Home Blog Page 1753

რუსეთმა მოახერხა სანქციების დაძლევა – NYT

რუსეთმა მოახერხა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის დაძლევა და სარაკეტო წარმოების გაფართოება, რაც უკრაინას განსაკუთრებით დაუცველს გახდის მომდევნო თვეებში გაზრდილი თავდასხმების მიმართ, – ამის შესახებ RBC-Ukraine The New York Times-ზე დაყრდნობით იუწყება.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სანქციებმა აიძულა რუსეთი, მკვეთრად შეემცირებინა რაკეტებისა და სხვა იარაღის წარმოება 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისას, სულ მცირე, ექვსი თვით, თუმცა 2022 წლის ბოლოსთვის მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო წარმოებამ კვლავ დაიწყო წარმოება ჩქარი ტემპით.

The New York Times წერს, რომ რუსეთმა გვერდი აუარა ამერიკის საექსპორტო კონტროლს და გამოიყენა თავისი სადაზვერვო სამსახურები, რომლებიც კონტრაბანდულად ატარებენ ძირითად კომპონენტებს და ახორციელებენ მათ ექსპორტს სხვა ქვეყნებში, საიდანაც მათი რუსეთში მიტანა უფრო ადვილია. რუსეთი, კონტრაბანდის ფართო ქსელის მეშვეობით, იღებს მწირ კომპონენტებს მესამე ქვეყნებიდან, როგორიცაა სომხეთი და თურქეთი.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთში სამხედრო წარმოების განახლება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან მოსკოვმა გამოიყენა რაკეტები ელექტრო ქსელებზე და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, ასევე ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის დასატერორებლად.

ამერიკელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ რუსული რაკეტების წარმოების გაზრდამ შესაძლოა, შემოდგომასა და ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე მეტი თავდასხმა გამოიწვიოს.

“ნაციონალური მოძრაობა“ თავის არსებობის ბოლო პერიოდს გადის” – დავით მათიკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის არსებობის ბოლო პერიოდს გადის, წინასაარჩევნო პერიოდი და 2024 წელი იქნება ალბათ გადამწყვეტი ამ კუთხით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მალე, სულ მცირე ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია ვეღარ იქნება.

„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” თავის დროზე როგორც სისტემური დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური ძალა არ გასამართლდა და როგორც მაშინდელმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ მათ მოექცნენ არა ისე, როგორც იმსახურებდნენ, არამედ როგორც ქართველი ხალხი იმსახურებს, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ნათელი გახადა, რომ ვერ გაიაზრეს და გაითავისეს ის დანაშაულები, რაც ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი. არა დემოკრატიის შუქურა, არამედ ავტოკრატიის და ტირანიის ბუდე იყო საქართველო „ნაცმოძრაობის” ხელისუფლების პირობებში. ამიტომ ეს დაპირისპირება არის მცირე ნაწილი დუღილისა, სადაც სიბინძურე ზემოდან ექცევა და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ხდება, მაგრამ შიდა დინებებიც იმდენად მძიმე და ბინძურია, რომ ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას წარმოუდგენელია ჰქონდეს რაიმე პერსპექტივა მომავალ არჩევნებზე”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

“სააკაშვილს უნდა დავეთანხმო, რომ ერთიანობასთან დაკავშირებით წუხილი არსებობს” – თინა ბოკუჩავა

სააკაშვილის სულისკვეთებას ვიზიარებ, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ვასხივებდეთ ერთობას და ვმუშაობდეთ ერთობისთვის, კონსოლიდაციისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ გულისხმობს, რომ ოპოზიციას ერთი საარჩევნო სია ჰქონდეს.

„შესაძლებლობა მაქვს, ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს. სამწუხაროდ, ამ ნაწილში მიხეილ სააკაშვილს უნდა დავეთანხმო, რომ ერთიანობასთან დაკავშირებით წუხილი არსებობს, რადგან საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ავტოკრატიული რეჟიმების დამარცხება შესაძლებელია უფრო მეტად გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე. სააკაშვილის სულისკვეთებას ვიზიარებ, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ვასხივებდეთ ერთობას და ვმუშაობდეთ ერთობისთვის, კონსოლიდაციისთვის. ეს არ გულისხმობს ერთ საარჩევნო სიას, მაგრამ თანამშრომლობის განწყობა მნიშვნელოვანი იქნება წინასაარჩევნოდ. ოპოზიცია გაცილებით უფრო გაძლიერდება გაერთიანებების ფონზე, რაც გველოდება. ასეთ გაერთიანებებს ჩვენ ბიძგი მივეცით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6282 ლარი ეღირება, ევრო – 2.8211 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2745 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6238 ლარი ღირდა, ევრო – 2.8109 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2706 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 სექტემბერს ამოქმედდება.

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედია საშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად.

მოვუწოდებთ საზოგადოებას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

“თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი!” – კახა კალაძე

თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ნატო-ს.

მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატო-ს წევრობა იქნება.

„ერთადერთი რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს – ეს არის ნატო-ს წევრობა. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი!“ – განაცხადა კალაძემ.

“პარტიის გახლეჩის, ნგრევის გარდა, დღემდე „ნაცმოძრაობის“ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია” – ნიკა მელია

დღემდე, პარტიის გახლეჩის, ნგრევის, წევრების გარიცხვის გარდა, მენეჯმენტს არაფერი უკეთებია, სადღეგრძელოს სახით ერთობაზე საუბარი არ არის საკმარისი, როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა – დაშალო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილმა განაცხადა: „ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია; ხაბეიშვილი ბევრს მუშაობს, გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგრამ გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია“.

ნიკა მელიას თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ პარტიაში დღეს მძიმე ვითარებაა და აღნიშნა, რომ მენეჯმენტის მხრიდან შეცდომების აღიარების შემდეგ გამოსწორდება ვითარება.

„ჩემი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ორმაგ ტყვეობაში იმყოფება. ყოველთვის ვცდილობ, მის გაკეთებულ კომენტარებზე შეფასებები არ გავაკეთო, რომელიც შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. მან ასევე ისაუბრა პარტიის შიგნით დემოკრატიული პროცესის მნიშვნელობაზე. სამწუხაროდ, პარტია 5 თებერვლის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაშია. მას შემდეგ, რაც პარტიის მენეჯმენტმა პოლიტიკური საბჭო, დაახლოებით 80 ადამიანი, პრაქტიკულად, გაყარა პარტიიდან. აქ არ არის საუბარი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე. მე მოვულოცე მათ და დაიხურა ეს მძიმე ფურცელი. დღემდე, პარტიის ხლეჩის, ნგრევის, წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია. ერთობაზე საუბარი სადღეგრძელოს სახით არ არის საკმარისი. როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა – დაშალო. ჩემი შეფასებები ძალაში რჩება და ეჭვიც არ მეპარება, რომ პარტიაში დღეს არის მძიმე ვითარება. თუ გვინდა, გამოსწორდეს, მენეჯმენტმა უნდა აღიაროს შეცდომები და მხოლოდ ამის შემდეგ არის გამოსწორება შესაძლებელი“, – განაცხადა მელიამ.

მელიას თქმითვე, მისი გეგმა უცვლელია, რომ იყოს ხალხთან ერთად და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება მხოლოდ ხალხის ინტერესის გათვალისწინებით მოხდება.

„პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლაზე თუ აპელირებთ, პარტიას იდეურად დაშორდა უამრავი ადამიანი, რომლებიც დღეს არიან პარტიულ მენეჯმენტში. პარტია არ არის მხოლოდ საარჩევნო ნომერი და ლოგო, არის ღირებულება, ფასეულობა, იდეა და ამ ყველაფერს თუ ვინმე დაშორდა და დატოვა პარტია, არის ამ პარტიის ხელმძღვანელობა. პირდაპირ გეუბნებით, ვისაც გჯერათ, რომ დღეს პარტიას მართავს ლევან ხაბეიშვილი, წარმატებები. ასეთ ხალხთან საკამათო არაფერი მაქვს. ხალხის განწყობა, არა მარტო უბრალოდ პოტენციური ამომრჩევლის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის, სამწუხაროდ, არის არასახარბიელო პარტიის ინტერესებისთვის. ამ ყველაფერს სჭირდება მენეჯმენტის მხრიდან აღიარება, რომ დავუშვით შეცდომები, შევქმენით პრობლემები და არათუ პოტენციური ამომრჩევლის მოზიდვის შესაძლებლობა დავკარგეთ, არამედ გადაწყვეტილი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი შუაში გავყავით, ეს ყველაფერი განგებ მოხდა, უნებლიედ. ამაზე საჭიროა საუბარი მათი მხრიდან. შეცდომას თუ არ აღიარებ, ის არ გამოსწორდება. ჩემთვის მთავარია სიმართლე. იესო ქრისტე რომ მომევლინოს და მითხრას, დღეს პარტიას ლევან ხაბეიშვილი მართავსო, არ დავიჯერებ, რადგან ეს სიმართლე არ არის. უნდა შევეჩვიოთ სიმართლის თქმას.

მე მაინტერესებს საზოგადოება, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება და 2013 წელს შევუერთდი დამარცხებულ პარტიას. რიგი ადამიანები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტიდან, სრულიად მოწყვეტილი არიან პარტიაში არსებულ რეალობას. პარტიას, ფრაქციებს როდესაც ტოვებენ ადამიანები და შენ მათ უწოდებ სუს-ის თანამშრომლებს, არ ინტერესდები მათი წუხილით, სულ მცირე აუცილებელია პატივისცემის გამოვლენა ათასობით ერთგული ამომრჩევლისადმი“, – განაცხადა მელიამ.

შეკითხვაზე, „სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ წავა, განულდება, თქვენ ხომ არ გგულისხმობდათ?“ ნიკა მელიამ აღნიშნა:

„არავითარ შემთხვევაში. არც მე და არც ჩემი უამრავი თანამოაზრე არ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ოდესმე შეიძლება, გავნულდეთ. მარტივი მიზეზის გამო. გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ხალხის ინტერესთან ახლოს. არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მე მიგულისხმა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, კარგად ვიცით ერთმანეთის შესაძლებლობები. სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

“თავად დასუსტებული სააკაშვილი რომ ამბობს, ოპოზიცია სუსტიაო, ეს უკვე აჩვენებს, რა დღეშია რადიკალური ოპოზიცია” – გურამ მაჭარაშვილი

თავად დასუსტებული სააკაშვილი რომ ამბობს, ოპოზიცია სუსტიაო, ეს უკვე აჩვენებს, რა დღეშია რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ქართულ ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიების რეიტინგი პრაქტიკულად განადგურებულია.

„მათი ბელადიც კი მათ სისუსტეზე ლაპარაკობს. კარგი არ არის, როცა ქართულ ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიების რეიტინგი პრაქტიკულად განადგურებულია, მაგრამ ქართველი ხალხი სამშობლოში მეორე ფრონტის გახსნის მხარდაჭერას არავის აპატიებს. მათი ყოფილი და ამჟამინდელი ბელადი ოპოზიციის სისუსტეზე ალაპარაკდა მაშინ, როცა არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“რუსეთი გაიმარჯვებს „ბოროტების“ წინააღმდეგ უკრაინაში” – კიმ ჩენ ინი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ვასტოჩნის“ კოსმოდრომზე ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინს შორის მოლაპარაკებები ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და შეხვედრა „მნიშვნელოვანი, არსებითი“ იყო.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ბირთვული ომის რისკებთან დაკავშირებული საკითხები არ განხილულა.

ამასთან, მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა რუსეთთან ურთიერთობები მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და რუსეთს „დიდი ბოროტების დასამარცხებლად წმინდა ბრძოლაში“ გამარჯვება უსურვა. ასევე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ავიაციისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი იცავს საერთაშორისო ვალდებულებებს, „არსებობს გარკვეული შეზღუდვები“.

„რუსეთი იცავს ამ შეზღუდვებს, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც საუბარი შეგვიძლია, განვიხილავთ და ვფიქრობთ. არსებობს გარკვეული პერსპექტივა. რუსეთი თვითკმარი ქვეყანაა, მაგრამ არსებული წესების ფარგლებში, შესაძლებლობებიც გვაქვს, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ და განვიხილავთ“, – განაცხადა პუტინმა.

