Home Blog Page 1746

,,სააკაშვილის აუცილებლად გავათავისუფლებთ”- ვაშაძე

მესმის, ახლა ვიღაცებს უნდათ, თანამდებობების თემაზე ჩაგვციკლონ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მათთან საუბარი, მსჯელობა და მთელი ერის, ქართული ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია, რათა საქართველო იყოს ძლიერი, რეგიონის ლიდერი, ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფუძნებულ „გამარჯვების პლატფორმასთან“ დაკავშირებით განუცხადა.
ვაშაძის თქმით, მათი სტრატეგია არის მხოლოდ გამარჯვება.

ამასთან, ექნება თუ არა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან და შეათანხმებს თუ არა მასთან გადაწყვეტილებებს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილთან მას აქამდეც ჰქონდა კომუნიკაცია.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე მასთან მქონდა კომუნიკაცია. ვაპირებ, გავაგრძელო კომუნიკაცია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშას პარტია და მიხეილ სააკაშვილი დღეს არის სიმბოლო დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის რუსულ ტერორისტულ რეჟიმთან და მას აუცილებლად გავათავისუფლებთ. გაერთიანების პირველი ეტაპი იქნება სექტემბერ-ოქტომბერში. ნახავთ ახალ ადამიანებს. ჩვენ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში ვართ“, – განაცხადა ვაშაძემ.

“აშშ-ის ელჩს რა არ აქვს წაკითხული, რაც გამოქვეყნებულია თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონით?”- ზარქუა

აშშ-ის ელჩს რა არ აქვს წაკითხული, რაც გამოქვეყნებულია თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონით? დოკუმენტმა ფარდა ახადა იმ ლობისტურ საქმიანობას, ეს როგორ არ აქვს წაკითხული, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

კერძოდ, დეგნანმა აღნიშნა, რომ არ უნახავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზეა საუბარი.

„რა არ აქვს წაკითხული, რაც გამოქვეყნებულია თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონით? დოკუმენტებმა ფარდა ახადეს იმ ლობისტურ საქმიანობას. ეს როგორ არ აქვს წაკითხული, რომელიც პირდაპირ, ერთი-ერთში ეხება პატიმარ სააკაშვილს, მის დაფინანსებულ კამპანიას და, ამ კამპანიის შედეგად, შემდეგ უკვე ევროპარლამენტარებისა თუ სენატორების განცხადებებს, რაც ეხება ჩემს ქვეყანას, სადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შავი პიარი ხორციელდებოდა. ამაზე რეაგირება ისე, რომ იცი რა, წაკითხული არ მაქვს და არ ვიცი, რაზეა საუბარი, ძალიან სამწუხაროა.

იცით, რომ ახალი ელჩი დაინიშნება და ეს ბოლო დღეებია ქალბატონი დეგნანი საქართველოში, ვწუხვარ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები წინ ვერ წასწია, რბილად რომ ვთქვათ, რადგან წლებია, საქართველო დამსახურებულად ითხოვს, მათ შორის გამარტივებულ მიმოსვლას აშშ-თან, რადგან ის ჩვენი მთავარი პარტნიორია, თავისუფალ ვაჭრობას, როგორც ეს ევროკავშირთან გვაქვს, სამწუხაროდ, არ არის, ასევე პირდაპირ რეისებს. მგონია, შეეძლო, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ამ მიმართულებით. მისი განცხადებებით კი, მრჩება შთაბეჭდილება, პირიქით, ხელი შეუწყო პოლარიზაციას და ეს ძალიან სამწუხაროა. დარწმუნებული ვარ, ახალ ელჩთან ახალი შემართებით შევძლებთ საერთო, საქართველოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წარმართვას და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდებით ახალი ელჩის პირობებში აშშ-სა და ევროატლანტიკურ სივრცეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ

“მწუხარებით ვემშვიდობები ვადიმ პრისტაიკოს, რომელიც უკრაინის დიდებული ელჩი ბრიტანეთის მეგობარი იყო”- ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს გათავისუფლებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„მწუხარებით ვემშვიდობები ვადიმ პრისტაიკოს, რომელიც უკრაინის დიდებული ელჩი და ამ ქვეყნის მეგობარი იყო. იმედი მაქვს, მალე სხვა ინკარნაციაში ვიხილავთ“, – წერს ჯონსონი.

“ჩვენი სტრატეგია არის გამარჯვება, გამარჯვება და გამარჯვება”- გიორგი ვაშაძე

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავაფუძნეთ „გამარჯვების პლატფორმა“, შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია გამარჯვება. მესმის, ახლა ვიღაცებს უნდათ, თანამდებობების თემაზე ჩაგვციკლონ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მათთან საუბარი, მსჯელობა და მთელი ერის, ქართული ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია, რათა საქართველო იყოს ძლიერი, რეგიონის ლიდერი, ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, მათი სტრატეგია არის მხოლოდ გამარჯვება.

