გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია Die Heimat-ის სახელმწიფო დაფინანსების აკრძალვას მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემარჯვენე ექსტრემისტული ყოფილი „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, რომელიც ახლა Die Heimat-ის სახელწოდებით მოქმედებს, მინიმუმ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებას და საგადასახადო შეღავათებს ვეღარ მიიღებს.
„გადაწყვეტილება მაშინ იქნა მიღებული, როდესაც მემარჯვენე ექსტრემიზმი ჩვენი დემოკრატიის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ გადამწყვეტ ზომებს ვიღებთ ყველას წინააღმდეგ, ვინც მემარჯვენე ექსტრემისტული ძალადობისთვის ნიადაგს ამზადებს“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.
ცნობისთვის, მსგავსი ინიციატივით ბუნდესტაგმა და მთავრობამ უზენაეს სასამართლოს 2019 წელს მიმართეს, მას შემდეგ, რაც ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტიის საქმიანობის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა.