Home Blog Page 1746

ვწუხვართ, რომ ომში გვიბიძგებენ, მაგრამ ისრაელელებმა იციან, რომ ეს არ იქნება „პიკნიკი“ -ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, აბდალა ბუ ჰაბიბის განცხადებით, ლიბანი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ქვეყანას ისრაელთან ომისკენ უბიძგებენ. მისივე თქმით, ასეთი კონფლიქტი ისრაელისთვის „პიკნიკი“ არ იქნება.

„თქვენ იცით, ჰეზბოლას უფრო მეტი საშუალება აქვს, ვიდრე „ჰამასს“ და ამიტომ ვამბობ, რომ ეს ძალიან რთული იქნება. ამას ყველასთვის ძვირი საფასური ექნება. რა თქმა უნდა, ისრაელს ჰყავს საჰაერო ძალები და მათ შეუძლიათ დომინირება ჰაერზე და ხმელეთზეც, მაგრამ მთლიანობაში, ეს ყველასთვის საზიანო იქნება. ვწუხვართ, რომ ომში გვიბიძგებენ, მაგრამ ისრაელელებმა იციან, რომ ეს არ იქნება „პიკნიკი“, – აღნიშნა აბდულა ბუ ჰაბიბიმ.

მედიის ცნობით, ისრაელ-ლიბანის საზღვარზე დაძაბული ვითარების გამო, იზრდება შეშფოთება, რომ ლიბანი შესაძლოა, ჩაითრიონ რეგიონულ კონფლიქტში. მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება აუცილებელია.

“რაც დრო გადის, ვრწმუნდებით, რომ აუცილებელია როგორც ამ პოლიტიკური რეჟიმის – „ნაცმოძრაობის” გასამართლება, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება”

რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ აუცილებელია როგორც ამ პოლიტიკური რეჟიმის – „ნაცმოძრაობის” გასამართლება, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოებში, საქართველომ მოიგო ყველა დავა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დადგა დრო, რომ ყველამ აგოს პასუხი ნებისმიერ სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც 2008 წლის ომში შეიძლება ჩადენილიყო.

„რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ აუცილებელია როგორც ამ პოლიტიკური რეჟიმის – „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოებში, საქართველომ მოიგო ყველა დავა. ანუ ის, რომ საქართველოს სახელმწიფო, ქართული ჯარი გამართლდა. ახლა დადგა დრო, რომ ყველამ აგოს პასუხი ნებისმიერ სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ჩადენილიყო 2008 წლის ომში. იმ ფონზე, როდესაც უცხოეთში აკეთებინებენ განცხადებას, რომ საქართველო თურმე უკრაინას ჩამორჩა. ყველა კარგად ვხედავთ, დღეს საქართველო რით არის ჩამორჩენილი უკრაინას, სამწუხაროდ, უკრაინა „დაწინაურებულია” ომით, დაკარგული ტერიტორიებით, უკრაინელების დაღუპვით, რამდენიმე მილიონიანი დევნილით და ბუნდოვანი მომავლით. რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში უარს ეუბნებიან სამომავლო დახმარებაზე. ამით არის უკრაინა, სამწუხაროდ, წინ წაწეული და არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ თითქმის ყველა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. თუ ეს დაწინაურება და წინსვლაა, რა თქმა უნდა, ამაზე უარი თქვა საქართველოს საზოგადოებამ. ჩვენი პრინციპული პოზიცია გახლავთ ის, რომ „ნაცმოძრაობის”, როგორც დამნაშავე რეჟიმის გასამართლება, რაც არაერთი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადასტურებული, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება” , – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამავე თემაზე გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რომ გამოძიების დეტალებს კონკრეტულად არჩევნების შემდეგ წარადგენს, სად და როგორ უნდა მოხდეს ეს.

“2023 წლის მესამე კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 39.8 პროცენტით არის გაზრდილი. ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 2.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე ფასების 4.3 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა კერძო სახლების სეგმენტში.

ამასთან, 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 14.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 8.6 პროცენტით.

1 მ² ფასი ბინების სეგმენტში ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში ღირს და 5 528 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის ვაკე, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 4 900 ლარს შეადგენს, მესამე ადგილზეა საბურთალო, სადაც ფასი 3 767 ლარს აღწევს.