გავრცელებული ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. პუტინის თქმით, ამ კუთხით რუსეთს ჩრდილოეთ კორეისთვის შესათავაზებელი საკითხები აქვს.

„ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ჩვენ გარკვეული შეგვიძლია შეთავაზებები. ჰუმანიტარულ დახმარებასაც ვუწევთ ქვეყანას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, კიმ ჩენ ინი ფხენიანში დაბრუნებამდე ვლადივასტოკის მონახულებას გეგმავს.

“ლომჯარია როგორი „წარმატებული“ სახალხო დამცველიც იყო, ისეთივე პოლიტიკოსი იქნება” – გურამ მაჭარაშვილი

ნინო ლომჯარია როგორი „წარმატებული“ სახალხო დამცველიც იყო, ისეთივე „წარმატებული“ პოლიტიკოსი იქნება, რადგან მისი საჯარო გამოსვლა ყველას კარგად გვახსოვს, სადაც პირდაპირ აღიარა, რომ იყო სააკაშვილის უფლებების დამცველი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ცნობილია ლომჯარიას სიტყვები, როდესაც საკუთარ ქვეყანას ცეცხლის წვიმას უსურვებდა და აღნიშნა, რომ მას იარლიყები ყოველთვის ექნება.

„მისი საჯარო კადრებიც გვახსოვს – სასჯელაღსრულების მანქანას მივარდა, სადაც პატიმარი სააკაშვილი ეგონა და რომ უთხრეს, სააკაშვილი არ იყო, არც უკითხავს, სხვა პატიმარი რატომ იყო და ჟურნალისტებთან დადგა. მას არც უფიქრია, პატიმარი ცუდად რატომ იყო და ირღვეოდა თუ არა მისი უფლებები. ლომჯარიას საჯარო აღიარება, რომ პატიმარ სააკაშვილის ადვოკატია, ეს მას ბოლომდე გაჰყვება. ცნობილია მისი სიტყვები, რომ საკუთარ ქვეყანას ცეცხლის წვიმას უსურვებდა. მას იარლიყები ყოველთვის ექნება. კარგი იქნება, ასეთ „წარმატებულ“ ადამიანს თუ ოპოზიციას სათავეში ჩაუყენებენ. შეიძლება, ნინო ლომჯარიამ ლევან ხაბეიშვილს რაღაცნაირად აჯობოს, ოღონდ მხოლოდ პასუხებში, თორემ სირბილში ვერ აჯობებს, რადგან კარგად დარბის. ნინო ლომჯარიასი არა მხოლოდ გვეშინია, არამედ ვძრწით, რომ დიდი პოლიტიკური ძვრები არ მოხდეს, თუ გადაწყდება, რომ ლომჯარია პოლიტიკაში მოვა. ამის სურვილი არ მაქვს, რადგან მას წინ ვერავინ დაუდგება, ისეთი ძლიერი პოლიტიკოსი გახდება მისი წარსულიდან გამომდინარე. დღე და ღამე ვლოცულობთ, ოღონდ ლომჯარია არ მოვიდეს პოლიტიკაში. ვლოცულობ, პოლიტიკაში მოვიდეს, ოპოზიციის ლიდერი გახდეს, რათა კიდევ უფრო მეტად გამოაშკარავდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“სააკაშვილს ხალხის გაერთიანება უნდა, მაგრამ არ მესმის, ოპოზიციის სახელით რატომ ლაპარაკობს” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

სააკაშვილს ხალხის გაერთიანება უნდა, მაგრამ არ მესმის, ოპოზიციის სახელით რატომ ლაპარაკობს. ოპოზიციასთან რა შუაშია უგულავასთან და ვაშაძესთან ერთობა. ეს ოპოზიციის ძალიან სპეციფიკური ნაწილია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს თავმოყვარეობა აქვს და რაღაც სხვა მიზნები აქვს, ასეთ პარტიაში არავინ გაერთიანდება.

