ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრაქტორი კომპანიები შეიყვანონ შავ სიაში, რათა სამომავლოდ, იგივე პრობლემის წინაშე არ დადგეს რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტი ან უწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირას“ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოებზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად კონტრაქტორ კომპანიებს ვადები რამდენჯერმე გადაუწიეს, რათა ამით კომპანიებისთვის ხელი შეეწყოთ. თუმცა, ამასთან მერმა აღნიშნა, რომ „ის დამოკიდებულება, რაც ბოლო კვირების განმავლობაში იყო, მიუღებელია“.
„გულწრფელად ვამბობ, მთელი ჩემი ცხოვრება სპორტს შევალიე. ისე დავამთავრე სპორტული მოღვაწეობა, ვარჯიშზე ერთხელ არ დამიგვიანია, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა.
ეს დამოკიდებულება უნდა იყოს ყველაფერში: სამუშაოების შესრულების დროს, როდესაც ამხელა ქალაქს ემსახურები. ამ ფაქტის შემდეგ, რაც მივიღეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომპანიები შეიყვანონ შავ სიაში, რათა სამომავლოდ, იგივე პრობლემის წინაშე არ დადგეს რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტი ან უწყება“, – აღნიშნა კალაძემ.
გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანებით წარმოების გამო, მერიამ კონტრაქტები შპს RTD-სა და შპს „მილენიუმ ბილდერ გრუპს“ შეუწყვიტა. სწორედ ეს კომპანიები მუშაობდნენ 2023 წლის 19 აპრილიდან წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების გარკვეული ნაწილი უხარისხოდ და პროექტთან შეუსაბამოდ იყო შესრულებული. ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვერ გააკეთა პროგნოზი, როდის შეძლებდნენ კომპანიები დაესრულებინათ რეაბილიტაციის პროცესი.
ამჟამად გამზირზე სამუშაოებს „ჯეო გრუპი“, მერიის ახალ კონტრაქტორ კიდევ სამ კომპანიასთან ერთად დაასრულებს.