Home Blog Page 1748

იტალიის პოლიციამ რეკორდული რაოდენობის – 5.3 ტონა კოკაინი ამოიღო

იტალიის პოლიციამ სიცილიის სანაპიროსთან რეკორდული რაოდენობის (5.3 ტონა) კოკაინი ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ოპერაციის ფარგლებში, იტალიელმა სამართალდამცველებმა 20 პირი დააკავეს: ხუთი პირი სათევზაო გემიდან და 15 პირი პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემიდან, საიდანაც კოკაინი იყო გადაზიდული. ამოღებული ნარკოტიკული ტვირთის ღირებულება 850 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

დაკავებულებს შორის არიან იტალიის, ტუნისის, საფრანგეთის, ალბანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეები.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამართულ შეხვედრაზე რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მევენახეებმა მოსავლის რეალიზაცია კარგ ფასად შეძლონ და კიდევ უფრო გაძლიერდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა.

შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ღვინის ექსპორტი, შარშან 30%-მდე ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა და წელსაც, 6 თვეში ძალიან მაღალი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით. გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის – 103 მილიონი ლიტრი, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო. მინისტრის თქმით, ღვინის ექსპორტთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზეც.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო, მოსალოდნელია, რომ წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი არასათანადო ხარისხის იყოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მუხუზლა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის მასშტაბით დაანონსებული შეხვედრა გამართა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი, იმერეთის საბჭოს ხელმძღვანელ მარეხი ნიჟარაძესთან ერთად, ორგანიზაციის საბჭოს წევრებს, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ქალებს შეხვდა.

მათივე ცნობით, ქალთა ორგანიზაცია გამუდმებით ფართოვდება და სულ უფრო მეტ ძალასა და რესურსს იკრებს.

ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე პროექტები და ამავე დროს პრობლემური საკითხები, რომელთა განხორციელებაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება იმერეთის მოსახლეობისთვის.

“ორი „ლუზერის“ გაერთიანებით, ცხადია არაფერი შეიცვლება”- კახა კალაძე ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების გაერთიანება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არაფერს შეცვლის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას დღეს ფუნდამენტური პრობლემები აქვს, თუმცა მათ ამის დანახვა არ უნდათ.

„ვფიქრობ ამით არაფერი შეიცვლება. ზოგადად, დღეს ოპოზიციას აქვს ფუნდამენტური პრობლემები. არ ვიცი, ეს ადამიანები ვერ ხედავენ თუ არ უნდათ დაინახონ, რაშია მათი ძირითადი პრობლემები, ან ამის ანალიზს არ აკეთებენ, თუმცა არ მინდა, ამ სიღრმეებში შევიდე. ორი „ლუზერის“ გაერთიანებით ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგება არჩევნებზე. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეების ხვალინდელი დღე, იმ რეფორმების გაგრძელება, რომელიც წამოწყებული აქვს „ქართულ ოცნებას“, იმ პროექტების დასრულება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში, სოფელსა თუ ქალაქში მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი ძალა, რომელიც დღეს ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს, „ქართული ოცნებაა“.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელსაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად მოწოდებებისა – სანქციების მიერთება იქნება ეს თუ მეორე ფრონტის გახსნა. ერთადერთი ძალა, რომელიც მოქმედებს და იცავს ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები იმ რთულ ვითარებაში, იმ რთულ გარემოში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, იგივე მეორე ფრონტთან და სანქციებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს არსებულ გამოწვევებს, რეალობას. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი და ყოველთვის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთეს.

თურქეთს “გეოპოლიტიკური თვითმკვლელობა” ემუქრება -Cumhuriyet

“თურქეთს „გეოპოლიტიკური თვითმკვლელობა“ ემუქრება, – ნათქვამია თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „თურქეთი შეიძლება ომში ჩაბმაზე აიძულონ“, რომელშიც გადმოცემულია ჟურნალისტ ზეინეპ ჩამის საუბრის შინაარსი გადამდგარ კონტრ-ადმირალ ჯემ გიურდენიზთან. იგი თურქულ საზოგადოებას იმ საფრთხის თაობაზე აფრთხილებს, რომელიც „მარცვლეულის გარიგებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ წარმოიქმნა. თადარიგის კონტრ-ადმირალი ასევე კომენტარს უკეთებს ვილნიუსის სამიტის შედეგებსაც.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებაში“ თავისი მონაწილეობა შეაჩერა (დოკუმენტის მოქმედების ვადა 17 ივლისს გაუვიდა), დაიწყო დავა, თუ რა ბედი ელოდება „უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისათვის შექმნილ უსაფრთხო დერეფანს. როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის ფედერაციამ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომ ამიერიდან „უსაფრთხოების გარანტიები უქმდება. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა სატვირთო ხომალდი, რომელსაც გეზი უკრაინის ნავსადგურებისაკენ ექნება აღებული, ჩათვლილი იქნება როგორც სამხედრო ტვირთების პოტენციურად გადამტანი გემი, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით.

უკრაინული მარცვლეული და შავი ზღვის სადაო ზონები

ამასობაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევი და რიგი სხვა ქვეყნები მოლაპარაკებას აწარმოებენ, რომ უკრაინული მარცვლეული რუსეთის მონაწილეობის გარეშე იქნას გატანილი საზღვარგარეთ. ნიუ-იორკში ვიზიტით მყოფმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ „თურქეთს, გაეროს და უკრაინას, აგრეთვე რიგ დაინტერესებულ ქვეყნებს თავისუფლად შეუძლიათ ვადაგასული დოკუმენტის ჩარჩოებით ისარგებლონ და ახალი ინიციატივა წამოაყენონ. რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემაა ის, რომ რუსეთმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს მარცვლეულის გადამზიდავ გემს. ჩვენ ყველა ვარიანტს ვიხილავთ“.

ამ ამბების ფონზე გადამდგარმა კონტრ-ადმირალმა ჯემ გიურდენიზმა თურქული საზოგადოება გააფრთხილა, რომ შესაძლოა თურქეთი ომში იძულებით ჩაითრიონ. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შავ ზღვაში დღეს ტერიტორიული იურისდიქციის ზონები სადავოდ ითვლება და აღნიშნა: „თურქეთი არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად.

შესაბამისად, ყირიმის ნახევარკუნძულის ირგვლივ არსებულ საზღვაო იურისდიქციის ზონა უკრაინის ტერიტორიად ითვლება. მაგრამ იმავდროულად რუსეთი ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ყირიმი მას ეკუთვნის და რეგიონს საომარი მოქმედებების ზონად აცხადებს, ანუ კრიზისულ ზონად. ამიტომაც რუსეთს შეუძლია რეგიონში ბლოკადა შემოიღოს“.

„გეოპოლიტიკური თვითმკვლელობა?“

ჯემ გიურდენიზმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები „ჩვენ დერეფნით აუცილებლობის შემთხვევაში ყოველთვის ვისარგებლებთო“, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თურქეთის სრუტეების თვალსაზრისით. კონტექსტი ასეთია: ტვირთები ოდესიდან და უკრაინის სხვა ნავსადგურებიდან თურქეთის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებისაკენ წამოვლენ. რუსეთმა უკვე აცნობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას, რომ „დერეფანი“ უსაფრთხო აღარ იქნება. ასეთ სიტუაციაში თურქეთის გამოსვლა „მოხალისის როლში“ „გეოპოლიტიკური თვითმკვლელობის“ ტოლფასი იქნება. იმიტომ, რომ ამგვარ შემთხვევაში ანკარა ვალდებული იქნება რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს ნიშნავს, რომ „მარცვლეულის სცენარში“ თურქეთის მონაწილეობა რუსეთის გარეშე ანკარას აქტიურ ნეიტრალიტეტს დაარღვევინებს.

„ყველაზე ცუდი ივლისი თურქეთისათვის“

„ნატოს ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ალიანსის წევრი ვერ გახდა, მაგრამ სამაგიეროდ, გადაწყდა, რომ უკრაინის კონფლიქტი რუსეთთან გაგრძელდება“, – ამბობს ჯემ გიურდენიზი, – ამჟამად, ომის პირობებში, შავ ზღვაში არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების კუთვნილი ვერცერთი გემი ვერ შევა, მაგრამ დასავლეთი ამ დებულების შეცვლას ცდილობს. ამიტომ თურქეთის შებრუნება 180 გრადუსით დასავლეთისაკენ, რომელიც ანკარამ ვილნიუსის წინ აჩვენა, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, უკიდურესად არაშორსმჭვრეტელური ნაბიჯია. წლევანდელი ვილნიუსური ივლისი გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. დღემდე თურქეთისთვის ივლისის თვე გეოპოლიტიკური გამარჯვებების თვედ ითვლებოდა – ლოზანა, მონტრე, კვიპროსის სამშვიდობო ოპერაცია… მაგრამ იმავდროულად, 2023 წლის ივლისი, როცა ჩვენ რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, თურქეთისათვის ძალზე წარუმატებელი თვე გახდა. მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა თურქეთი თავისი გეოპოლიტიკური სიმდიდრის განკარგვამდე მიიყვანა. დღეს ჩვენ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში ვართ, მაგრამ მთავარი ეს არ არის – კრიზისის გადალახვა ორ-სამ წელიწადში შეიძლება, მაგრამ ათწლეულები დაჭირდება გეოპოლიტიკური ზიანის ანაზღაურებას, იმ უპირატესობის დაბრუნებას, რასაც დავკარგავთ, როცა დასავლეთის წინაშე გეოპოლიტიკურ დათმობებზე წავალთ და იმპერიალისტების მოთხოვნებს შევასრულებთ“.

რა შეიძლება გაკეთდეს?

გადამდგარი კონტრ-ადმირალის თქმით, უკრაინას შეუძლია პირდაპირი ორმხრივი შეთანხმებები გააფორმოს შავიზღვისპირა ქვეყნებთან: „ყველაზე სწორი, რის გაკეთებაც ახლა შეიძლება, არის ის, რომ უზრუნველყოფილი იქნას უკრაინული მარცვლეულის რკინიგზით გადაზიდვა საბერძნეთში, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, იქიდან კი ევროპაში და სხვა ქვეყნებში“, – ამბობს ექსპერტი.

საუბრის დასასრულს ჯემ გიურდენიზმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინიდან გატანილი ხორბლის დიდი ნაწილი აფრიკის და აზიის მშიერ ქვეყნებში კი არ მოხვდა, არამედ შედარებით მაძღარ ევროპაში: დასავლეთი მუდმივად აცხადებს, რომ მსოფლიოში შიმშილობა დაიწყებაო, მაგრამ აფრიკაში, რომელიც შიმშილს განიცდის, ბევრად ნაკლები ხორბალი მიდის, ვიდრე ევროპაში. აქაც ჩვენ სრულიად ნათლად ვხედავთ დასავლურ ორმაგ სტანდარტებს“.

როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება, უკრაინიდან „დერეფნის“ მეშვეობით გატანილი ხორბლის დაზუსტებული მოცულობა ასეთია: 40% – ევროპის ქვეყნებში, 30% – აზიის ქვეყნებში, 13% – თურქეთში, 12% – აფრიკაში, 5% – ახლო აღმოსავლეთში“.

წყარო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ივლისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5771 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5771 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5693 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8673 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0131 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას” – მიხეილ სააკაშვილი

მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული მომენტისთვის. ამის მიხედვით დადგინდება მომავალი პრემიერიც და მინისტრებიც, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას ეხმაურება.

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ვაშაძეზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას ახალ გაერთიანებაში უკიდურესად სასარგებლო როლი აქვს.

„თან არ დაგვავიწყდეს, რომ „ხელისუფლება” კოშმარულ სიზმარშიც კი არ უშვებს იმას, რაც მე გავაკეთე 2012-ში – კერძოდ კი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, მაგრამ მოუწევთ და რაც უფრო დროზე დაუშვებენ საკუთარ თავში ამ აზრს, მით უკეთესი მათთვის და რა თქმა უნდა, ქვეყნის მომავლისთვის. განსაკუთრებით მინდა ვთქვა გიორგი ვაშაძეზე. მან მოასწრო და იყო „ვარდების რევოლუციის“ პირველ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი, არა მხოლოდ იუსტიციის სახლების, არამედ ბევრი სხვა ძალიან საინტერესო იდეების გენერატორი. შემდეგ ის აღმოჩნდა კიევში სადაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა უკრაინელ დეპუტატებს და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ასევე საერთაშორისო არენაზე. მის სიტყვას ნამდვილად აქვს წონა მთელს უკრაინაში, რაც უკრაინის საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ ძალიან სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა. ამ წლებში ამ წლებში ჩვენ გვიკამათია და არც ყველაფერზე ვთანხმდებოდით, მაგრამ მის როლს მე ვაფასებ როგორც ძალიან დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში,“ – წერს სააკაშვილი.

