Home Blog Page 1743

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 იანვრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6633 ლარი ეღირება, ევრო – 2.8971 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3877 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6588 ლარი ღირდა, ევრო – 2.8946 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3780 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 24 იანვარს ამოქმედდება.

“ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებს არ გააუმჯობესებს”

სერგეი ლავროვის თქმით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებს არ გააუმჯობესებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ „პუტინის მხრიდან მომავალი უამრავი კეთილი ნების ჟესტი უარყო“. რაზეა საუბარი ლავროვს არ დაუკონკრეტებია.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში მეგობრული იყო, თუმცა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს ურთიერთნდობამ ნგრევა დაიწყოს. ლავროვის შეფასებით, აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული პოლიტიკური დიალოგით და მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე.

სერგეი ლავროვი ამჟამად აშშ-ში იმყოფება, სადაც ის გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დასავლეთი, რომ ისინი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად იყენებს.

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ შირვანში მოხდა. როგორც ადგილობრივ პროკურატურაში აცხადებენ, აფეთქების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.

ამჟამად ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მომხდარის გამომწვევ მიზეზს იკვლევენ.

წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ჭურვი დაზიანდა.

შირვანის პროკურატურაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, შსს-მ 20 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 პირი.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან, პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი.

შსს-ის ცნობით, გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

მიმდინარე წლის, 23 იანვარს, 11:00 საათიდან, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე ახორციელებდნენ გამოსახლების პროცედურას.

მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ საპოლიციო დანაყოფები.

შეკრებილმა მოქალაქეებმა, პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და მათ არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას.

პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან, პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი.

გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით დაიწყო.

ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით ასევე, დაკავებულია 18 პირი.

დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

14 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ ბიძას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა.

მოსამართლე იოსებ აბრამიშვილმა გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებაში მხილებულ 45 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

მამაკაცი ამ დრომდე კომაშია და საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რადგან მას შემდეგ რაც არასრულწლოვანის ბიძამ, გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. იმ მიზეზით, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულს და არასრუწლოვანს ეხება სასამართლო სხდომა დახურულია.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით მიმდინარე წლის 18 იანვარს, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს Madrid Fusión დაიპყრობს

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. „მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს Madrid Fusión დაიპყრობს. აღმოაჩინეთ ჩვენი სტუმარი ქვეყნის გასტრონომიული არსი. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისი თქმით, 29-31 იანვარს, საქართველო Madrid Fusión 2024-ზე, სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.

“ეს არის მიზანმიმართული ტერორი” – ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის მიზანმიმართული ტერორი უკრაინის წინააღმდეგ.

„ჩვენს ქალაქებსა და ხალხზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ეს არის მიზანმიმართული ტერორი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლების წინააღმდეგ კიევში, ხარკოვში, პავლოგრადში. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში, დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, ხარკოვში რუსეთის ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 51 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

პრეზიდენტმა მაშველებს და მედიკოსებს, რომლებიც მოქალაქეების გადარჩენისთვის ზრუნავენ მადლობა გადაუხადა.

“პირდაპირ ეთერში გვაყურებინეს, როგორ გამოაგდეს მოქალაქე სახლიდან ზამთარში, ყინვასა და სიცივეში”- ლევან ხაბეიშვილი

პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა, ძალით მევახშე ბანკირმა, როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში, ყინვასა და სიცივეში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ის თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ოჯახის გამოსახლებას გამოეხმაურა და მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა.

„მილიარდერი ოლიგარქის პირობებში, დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლები, იმდენ სახლს, იმდენ ვილას იშენებენ, ტყეებს იერთებენ, 300 ათასი ლარის მაჯის საათი უკეთია პრემიერ-მინისტრს, ასი ათასობით ლარის ღირებულების ტილოები აქვთ სახლებში გამოფენილი, ასიათასობით ლარს ავტომობილში იხდიან. ამასობაში, პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა, ძალით მევახშე ბანკირმა როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში, ყინვასა და სიცივეში. ეს არის უმარტივესი – აქეთ ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრე, აქეთ ბიძინა ივანიშვილის გამდიდრება და აქეთ ქართველი ხალხის დოვლათი და ეკონომიკა, აქეთ საბანკო ოლიგარქია და პროცენტები, რომელიც კისერზე აწევს მოქალაქეს და ასევე, ევროკავშირის სესხები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, არჩევანი არის მარტივი – ევროკავშირის წევრობა უსწრაფესად, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში არასდროს აღარ იქნება და 30 და 35%-იანი სესხები.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ეს საბანკო ოლიგარქია თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილმა შექმნა.

„ბიძინა ივანიშვილის საბანკო ოლიგარქიის პირობებში, 18-ჯერ გაიზარდა ბანკების წმინდა მოგება და თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა, რა გაიზარდა 18-ჯერ? გარდა იმისა, რომ ფასები იმატებს, გარდა იმისა, რომ გაჭირვება გაიზარდა, გარდა იმისა, რომ ემიგრაციაში გარბის ხალხი. ამის პარალელურად, ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში ყვავის, არის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საბანკო ოლიგარქია. შესაბამისად, დასვენების დღეებშიც კი გამოიმუშავებენ ისინი დაახლოებით 9 მლნ ლარს ყოველდღიურად, შაბათ-კვირასაც კი“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს.

“როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვახსენებთ, იქ იგულისხმება „ლელოც“, მათი რესურსი გადანაწილებულია იმ ორბიტაზე, სადაც მოძრაობს „ლელოც”

„ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ ერთ სივრცეში უნდა იყოს განხილული, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვახსენებთ, იქ იგულისხმება „ლელოც“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, როგორც ჩანს, „ლელომ“ დახმარება „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვა, რაზეც თანხმობა იყო.

„როზნერის თემა ადასტურებს იმას, რომ პიარტექნოლოგიები, პიარკომპანია და ექსპერტები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა მოზიდული, იგივე რესურსია, რაც „ნაცმოძრაობის“ მხრიდან „ლელოს“ აქვს მიცემილი. როგორც ჩანს, დახმარება მათ სთხოვეს და მათაც არ დააყოვნეს. საუბარია, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ფრთაზე, რაც არ უნდა ილაპარაკოს „ლელოს“ ლიდერშიფმა, რომ ისინი სხვა პლატფორმაზე დგანან და სხვა იდეოლოგიით არიან აღჭურვილები. „ლელო“ როზნერამდე გზას „ნაცმოძრაობის“ გარეშე გაიგნებდა თუ არა? – ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“ რესურსი „ლელოს“ ემსახურება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მათი რესურსი გადანაწილებულია იმ ორბიტაზე, სადაც მოძრაობს „ლელოც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აღსრულების ეროვნული ბიურო კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აღსრულების ეროვნული ბიურო კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება.

„2024 წლის 23 იანვრის 11:00 სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას.

ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.

აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, – აღნიშნულია ინფორმაიციაში.

ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს უფლება, რომ დაიქირაოს პიარ კონსულტანტი – ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა-ხატია დეკანოიძე

ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს იმის უფლება, რომ დაიქირაოს პიარ კონსულტანტი. ეს ძალიან ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მათ შორის, იცით, რომ ლობისტების მთელი არმია ჰყავდათ დაქირავებული „ქართულ ოცნებას“, რომელსაც უხდიდა ძალიან ბევრ ფულს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა პიარ კონსულტანტ როზნერთან დაკავშირებით, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ პიარ კონსულტანტი იყო, წელს კი „ლელოს“ უწევს მომსახურებას.

დეკანოიძის თქმით, როზნერზე ნებისმიერი პროპაგანდის მცდელობა, რომ ერთ ქვაბში მოიხარშოს ყველა, ფუჭი მცდელობაა.

„ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს იმისი უფლება, რომ დაიქირაოს პიარ კონსულტანტი. ეს ძალიან ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მათ შორის, იცით, რომ ლობისტების მთელი არმია ჰყავდათ დაქირავებული „ქართულ ოცნებას”, რომელსაც უხდიდა ძალიან ბევრ ფულს. ამიტომ, როზნერზე ერთი შემიძლია გითხრათ, ნებისმიერი პროპაგანდის მცდელობა, ერთ ქვაბში მოიხარშოს ყველა, ფუჭი მცდელობაა, რადგან ადამიანებს ეს უკვე ნანახი აქვთ და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ ეს პროპაგანდა შედეგს ვერ გამოიღებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერ პარტიას შეუძლია ჰყავდეს პიარ კონსულტანტი, მათ შორის „ქართულ ოცნებასაც“ ჰყავს მოშე, რომელიც გამოირჩევა თავისი ძალიან სერიოზული ანტიდასავლური პოლიტიკით“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციაში ძალზე კარგად უწყიან, რამდენი უმნიშვნელოვანესი ობიექტი გადაარჩინა ფონდმა „ქართუმ“, თუმცა ამას ჯიუტად არ აღიარებენ -გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ოპონენტებს არ სურთ თვალი გაუსწორონ სიმართლეს, არ უნდათ აღიარონ, თუ რა მასშტაბის საქმიანობა აქვს გაწეული ფონდ „ქართუს“ დედაქალაქში. ამის შესახებ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რამდენი უმნიშვნელოვანესი ობიექტი გადაარჩინა ფონდმა, თუმცა ამას ჯიუტად არ აღიარებენ.

„მათ ხომ ძალზე კარგად უწყიან, თუ რამდენი უმნიშვნელოვანესი ობიექტი გადაარჩინა ფონდმა, თუმცა ამას ჯიუტად არ აღიარებენ. ვფიქრობ, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეთ. ჩვენი ქალაქისთვის არაერთი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ობიექტი არის გადარჩენილი ფონდ „ქართუს“ მიერ. ესენია: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებითაც ძალიან ვამაყობთ, სპორტული ინფრასქტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული საქველმოქმედო პროექტები, ასევე ჯანდაცვის და გარემოსდაცვითი საქველმოქმედო პროექტები. მე არ მახსენდება ჩვენი ოპონენტებიდან არავინ, დადებით კონტექსტში ერთხელ მაინც რომ ეთქვას რაიმე ამ პროექტებთან დაკავშირებით. ეს კი, მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა თუ სიმპათიებისა, არის უპასუხისმგებლობა და დანაშაული ჩვენი ქალაქის მიმართ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციას სიმართლის მოსმენა არ სურს. „რეალობა რაც არის, უნდა ითქვას. თქვენ სიმართლეს თვალს არ უსწორებთ“, – დასძინა გიორგი ტყემალაძემ.