ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიული პირველი კორპუსის აღდგენა იწყება

119
spot_img

10 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში (გუდიაშვილის 5) ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და კომპანია „ანაგის“ ხელმძღვანელი ზაზა გოგოტიშვილი. დოკუმენტის თანახმად, უახლოეს მომავალში დაიწყება ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარე ივანე მაჩაბელის სახელობის სამკითხველო დარბაზის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია. ეს ისტორიული დარბაზი ერთ-ერთია ბიბლიოთეკის იმ დარბაზებიდან, რომლებიც წლებია მკითხველისთვის დაკეტილია და აღდგენას ელოდება. ივანე მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზი მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ პირველ კორპუსში, რომელიც თავის დროზე ცნობილმა არქიტექტორმა ანატოლი კალგინმა ააშენა (1912-1916 წ.წ.) როგორც პირველი ქართული ბანკის შენობა. შენობა ნაგებია ტრადიციული ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებითა და ძველი ქართული ხუროთმოძღვრებიდან (მათ შორის ტაო-კლარჯეთის ძეგლებიდან) აღებული არქიტექტურული მოტივებისა და ორნამენტების გამოყენებით – ეკლექტიკური სტილით. ანატოლი კალგინი იყო ტაო-კლარჯეთში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილი ცნობილი ექსპედიციის წევრი და სწორედ ამ მოგზაურობის დროს შეისწავლა იქაური ქართული არქიტეტურა. ივანე მაჩაბელის სახელობის დარბაზი თავის დროზე ბანკის საოპერაციო დარბაზი იყო, საიდანაც ოქროს საცავის (სეიფის) რკინის კარიც კი ჩანდა. დღეს აქ იშვიათ გამოცემათა ფონდია განთავსებული, იქვე მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმიც. დარბაზის აკუსტიკა დაბალი იყო, რომ მეანაბრეებთან კონფიდენციალური საუბრები გამართულიყო. მას შემდეგ, რაც შენობა ბიბლიოთეკას გადაეცა, სიჩუმით გამორჩეულ ამ დარბაზში მდებარეობდა სამკითხველო მეცნიერთათვის (მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის მიზნით), ასევე პერიოდული გამოცემების სამკითხველო დარბაზი. ივანე მაჩაბლის სახელობის დარბაზი აღდგება რეაბილიტაცია-რესტავრაციის ყველა წესის დაცვით, პირვანდელი სახით.