„გაერთიანების პირველი ეტაპი იქნება სექტემბერ-ოქტომბერში. ნახავთ ახალ ადამიანებს. ჩვენ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში ვართ. ხომ იცით, არ მიყვარს ზედაპირული მუშაობა, მიყვარს სისტემური მუშაობა, ასეთ მძლავრ დაგეგმვის ფაზაში ვართ. მეორე ეტაპი უკვე გაზაფხულზე იქნება. ჩვენი სტრატეგია არის გამარჯვება, გამარჯვება და კიდევ ერთხელ გამარჯვება. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე. ეს იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა – ქართველ ხალხთან ერთად დიდი გამარჯვების მოპოვება“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, „გამარჯვების პლატფორმა“ იქნება საერთო ეროვნული, სახალხო დიდი გამარჯვების პროცესი და იქნება პლატფორმა, სადაც ყველას შეუძლია, შემოვიდეს“.

„ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ინდივიდი შემოვიდეს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ჩვენ მათ ვუსურვებთ ასევე კონსოლიდაციას და გულწრფელად, ღიად გეტყვით, ახლა ასე სწრაფად ეს ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ ყველას კონსოლიდაციისკენ. ამიტომ ყველასთვის გზა დაგვილოცია, საერთო დიდ გამარჯვებაში ყველა ერთად ვიქნებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, ითანამშრომლებენ თუ არა ნიკა მელიასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ნიკა მელიას საკითხი არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საკითხი“.

„მე ჩემს პოზიციას გეტყვით. ვფიქრობ, ნიკა მელიას ნამდვილად შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს რუსული საოკუპაციო რეჟიმისგან საქართველოს განთავისუფლებაში. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ექნება თუ არა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან და შეთანხმებს თუ არა მასთან გადაწყვეტილებებს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილთან მას აქამდეც ჰქონდა კომუნიკაცია.

„ვაპირებ, გავაგრძელო კომუნიკაცია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშას პარტია და მიხეილ სააკაშვილი დღეს არის სიმბოლო დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის რუსულ ტერორისტულ რეჟიმთან და მას აუცილებლად გავათავისუფლებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყირიმში, საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქება მოხდა

ყირიმში, საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქება მოხდა.

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, აფეთქება უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად განხორციელდა.

ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი სერგეი აქსიონოვი აცხადებს, რომ „დეტონაციას“ ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც საწყობიდანა მოსული კვამლი ჩანს და აფეთქებების ხმა ისმის.

აქსიონოვმა საწყობიდან ხუთი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა. ასევე შეჩერდა მოძრაობა ყირიმის რკინიგზაზე.

ამასთან, დღეს უკვე მეორედ ყირიმის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.

https://t.me/holodmedia/11855

“გამარჯვების პლატფორმა” შექმნილია სააკაშვილის გარშემო- ცხადია, ის ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში”-ხაბეიშვილი

„გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „გამარჯვების პლატფორმის“ თანამშრომლობა დაფუძნებულია თანასწორობაზე.

„მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე, ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ხალხი, ჩვენი ხალხის მსახურება და ამ ხალხის პრობლემებზე ორიენტირება, მოქმედებაში მოყვანა, რათა ეს პრობლემები გადაიჭრას. დანარჩენი ბლა, ბლა, ბლა და სისულელეები, არავის აინტერესებს.

ეს არის „გამარჯვების პლატფორმა“. ჩვენ აუცილებლად დავარწმუნებთ თითოეულ მოქალაქეს, რომ რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად ძალა არის მის ხელში. ამ ქვეყანაში რუსული მთავრობა არ უნდათ და უნდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამაზე ყველა კვლევა საუბრობს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას არცერთ კვლევაში არ აქვს ფატობრივად 90%-ზე ნაკლები“, – განაცხდა ხაბეიშვილმა.

ევროპის ისტორიის ახალი თავი დღეს უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში იწერება – ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა,  ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა.

„ჩვენი კავშირის ისტორია არის ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორია, რომლებიც ერთად ძლიერდებიან. ეს არის გერმანიის და იტალიის ისტორია, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ეს არის დიქტატურიდან დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიის და საბერძნეთის გზის ისტორია. ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლოდავაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იდგება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. მისი თქმით, უკრაინა არა მხოლოდ თავისი, არამედ ყველა ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის ევროკავშირისკენ მისწრაფებებზეც ისაუბრა.

„უკრაინელებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ეს კი ნიშნავს ღრმა და სტრუქტურულ რეფორმებს დაწყებული სასამართლოს დამოუკიდებლობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, უმცირესობების უფლებების დაცვითა და მედიის თავისუფლებით დამთავრებული. უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავია იმის ხილვა, როგორ სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა ამ რეფორმებს, ომის მიუხედავად“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“სწორედ „ფარას“ კანონმა, რომელსაც რუსული დაარქვეს, ამხილა, რომ კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რასას საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს ლობისტური კომპანიები უწერდნენ”- ზარქუა

სწორედ „ფარას“ კანონმა, რომელსაც რუსული დაარქვეს, ამხილა, რომ კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რასას საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს ლობისტური კომპანიები უწერდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უმრავლესობა ვამბობდით, რომ იმ ევროპარლამენტარების ის ნარატივი, მიღებული ორი რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის და ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი იყო დაფინანსებული სააკაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან. ამას ცხადად, არგუმენტებით ვამბობდით და წინა კვირას გამოჩნდა, რომ სწორედ იმ კანონმა, რომელსაც შემდეგ რუსული დაარქვეს, ეს არის „ფარას“ კანონი, ამხილა ისინი. სადაც ჩანაწერია, თურმე ამ ევროპარლამენტარებს, ამ კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რასას, რაისას და ა.შ საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს უწერდნენ ეს ლობისტური კომპანიები, რომლებიც მილიონობით ფულს იღებდნენ სააკაშვილის ოჯახისგან. კიდევ ერთხელ მოხდა მათი ლუსტრაცია. ამიტომ ვამბობდით, რომ ესენი არა საქართველოს, არამედ კონკრეტული პარტიის მეგობრები იყვნენ, ეს რაღაც ვიწრო წრე ევროპარლამენტარების და არამხოლოდ ევროპარლამენტარების, მთელი სქემაა. სააკაშვილმა რაც ძარცვა ეს ქვეყანა და მერე უკრაინა, ამ ნაძარცვი ფულით ხდება შემდეგ დაფინანსება სწორედ ამ ლობისტური ხასიათის კამპანიის“, – განაცხადა ზარქუამ.

“უკრაინა თავისი ტერიტორიის დეოკუპაციას ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძობს”-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ თავისი ტერიტორიის დეოკუპაციას განაგრძობს.

აღნიშნულ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური თავის ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

„უკრაინა კონტრშეტევის ინტენსიურების მომენტს უახლოვდება“, – განაცხადა ასპენის მე-14 ყოველწლიური უსაფრთხოების ფორუმზე (Aspen Security Forum) ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაგვიანების გამო, რომელიც უკრაინული ჯარის ცოცხალი ძალის შესაძლო დანაკარგებთან იყო დაკავშირებული, რუსეთმა რამდენიმე თავდაცვის ხაზის შექმნა მოასწრო და ბევრი ტერიტორია განაღმა, რაც კონტრშეტევას ართულებს.

“ვაფრთხილებ ვაშაძეს – კიდევ რაიმე მცდელობა გექნება, რომ ჩემი ხაბე დამიჩაგრო და შენ პირადად მოგთხოვ”- ირაკლი ზარქუა

ვაფრთხილებ ვაშაძეს – კიდევ რაიმე მცდელობა გექნება, რომ ჩემი ხაბე დამიჩაგრო და შენ პირადად მოგთხოვ. აბა, სერიოზულად, ამათზე როგორ უნდა ილაპარაკო?!, – ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ერთიანი პლატფორმის შექმნის იდეას.

„მე ვაფრთხილებ ვაშაძეს – კიდევ რაიმე მცდელობა გექნება, რომ ჩემი ხაბე დამიჩაგრო და შენ პირადად მოგთხოვ. სერიოზულად, ამათზე როგორ უნდა ილაპარაკო?! ჭიჭემ რა ამოწურა იმ „ტროიკასთან“ ურთიერთობა? ის მიაგდო და ახლა – ახალი! არაფერი, ესენი არიან პარტიიდან პარტიაში გადამსვლელები, მომთაბარე ტომებივით. ასე, რომ რა შედეგი უნდა იყოს?! არაფერი! ვიხალისებთ და მოგვეცემა საშუალება და კიდევ ერთხელ დავცინოთ ამ ხელმოცარულებს. გვექნება წაგებისთვის გამზადებული კიდევ ერთი პლატფორმა ჭიჭესა და ჩემი ხაბეს ლიდერობით. ესაა და ეს! გავერთოთ. წინ გვაქვს მთელი საარჩევნო მარათონი“, – განაცხადა ზარქუამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთეს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ირანის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1978 წელს დაბადებული ბ.რ. და 1978 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში (BCT) სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

„სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიმართა და ფიცის დადება მიულოცა.

დღეიდან ისინი სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 8-კვირიანი პროგრამის ფარგლებში სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. ღონისძიების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო მომზადების კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

ფიცის დადების ცერემონიას ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.