Home Blog Page 1744

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია Die Heimat-ის სახელმწიფო დაფინანსების აკრძალვას მხარი დაუჭირა

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია Die Heimat-ის სახელმწიფო დაფინანსების აკრძალვას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.

გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემარჯვენე ექსტრემისტული ყოფილი „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, რომელიც ახლა Die Heimat-ის სახელწოდებით მოქმედებს, მინიმუმ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებას და საგადასახადო შეღავათებს ვეღარ მიიღებს.

„გადაწყვეტილება მაშინ იქნა მიღებული, როდესაც მემარჯვენე ექსტრემიზმი ჩვენი დემოკრატიის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ გადამწყვეტ ზომებს ვიღებთ ყველას წინააღმდეგ, ვინც მემარჯვენე ექსტრემისტული ძალადობისთვის ნიადაგს ამზადებს“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

ცნობისთვის, მსგავსი ინიციატივით ბუნდესტაგმა და მთავრობამ უზენაეს სასამართლოს 2019 წელს მიმართეს, მას შემდეგ, რაც ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტიის საქმიანობის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა.

“2023 წელს, „აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე“ 700-ზე მეტი „დამრღვევი“ დააკავეს” – აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, უწყებისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დირექტორატის თანამშრომლებმა ე.წ. „აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე“ სასაზღვრო კანონმდებლობის 700-ზე მეტი „დამრღვევი“ დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, სისხლის სამართლის კოდექსის „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე კი 15 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შარშან სხვადასხვა დანიშნულებით საქონლის უკანონო გადატანის 30 მცდელობა აღკვეთეს, უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილე პირების მიმართ კი „აფხაზეთის კანონმდებლობის“ შესაბამისად “სამართლებრივი ზომები” განხორციელდა.

“მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება, ჩვენ კი სიახლე არა გვაქვს” – ირაკლი ქადაგიშვილი

მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება, ჩვენ კი სიახლე არა გვაქვს – გამომდინარე აქედან, „ფორდ მუსტანგზე“ დასხდებიან თუ „ტოიოტა პრიუსზე“, მაინც ერთი და იგივე შედეგი ექნებათ, – ასეთი პასუხი გასცა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

ქადაგიშვილმა ამავე კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ საქართველოსა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საარჩევნო ბარიერი 5%-ით იმიტომ არის განსაზღვრული, რომ „პარლამენტი არის არა პირდაპირი გაგებით სალაყბო, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე იმ პოლიტიკური ორგანიზაციების საკრებულო, რომელთაც ხალხის ნდობა გააჩნია“.

„კარგი იქნება, თუ „ლელოს“ ვინმე კონსულტანტი ეყოლება. გარდა იმისა, რომ გემოვნების საკითხია საქართველოში კარგია თუ არა არჩევნების დროს ისეთი კლიპი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილს უკავშირდება, ისეთ ფაქტობრივ შეცდომებს და უზუსტობებს შეიცავდა, რომ იმედია, ამერიკელს მაინც ეცოდინება, რომ ლა მანშზე არა, მაგრამ ლე მანსზე “ფორდ მუსტანგი” იღებდა მონაწილეობას თუ „ფორდ GT 40“. პოლიტიკური კონტექსტი ადასტურებს, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი დიდი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ორი სხვადასხვა ფლანგი.

შეიქმნება თუ არა რაიმე ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მესამე პოლიტიკურ ძალას ვეძახით? – მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება. ჩვენ სიახლე არა გვაქვს – გვაქვს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ენჯეო“-ებით, პარტიებით, ტელევიზიებითა და ფინანსური მომხრეებით. რაღაცა პერიოდში იყვნენ ერთად, შემდეგ დაიშალნენ და ეს დაშლილები ცდილობდნენ იმდაგვარად გასაღდეს, რომ თითქოს ახალი რებრენდინგი მოხდა – თქვან: – ჩვენ ვართ სიახლე. ისინი სიახლე არ არიან – თავისი განვლილი ისტორიით კარგად ცნობილი სახეები არიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ნატო 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას შეიძენს” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ალიანსის მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) გენერალურმა მენეჯერმა, სტეისი კამინგსმა დაახლოებით 220 000 ერთეული 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვის შესაძენად 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს.