პოლიტიკური გაერთიანების შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, ისინი “რუსული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად საერთო სტრატეგიას შეიმუშავებენ. მათივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების პლატფორმას ქმნიან და აცხადებენ, რომ გამარჯვების პლატფორმაში კარი ყველასთვის ღიაა.

“ძალა ერთობაშია”-ს წარმატებაზე შეგვიძლია, ვიკამათოთ, მაგალითად იმის მიხედვით, წარმატებული იყო თუ არა თაკო ჩარკვიანის შეყვანა პარლამენტში -იაგო ხვიჩია

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, მაგრამ ეს გაერთიანება მაგონებს „ძალა ერთობაშია 2“-ს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე.

ხვიჩიას თქმით, „ძალა ერთობაშია“-სგან განსხვავებით, გუშინ გამოიყურებოდნენ უფრო მოკრძალებულად, ვიდრე ამბიციურად.

„„ძალა ერთობაშია“ რამდენად წარმატებული იყო, ამაზე შეგვიძლია, ვიკამათოთ. მაგალითად, თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შეყვანა თუ წარმატება იყო, წარმატებული იყო, „ქართული ოცნების“ შეცვლა თუ იყო მიზანი, მაშინ არ იყო წარმატებული. თუმცა, „ძალა ერთობაშია“-სგან განსხვავებით, აქ უფრო ცოტა პარტიაა და უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ გუშინ, ვიდრე ამბიციურად. კი თქვეს, რომ ჩვენ მომავალში მოვიფიქრებთ გზასო, მაგრამ ჯერ მოფიქრებული არცერთი გზის პრეზენტაცია არ ყოფილა, რამაც ცოტა ელვარება დააკლო გუშინდელ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“დავემშვიდობეთ გიორგი ვაშაძეს, სამეული მოკვდა, აღარ არსებობს”-ცოტნე კობერიძე

პროდასავლური პარტიების მსხვილი ცენტრის გაკეთება შესაძლებელია. უბრალოდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ამ ცენტრში ყოფნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და წითელი ხაზია, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პლატფორმას არ შეუერთდა.

ამასთან, ცოტნე კობერიძის თქმით, სხვა პარტიებთან გაერთიანების საკითხზე ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

„აქედან გამომდინარე, გიორგი ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას არ განვავრცობთ ჩვენს პარტიაზე და დავემშვიდობეთ გიორგი ვაშაძეს, სამეული მოკვდა, აღარ არსებობს. ამის მიღმა წითელი ხაზები არ გვაქვს, არც, მათ შორის, „ლელოსთან“, არც სხვებთან. სერიოზულად თუ დაიძვრება ეს საკითხი, მზად ვართ. ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ახლა ყველა პარტია მაინც გადასულია საკუთარი რეიტინგისა და რესურსების დათვლაზე“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

კითხვაზე, როდის შეიძლება საზოგადოება კონსულტაციებსა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას ელოდოს, ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ „გირჩი – მეტი თავისუფლებაზე“ არ არის დამოკიდებული.

„მზად როცა იქნება, მათ შორის „ლელო“ და სხვა პარტიებიც, მაშინ გვექნება ჩვენც მზაობა. ზოგადად, ჩვენ გაერთიანებებზე საუბარი დავიწყეთ ერთი წლის წინ, როცა ყველა ალმაცერად გვიყურებდა, დასცინოდა ამ იდეას და ახლა ყველა დასწრებაზეა, დაიბრალოს, რომ თვითონაა ამ იდეის ინიციატორი“, – აღნიშნა ცოტნე კობერიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, პარტია „ლელოსგან“ ხომ არ ყოფილა კონკრეტული შემოთავაზება გაერთიანებასთან დაკავშირებით, ცოტნე კობერიძემ განაცხადა:

„გარდა საჯარო და ზოგადი თქმისა, რომ სურთ, მესამე ძალა გაკეთდეს, რაიმე სერიოზული კონსულტაცია არ ყოფილა. გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ დააჩქარა ეს ამბავი, ყველა პოლიტიკოსს მედია უსვამს ამ შეკითხვას და შემდეგ ყველა პოლიტიკოსი სცემს პასუხს, რომ გაჩერებული კი არ არის, არამედ ამ თემებზე მიმდინარეობს კონსულტაციები. ეს შაბლონური პასუხია, სინამდვილეში, ჯერ სერიოზული საუბრები არ არის“, – აღნიშნა ცოტნე კობერიძემ.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განაცხადების მიღება ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

„ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს უკვე მოეწერა ხელი შერჩეულ კლინიკებთან. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდის მეშვეობით მოხდება განხილვა, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება.

“დოკუმენტებით ირკვევა, რომ თურმე მიღებული რეზოლუციები, საქართველოს და ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, ფარსი იყო და ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდნენ”- კახა კალაძე

დოკუმენტებით ირკვევა, რომ თურმე მიღებული რეზოლუციები, საქართველოს და ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, ფარსი იყო და ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდნენ – ცუდია ის, რომ ამაში ჩართულები იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ის აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, გავრცელებული დოკუმენტებით დადასტურდა ის, რასაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამ ხნის განმავლობაში საუბრობდნენ.

„კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა, პრაქტიკულად, დადასტურდა ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული კამპანია, რომელიც ძალიან დიდ ტყუილს და სიბინძურეს შეიცავდა და მთლიანად ფარსი იყო, საქართველოს, ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული იყო. ასევე, ზოგადად, ქვეყნის გაშავებისკენ მიმართული იყო. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოიკვეთა ის სიბინძურე, რაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხდებოდა. ეს ყველაფერი შენიღბულია ვითომ ლობიზმით, რაც ძალიან სამწუხაროა. აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ თურმე მიღებული რეზოლუციები, საქართველოს და ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, ეს ყველაფერი ფარსი იყო და ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდნენ. ამას სამწუხარო პოლიტიკა ჰქვია, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ცუდია ის, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა და ამაში ჩართულები იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, შესაძლოა პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის კლინიკა „ვივამედიდან” გამოტანა, მონაცემების გაყალბებას და ახალი კამპანიის დაწყებას ემსახურებოდა.

„რა თქმა უნდა, კარგი თანამშრომლობის პრინციპს ეწინააღმდეგება ის ქმედებები, რაც კონკრეტულმა ექიმებმა განახორციელეს და მე არ ვარ იმაში დარწმუნებული და არ მჯერა, რომ ეს რაღაც მათი თვითშემოქმედება იყო. ეს არის ერთი დიდი ხაზი, მთლიანად დაწყებული სააკაშვილის საქართველოში შემოგორებით, ის კამპანია, მთლიანად ერთი დიდი ხაზისგან შედგება, ეს ყველაფერი, რაც იკვეთება ამერიკულ-რუსულ კანონში, ვგულისხმობ FARA-ს, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა ქმედებებს ეწეოდნენ, რა ე.წ. ლობიზმი მიმდინარეობდა, სინამდვილეში ეს ყველაფერი კორუფციაა, უბრალოდ ლობიზმად აქვთ შენიღბული. თეთრზე როდესაც შავს იძახიან და სიცრუეს ავრცელებენ, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს და ამას პოლიტიკას არქმევენ. შესაბამისად, იმ ექიმების ქმედებებიც სამარცხვინოა. ვფიქრობდი, რომ გამოვიდოდნენ და ბოდიშს მოიხდიდნენ იმიტომ, რომ თვითონაც იყვნენ ჩართულები. ეჭვი, რაც გვაქვს, კიდევ უფრო ღრმავდება, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული იყო იმისთვის, რომ აღნიშნული მონაცემები გაეყალბებინათ და ამასთან დაკავშირებით ახალი კამპანია დაეწყოთ”, – განაცხადა კალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“. განკარგულების საფუძველზე 367 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 409 ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი ბინები და როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.

დევნილებისთვის გადასაცემი ქონება მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, დაბა ჩხოროწყუში, შიდა ქართლში, თელავში, მცხეთაში, ბორჯომში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთში, ბათუმსა და რაჭა-ლეჩხუმში.