რაც შეეხება კერძო სახლებს, აქაც კვადრატული მეტრის ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე და 4 424 ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე აქაც ვაკეა და ღირებულება 3 301 ლარია. მესამე ადგილს 2 982 ლარით კერძო სახლების სეგმენტშიც საბურთალოს რაიონი იკავებს.

საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტები გახსნა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც „facebook”-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური შინაარსის შემცველი სხეულის ფოტო და ვიდეო კადრები გადაუგზავნა. ამის შემდეგ კი ბრალდებულმა არასრულწლოვანს აღნიშნული კადრების დედასთან და ახლობლებთან გავრცელების მუქარით, დამატებით ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნა აიძულა. ასევე, ბრალდებულმა არასრულწლოვანი მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა.

მას შემდეგ, რაც მომხდარი ფაქტის შესახებ 13 წლის არასრულწლოვანის დედამ შეიტყო, მან დასახმარებლად და დანაშაულზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

მოკლე დროში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა ბრალდებული გ.ბ., რომლის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწლოვანის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა.
საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტი გახსნა და 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს „whatsapp” -ის საშუალებით გადაუგზავნა.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ო.ა. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

საზოგადოების, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნების ცნობიერების ამაღლების და მათი პირადი ცხოვრების დასაცავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური სკოლებში აქტიურ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებს.

ნებისმიერ დაზარალებულ პირს შეუძლია დააფიქსიროს შეტყობინება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე: #199 ან მიმართოს სამსახურის ოფისებს მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგ მისამართებზე: ქალაქი თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. N9. ქალაქი ქუთაისი (მის: ი. აბაშიძის გამზირი N 22), ქალაქი ბათუმი (მის: გ. მაზნიაშვილის ქ N 54), ქალაქი ზუგდიდი (მის: კოსტავას ქ. N 58) და ქალაქი თელავი (მის: ერეკლე II-ის გამზირი, №16)

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხუთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფური გამოძალვის თანამონაწილეობისთვის დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული დ.ქ., 1961 წელს დაბადებული ი.ხ. და წარსულში ნასამართლევები – 1977 წელს დაბადებული ა.ბ., 1973 წელს დაბადებული მ.ბ. და 1978 წელს დაბადებული პ.კ.

„დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი დაკავებული დ.ქ.-ს მიმართვის საფუძველზე, მასსა და მოქალაქეს შორის არსებული ფინანსური დავის მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრისადმი მიმართვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურ გამოძალვაში თანამონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა , 223-ე მე-2 პრიმა, 223-ე მე-3 პრიმა, 223-ე მე-4 პრიმა, 181-ე და 25-181-ე მუხლებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსებმა კიევს დაარტყეს, დაშავდა 9 ადამიანი

რუსული ძალების მიერ კიევზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანში სახლები და საბავშვო ბაღის შენობა დაზიანდა და ავტომობილები დაიწვა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მერის თქმით, თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.

სოლომენსკის რაიონში აფეთქების ტალღამ საცხოვრებელი კორპუსის მინები ჩაამსხვრია. ამავე რაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში კი ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

მერის თქმით, რუსებმა პეჩერსკის რაიონში არასაცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

ხანძარი დაფიქსირდა სვიატოშინსკის რაიონში, სადაც ცეცხლი შენობას და ავტომობილებს გაუჩნდა. დაზიანებულია საბავშვო ბაღის შენობაც. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან ბინაში სარაკეტო ქობინი აღმოაჩინეს, რომელიც არ აფეთქდა.

შეგახსენებთ, უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს დილით განაცხადეს, რომ რუსული ბომბდამშენებიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს, რის გამოც, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევში, საჰაერო განგაშის დროს აფეთქებების ხმები ისმოდა.

ჩინეთში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ჩინეთში, სინძიანის რეგიონში მიწისძვრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის სიძლიერემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა 50-მდე შენობა, ხოლო დაზიანდა 80-მდე საცხოვრებელი სახლი. მედიის ცნობით, მიწისძვრამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, თუმცა ელექტროენერგიის აღდგენა მალევე მოხერხდა. მიწისძვრის ეპიცენტრში 200-მდე მაშველი მუშაობს.

