Home Blog Page 1752

“ევროპაში დაწყებულია სისხლიანი, ვანდალური აქციები” -დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში მიმდინარე მასობრივ აქციებს მიმოიხილავს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, „სისხლიან, ვანდალურ აქციებზე“ ერთი ხელწერა შეინიშნება და მსგავსი პროვოკაციის მოწყობა იგეგმებოდა 6-8 მარტის აქციებზე საქართველოში.

„ამერიკაში აგორებული მოძრაობა BLM-ის (Black Lives Matter) შემდეგ, რომლის დანიშნულება და მიზნები ცდება მხოლოდ „რასისტულ“ კონტექსტს და ლიბერალური ფაშიზმის დღის წესრიგით იმართება, ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს დღეს უკვე ევროპაშიც. საფრანგეთში დაწყებული სისხლიანი, ვანდალური აქციები – დღეს უკვე იმართება ბელგიაში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში. მათ თავისუფლად შეგვიძლია MLM-ი (Migrant Lives Matter) დავარქვათ. პროტესტის საბაბი იდენტური იყო ამერიკაში განვითარებული მოვლენებისა, როდესაც პოლიციელს დაკავებისას „შემოაკვდა“ შავკანიანი ფლოიდი. საფრანგეთში, პოლიციელისთვის გაწეული დაუმორჩილებლობის გამო, 17 წლის ალჟირელი მოზარდი მოკლეს. მას შემდეგ ჯერ საფრანგეთში, ხოლო ახლა უკვე ევროპის ოთხ წამყვან ქვეყანაში დაიწყო ნამდვილი კოშმარი. დაკავებულია ათასობით პროტესტანტი. აქციების მონაწილენი – ახალგაზრდები და 15-წლამდე მოზარდებია.

შვეიცარიის მედია იუწყება ლოზანაში ღამის დარბევებისას დაკავებული პორტუგალიელი, ბოსნიელი, სერბი, სომალელი და ქართველი მიგრანტების თაობაზე. ბრიუსელში მხოლოდ გუშინდელ ღამეს დააკავეს 35 ადამიანი, აქედან – 31 არასრულწლოვანი. მხოლოდ გასულ ღამეს საფრანგეთში დააკავეს 719 ახალგაზრდა. მორიგეობის რეჟიმში იმყოფებოდა 45 ათასი პოლიციელი (აქედან 7 ათასი – მხოლოდ პარიზში). ჩვენ ვწერდით იმის თაობაზე, რომ „ორი ტრუპის“ სცენარის განვითარებას 6-8 მარტის აქციებზეც ჰქონდა რეალური საფუძველი. ამ სცენარის ფარგლებში მიმდინარეობდა პოლიციელების მიზანმიმართული პროვოცირება ისეთ საპასუხო ქმედებებზე, რომლის დროს შესაძლოა განვითარებულიყო ტრაგიკული მოვლენები. ჩვენთვის ალბათ გამზადებულიც კი ექნებოდათ მორიგი აბრევიატურა – NLM (Nazzi Lives Matter).

მადლობა ღმერთს, ჩვენი ახალგაზრდობის ზომბირებული, დატრენინგებული და გენმოდიფიცირებული ნაწილის „საზარბაზნე ხორცად“ გადაქცევის გეგმის „ლეტალური“ ნაწილი ამ ეტაპზე წარუმატებლად დასრულდა. ამაზრზენია სხვა რამ: როდესაც ამ გეგმის ხორცშესხმაში მონაწილეობდა საქართველოში აკრედიტებული დასავლელი ელჩების უმეტესობა, იგივე შემადგენლობა ნიანგის ცრემლებს ღვრიდა ერთ დაკავებულ პოტენციურ მკვლელზე, ხოლო დანარჩენი დაკავებულები, ამ ელჩების მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის გზით გაათავისუფლეს.

სად არიან ახლა ეს ელჩები? რას ნიშნავს მათი „კრავთა დუმილი“? სადაა ახსნა-განმარტება? რატომ იჭერენ „ბავშვებს“, მათ შორის -ქართველებს ლოზანაში? არა, მე ამ დუმილის მომხრე ვარ, ოღონდ პირველ რიგში, საქართველოსთან დაკავშირებით! ვოცნებობთ, როდის დადუმდებით საკუთარ თვალებში დირეებგამოტენილები ჩვენი „ბეწვების“ ძებნის პროცესის დროს. ან როგორ არ იღლებით? საკუთარ სახლებს რომ მიხედოთ – ვერა?“, – წერს დავით ქართველიშვილი.

მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტი გადადო. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, მაკრონის ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტი კვირას უნდა დაწყებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვიზიტი გადადო.

„სახელმწიფო ვიზიტი არის მეგობრობის ვიზიტი, წმინდა ცერემონიალი, უკეთესი დრო იქნება ამის გასაკეთებლად. ახლა ფრანგები ვერ გაიგებდნენ გერმანიაში რომ წასულიყო. ეს დღეები პარიზისთვის მნიშვნელოვანია“, – განუცხადა მაკრონის თანაშემწემ „როიტერს“.

„მაკრონი შაბათს ტელეფონით ესაუბრა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტის სპიკერმა.

საქართველოს რკინიგზა გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, 3 ივლისს რეისების ნაწილი გაუქმდა.

„ძვირფასო მგზავრებო! სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

#806 თბილისი-ბათუმი 06:30
#805 ბათუმი-თბილისი 14:30
#802 თბილისი-ბათუმი 08:00
#803 ბათუმი-თბილისი 08:10
#808 თბილისი-ბათუმი 10:35
#870 თბილისი-ზუგდიდი 08:40
#12 თბილისი-ოზურგეთი 08:50
#18 თბილისი-ქუთაისი 08:50
#873 ფოთი-თბილისი 07:20
#11 ოზურგეთი-თბილისი 09:00
#17 ქუთაისი-თბილისი 12:25

საგარეუბნო მატარებლები:

#6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50
#6417 ზესტაფონი-ხაშური  06:50

სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით, – წერს საქართველოს რკინიგზა.

როგორ მოწმდება წყლის ხარისხი შავ ზღვაში

„იმედის კვირა“ დაინტერესდა როგორ მოწმდება წყლის ხარისხი შავ ზღვაში. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ზღვის წყლის ხარისხს ყოველ 10 დღეში ერთხელ ამოწმებს. ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში, ანუ იქ, სადაც დამსვენებლები ცურავენ, იღებენ წყლის სინჯებს. შერჩეულია 7 ლოკაცია, იმისთვის რომ საერთო სურათი მთელ სანაპირო ზოლზე გამოჩნდეს.

წყლიდან აღებული სინჯები მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აისო სტანდარტის მქონე ლაბორატორიაში მიაქვთ. საბანაო წყალს 4 მთავარი სპეციალისტი ამოწმებს. ზღვის წყლის ხარისხის სანიტარულ-მიკრობიულოგიურ კვლევას 4 დღე სჭირდება. ამის შემდეგ უკვე ცნობილია შედეგები – რამდენად შეესაბამება დადგენილ ნორმებს ზღვის წყლის ხარისხი – ანუ ვარგისია თუ არა საბანაოდ.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალური კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ გახდა, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და აკვაკულტურის სამმართველოს უფროსი რამაზ მიქელაძე ამბობს, რომ კახოვკის ეკოკატასტროფის გავლენა საქართველოზე ნაკლებად სავარაუდოა.

„უკრაინიდან წამოსული წყალი დიდნაწილად ისევ ციკლურ დინებაში გადადის იქვე, დასავლეთ ნაწილში და წყლის ძალიან მცირე რაოდენობა მოდის აქეთ“, – განმარტავს ის.

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება. გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

 

2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცნობებს გამოსაცდელებს, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

 

წელს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა; სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე პირია დარეგისტრირებული. 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა; მათემატიკა – 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია – 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; გეოგრაფია – 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა – 700-მდე აბიტურიენტმა; ლიტერატურა – 1 300-მდე აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება – 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

 

უკრაინის კონტრშეტევა ხანგრძლივი და სისხლიანი იქნება – ამერიკელი გენერალი მარკ მილი

ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ რთული და „ძალიან სისხლიანი“ იქნება.

გენერლის თქმით, არ უკვირს, რომ კონტრშეტევის პროგრესი იმაზე ნელია, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. თუმცა, მარკ მილი დასძენს, რომ უკრაინა „ურყევად მიიწევს წინ“.

„პროცესი ცოტა ნელა მიდის, მაგრამ ასეთია ომის ბუნება. დღეში 500 მეტრი, ორ დღში 1000, მერე 2 000.  ომი ქაღალდზე და რეალობაში ერთმანეთისგან განსხვავდება. რეალურ ომში ნამდვილი ადამიანები იღუპებიან. რეალური ადამიანები არიან ფრონტის ხაზებზე და რეალური ადამიანები მართავენ ჯავშანტექნიკას. ნამდვილი ადამიანები იღუპებიან ასაფეთქებელ ნივთიერებებზე“, – განუცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალმა მილმა ვაშინგტონში, ეროვნულ პრესკლუბში შეკრებილებს.

მან ასევე გამოთქვა პროგნოზი, თუ რა დროა საჭირო კონტრშეტევის წარმატებისთვის.

„მე ვთქვი, რომ ამას დასჭირდება ექვსი, რვა, 10 კვირა და ეს ძალიან რთული იქნება. ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი და ძალიან, ძალიან სისხლიანი. ამასთან დაკავშირებით არავის არ უნდა ჰქონდეს რაიმე ილუზია. უკრაინელი ჯარისკაცები შეტევებს ახორციელებენ დანაღმულ მინდვრებზე, სანგრებიდან. ეს პირდაპირი მნიშვნელობით, სიცოცხლისთვის ბრძოლაა“, – ამბობს მარკ მილი.

ამასთან, როგორც მარკ მილი ამბობს, აშშ უკრაინას იმ რაოდენობის სამხედრო დახმარებას უწევს, „რამდენიც შესაძლებელია“.

როგორც BBC წერს, ამას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ „გარკვეული“ დასავლელი პარტნიორების დადანაშაულება უკრაინელი პილოტების დაპირებული გაწვრთნის გაჭიანურებაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ კიეველ პილოტების F-16-ის ტიპის ამერიკული წარმოების სამხედრო გამანადგურებლების გამოყენებაში გაწვრთნიდა, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა მოკავშირემ ამ პირობის შესრულება გააჭიანურა.

„ბიბისი“ ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ადრეც აღიარა უკრაინის კონტრშეტევის ნელი პროგრესი.

ხოლო უკრაინის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია უკრაინისთვის დასავლეთის მიერ შეპირებული იარაღის ნელი მიწოდებით.

„მე არ მჭირდება 120 თვითმფრინავი. მთელს მსოფლიოს არ ვემუქრები. შეზღუდული რაოდენობითაც საკმარისი იქნება“, – ამბობს ის.

ამასთან, როგორც BBC აღნიშნავს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი წინასწარ გაუხმაურებელი ვიზიტით ეწვია უკრაინას, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს შეხვდა.

„როგორც ითქვა, CIA-ს დირექტორმა განიხილა უკრაინის კონტრშეტევა რუსული ძალების წინააღმდეგ და ასევე, დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით“, – წერს BBC.

რუსეთში, კრასნოდარის სამხედრო აეროდრომთან აფეთქება მოხდა – Meduza

საინფორმაციო სააგენტო Meduza-ს ცნობით, კრასნოდარის მხარეში, სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს აფეთქება მოხდა.

როგორც გამოცემა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, აფეთქების ხმა დაახლოებით 16:00 საათზე გაიგეს, რის შემდეგაც შავი კვამლი გამოჩნდა.

Telegram არხმა Baza გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად გაჩენილი დიდი ზომის ორმო ჩანს – გავრცელებული ინფორმაციით, ის 10 მეტრის დიამეტრისაა და დაახლოებით ოთხი მეტრის სიღრმისაა.

ხოლო Telegram არხი Mash ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს რაკეტა, რომელსაც მიზანში აეროდრომის ტერიტორიაზე არსებული საწვავი და საპოხი მასალების საწყობი ჰქონდა ამოღებული.

როგორც რეგიონის გუბერნატორი ბენიამინ კონდრატიევი წერს, შემთხვევის შედეგად მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.

მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე იზრდება

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდიან.

გამოცემა „ეხო-კავკაზა“ “აზიმუტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია კვირაში შვიდი რეისის ნაცვლად 14 რეისს შეასრულებს.

„ამჟამად ფრენები ყოველ დილით სრულდება, ხოლო 5 ივლისიდან განრიგში გამოჩნდება საღამოს რეისიც“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ მიმართულებით კვირაში სამ რეისს დაამატებს Georgian Airways-ი.