„ჩვენ ახლახან გავაფორმეთ 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები ასობით ათასი 155 მილიმეტრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად. რუსეთის ომი უკრაინაში იქცა ბრძოლად საბრძოლო მასალისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ხელმოწერის ცერემონიალზე.

ნატო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ნატო-ს ლიდერები 2023 წლის ივლისში ალიანსის თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ კონტრაქტები დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალის შესყიდვაზე გააფორმა. შესყიდვები მოიცავს 5.5 მილიარდი აშშ დოლარის კონტრაქტს Patriot-ის 1 000 რაკეტის შესაძენად, 4 მილიარდ აშშ დოლარს 155 მმ-იანი არტილერიისთვის, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისთვის და სატანკო საბრძოლო მასალისთვის.

“ხალხს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ცესკო-ს არალეგიტიმური თავმჯდომარე ჰყავს” – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პრობლემა არა ელექტრონული არჩევნები და თანამედროვე ტექნოლოგიები, არამედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ უნდობლობაა.

ხაბეიშვილის თქმით, ცესკო-ს ჰყავს არალეგიტიმური თავმჯდომარე, რომელიც  სუს-ისგან იმართება.

„ცესკო-ს და რუსულ პარტიას სურს, წარმოაჩინოს, თითქოს პრობლემა ელექტრონული არჩევნებია. პრობლემა არის, შემორჩენილი თავმჯდომარე რომ ჰყავს ცესკო-ს, არალეგიტიმური, ადამიანი, რომელიც არჩეული არ არის. ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ამ ადამიანის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან არ აურჩევია პარლამენტს და „ქართულმა ოცნებამ“თავმჯდომარედ დატოვა. დღეს მოვიტანე 176-გვერდიანი დასკვნა და ასობით მტკიცებულება, რომ ცესკო პირდაპირ შეზრდილია „ქართულ ოცნებასთან“ და ხელისუფლებასთან. ჩემი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: „ქართულ ოცნებასთან“ რომ შეზრდილია ცესკო და ეს კაცი რომ არალეგიტიმურია, ამ ცესკო-ს რანაირად უნდა ჰქონდეს რაიმე სახის ლეგიტიმაცია? მეორე – ემიგრანტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, არჩევნებში დააფიქსირონ თავიანთი ხმა. ელექტრონულ მოწყობილობებთან კი არ გვაქვს პრობლემა, ცხადია, თანამედროვე ტექნოლოგიები კარგია, ოღონდ მნიშვნელოვანია, ვინ არის, ვინც ამ აპარატურასთან მიდის და მართავს. ჩვენ არ ვენდობით იმას, ვინც მართავს აპარატურას. მნიშვნელოვანია, ყველა ოპოზიციონერმა დასვას საქმიანი შეკითხვა, რომელიც ეხება ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომ სუს-ი მართავს თავიდან ბოლომდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მიუხედავად ამისა, ცხადია, მზად ვართ, რომ ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვოთ, მაგრამ ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ არალეგიტიმური თავმჯდომარეა, რომელიც იმართება სუს-ისგან. ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ. თუ არ მიიღებენ, ეს იქნება უსერიოზულესი პრობლემა და ლეგიტიმაციის საკითხის დაყენების საფუძველი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით დღეს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

“სააკაშვილის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას საკუთარი ჯარის წინააღმდეგ, დიახ, ამ ადამიანებმა ქართული ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში”

2008 წელს ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ გამოიტანა კენჭისყრისთვის რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ეწერა ფრაზა, რომ „სააკაშვილმა და … საქართველოს ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი“, ამ ფრაზას მაშინ არ შეეწინააღმდეგა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის ირგვლივ კითხვები სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ რჩება, შესაბამისად, სათანადო გამოძიების საჭიროება დადგა, რომლის ინიციატორიც “ხალხის ძალაა”.

„2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომამდე გაყიდული ომი და ჩადენილი დანაშაული სრულფასოვან გამოძიებას საჭიროებს და აუცილებელია დამნაშავეებმა კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი. მაშინ როცა საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიას 1991 წლის 21 დეკემბრის საზღვრებში ცნობს, ამავე საზღვრებს ცნობდა რუსეთი 2008 წლის 26 აგვისტომდეც და საქართველოს არმიის არცერთ ჯარისკაცს ეს საზღვარი 1 ნაბიჯითაც არ გადაუკვეთია, რუსეთის ტერიტორიაზე 1 ტყვიაც არ გავარდნილა 2008 წლის ომი გარკვეულ ლოგიკურ კითხვებს ბადებს.
ომის შედეგები – 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის შედეგად საქართველომ თავდაცვის სამინისტროს 170 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა. დაჭრილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების რაოდენობამ 2 232 შეადგინა.

