“პირდაპირ ეთერში გვაყურებინეს, როგორ გამოაგდეს მოქალაქე სახლიდან ზამთარში, ყინვასა და სიცივეში”- ლევან ხაბეიშვილი

84
spot_img

პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა, ძალით მევახშე ბანკირმა, როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში, ყინვასა და სიცივეში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ის თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ოჯახის გამოსახლებას გამოეხმაურა და მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა.

„მილიარდერი ოლიგარქის პირობებში, დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლები, იმდენ სახლს, იმდენ ვილას იშენებენ, ტყეებს იერთებენ, 300 ათასი ლარის მაჯის საათი უკეთია პრემიერ-მინისტრს, ასი ათასობით ლარის ღირებულების ტილოები აქვთ სახლებში გამოფენილი, ასიათასობით ლარს ავტომობილში იხდიან. ამასობაში, პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა, ძალით მევახშე ბანკირმა როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში, ყინვასა და სიცივეში. ეს არის უმარტივესი – აქეთ ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრე, აქეთ ბიძინა ივანიშვილის გამდიდრება და აქეთ ქართველი ხალხის დოვლათი და ეკონომიკა, აქეთ საბანკო ოლიგარქია და პროცენტები, რომელიც კისერზე აწევს მოქალაქეს და ასევე, ევროკავშირის სესხები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, არჩევანი არის მარტივი – ევროკავშირის წევრობა უსწრაფესად, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში არასდროს აღარ იქნება და 30 და 35%-იანი სესხები.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ეს საბანკო ოლიგარქია თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილმა შექმნა.

„ბიძინა ივანიშვილის საბანკო ოლიგარქიის პირობებში, 18-ჯერ გაიზარდა ბანკების წმინდა მოგება და თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა, რა გაიზარდა 18-ჯერ? გარდა იმისა, რომ ფასები იმატებს, გარდა იმისა, რომ გაჭირვება გაიზარდა, გარდა იმისა, რომ ემიგრაციაში გარბის ხალხი. ამის პარალელურად, ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში ყვავის, არის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საბანკო ოლიგარქია. შესაბამისად, დასვენების დღეებშიც კი გამოიმუშავებენ ისინი დაახლოებით 9 მლნ ლარს ყოველდღიურად, შაბათ-კვირასაც კი“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს.