Home Blog Page 1755

,,ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრაქტორი კომპანიები შეიყვანონ შავ სიაში”- კალაძე

ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრაქტორი კომპანიები შეიყვანონ შავ სიაში, რათა სამომავლოდ, იგივე პრობლემის წინაშე არ დადგეს რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტი ან უწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირას“ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად კონტრაქტორ კომპანიებს ვადები რამდენჯერმე გადაუწიეს, რათა ამით კომპანიებისთვის ხელი შეეწყოთ. თუმცა, ამასთან მერმა აღნიშნა, რომ „ის დამოკიდებულება, რაც ბოლო კვირების განმავლობაში იყო, მიუღებელია“.

„გულწრფელად ვამბობ, მთელი ჩემი ცხოვრება სპორტს შევალიე. ისე დავამთავრე სპორტული მოღვაწეობა, ვარჯიშზე ერთხელ არ დამიგვიანია, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა.

ეს დამოკიდებულება უნდა იყოს ყველაფერში: სამუშაოების შესრულების დროს, როდესაც ამხელა ქალაქს ემსახურები. ამ ფაქტის შემდეგ, რაც მივიღეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომპანიები შეიყვანონ შავ სიაში, რათა სამომავლოდ, იგივე პრობლემის წინაშე არ დადგეს რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტი ან უწყება“, – აღნიშნა კალაძემ.

გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანებით წარმოების გამო, მერიამ კონტრაქტები შპს RTD-სა და შპს „მილენიუმ ბილდერ გრუპს“ შეუწყვიტა. სწორედ ეს კომპანიები მუშაობდნენ 2023 წლის 19 აპრილიდან წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების გარკვეული ნაწილი უხარისხოდ და პროექტთან შეუსაბამოდ იყო შესრულებული. ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვერ გააკეთა პროგნოზი, როდის შეძლებდნენ კომპანიები დაესრულებინათ რეაბილიტაციის პროცესი.

ამჟამად გამზირზე სამუშაოებს „ჯეო გრუპი“, მერიის ახალ კონტრაქტორ კიდევ სამ კომპანიასთან ერთად დაასრულებს.

,,უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა არც ერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55 %-ზე მეტი”- კობახიძე

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა არც ერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55-ზე მეტი. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში, – ამის შესახებ „კურიერი P.S.”-ს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა არცერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი. ეს არის რეალური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში. რა თქმა უნდა 9 თვე არის დიდი დრო, არჩევნებამდე არის დარჩენილი საკმაოდ დიდი პერიოდი, თუმცა გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ არსებული მონაცემები, არამედ კიდევ მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,მე ასე ვიტყოდი, თავისი თვისებით ის არის კრიზისმენეჯერი”- ზაზა შათირიშვილი

მე ასე ვიტყოდი, თავისი თვისებით ის არის კრიზისმენეჯერი, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა „იმედის კვირაში“ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელიც უფრო გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, ანუ გამოწვევები არის გარედან. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი), რომელსაც გავლილი აქვს სერიოზული ცხოვრების გზა და ასეთ მძიმე სიტუაციებში მოუწია შემოსვლა. ახლა, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტში ვართ. მსგავსი მომენტები 35-40 წელიწადში ერთხელ არის ხოლმე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდი არ ყოფილა. ავიღოთ თუნდაც ის, რომ შუა ევროპაში, ევროპის გულში ორი წელია ომი მიმდინარეობს, ასევე არ დაგვავიწყდეს რომ არჩევნების წელია“, – აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი. ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

,,მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”- კობახიძე

შარშან, პრემიერის ვიზიტის შემდეგ, ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის, რამაც თვისებრივად სხვა ეტაპზე გადაიყვანა თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მოცემულობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას ტელეკომპანია „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო, ჩინეთთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

„ჩვენი ვიზიტის მიზანიც არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში. პოლიტიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ ვაღიარებთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს. რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, ეკონომიკური კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არის ძალიან დიდი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,რეალურად, სამოქალაქო სექტორი პოლიტიკოსების თავშესაფარი გახდა”- შალვა პაპუაშვილი

რეალურად, სამოქალაქო სექტორი პოლიტიკოსების თავშესაფარი გახდა და პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგის მძევლად იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 6 იანვარს გიორგი კანდელაკის მიერ სამების ტაძარში გადაღებულ ვიდეოზე საუბრისას განაცხადა.

„ნიშანდობლივია, რომ ეს ამბავი დაიწყო გიორგი კანდელაკისგან, ადამიანი, რომელიც დღეს წარმოაჩენს, როგორც „ენჯეოს“ წარმომადგენელი, ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სოვლაბის“ ერთ-ერთი აქტიური წევრი და ამავე დროს ეს არის ადამიანი, რომელიც პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრია. აქ არის სწორედ მთავარი პრობლემა, ჩვენი სამოქალაქო სექტორისა. რეალურად, სამოქალაქო სექტორი გახდა პოლიტიკოსების თავშესაფარი და პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგის მძევლად იქცა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა შობის თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით წამოჭრილ პოლემიკაზეც.

მისი თქმით, შობის თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით წარმოქმნილი გაუგონარი ისტერია „ენჯეოსა“ და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მოაწყვეს და ზემოთ აღნიშნულის ნაწილი იყო.

„ცდილობენ, შობის თარიღი დაუკავშირონ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს და კვლავ რუსეთი შემოიტანონ აქ საკითხად. საქართველო ამ დღეს აღნიშნავს საუკუნეებია უკვე და მათ შორის, საუკუნეებით ადრე, ვიდრე რუსეთი საერთოდ სახელმწიფო წარმოიქმნებოდა, თუ რუსეთი, როგორც ქრისტიანული ი ჩამოყალიბდებოდა. ამას ეძახიან რუსულ შობას. ეს ყველაფერი, თავდასხმა და მტრული რიტორიკა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, ხორციელდება ევროპის, დასავლეთისა და ლიბერალიზმის სახელით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

,,პარტიაზე მაღლა დგას რაღაც, როდესაც ქვეყანასა და სამშობლოზე ვსაუბრობთ”- კახა კალაძე

აქ არ არის მხოლოდ პარტიულ ინტერესებზე საუბარი და ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივარ, პარტიაზე მაღლა დგას რაღაც, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზე ვსაუბრობთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება შეაფასა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციის მხრიდან ისეთივე შემოტევა იქნება, როგორც 2020 წელს.

„მე მგონია, რომ მაინც იქნება შემოტევები და ზეწოლა. გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნები, როგორი ზეწოლა იყო – გვაბრალებდნენ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. წარმოიდგინეთ, იმ დონეზე მივიდნენ და ისიც კი იკადრეს, რომ პარალელური დათვლები გააყალბეს და ამით უნდოდათ ქვეყანაში რევოლუცია მოეწყოთ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ე.წ. მეგობრებისთვის მისაღები არ არის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვისაც რაღაცას უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი. ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

,,ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით“- ირაკლი კობახიძე

ჩვენ დავინახეთ ერთგვარი სასოწარკვეთილება ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დღიდან ერთი დღე არ გასულა, რომ მათ ამ ფაქტზე არ ესაუბროთ – ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან ისაუბრა, თუ რა არის ის გამოწვევა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა ისევ გადაწყვიტა ჩაბმულიყო პოლიტიკურ საქმიანობაში.

„როდესაც საუბარია, ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის უმნიშვნელოვანესი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ყველა მიმართულებით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, განსაკუთრებული როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში.

ჩვენ დავინახეთ ერთგვარი სასოწარკვეთილება ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დღიდან ერთი დღე არ გასულა, რომ მათ არ ესაუბროთ ამ ფაქტზე – ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ მიიღეს მათ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.

ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით“, – აღნიშნა კობახიძემ.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა

თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაიწყო.

მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

„მოხარული ვარ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო აქციას ჩვენი დედაქალაქიც უერთდება. კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. ასევე, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ არის  მიმართული. დაავადების პრევენციულ ღონისძიებებსა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მჯერა, რომ აღნიშნული აქტივობაც თავის წვლილს შეიტანს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში. ასევე, კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.

თბილისის სატელევიზიო ანძა სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

აღსანიშნავია, რომ 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.

კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ. წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.

ბათუმის ოთხი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა

ბათუმში, ოთხ სავაჭრო ცენტრში – “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” “ბათუმი მოლი” და “პლაზა” კინოლოგები მივიდნენ. ისინი შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.

ოთხივე სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეებისა და თანამშრომელთა სრული ევაკუაცია ცოტა ხნის წინ განხორციელდა.

სავაჭრო ცენტრებთან მყოფი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სამართალდამცავები დაახლოებით 17:30 წუთზე გამოჩნდნენ, ბათუმის ოთხივე სავაჭრო ცენტრში მუშაობა შეჩერებულია და შენობები ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, სადაც შესვლა დროები აკრძალულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

თბილისის მერიის განცხადება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 21:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

 

აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება,  კერძოდ:

 

ავტობუსი N308 და მიკროავტობუსები N512 და N531 გლდანიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან;

 

ავტობუსი N381 და მიკროავტობუსი N431 ავჭალის დასახლებიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან;

 

ავტობუსი N333 „თბილისი მოლის“ მიმართულებით, ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილისკენ“, რის შემდეგაც  დაუკავშირდება ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას და იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას შეცვლილი განრიგით იმოძრავებს მეტრო „სარაჯიშვილისკენ“ და გურამიშვილის გამზირით დაუკავშირდება ცოტნე დადიანის ქუჩას, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით;

 

ავტობუსი N386 სადგურის მოედნისკენ გადაადგილებისას, დავით გურამიშვილის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ცოტნე დადიანის ქუჩისკენ და ფიროსმანის ქუჩით დაუკავშირდება სადგურის მოედანს. უკუმიმართულებისას  ცოტნე დადიანის ქუჩით დაუკავშირდება გურამიშვილის გამზირს და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს. მიკროავტობუსი N550 ვარკეთილის დასახლებიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

,,უკრაინა, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში თავდასხმების შეჩერებას არ აპირებს”- კირილ ბუდანოვი

უკრაინა არ გეგმავს შეაჩეროს თავდასხმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მიუხედავად იმ შეშფოთებისა, რასაც უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები რუსეთის შესაძლო პასუხთან დაკავშირებით გამოხატავენ.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „ფაინენშალ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემა წერს, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმების თამამი ტაქტიკა იწვევს უკრაინის ზოგიერთი პარტნიორის შიშს, რომ ამას, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი მოჰყვეს.