რუსეთისა და ცხინვალის რეგიონში მისი მარიონეტების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად 30 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
საოკუპაციო რეჟიმი დღესაც აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას (ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი) საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თემების მავთულხლართებით დაყოფას, ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მილიტარიზაციას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ილახება. მათ შეზღუდული აქვს ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების თავისუფლება და ა.შ. საქართველო მათი უფლებების დაცვას და სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას ითხოვს.

რუსეთ-საქართველოს ომის სამართლებრივი მხარე- 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.

კერძოდ, ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ: მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი); ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი); დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი). გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.

მიღებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებაც, რომელზედაც წერია, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები რუსებმა აწამეს და მოკლეს და რომ ოკუპაცია მიმდინარეა.

რუსეთ – საქართველოს ომის ირგვლივ კითხვები, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ რჩება-
2008 წელს ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ გამოიტანა კენჭისყრისთვის რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ეწერა ფრაზა, რომ “სააკაშვილმა და … საქართველოს ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი”, ამ ფრაზას მაშინ არ შეეწინააღმდეგა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი.
მაგალითად: არც დავით დარჩიაშვილი, არც გოკა გაბაშვილი, არც ჩიორა თაქთაქიშვილი, არც გიორგი თარგამაძე, რომელიც მაშინ „ნაცების“ მიერ დანიშნული ოპოზიცია იყო, არც გიორგი კანდელაკი და ა.შ. უფრო მეტიც მათ ერთხმად კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს ამ ფრაზას რომელიც ამტკიცებდა, რომ აგვისტოს ომი ქართველი ჯარისკაცების მიერ იყო დაწყებული.

სააკაშვილის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას საკუთარი ჯარის წინააღმდეგ.
დიახ, ამ ადამიანებმა ქართული ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, და ისინი შეგნებულად არ აწარმოებდნენ კვალიფიციურად დავას სტრასბურგსა და ჰააგაში.

მაგალითად: ისინი არ აგროვებდნენ მტკიცებულებებს და არსებულ მტკიცებულებებს მალავდნენ.
ლოგიკურია ყოველივე ეს აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, ეს ადამიანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ვისი დავალებით მუშაობდნენ?

ასევე, საინტერესოა ვისი დავალებით გაიტანეს ქვეყნიდან გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომელიც “ქართული ოცნების” დასაბრუნებელი გახდა? დამამცირებელი იყო ფაქტი როცა რუსული მხარე ქართულ მხარეს სტრასბურგში ღიად დასცინოდა და ამტკიცებდა ისკანდერი არ ჩამოვარდნილა და ეს ქართველების ფოტოშოპიაო. ქართულმა მხარემ ვიღაცის ბრძანებით გააქრო ეს მტკიცებულებები.
ფაქტებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ქვეყნის ჯარი დაადანაშაულა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში.

2018 წლის 6 აგვისტოს იგივე განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც- ომი ქართულმა მხარემ დაიწყოო… რასთან გვაქვს საქმე? ეს ყოველივე დამთხვევაა თუ ეს მიხეილ სააკაშვილთან წინასწარ შეთანხმებული ნაბიჯი იყო? წლები გადის, ამ მძიმე თემის ირგვლივ ლოგიკური კვანძები იხსნება და სათანადო გამოძიების საჭიროება დადგა.

გამოძიების დაწყების ინიციატორი ვინ თუ არა “ხალხის ძალაა”, როგორც ყველაზე ეროვნული და გაბედული ძალა. ამ საქმის გამოძიება ქართული სახელმწიფოს ღირსების ნაწილია და ქართული მხარის მიერ ამ საქმეზე გადადგმული სამართლებრივი ნაბიჯები თავის ლოგიკურ სიტყვას იტყვის.” – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი გამოასახლეს, აქცია მიმდინარეობს

თბილისში, კეკელიძის N1-ში, იქ სადაც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, აქცია მიმდინარეობს.

ოჯახის მხარდამჭერები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ადგილზე მივიდნენ.

როგორც მარინა ხატიაშვილი აცხადებს, მისი გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან ძალისმიერი მეთოდებით მოხდა.

„გამომათრიეს, თავი დავარტყი. მე არ მახსოვს, როგორ გამომიყვანეს, სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვედი გონს. მე და ჩემი შვილი აქ ვართ, შვილიშვილი კი ბებიასთან წავიყვანეთ. არ ვიცი რა მოახერხეს, ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინ არის, ვინ რა მოახერხა ამ ყველაფერზე შემდეგ ვისაუბროთ. მე ვიცი ერთი რამ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რეპრესიები. ასე ხდება რუსეთში და ბელარუსში”, – განაცხადა მარინა ხატიაშვილმა.

“ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განიხილავს, თუ ის უკრაინის დახმარების დაბლოკვას გააგრძელებს” – Bloomberg

ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, მიიღონ მკაცრი პოზიცია უნგრეთის მიმართ, თუ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის ბლოკირებას გააგრძელებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის წყაროების თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან მიიღონ უკრაინის დახმარების პაკეტი 1-ელ თებერვალს ბრიუსელში გამართულ სამიტზე, მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა მას უნგრეთი. მათი მტკიცებით, თუ ორბანი გააგრძელებს დახმარების პაკეტის ბლოკირებას, ევროკავშირის დანარჩენი 26 ქვეყანა მას მაინც მიიღებს და ასეთი სცენარისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.

წყაროების მტკიცებით, ერთ-ერთი შესაძლო სარეზერვო ვარიანტია უკრაინისთვის დახმარების ევროკავშირის საბიუჯეტო პროცესის გარეშე მიწოდება.

წყაროების თქმით, თუ ორბანი გადაწყვეტს უკრაინის დახმარების პაკეტის დაბლოკვას, ევროკავშირს შეუძლია უნგრეთის წინააღმდეგ საჯარიმო ზომების შემდეგი რაუნდი შემოიღოს.

გამოცემა წერს, რომ ასეთმა სცენარმა, შეიძლება, უფრო ფართო დაპირისპირება გამოიწვიოს, ვინაიდან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ ადრე განაცხადა, რომ უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევისკენ მიმართული ნაბიჯებისგან დაიცავს.

Bloomberg-ი ასევე წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინ გამართულ შეხვედრაზე უნგრეთი შეეწინააღმდეგა ევროკავშირის წინადადებას ახალი ფონდის შექმნის შესახებ, რომლის მიზანი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდების უფრო საიმედო გზის უზრუნველყოფაა.

“აუცილებელია, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს” – თინა ბოკუჩავა

აუცილებელია, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს – ამისთვის პარტიათა გამსხვილება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, – ასეთია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას პოზიცია.

როგორც ბოკუჩავამ ამ კონტექსტში აღნიშნა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არც ერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს, რაც იმდენად პრინციპული საკითხია, რომ ყველა პოლიტიკურ და პერსონალურ ამბიციებზე მაღლა უნდა დადგეს.

მისივე თქმით, მთავარი ამოსავალი წერტილია არჩევნებში გამარჯვება და არა პარტიული ხმების დათვლა.

„გამოვთქვამ იმედს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ლიდერი და პოლიტიკოსი საკუთარი ელექტორალურ პოტენციალთან დაკავშირებით იქნება რეალისტური და გადაწყვეტილებებს დაჯგუფებებთან და კოალიციებთან დაკავშირებით აქედან გამომდინარე მიიღებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ხმები საარჩევნო შედეგებში აისახოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა ოპოზიციურმა პარტიამ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახოს, ოპოზიციური ხმები არ გაიფლანგოს და ის “ქართულმა ოცნებამ” არ მიიტაცოს. ეს არის მთავარი ამოცანა – დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა პარტია ამ ამოცანიდან გამომდინარე იმოქმედებს.

ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც ქვეყნის ბედი წყდება – დარჩება საქართველო რუსეთის ამარა ივანიშვილის ხელში თუ მოიპოვებს გამარჯვებას, თავისუფლებას და ევროპულ მომავალს კოალიციური ხელისუფლების პირობებში.

იმედი მაქვს, რომ ამ კოალიციურ ხელისუფლებაში შევა ყველა, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ისეთ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, ერთ ხმასაც ვერ გააყალბებენ” – გიორგი ვაშაძე

თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის საქართველოში, მე ვარ – ისეთ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, ვერც ერთ ხმას ვერ გააყალბებენ, შემაჯამებელი ოქმი შედგება, რომელიც ცვლის ხელისუფლებას და ეს იქნება ცესკოსთვის ტესტი, მოაწერენ ხელს თუ არა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ცესკო-ს ხელმძღვანელისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე იმყოფება.