ამასთან, მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა ყაზახეთში და 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. „როიტერის“ ცნობით, განმეორებითი ბიძგები იგრძნობოდა უზბეკეთშიც.

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მოხარული იქნება, თუ დონალდ ტრამპი უკრაინას ომის 24 საათში დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ის მოხარული იქნება, თუ დონალდ ტრამპი უკრაინას ომის 24 საათში დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს.

ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„მე გავიგე, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიიწვია ტრამპი კიევში, რათა სწრაფად ეპოვა გამოსავალი, რადგან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სურთ მშვიდობა და ომის დასრულებისკენ ისწრაფვიან, რა თქმა უნდა, უკრაინელები არიან“, – აღნიშნა ბორელმა.

მანამდე, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ის 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, მას აქვს გეგმა, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის ომს 24 საათში მოაგვარებს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის მზადაა, კიევში მიიღოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა იმ პირობით, თუ ტრამპს მართლაც შეუძლია დაპირების შესრულება და რუსეთთან ომის 24 საათში დასრულება.

ღაზაში, აფეთქების შედეგად, 10 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში 10 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ჯარისკაცები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ძლიერ აფეთქებას ემსხვერპლნენ, რომლის დროსაც ორი შენობა ჩამოინგრა.

აფეთქება, სავარაუდოდ, მაშინ მოხდა, როდესაც შენობას, სადაც ნაღმები იყო განთავსებული, სარაკეტო ყუმბარა ესროლეს.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 208-მდე გაიზარდა.

წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400 ლარი იქნება

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითსა და 1-ელი კლასის რიგითს წოდებრივი სარგო მოემატათ.

შესაბამისი ცვლილება თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა, რომელსაც მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აწერს ხელს.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამსახურის 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება.

წვევამდელები გაზრდილ ხელფასს, მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ.

“თებერვლიდან ეპიდსიტუაცია მეტად დასტაბილურდება” – ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტები „ა“ ტიპის გრიპის ვირუსის ტალღისა და სტაციონარებში მიმართვიანობის შემცირებას ვარაუდობენ. ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყნის მასშტაბით ვითარება იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში შემსუბუქდება. მათი განმარტებით, საჭიროა ნაცნობი რეკომენდაციებისა და ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით გრიპის ვირუსის ვაქცინით აცრა. მათივე თქმით, პროგნოზი დამაიმედებელია, ხოლო ქვეყანაში საჭიროების შემთხვევაში საწოლფონდის რაოდენობა საკმარისია.

„დაავადების მიმდინარეობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე, გართულებულ შემთხვევებში 2-3 კვირაც შეიძლება დასჭირდეს ადამიანს გამოჯანმრთელებისთვის. განსაკუთრებით საყურადღებოა გრიპი რისკ-ჯგუფებში, როგორებიცაა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ასაკოვანები, ადამიანები, ვისაც აქვთ იმუნოდეფიციტი და მცირეწლოვანი ბავშვები. თებერვლიდან ნაკადები იკლებს და მეტად დასტაბილურდება ეპიდსიტუაცია“, – განმარტავს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

პენიტენციურ დაწესებულებებს უახლესი ელექტროკარდიოგრაფები გადაეცათ

პენიტენციურ დაწესებულებებს უახლესი ელექტროკარდიოგრაფები გადაეცათ, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ელექტროკარდიოგრაფები განახლდა №3, №5, №6, №8, №18 დაწესებულებებში, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობისთვის, ისე პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული მედპერსონალისთვის, რათა შესაძლებელი იყოს პაციენტთათვის დროული და ხარისხიანი მკურნალობის მიწოდება.

„ელექტროკარდიოგრაფის საშუალებით შესაძლებელია გულის სხვადასხვა დარღვევის, იშემიური დაავადებების, მიოკარდიტის, გულის კუნთის დისტროფიის, ელექტროლიტური დისბალანსის, არაკარდიული დაავადებების (მაგალითად, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) დიაგნოსტიკა, მედიკამენტებით გამოწვეული ჰიპერდოზირების გამოვლენა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივად ზრუნავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.