულდება სამართალი???
ქრისტიანულად მე განადგურებულმა დედამ მათ შევუნდე და დავძინე კიდეც ამ ქვეყანაში დაე ნიკო იყოს ბოლო და უკანასკნელი მეთქი მაგრამ საპასუხოდ რა მივიღე???

ორი წელი გადის და საქმე
არ მიგიყვანით ბოლომდე მაშინ როცა ერთ საათში სრულიად საქართველომ იცოდა რომ ნიკო კვარაცხრლია მოუკლეს ქვეყანას როგორც წარმატებული ახალგაზრდა!!!
ყველა გახმაურებული საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს( თანავუგრძნობ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს) ყველა ადამიანის, ახალგაზრდის უფლება დაცული უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ჩვენ განადგურებული ოჯახები უკვე კია არ გთხოვთ
მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
P.S. დღეებია არ ცხრება ინტერესი იქნებ ნიკოც რამე სახით იყო ქოლცენტრებთან დაკავშირებულიო, ნამდვილად არა, მაგრამ ნიკო და თავისი გუნდი, მისი თანატოლი ახალგაზრდები უდავოდ იქნებოდნენ რისხვა ყველა უკანონო ქმედებისა ამ ქვეყანაში, ამიტომაც ესროლეს,
მაგრამ ვერ მოკლეს!!!
მინდა ყველამ იცოდეს ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სასჯელს მხოლოდ ორი სულგაყიდული ახალგაზრდა იხდის რომლებსაც თვალებში რომ შეეხედათ ჩემი ნიკოსთვის ვერ ესვროდნენ!
სიყვარული სცვიოდა ჩემს ბიჭს თვალებიდან!
ბატონო მინისტრო, რომ არა თქვენი განცხადება ნამდვილად არ ვფიქრობდი სწორედ დღეს ხმაურს!
P.S. ფოტო კი ძალიან გვიყვარს და ამიტომ გიზიარებთ, ასე დაგვცქერის ჩვენი ბიჭი, ანა კი თავის მონაცვლედ დაგვიტოვა♥️”- წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/kate.kvara/posts/pfbid0ghJ6SwoyXsCASPTkvucwuU78wQVzXskSMTG7JPEmXMhGqrXj3mz3oHAMXqpnDnYgl

“ნაცების” “მასტერა” მკვლელობებს გეგმავდა, ეს “მასტერი” მღერის, ასეთი განსხვავებაა “ქოცებს” და “ნაცებს” შორისაც – დავით ქართველიშვილი

“საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველა პერიოდს ჰყავდა თავისი “მასტერა” – სექტანტებს ჯალათების ცნობილი “სუპერვაიზერი”, “ოცნების” დროს – რეპერი. ეს პირველი – მკვლელობებს გეგმავდა, ეს მეორე – მღერის”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ქართველი რეპერის, “მასტერის” ახალი სიმღერის ირგვლივ გავრცელებულ კრიტიკას ეხმიანება.
ქართველიშვილის თქმით, სექტანტებს “ქილერაც” ჰყავდა, “მასტერას” დაგეგმილი წამების შემსრულებელი. “მასტერებს” შორის განსხვავებულობისა არ იყოს, აქაც იგივეა: ის პირველი “ქილერა” აწამებდა და აუპატიურებდა, “ოცნების” მიერ ჩამოყვანილი “ქილერები” მღერიან.
“რეპის ფანი ან მიმდევარი არ ვარ. ვარ ადამიანობის, მორწმუნეობის, პრინციპების დაცვის მიმდევარი. ამ ყველაფრის გამო ვინმეს დაბულინგების, დაცინვის, შეურაცხყოფის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველა პერიოდს ჰყავდა თავისი “მასტერა” – სექტანტებს ჯალათების ცნობილი “სუპერვაიზერი”, “ოცნების” დროს – რეპერი. ეს პირველი – მკვლელობებს გეგმავდა, ეს მეორე – მღერის.
სექტანტებს “ქილერაც” ჰყავდა, “მასტერას” დაგეგმილი წამების შემსრულებელი. ის “ქილერა”, უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე ყველაფერი რომ გადადეს და “პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი” რომ მიანიჭეს – თურმე პუტინის გინების გამო “ოცნების” სახელით ავიწროვებდნენ. იმ “ოცნების”, რომელსაც წელს “ბლექ სი არენაზე” ამერიკული ჯგუფი The Killers ჩამოჰყავს. “მასტერებს” შორის განსხვავებულობისა არ იყოს, აქაც იგივეა: ის პირველი “ქილერა” აწამებდა და აუპატიურებდა, “ოცნების” მიერ ჩამოყვანილი “ქილერები” მღერიან…”,- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

“საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად აღიარებულია, აღიარებას დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს”-კახა კალაძე

მსურს, მოგილოცოთ ევროპის დღე, ევროპის, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა, არამედ ღირებულებებისა და ფასეულობების ადგილია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ევროპის დღეს ვზეიმობთ ყველანი, ვისთვისაც თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა, ქრისტიანული იდენტობა და ჰუმანიზმი, ინდივიდუალური და ეროვნული მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი პრინციპებია.

„დღეს ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეული ტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე, კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი. მშვიდობის, რაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნის იდეას დაედო საფუძვლად და რამაც მისი განხორციელება გახადა შესაძლებელი.

ჩვენმა ხალხმა როგორც წარსული, ისე უახლესი ისტორიიდან გამომდინარე კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და სისხლისღვრა, დევნილობა და მოუშუშებელი ჭრილობები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით.

ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემის, თანასწორობის პრინციპით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაც ჩვენი საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითაც ხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფრო გამყარდა. ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს. ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება და ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად.

საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება, გახდება საკუთარი მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით, რამაც ჩვენი ერის იდენტობა საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობიან, ერთიან, სუვერენულ და ძლიერ ევროპულ ოჯახში ერთად გვეზეიმოს ევროპის დღე“, – აღნიშნა კალაძემ.

“ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი შვილს, ჰანთერ ბაიდენს არაფერი დაუშავებია.  ამის შესახებ  აშშ-ის პრეზიდენტმა NBC-სთან  ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, რა გავლენას მოახდენს მის პრეზიდენტობაზე, თუ მის შვილს ბრალს წაუყენებენ.

„უპირველეს ყოვლისა, ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია. მე მას ვენდობი, მისი მჯერა“, – განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ.

აშშ-ის ფედერალური პროკურატურა განიხილავს ჯო ბაიდენის შვილის მიმართ ბრალის წაყენებას გადასახადების დამალვასა და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებულ დარღვევებზე. თავად ჰანთერ ბაიდენი დანაშაულს უარყოფს.

აშშ-ის შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი აცხადებს, რომ ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება არასათანადოდ ჩატარდა. საქმე ეხება აშშ-ის პრეზიდენტის შვილის მიერ საკუთარი ბიზნესის წინ წასაწევად ოჯახური კავშირების არასათანადო გამოყენების გარშემო მიმდინარე გამოძიებას. როგორც აშშ-ის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის ადვოკატი აცხადებს, მის კლიენტს აქვს ინფორმაცია, რომ ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება „პოლიტიკური მოსაზრებებით“ შეფერხდა. იურისტის თქმით, ის მზადაა, კონგრესს ჩვენება მისცეს, თუმცა მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვასა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

“დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს”- შალვა პაპუაშვილი

ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით. ქართველი ხალხისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვა მხოლოდ სიტყვა და ემოცია არ არის, არამედ ჩვენ საქმითა და შედეგებით ვამტკიცებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება, რათა შეიქმნას მყარი ნიადაგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

მისი თქმით, დროა, ევროკავშირმა აჩვენოს ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს.

,,ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროკავშირთან, რათა განვამტკიცოთ არსებული მიღწევები და ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი სიკეთე გავხადოთ ხელმისაწვდომი, მათ შორის, მეტი საგანმანათლებლო, კვლევითი და კულტურული პროგრამა, ევროკავშირის ბაზარზე წვდომა მეტი ქართული პროდუქტისთვის, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში გაწევრიანება, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაცია და ბევრი სხვა. მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა შეიქმნას მყარი ნიადაგი ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომი ნაბიჯის გადადგმისთვის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მოველით, რომ მომდევნო შეფასებები და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება სამართლიანი, გაითვალისწინებს საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტს. ახლა ჯერი არა მარტო საქართველოზე, არამედ ევროკავშირზეცაა. დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს. საქართველო ევროპაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს!“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.