გამოცემა წერს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე, საერთო ჯამში, კვირაში 24 რეისამდე გაიზარდება.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის მიერ დაარსებული უძრავი ქონების სააგენტოს გამოყენებით, თბილისში ბინის დაგირავების მსურველებს საპროცენტო სარგებლის პირობით სესხებას სთავაზობდა, რის სანაცვლოდაც სასურველი ბინების დაქირავებას და ნასესხები თანხის სარგებლით ბინის ქირის გადახდას ჰპირდებოდა, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, დაზარალებულებს თითქოსდა ნასესხებ თანხას დაუბრუნებდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებული მოძიებული ბინების მეპატრონეებთან ქირავნობის ხელშეკრულებებს წერილობით აფორმებდა და მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, ბინაში უპრობლემოდ იცხოვრებდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს სესხის სანაცვლოდ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფას სთავაზობდა, რა დროსაც ნასესხები თანხით შეძენილი ნაკლები ღირებულების მიწის ნაკვეთებს იყენებდა. დაკავებული მოქალაქეებთან აფორმებდა სესხის, სესხის და იპოთეკის, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებს და ამ გზით დაზარალებულების კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდა. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებული მოქალაქეთა  კუთვნილ, დიდი ოდენობით 962 574 ლარს დაეუფლა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა”და “ბ” ქვეპუნქტებით ( თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  დიდი ოდენობით, 30 ეპიზოდი)  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ზუგდიდის სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებობს უტყუარი მტკიცებულებები რაც ადასტურებს დაკავებულის დანაშაულს. სხდომა დახურული იყო.

ზუგდიდში, 50 წლის მამაკაცის მიერ 13 წლის მოზარდის სავარაუდო გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც დედამ მოზარდი გამოკვლევებზე კლინიკაში მიიყვანა და გოგონა 3 თვის ორსული აღმოჩნდა. ამის შემდეგ კლინიკამ სამართალდამცველებს მიმართა. პოლიციამ, გოგონას ჩვენების საფუძველზე, ბრალდებული 50 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც მოზარდის მეზობელია.

„პირდაპირი ფრენები რუსებს ევროპაში გასვლის შესაძლებლობას აძლევს, ეს შემაშფოთებელია“ – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსეთიდან პირდაპირი ფრენების დაშვებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ამით, რუსებს საშუალება ეძლევათ, საქართველოს გავლით გადავიდნენ ევროპაში, რაც დეგნანის თქმით, შეშფოთების საგანია.

„პირდაპირი ფრენები შეშფოთებას იმიტომ იწვევს, რომ საქართველოში არამხოლოდ მეტი რუსის ჩამოსვლის საშუალებას აჩენს, არამედ, [რუსები] საქართველოს იყენებენ იმისთვის, რომ შემდგომ, გადავიდნენ ევროპაში. ევროპამ გადაწყვიტა, ჩაკეტოს კარი მათთვის, რადგან ეს რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილია, ერთ-ერთი მექანიზმი, რომ რუსეთმა დაასრულოს ეს ომი.

ამ შემთხვევაში, ფრენები ხელს შეუწყობს რუსეთის მოსახლეობის ევროპაში გასვლას. რეალურად, ყველა ზომა, რაც მიღებულია, ემსახურება იმას, რომ რუსეთზე ზეწოლა მოხდეს, მათ მიერ აგრესიული ომის შეჩერებას ემსახურება სანქციები, შეთანხმებული კონტროლი საზღვრებზე და ასე შემდეგ“, – აცხადებს კელი დეგნანი.

,,ბილეთების ღირებულებების 100% დაუბრუნდებათ მგზავრებს”- პაატა მუჯირი

ბოლო დღეების დისკომფორტი გამოწვეულია საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით – დასავლეთ საქართველოში უამინდობის და უხვი ნალექის გამო, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის მოადგილემ, პაატა მუჯირმა განაცხადა.

„ბილეთების ღირებულების 100% უბრუნდებათ მგზავრებს. ექსპერტები, გეოლოგები, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ და ამ დროისთვის გზა გაწმენდილია. ველოდებით დასკვნას ექსპერტებისგან, როდესაც გვექნება ინფორმაცია, რომ გადაადგილება უსაფრთხო იქნება, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მატარებლები მოძრაობის განახლება“, – აღნიშნა პაატა მუჯირმა.

ხარაგაულში ჩამოწოლილმა მეწყერმა რკინიგზის ქსელი დააზიანა, რის გამოც სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. საქართველოს რკინიგზამ დღეს ყველა რეისი გააუქმა.