„არ დავიჯერებ, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ოპოზიციის გამარჯვება, ვიდრე არ გახსნის თავის ტელევიზიებს პარტიებისთვის, მათ შორის ჩვენთვის, რომელიც დაბლოკილია. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები ცენზურას ეწევიან, არ მგონია, შანსი იყოს, რომ რეალურად რამეზე ვილაპარაკოთ. ამაზე უფრო უნდა იზრუნოს მიხეილ სააკაშვილმა, რომ თავისი პარტია ღია იყოს და მართლა ცდილობდეს, ოპოზიცია გააძლიეროს. სხვა ოპოზიციის ჩაძირვით როცა ხარ დაკავებული, ვიდრე იმით, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხო, არ მგონია, ამის შემდეგ სააკაშვილმა შეიძლება, მთელი ოპოზიციის სახელით ილაპარაკოს.

ცხადია, თუ ვინმეს მართლა თავმოყვარეობა აქვს და რაღაც სხვა მიზნები აქვს, ასეთ პარტიაში არავინ გაერთიანდება. მიხეილ სააკაშვილს ხალხის გაერთიანება უნდა, მაგრამ არ მესმის, ოპოზიციის სახელით რატომ ლაპარაკობს. რა შუაშია უგულავასთან და ვაშაძესთან ერთობა ოპოზიციასთან. ეს ოპოზიციის ერთი და ძალიან სპეციფიკური ნაწილია. არ მგონია, უგულავას მისვლა-წამოსვლა რამეს შეცვლიდეს, მაგრამ ეს მათი საქმეა და მათ ჰკითხეთ, რა მოტივები აქვთ. სწორი არ არის, როცა ოპოზიციაზე ასე ლაპარაკობენ. ეს ოპოზიციის პატარა ნაწილია“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ამასთან, რაქვიაშვილმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, თუ რა უკარგავს ოპოზიციას რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

„საერთაშორისო არენაზე ოპოზიციას რეპუტაციას უკარგავს ის კომედია, ცირკი რაც, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა მოაწყო თავისი ჯანმრთელობის ირგვლივ. რეპუტაციას უკარგავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ტელევიზიაზე ცენზურაა გაჩაღებული. ასევე ის არათანმიმდევრულობა და არაადეკვატურობა, რომელიც ხდება პოლიტიკაში მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც სააკაშვილი დაბრუნდა. ბევრ შემთხვევაში ამის წყარო „ნაციონალური მოძრაობაა“. ეს უფროა ოპოზიციის პრობლემა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია“. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა: „ხაბეიშვილი ბევრს მუშაობს, გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგრამ გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია“.

“ჩვენ გავხსნით კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის, რომლებსაც პროცესის დაჩქარება სურთ”

20 წლის წინ მომხდარ დიდ გაფართოებას მისალმების ევროპული დღე დავარქვით, ამ 20 წლის განმავლობაში ვნახეთ ეკონომიკური მიღწევები, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გააუმჯობესა, მინდა, გავიხედოთ წინ ახალი გაფართოებისა და ეკონომიკური წარმატებებისკენ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ევროკომისიამ კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშები გადამწყვეტ პრიორიტეტად აქცია. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ წევრ ქვეყნებთან, რათა გამოვავლინოთ პროგრესი და პრობლემები და გავცეთ რეკომენდაციები მომავალი წლისთვის. ამან უზრუნველყო ანგარიშვალდებულება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წინაშე. ამან მოგვცა საშუალება, დაწყებულიყო დიალოგი წევრ სახელმწიფოებს შორის და ეს იძლევა შედეგს. მჯერა, რომ იმავეს გაკეთება შეგვიძლია მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვისაც და ამიტომაც მოხარული ვარ, დავაანონსო, რომ ჩვენ გავხსნით კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც პროცესის დაჩქარება სურთ. ეს მათ წევრ სახელმწიფოებთან თანაბარ დონეზე დააყენებს და დაეხმარება რეფორმების ძალისხმევაში. ეს დაგვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ჩვენი მომავალი არის თავისუფლების, უფლებებისა და ღირებულებების კავშირი ყველასთვის. ეს არის ჩვენს ინტერესებში. უბრალოდ დაფიქრდით 20 წლის წინ მომხდარ დიდ გაფართოებაზე. ჩვენ მას დავარქვით მისალმების ევროპული დღე. ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ეკონომიკური მიღწევები, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გააუმჯობესა. მე მინდა, ჩვენ გავიხედოთ წინ ახალი გაფართოებისკენ და ეკონომიკური წარმატებებისკენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.