მისივე თქმით, ცესკო არალეგიტიმურია, რადგან მას მოვალეობის შემსრულებელი მართავს.

“წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია და მთავარი რა პასუხიც ცესკომ უნდა გასცეს, არის თუ არა მზად მოაწეროს ხელი შემაჯამებელ ოქმს, რითაც შეიცვლება ხელისუფლება საქართველოში. ეს არის მთავარი ტესტი მათთვის და ეს ასე იქნება, რადგან ხალხის ნებას წინ ვერავინ აღუდგება. მთავარი საკითხი, რაც გვაქვს არის ის, რომ მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქეა უცხოეთში, რომელიც ვერ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და არალეგიტიმური ცესკოა, რადგან მოვალეობის შემსრულებლები მართავენ ცესკოს, ერთი და იგივე კომპანიაა, რომელიც რატომღაც ყველა ქვეყანაში აკეთებს აუდიტს ამ ტექნოლოგიებს. ვპირდები “ქართულ ოცნებას” და ცესკოს, ისეთი ტექნოლოგიები გვაქვს მოფიქრებული, რომ არც ერთი ხმის გაყალბების უფლებას არ მივცემთ, წელი დასრულდება დეოლიგარქიზაციით საქართველოში, რომლის მთავარი მაჩვენებელიც იქნება კოალიციური მმართველობა. თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის საქართველოში, თუ სითამამედ არ ჩამითვლით, მე მგონი მე ვიცი. ეს თანამედროვე ტექნოლოგიები არის წარსული, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ ის არის მომავალი და ვერც ერთ ხმას ვერ გააყალბებენ, თუ ვინმე ამას ეცდება. ტესტი იქნება ცესკოსთვის, როცა შემაჯამებელი ოქმი შედგება, რომელიც ცვლის ხელისუფლებას, აწერენ თუ არა ხელს მას, მაგრამ მოუწევთ ხელის მოწერს,”- განაცხადა ვაშაძემ.

აუცილებელია, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს -თინა ბოკუჩავა

აუცილებელია, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს – ამისთვის პარტიათა გამსხვილება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, – აცხადებს  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არც ერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს, რაც იმდენად პრინციპული საკითხია, რომ ყველა პოლიტიკურ და პერსონალურ ამბიციებზე მაღლა უნდა დადგეს.

როგორც თინა ბოკუჩავა აცხადებს, მთავარი ამოსავალი წერტილია არჩევნებში გამარჯვება და არა პარტიული ხმების დათვლა.

„გამოვთქვამ იმედს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ლიდერი და პოლიტიკოსი საკუთარი ელექტორალურ პოტენციალთან დაკავშირებით იქნება რეალისტური და გადაწყვეტილებებს დაჯგუფებებთან და კოალიციებთან დაკავშირებით აქედან გამომდინარე მიიღებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ხმები საარჩევნო შედეგებში აისახოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა ოპოზიციურმა პარტიამ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახოს, ოპოზიციური ხმები არ გაიფლანგოს და ის “ქართულმა ოცნებამ” არ მიიტაცოს. ეს არის მთავარი ამოცანა – დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა პარტია ამ ამოცანიდან გამომდინარე იმოქმედებს.

ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც ქვეყნის ბედი წყდება – დარჩება საქართველო რუსეთის ამარა ივანიშვილის ხელში თუ მოიპოვებს გამარჯვებას, თავისუფლებას და ევროპულ მომავალს კოალიციური ხელისუფლების პირობებში.

იმედი მაქვს, რომ ამ კოალიციურ ხელისუფლებაში შევა ყველა, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ჩვენი გმირების სახელით, არ შევწყვეტთ ბრძოლას აბსოლუტურ გამარჯვებამდე” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ღაზაში აბსოლუტურ გამარჯვებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ძალებმა გუშინ, სახმელეთო შეტევის დაწყებიდან ყველაზე დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადეს.

„გუშინ ჩვენ განვიცადეთ ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი გმირების სახელით, ჩვენი სიცოცხლის გულისთვის, არ შევწყვეტთ ბრძოლას აბსოლუტურ გამარჯვებამდე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, რასაც 21 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.